პრეზიდენტი საკუთარ გუნდს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით აკომპლექტებს

პრეზიდენტი საკუთარ გუნდს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით აკომპლექტებს

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისი მრჩევლის, ვანო მაჭავარიანის გათავისუფლების გადაწყვეტილებაზე ბიძინა ივანიშვილის პოზიციას გავლენა არ მოუხდენია. პრეზიდენტის განცხადებით, როგორც ლაშა აბაშიძე, ასევე ვანო მაჭავარიანი კარგი პროფესიონალები და კვალიფიციური მუშაკები არიან თავიანთი მიმართულებით.

„ამ ვითარების დახასიათებისას ამით შემოვიფარგლები - არც ბიძინას იძულებით არ მომხდარა, მაგრამ, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ასე სჯობდა ჩვენთვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილი დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა თავად უკვე ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ მარგველაშვილმა მას სთხოვა, რომ თანამდებობა დაეტოვებინა. ამ საკადრო ცვლილების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ახალი სახე გამოჩნდა. საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე დაინიშნა.

როგორც for.ge-ს პრეზიდენტის გარემოცვიდან განუცხადეს, ფხალაძე არაა ერთადერთი ფიგურა, რომელიც სამოქალაქო სექტორიდან პრეზიდენტის ადმინიტსრაციაში გადაინაცვლებს. ამავე წყაროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმდებიან სამართლის ექსპერტი ლევან ალაფიშვილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე და ა-ო „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.

ამავე წყაროს ინფორმაციით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრები და მოლაპარაკებებია დაწყებული და ეს სამეული ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციის ხშირი სტუმრები არიან. შეგახენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა ა-ო „თავდაცვისა უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს“ წევრმა თეონა აქუბარდიამ.

მართალია, პრეზიდენტის აპარატი დაკომპლექტებულია, მაგრამ როგორც for.ge-ს პრეზიდენტის გარემოცვიდან განუცხადეს, ლევან ალაფიშვილი და დავით სიხარულიძე პრეზიდეტის ადმინისტრაციაში უსაფრთხოების მიმართულებას ჩაიბარებენ.

ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, თუმცა პრეზიდენტთან შეხვედრას ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს იყო საქმიანი შეხვედრა.

„პრეზიდენტთან შეხვედრა მქონდა ერთხელ, სხვებთან ერთად უსაფრთხოების საკითხებზე ვსჯელობდით. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ დავით სიხარულიძე, თენგიზ ფხალაძე, ხათუნა ლაგაზიძე, თეონა აქუბარდია და მე. ეს იყო საჯარო შეხვედრა. იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო სამსახური ჩემთვის უცხო არაა, ყველასთვის პატივი უნდა იყოს საჯარო სამსახურში სამუშაოდ მიწვევა და მითუმეტეს ქვეყნის მეთაურის გუნდში მუშაობა.

ის, რომ გადაწტვეტილება მქონდეს მიღებული, ან მოლაპარაკებები იყოს დაწყებული, ასეთი რამ ჯერჯერობით არაა. ამ წუთებში ვმუშაობთ უსაფრთხოების საკითხებზე, ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა გვაქვს და სულ მალე შედეგებიც იქნება წარმოდგენილი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე, დავით სიხარულიძე for.ge-სთან საუბრისას და მის შესაძლო დაწინაურებას არ ადასტურებს. „არ ვადასტურებ. არანაირი საფუძველი არ აქვს ამ ინფორმაციას“, - აცხადებს დავით სიხარულიძე.

რაც შეეხება ეკა გიგაურს, რომელიც სავარაუდოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.