თურქული პროვოკაცია და რუსული სცენარი, რომლითაც აფხაზეთის კრასნოდართან შეერთება იგეგმება

თურქული პროვოკაცია და რუსული სცენარი, რომლითაც აფხაზეთის კრასნოდართან შეერთება იგეგმება

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე, კერძოდ, აფხაზეთზე პირდაპირ აისახა - ორდღიანიხავერდოვანი რევოლუციითსეპარატისტული ხელისუფლება შეიცვალა. ისე, ზოგი თვლის, რომ თავის დროზე აფხაზეთის დაკარგვის თავიდან აცილება შეიძლებოდა, მაგრამ სამოქალაქო ომმა და საზოგადოებრივმა დაპირისპირებამ წყალი აფხაზ სეპარატისტებისა და რუსეთის წისქვილზე დაასხა... თურქოლოგი, ისტორიკოსი ზაზა წურწუმიაქართულ სიტყვასთანსაუბრისას ამბობს, რომ რუსეთი ყველას, ვინც დიდი რუსული იმპერიის ინტერესებს ღალატობს, სჯის. შესაბამისად, ქართველებიც დაგვსაჯა  და დაკარგული აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია...

 

- ზაზა, აგვისტოში, აფხაზეთში .. საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამბობენ, რომ სეპარატისტული რესპუბლიკის .. პრეზიდენტობის ერთადერთი რეალური კანდიდატი რაულ ხაჯინბაა. სხვათა შორის, ხაჯინბა, მრავალი წლის განმავლობაში, აფხაზებისთვის მიუღებელი იყო. ახლა რა შეიცვალა?

- 2004 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ბაღაფშისა და ხაჯინბას მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა. მაშინ, ვლადიმერ პუტინმა ხაჯინბა სოჭში დაიბარა და ამით აფხაზებს, პრაქტიკულად, მიანიშნა, აფხაზებო, ეს ჩემი კანდიდატურაა, კეთილი ინებეთ და მიიღეთო, მაგრამ  რუსებმა აფხაზების ბუნება ვერ გაითვალისწინეს.

- რაზე მიანიშნებთ?

- აფხაზებს დიქტატი და დაძალება არ მოსწონთ.

- შეიძლება, მაგრამ ვნახეთ, თუ როგორ არბევდნენ ალექსანდრე ანქვაბის ადმინისტრაციას მომიტინგეები, ანუ აფხაზებს ანქვაბი აღარ მოსწონთ და მას რუსეთის მიმართ არასაკმარის ლოიალობაში ადანაშაულებენ...

- ბაღაფში და ანქვაბი, საბჭოეთის დროიდან მოყოლებული, ცნობილი პიროვნებები იყვნენ, შემდეგში კი, ორივე უშიშროების ოფიცერ რაულ ხაჯინბას დაუპირისპირდა, რომელიც არძინბას რჩეული გახლდათ, თავის მხრივ არძინბა კი - პუტინის. აქამდე აფხაზებში დამოუკიდებლობის ეიფორია იყო. ახლა სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ - პუტინს, როგორც არასოდეს, ისე სჭირდება აფხაზეთში თავისი ნება-სურვილის შემსრულებელი. საკითხავია, მიიღო კი მოსახლეობამ ხაჯინბა? არც გამოკითხვა ჩატარებულა, არც - არჩევნები, უბრალოდ, პუტინმა თავისი შიკრიკი, სურკოვი გამოგზავნა, რომელმაც ამბავი ჩამოუტანა სოხუმელ ლიდერებს, რომ ანქვაბი უმტკივნეულოდ უნდა მოიშორონ. ორმა-სამმა ათასმა ადამიანმა გადაწყვიტა აფხაზეთის ბედი. ეს კლასიკური პოლიტიკური გადატრიალება იყო.

- ისე ჩანდა, ალექსანდრე ანქვაბი თითქოს თავად გაეცალა სიტუაციას, რომ პროცესები სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო და სისხლი არ დაღვრილიყო...

