დევნილები და მთავრობა, ერთმანეთისთვის გაუგებარ ენაზე რომ საუბრობენ, ეს ახალი ამბავი არ არის. ამიტომაც მათი ყველა შეხვედრა თუ მოლაპარაკება ულტიმატუმებით იწყება და მთავრდება. მთავრობამ ულტიმატუმს საქმე მოაყოლა, ახლა დევნილების ჯერია. როგორც წესი, არჩევნების წელს დევნილებს თავისი გააქვთ, მაგრამ ახლა მათთვის მინიმუმ წელიწადნახევარი პერსპექტივა არ არსებობს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან დევნილების აქცია გაიმართა, რომელიც 2 დღეში უკვე სააკაშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლებს. რა თქმა უნდა დევნილებთან შესახვედრად სამინისტროდან არავინ გამოსულა, თუმცა თავად დევნილები სათითაოდ შედიოდნენ სამინისტროში და როგორც ცნობილი გახდა, ისინი სამინისტროს სოციალური სამმართველოს უფროსს გოგა ტუღუშს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა დევნილმა ადელი თოდაძემ სააგენტო “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, გოგა ტუღუშმა მათ უთხრა, რომ ალტერნატიული ფართებით დევნილების დაკმაყოფილების საკითხს სპეციალური კომისია გადაწყვეტს. იქამდე კი, თითქმის ყველა დევნილი თავს ნათესავებს აფარებს.
აქციაზე იმყოფებოდნენ “კონსერვატიული” პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი და ასევე “ხალხის პარტიის” წარმომადგენელი ალეკო შალამბერიძე. აქ იმყოფებოდა ასევე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი, რომელიც დევნილთა პრობლემების შესწავლას იწყებს.
აქციის დასასრულს ლაშა ჩხარტიშვილმა მომავალი აქციის გამართვის დრო და ადგილი დაასახელა. დევნილების მორიგი აქცია ხუთშაბათს, 12:00 საათზე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან გაიმართება.
მოკლედ, კარგა ხანია, რაც დევნილებსა და მთავრობას შორის ღია დაპირისპირება მიმდინარეობს. დაპირისპირების კულმინაცია კი, ძირითადად, ერთ გამოთქმას უკავშირდება - ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.
დევნილები თბილისის მასშტაბით ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ან კომპენსაციას მოითხოვენ. უკვე ერთი თვეა თბილისში კომპაქტურად ჩასახლებული ადგილებიდან დევნილთა მასიური გამოსახლება მიმდინარეობს. მთავრობა მათ ალტერნატიულ ფართებს სხვადასხვა რაიონებში სთავაზობს, რაზეც დევნილები უარს აცხადებენ.
დევნილების განმარტებით, მათ მხოლოდ დედაქალაქში შეუძლიათ საარსებო მინიმუმი იშოვონ, სოფლებში ყველაფრის თავიდან დაწყებასა და შვილების რჩენას ვერ შეძლებენ.
მთავრობა კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ყველა დევნილი ალტერნატიულად და შესაფერისად დაკმაყოფილდება. ხომ საინტერესოა რას ნიშნავს მთავრობის ენაზე ეს გამოთქმა? ამისათვის მაგალითად, წალენჯიხის რაიონში ჩასახლებული დევნილების მაგალითიც კმარა.
თბილისიდან და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვრის ფოცხოეწერის დასახლებაში ჩასახლებულ დევნილებს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ აქვთ. ფოცხოეწერში იმ კორპუსებს, სადაც დევნილები ჩაასახლეს, დაპირების მიუხედავად არ მიეწოდება ელექტროენერგია, გაუმართავია წყალგაყვანილობის სისტემა, სარემონტო სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული და არ არის შექმნილი ცხოვრების არანაირი პირობები.
ახალი მემარჯვენეების წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით ბელქანიას ინფორმაციით, დევნილებს არ აქვთ დასაქმების პერსპექტივა, რადგან თვითონ რაიონის მოსახლეობაც დაუსაქმებელია და მათგან განსხვავებით, დევნილებს მიწის ნაკვეთებიც არ აქვთ გამოყოფილი.
რასაკვირველია დევნილები პროტესტს გამოთქვამენ და დევნილთა და განსახლების სამინისტროს ტყუილში ადანაშაულებენ, მაგრამ ახლა უკვე გვიანია. და სწორედ ასეთი პერსპექტივა რომ “ემუქრებათ” 2010 წლის აგვისტოში მთავრობისგან “ახალ დევნილებს” იმიტომაც იკრიბებიან ხუთშაბათს პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ანუ იქ, სადაც ყველა მომიტინგის გზა მიდის.