„ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის თარიღის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. გიგი უგულავას განცხადებით, ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ეს არ არის მხოლოდ თარიღის ცოდნა და მხოლოდ ის, რომ მეორე ტურში გასული სუბიექტები უნდა მოემზადონ განმეორებითი არჩევნებისთვის. როგორც უგულავა აცხადებს, მთავრობამ მოახდინა ზეწოლა ცესკოს თვამჯდომარეზე, თამარ ჟვანიაზე.
„მთავრობის მოთხოვნა იყო 12 ივლისი, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ წესებს და პროცედურებს, რომლებიც არსებობს. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრ სუბიექტს შედეგები გასაჩივრებული აქვს სასამართლოში და მიმდინარეობს ხელახალი გადათვლები. შესაბამისად შეუძლებელია, 19 ივლისამდე ადრე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანიშნოს არჩევნების მეორე ტური.
ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს არაფერი ხდება, მეორე ტური არაფერია და გამარჯვება უკვე ნაზეიმარი აქვს. შეუძლებელია, 12 ან 15 ივლისს იყოს მეორე ტური. მოვითხოვთ კატეგორიულად, დღეს ან ხვალ გამოცხადდეს არჩევნების თარიღი, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება სამწუხარო გარიგება მთავრობასა და ცესკო-ს შორის“, - აცხადებს გიგი უგულავა.
უგულავას განცხადებას უპასუხოდ ტოვებს მმართველი კოალიცია. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი კი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით მეორე ტური გახდება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის გამარჯვების იურიდიული დასაბუთება. რაც შეეხება აქტივობას, მისი თქმით, ამას დაგვანახებს ხმების რაოდენობა, რომელსაც მიიღებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი.
For.ge. სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
ბატონო სოსო, თქვენი აზრით, რატომ არ მივიდა მოსახლეობა არჩევნებზე და რა გარანტიაა, რომ ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელიც არ მივიდა არჩევნებზე, მეორე ტურში მიიღებს მონაწილებას?
- გადავავლოთ თვალი დემოკრატიულ ქვეყნებში გამართულ არჩევნებს. იმ ქვეყნებში სადაც ხელისუფლების შეცვლა არ ნიშნავს ქვეყნის თავდაყირა დაყენებას, ან დიამეტრულ ცვლილებებს - 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როცა თბილისში დამარცხდა პრეზიდენტი სააკაშვილი, ეს შედეგი იყო მხოლოდ იმისა, რომ თბილისელთა კონსოლიდაცია მოხდა სწორედ იმ მიზნით, რომ აღარ ყოფილიყო სააკაშვილი პრეზიდენტი. როცა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში მიაშურა ყველამ საარჩევნო უბნებს, ეს იყო მათი პროტესტი იმდროინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ და შიში იმისა, რომ ის ვერაგი ხელისუფლება შეინარჩუნებდა ძალაუფლებას. ამ არჩევნებზე კი ჩვენს მოსახლეობას არ ჰქონდა ასეთი შემაშფოთებელი მიზეზი, მათ პირიქით აწყნარებდნენ, რომ აი ორიოდე დღეში „ნაციონალური მოძრაობა“ რადარებიდან გაითიშება.
ფიქრობთ, რომ ეს მოწოდება გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ მოვიდა ამომრჩეველი არჩევნებზე?
- ასეთი მოძღვრება რას ნიშნავს? - ჩემო ძვირფასო ამომრჩეველო, თავი არ შეიწუხო არჩევნებში მონაწილეობით, ისედაც ყველაფერი კარგად იქნება. სამაგიეროდ, ამან უფრო მტკიცე გუნდად შეკრა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, რომლებმაც სერიოზულად აღიქვეს ეს მუქარა და ყველამ ერთად მიაშურა საარჩევნო უბნებზე. ეს გახლავთ საარჩევნო უბანში მისვლა-არმისვლის მთავარი მოტივაცია. ნებისმიერი სხვა განმარტება ნიშნავს ამომრჩველის ბადალ პოლიტიკურ კულტურას. როცა ამბობენ, რომ მე ნაწყენი ვარ და არ მივდივარ, უკაცრავად, ეგ თქვენი წყენა საკუთარ საძინებელ ოთახში შეგიძლიათ შეინახოთ და გვერდზე მყოფს გაანდოთ მხოლოდ.
თუ გინდათ, რომ თქვენ დაფიქსირდეთ როგორც საპროტესტო ელექტორატის წევრი, რასაკვირველია, უნდა მიხვიდეთ საარჩევნო უბანზე და პროტესტის შემთხვავაში უნდა გადახაზოთ ყველა კანდიდატი, რომელიც არის შემოთავაზებული. ასეთ ხმებს როდესაც დაითვლიან, მაშინ დაინახავენ ჩვენი ხელისუფალნიც და მათი მოწინააღმდეგენი, რამდენია ორივე კონკურენტული ძალის მიმართ უკმაყოფილო ადამიანი, რასაც ჰქვია საპროტესტო ელექტორატი.
მეორე ტურში რამდენად დიდი იქნება იმ ადამიანების აქტივობა რომლებიც არ წავიდნენ არჩევნებზე?