- გავრცელებული ინფორმაციით, ანქვაბმა თავი გუდაუთის სამხედრო ბაზას შეაფარა. სინამდვილეში, არავინ ემუქრებოდა, უბრალოდ, გარემოცვამ უღალატა. ყოფილ პოლიციელსა და კორუფციასთან დაუნდობელ მებრძოლს რამის დათმობას იოლად ვერავინ აიძულებდა. ბაზაზე მისულს რუსმა სამხედრო ოფიცრებმა აუხსნეს, რომ ვიდრე გადადგომაზე არ დასთანხმდებოდა, იქ ვერ დატოვებდნენ.

- ანქვაბი გარემოცვამ რატომ გაწირა?

- იმიტომ, რომ ვითარება შეიცვალა. განა, რუსებს კოჭს ანქვაბი ვერ გაუგორებდა, მაგრამ ბაღაფში-ანქვაბის ხაზი არძინბასა და ხაჯინბას პოლიტიკური მისწრაფებებისგან განსხვავებულია - ანქვაბი ქართველებსა და რუსებთან ურთიერთობების შენარჩუნებას რაღაცნაირად ახერხებდა. ეს ნაკლებად ფაშისტური რეჟიმი იყო, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობის იდეას იცავდა და გალიდან ქართველების გამოყრაზე არასოდეს წავიდოდა.

- აფხაზეთის მმართველთან დაკავშირებით პუტინის გემოვნების შეცვლა უკრაინის მოვლენებთანაა კავშირში?

- რუსეთმა ყირიმი მიითვისა და უკრაინის ინტერვენციას აგრძელებს. უკრაინა იმის გამო ისჯება, რომ კურსის აღება ევროინტეგრაციისკენ გაბედა. საქართველო კი, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად ემზადება. ამ ურთულეს სიტუაციაში, პუტინმა პროცესები დააჩქარა და აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ძაღლივით ერთგული, უმორჩილესი კანდიდატი დააყენა - ხაჯინბა მის ყველა დავალებას შეასრულებს. პუტინს აფხაზეთში მმართველად ისეთი კაცი არ სჭირდებოდა, რომელსაც ლავირების უნარი ექნებოდა - ლაპარაკს ქართველებთანაც შეძლებდა, რუსებთან და აფხაზებთანაც.

- კრემლი აფხაზეთში მაინც, რას გეგმავს?

- კრემლის საბოლოო მიზანი აფხაზეთში რეფერენდუმის ჩატარება და აფხაზეთის კრასნოდარის მხარესთან მიერთებაა, რასაც არც ბაღაფში გააკეთებდა და არც - ანქვაბი, ხაჯინბა კი გააკეთებს. ისე, აფხაზების უმრავლესობის სურვილი რუსეთთან შეერთება არ არის და დამოუკიდებლობა მართლა უნდა. მმართველ გუნდს ჰგონია, რომ ე.წ. ბიუჯეტის ფულით დიდხანს იპარპაშებს, იქნებიან პრეზიდენტები, პრემიერები, რაღაც მარიონეტი თოჯინები რუსების ხელში, მაგრამ რის ფასად, ამაზე არ ფიქრობენ. ანქვაბი კარგად ხვდებოდა, რისთვის აძლევდა რუსი აფხაზეთს პრივილეგიებს. ქართველების გამოყრის შემდეგ, პრაქტიკულად, აფხაზეთის ეკონომიკა რუსეთზეა ჩამოკიდებული - დოტაციის სახით მიღებული ათეული მილიონობით დოლარი აფხაზი ჩინოვნიკების ჯიბეში მიდის. ყოფილი პოლიციელი ალექსანდრე ანქვაბი კორუფციულ სქემებს დაუნდობლად ებრძოდა, რის გამოც მასზე რამდენჯერმე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. აფხაზების ნაწილი ფიქრობდა, რუსეთთან ისე ვიყოთ, როგორც ჩეჩნეთისა და თათარისტანის რესპუბლიკები არიანო...

- ამ ერებს განსხვავებული დემოგრაფიული სურათი აქვთ...

