ახლადარჩეულ თბილისის საკრებულოში მანდატები უკვე გადანაწილებულია, თუმცა ამ დრომდე არ სახელდება, ვის კანდიდატურას წამოაყენებს კოალიცია „ქართული ოცნება“ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. სხვა პარტიებისგან განსხვავებით, კოალიციას სიის პირველი ნომერი არ დაუსახელებია.
კანონმდებლობის თანახმად, პირველ პირს ხმათა უმრავლესობით ირჩევენ, სავარაუდოდ, კანდიდატურაც „ქართული ოცნებიდან“ დასახელდება, თუმცა საკუთარი კანდიდატურების წარდგენას ოპოზიციაც აპირებს.
კულუარებში საუბარია სხვადასხვა კანდიდატურებზე, თუმცა რამდენიმე წყარო „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მეთერთმეტე ნომერს, თამარ ტალიაშვილს ასახელებს.
სავარაუდოდ, პროპორციული სიით საკრებულოში „ქართულ ოცნებას“-13, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 7, „ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას“ – 3, ხოლო „დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ - 2 დეპუტატი ეყოლება. მაჟორიტარული სიით ოცნება 24 დეპუტატს შეიყვანს საკრებულოში. ერთადერთი მაჟორიტარი, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრი არ არის, საბურთალოს რაიონში გამარჯვებული ალექსანდრე ელისაშვილია. ასე რომ, 50-კაციან საკრებულოში ოცნებას 37 წევრი ეყოლება, რაც 2/3-ს აღემატება. ამდენად, ოპოზიციურ პარტიებს საკრებულოს თავმჯდომარის საკუთარი რიგებიდან არჩევის ილუზიაც კი არ უნდა გაუჩნდეთ.
რაც შეეხება უმცირესობას, მას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის სამი მოადგილიდან, მინიმუმ ორი პოსტის დაკავების პრეტენზია ექნება. ამ თანამდებობებზე „ნაციონალური მოძრაობიდან“ - სევდია უგრეხელიძე, „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან“ - ზაზა ვეკუა, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ - სოსო მანჯავიძე იბრძოლებენ.
კვლავ ღიად რჩება იმ 14 კანდიდატის ვინაობაც, რომლებიც კომისიის თავმჯდომარის პოსტებს დაიკავებენ, უკვე ცნობილია, რომ სავარაუდოდ, ოპოზიციური პარტიები სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარ კანდიდატს, ალექსანდრე ელისაშვილს დაუჭერენ მხარს.
ტალიაშვილმა პრესკონფერენცია უკვე მოაწყო, სადაც ნარმანიას ფიგურის აქტუალობასა და თვითმმართველობის რეფორმაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, რეფორმა, რომელიც ხელისუფლებამ გაატარა, უპრეცედენტოა.
„ახალმა ხელისუფლებამ თვითმმართველობის რეფორმით ევროპული დემოკრატიის სტანდარტი დაამკვიდრა საქართველოში და ამ რეფორმის ფონზე, ჩატარებული პირველი არჩევნები საქართველოში გამორჩეული იქნება დემოკრატიულობის თვალსაზრისით“, - აცხადებს ტალიაშვილი.
თამარ ტალიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, თუმცა ჭიკაიძის მისვლის შემდეგ ჩვენი წყაროს ინფორმაციით ახალმა მინისტრმა „ჩააჩოჩა“, რის შემდეგაც ტალიაშვილმა სამინისტრო დატოვა.
ტალიაშვილს საქართველოს გარდა განათლება საზღვარგარეთაც აქვს მიღებული. დამთავრებული აქვს ზაარლანდის და ორჰუსის უნივერსიტეტები.
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, ტალიაშვილი 2012 წლიდან დღემდე American Association for Justice, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ექსპერტად მუშაობდა. არის თსუ, საერთაშორისო საავტორო სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი და კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სრული პროფესორი.
ძნელი სათქმელია, მმართველი პოლიტიკური ძალა საბოლოოდ შეჯერდება თუ არა მის კანდიდატურაზე, თუმცა, თავისთავად საინტერესოა ის ფაქტი, რომ სხვა საკვანძო პოსტებისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლისას საკრებულოს მომავალი თავმჯდომარის კანდიდატის ვინაობა არ დაუბარებია.