- ნიჰილიზმი არის კოხტა თავშესაფარი სიზარმაცისა. ვერ დავიჯერებ, რომ მხოლოდ სიზარმაცე იყო მიზეზი ასეთი პასიურობის, მაგრამ არც იმის მჯერა, რომ ეს იყო პოლიტიკური ნაბიჯი ამა თუ იმ მოქალაქის. მეორე ტურის სიტუაცია ბევრად უფრო მარტივია, აღარავის აქვს ვალდებულება თავი შეიკავოს საკუთარი არჩევანის დასახელებისგან. დიდი ალბათობით მეორე ტური გახდება ქართული ოცნების წარმომადგენლის გამარჯვების იურიდიული დასაბუთება. როგორი იქნება აქტივობა, ამას დაგვანახებს ხმების რაოდენობა, რომელსაც მიიღებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაანონსა ქუჩის აქციები. თუ კი ხელისუფლებამ გააგრძელა საზოგადოების იგნორირება, ვგულისხმობ მოთხოვნებს, რომელიც ისევ ძალაშია - სამართლიანობის აღდგენა, წართმეული ქონების დაბრუნება, მკვლელების დასჯა და ა.შ. ასეთ შემთხვევაში შეძლებენ მოსახლეობოს ქუჩაში გამოყვანას?
- მოგეხსენებათ, რომ დიდი ხანია ქართული საზოგადეობა ემზადება არჩევნებისათვის, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შემდეგ ბრძოლისთვის, სწორედ ამის მოწმენი ვართ ახლა, სხვადასხვა სცენარებით. დავუსვათ კითხვა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის ამ შემოდგომამდე ევროპასთან ასოცირება და ნატოსთან მიმართებაში წინსვლა, თუ ამ მოვლენების შეფერხება და მათთვის ყველა სახელისუფლებო სავარძლის დათმობა? და რატომ უწყოს ხელს „ნაციონალური მოძრაობა“ პუტინის გეგმას, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში სერიოზული უკმაყოფილების პროცესების განვითარებაში?
რას გულისხმობთ?
- რუსეთს, რომ თავისი ინტერესი გააჩნია, ეს არის ფაქტი. ერთადერთი, ვინც ჯერჯერობით თავის თავზე იღებს სირთულეებს, ეს გახლავთ უკრაინა, სადაც კვლავ გამწვავდა ვითარება. ასეთი გეგმა არესბობს საქართველოსთან მიმართებაში, გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა.
როგორ ფიქრობთ, თანხები, რომლის საქართველოში შემოტანას ცდილობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობისთვის იყო განკუთვნილი?
- არ მაქვს ინფორმაცია შემოჰქონდათ თუ არა თანხები. საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც ვიდეოაპარატურა არსებობს, აზერბაჯანშიც საკამარისი ვიდეაპარატურა გააჩნიათ და თუ კი ასეთი ვიდეომასალა არსებობს, ამას ალბათ ვიხილავთ. ჯერჯერობით, ჩვენთვის ცნობილია მხლოდ მსახიობები, ხოლო ვინ არის ამ თავგადასავალის სცენარის ავტორი და რეჟისორი, ჯერჯერობით არ სახელდება. ასე არ ხდება, რომ მსახიობმა თვითონ მოიგონოს საკუთარი როლი, განახორციოელოს, ხოლო მეორე მოქმედებაში საპირისპირო სცენარი შემოგვთავაზოს და დაიმსახუროს საკუთარ თაყვანისცემელთა ტაში.
ჩემთვის საინტერესოა პროცესის წინაპირობა. თუ დადასტურდა, რომ რეალურად იყო არადეკლარილებული თანხის გადატანის მცდელობა, მაშინ მართლა სახალხო არტისტის წოდება უნდა მივანიჭოთ ჯაფარიძიეს და ნადირაშვილს, ისე კარგად ასრულებენ ისინი უბილწიო ქალწულისა და ვაჟწულის როლს.
თქვენთვის აღმოჩენა იყო, რომ შესაძლოა „ნაციოანლურ მოძრაობას“ „შავ ფულთან“ ჰქონოდა საქმე? გავაიხსენოთ უგულავას ქვისლის დაკავების წინაპირობა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სწორედ „შავი ფულის“ შემოტანის ბრალდებით დააკავა, რომელსაც საარჩევნოდ საქართველოში მილიონ ნახევარი აშშ-ის დოლარი შემოჰქონდა...
- „შავი ფული“ გახლდათ და გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობის ფორმა. ყველა ბიზნესმენისთვის უსამართლოდ და ყაჩაღური გზით წართმეული თანხები სწორედ ასეთ ფულად მოიაზრება, რადგან მათ, როგორც ჩანს, სრულიად მკაფიო მისამართით აგზავნიდნენ, აგროვებდნენ და ინაწილებდნენ. რომ არა ეს დაუოკებელი ლტოლვა ფულისკენ, „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც ხელისუფლებაში იქნებოდა და სხვა სახის კომპეტენციის და უნარების პარატიად გამოჩნდებოდა.
ფულმა დაღუპა, როდესაც საკუთარ ფასეულობათა სათავეში ფული წარმოაჩინეს და არა ადამიანი. საკუთარ თავს თვითონვე ვნებდნენ და ვფიქრობ, რომ დღესაც ვნებენ და არა მარტო საკუთარ თავს. დღევანდელ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მიუხედავად იმისა, რომ იქ ნიჭიერი ადამიანები არინ, შეიძლება ვისაუბროთ როგორც „ნაციონალაურ მავნებლურ“ პოლიტიკურ ძალაზე.