- დიახ, აბსოლუტურად სწორი აქცენტია. ცნობილია, რამდენად მძიმეა აფხაზების მდგომარეობა ამ მხრივ. დემოგრაფიული სურათის შეცვლის მიზნით, ჯერ ბაღაფშმა, შემდეგ კი, ანქვაბმა თურქეთიდან, სირიასა და იორდანიიდან ქვეყნის გარეთ მე-19 საუკუნეში გაყვანილი მუჰაჯირების ჩამოყვანა დაიწყეს, რომლებიც მკვიდრი მაცხოვრებლების - ქართველების, ებრაელების, ესტონელების, რუსებისა და ბერძნების გავერანებულ სახლ-კარში ჩაასახლეს.

- ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდა?

- ეს ბაღაფშისა და ანქვაბის მხრიდან უკანასკნელი გაფართხალება იყო, რადგან მათ რუსეთის წინააღმდეგ აშკარა და ღია ბრძოლა არ შეეძლოთ. სამშობლოში დაბრუნებულ აფხაზებს მიწის ნაკვეთები იჯარით დაურიგეს, მას კი, ვინც აფხაზეთში 15 წელი დარჩება, საბოლოოდ, მიწა დაუკანონდება. მუჰაჯირებს, ასევე, მისცეს ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობა და შეუძლიათ, უფასოდ ისწავლონ. რეპატრიანტები ძირითადად გულრიფშისა და ოჩამჩირის რაიონებში დასხლდნენ, მაგრამ იმ ქვეყნის მოქალაქეობა არ დაუთმიათ, საიდანაც ჩამოვიდნენ, რადგან მომავლის იმედი არ აქვთ. თურქეთთან შედარებით, აფხაზეთში ცხოვრების დონე იმდენად დაბალია, რომ იქ საცხოვრებლად ან უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მიდის, ან ავანტიურისტი. ძალიან ცოტაა წინაპრების მიწის ყივილით, რომანტიკით გაგიჟებული აფხაზი.

- თურქეთი ტურისტული ბიზნესით არნახულ მოგებას ნახულობს. აფხაზეთის ბუნება ამ მხრივ განსაკუთრებულია...

- მისცემს კი ამის ნებას რუსეთი? ისე, აფხაზი ე.წ. მმრთველების მხრიდან ეკონომიკის დამოუკიდებლად განვითარების სურვილი არაერთხელ დაფიქსირდა.

- ორი საუკუნის წინ წასული მუჰაჯირები აფხაზეთის დღევანდელ პეიჟაზში რამდენად ჩაჯდებიან?

- ამიტომაც ვერ მოხერხდა მათი რეპატრიაცია ისე, როგორც უნდოდათ.  ადაპტაცია რელიგიური განსხვავების გამოც უჭირთ. აფხაზები არც მუსულმანები არიან, არც - ქრისტიანები, სოხუმში ერთი ნახევრად დანგრეული მეჩეთი დგას... აფხაზური თავად აფხაზებსაც არ ესმით, რუსულად ლაპარაკობენ. გამოდის, რომ თურქეთიდან დაბრუნებულმა აფხაზმა, თავისავე მოძმეებთან საკომუნიკაციოდ, რუსული უნდა ისწავლოს. თურქეთის აფხაზებს ენა ესმით, შენარჩუნებული აქვთ ტრადიციები, მაგრამ მენტალობით თურქები არიან. იგივე სურათია თურქეთის ქართველობაში... უმეტესობა აფხაზეთში პრაგმატული მოსაზრებით ჩამოვიდა - თურქეთელი აფხაზები კვების ობიექტებს ხსნიან და რუს ტურისტებს ემსახურებიან.

- აფხაზეთის პრეზიდენტად, ხაჯინბას გარდა, სხვა კანდიდატურაც განიხილება?

- ერთ-ერთ რუსულენოვან საიტზე სერგეი შამბასთან იტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ასაკის გამო ვეღარ იყრის, რადგან უკვე 60 წელს გადააბიჯა. მართალია, აფხაზეთის კონსტიტუციით ასაკი განსაზღვრულია, მაგრამ მთავარი მიზეზი ისაა, რომ რუსებს აფხაზეთში პოლიტიკოსები აღარ სჭირდებათ. სავარაუდო კანდიდატად ორგანიზაცია ,,ქართულ-აფხაზური ომის ვეტერანთა საბჭოს“ თავმჯდომარე ვიტალი გაბნიაც განიხილება.

- ზაზა, ეს რა ორგანიზაციაა?

- აფხაზეთი დღესაც ომით ცხოვრობს - მათთვის ქართველი დღესაც “გუშინ მოსული” მტერია. ამ ორგანიზაციას ომის გამოცდილებაც აქვს და იარაღიც. კიდევ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატურა ჰყავთ - ბიზნესმენი ვალმერ ბუთბა, რომელიც ხაჯინბას თანამოაზრედ ითვლება. ანქვაბს კი, კრიჭაში ედგა. ძირითადი მარათონი ბუთბასა დ ხაჯინბას შორის გაიმართება.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ .. არჩევნებს აფხაზეთის რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი მოჰყვება?

- ჩემი აზრით, ამ ეტაპზე რუსეთისთვის მიერთება საჩქარო არაა, რადგან საქართველოდან საშიშროებას ვერც რუსები ხედავენ და ვერც - აფხაზები. პატარა და ამაყი ერისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი მაღალჩინოსნები, სხვა ქვეყნების მმართველების მსგავსად, დადიან ფეშენებელური მანქანებით და სხვა სიკეთეებით სარგებლობენ. აფხაზებს მუშაობა არ უყვართ, პროდუქტს სხვა ეთნიკური ჯგუფები ქმნიან და ამ ჯგუფებზე ბატონობით, პარაზიტიზმის გზით ცხოვრობენ. რუსულ ინტერესებში ჯდება აფხაზი მოსახლეობის მუქთახორული ბუნების გაღვივება, თან ყველა დაწესებულებაში რუსული ენა ბატონობს. მოვლენათა ასეთი განვითარების პირობებში, რუსეთს აფხაზეთის სათავეში ეყოლება კაცი, რომელიც უყოყმანოდ შეასრულებს რუსების ბრძანებას. იმას კი, ეს რა ბრძანება იქნება, დრო გამოაჩენს, თუმცა ისედაც ცხადია, რომ ეს აფხაზეთის საბოლოოდ მოწყვეტა და კრასნოდარის მხარესთან მიერთება იქნება, რითიც რუსეთი აფხაზ ერს შეისრუტავს.

- ზაზა, ამერიკელმა ექსპერტებმა აფხაზეთში, როგორც ვიცი, კვლევა ჩაატარეს...

- დიახ, ჩაატარეს და შეკითხვა ასეთი იყო: უნდა შეუერთდეს აფხაზეთი რუსეთს თუ ცხოვრება დამოუკიდებლად გააგრძელოს? კვლევის მიხედვით, აფხაზეთის მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს დამოუკიდებლობას უჭერს, 15% კი, - რუსეთთან შეერთებას.

- ეს კვლევა როდის ჩატარდა?

- ორი წლის წინ.

- ცოტა მოძველებულია...

- შეიძლება, მაგრამ ხალხის გუნება-განწყობა ასე სწრაფად არ იცვლება, ხალხის ნების გამოხატვა ან არჩევნებით ხდება, ან რეფერენდუმით, ან გამოკითხვით. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხაჯინბას გამარჯვება გარანტირებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთპიროვნული მმართველი იქნება.

- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?A

- რა და, - აფხაზების პოლიტიკური კულტურა, სადაც კლანური ინტერესები  ძლიერია: ზოგჯერ ერთი-ორი გავლენიანი საგვარეულო ოჯახი წყვეტს პოლიტიკურ რეალობას. აფხაზეთს ორი ეთნიკური ჯგუფი - აბჟუები, ანუ ოჩამჩირელი აფხაზები და გუდაუთელი აფსუები მართავენ. ოჩამჩირელთა დიდი ნაწილი ქრისტიანია, გუდაუთელთა კი, - მუსულმანი. აფხაზეთში ბევრი სხვა ეროვნების ხალხიც ცხოვრობს, ამ ეთნიკურ ჯგუფებზეცაა დამოკიდებული საზოგადოებრივი აზრის განწყობის ცვლილება.

- აფხაზეთში ყირიმის სცენარის განმეორება რეალურია?

- ყირიმის მოსახლეობის 90% რუსეთში გაერთიანების მომხრე იყო და ამ რეალობას ვერავინ გაექცეოდა, თუმცა ყირიმის ნამდვილი ისტორიული მფლობელი ყირიმელი თათრები არიან. აფხაზეთის რუსეთთან მიერთების ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირება წარმოუდგენელია.

- რატომ?

- აფხაზეთის ქართული მოსახლეობა რუსეთთან შეერთებას ხმას არ მისცემს. ამერიკულ კვლევაში ამ საკითხისადმი დამოკიდებულება ეთნიკურ ჯგუფებს შორის ასე გადანაწილდა: სომხები - რუსთთან შეერთება, აფხაზები - წინააღმდეგი, ქართველებმა კი, არჩევანი დამოუკიდებლობის სასარგებლოდ გააკეთეს. გალის მოსახლეობის აზრი განსხვავებულია - ერთმნიშვნელოვნად საქართველოს ფარგლებში ყოფნას ამჯობინებს, თუმცა დღევანდელი სტატუს-ქვო აკმაყოფილებს - რუსეთთან შეერთების შემთხვევაში, გამოძევების პერსპექტივა აშინებს. სხვათა შორის, გალის მოსახლეობა აფხაზეთის მოსახლეობის 20% შეადგენს.

- გალიდან ქართველების გამოყრის გეგმა კონფლიქტის ესკალაციას ემსახურება?

- ეს გეგმა მოსალოდნელი რეფერენდუმისთვის მზადების ნაწილია. რუსეთს ხელი რომ არ შეეშალოს, იქ მოსახლეობის იმდენ რაოდენობას დატოვებს, რაც რეფერენდუმის შედეგებზე არ აისახება, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ საქმე აქამდე არ მივა.

- ...აფხაზური სეპარატიზმის პრობლემას რა ვუყოთ?

- სეპარატიზმის პრობლემა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია. მაგალითად, ესპანეთში კატალონიის, დიდ ბრიტანეთში კი, შოტლანდიის მხრიდან ისმის დამოუკიდებლობის მოწოდებები. ეს შუაგული ევროპაა და კატალონიამ და შოტლანდიამ შეიძლება, დამოუკიდებლობის რაღაც ხარისხს მიაღწიონ კიდეც, მაგრამ სხვა ვითარებაა აფხაზეთში, სადაც სურათი ეთნიკური წმენდის შედეგად შეიცვალა. უნდა განვსაზღვროთ, სამართლებრივად რეგიონს დამოუკიდებლობის უფლება აქვს თუ არა.

- როგორია საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები?

- საბჭოთა პერიოდის ბოლოს, აფხაზეთის მოსახლეობის 50% ქართველი იყო, აფხაზები კი, 17%-ს შეადგენდნენ, დანარჩენი სხვა ეროვნებების წარმომადგენლები იყვნენ. ჯერჯერობით მკვიდრი მაცხოვრებლის ისტორიული პრინციპი არავის გაუუქმებია. მაგალითად, ჩვენს დიდ მეზობელ ირანში, სადაც სპარსული მოსახლეობა უმრავლესობა არაა, თავში არავის მოუვა სეპარატიზმის დროშის აფრიალება. რუსეთის მაგალითიც გავიხსენოთ: 1554 წელს, ივანე მრისხანემ ყაზანი აიღო და თათრების დამოუკიდებელი სახანო გაანადგურა, მაგრამ ყაზანელ თათრებს აზრადაც არ მოსდით, რომ რუსეთს გამოეყონ. მაშ, რა მოტივით, რა ისტორიულ სამართალზე დაყრდობით უნდა განაცხადონ ეთნიკურმა აფხაზებმა, რომლებიც აფხაზეთის დღევანდელი მოსახლეობის 40%-ს წარმოადგენენ, რომ გამოყოფის უფლება აქვთ? მათ ამის არც მორალური უფლება აქვთ და არც - სამართლებრივი.

- ამას წინათ, თურქეთიდან აფხაზეთში მაღალჩინოსანთა დელეგაცია ჩავიდა...

- აფხაზეთის თურქული დიასპორა მე-19 საუკუნეში შეიქმნა. რუსეთ-თუქეთის ომის შემდეგ, აფხაზებისა და აჭარლების ნაწილი გადაასახლეს და მათი რაოდენობა 120-150 ათასს შეადგენს, თუმცა თავად ამ რიცხვს უსაშველოდ ბერავენ და ამბობენ, რომ 500-700 ათასნი არიან.

- გაბუქება რაში სჭირდებათ?

- სურთ, ავტორიტეტი შთამბეჭდავი რიცხვებით მოიპოვონ, როგორც თურქეთის, ასევე, რუსეთის ხელისუფლების თვალში. აფხაზები სტამბულსა და მისი შემოგარენის ქალაქებში ცხოვრობენ. ნაწილი ასიმილირებულია, შენარჩუნებული აქვს ენა, ტრადიციები, ჩამოყალიბებულია აფხაზური კულტურის საზოგადოებები. სწორედ მათი მეშვეობით ხდება აფხაზეთთან დაკავშირება - ისინი რეკომენდაციებს უწევენ, ეხმარებიან აფხაზეთში წასვლის მსურველებს, მეორეს მხრივ, ზემოქმედებას ახდენენ თურქულ პოლიტიკურ ელიტაზე, რომ თურქეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, დაამყაროს კულტურულ-ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები, სტამბულსა და სოხუმს შორის საზღვაო და სახმელეთო მიმოსვლა გააქტიურდეს. აი, ასეთ ლობისტურ საქმიანობას ეწევა აფხაზური დიასპორა თურქეთში და იმდენი მოახერხა, რომ ორი კვირის წინ, თურქეთის პარლამენტის რამდენიმე წევრი აფხაზეთში ჩაიყვანა. დელეგაციაში აფხაზური წარმოშობის პიროვნებებიც იყვნენ. დელეგაციის წარმომადგენლები აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის  წევრებს შეხვდნენ, განიხილეს სხვადასხვა საკითხი, დასახეს სამომავლო გეგმები.

- ეს ხომ საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება და, ამავე დროს, თურქეთთან ოფიციალური თბილისის ურთიერთობებსაც, რბილად რომ ვთქვათჩრდილს აყენებს?

- ამან საქართველოს მთავრობის სამართლიანი პროტესტი გამოიწვია - დაიბარეს თურქეთის ელჩი. სხვათა შორის, აფხაზეთში თურქეთის ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები, გასულ წელს კი, ჟურნალისტების ასკაციანი ჯგუფიც ჩავიდა. მათ, რეპორტაჟებით, თურქეთს აფხაზეთი გააცნეს. ყველაფერი ეს აფხაზური დიასპორის დიდი მეცადინეობით ხდება. ამ პროექტების ყველაზე დიდი მხარდამჭერი და ხელისშემწყობი თურქეთში რუსეთის გენერალური საკონსულოა, რომელიც თურქეთელ აფხაზებთან მჭიდრო კონტაქტშია. რუსები სისტემატიურად ესწრებიან ღონისძიებებს, აღიარებენ მათ დამოუკიდებლობას და ეხმარებიან, რადგან მათ საკუთარი წარმომადგენლობა არ ჰყავთ.

- მოკლედ, რუსეთი თურქეთშიც ჩვენს საზიანო პოლიტიკას ატარებს. საერთოდ, რუსულ დიპლომატიას სხვისი ხელით გველის დაჭერა ეხერხება...

- გამოდის, რომ რუსეთი გარკვეულწილად, თურქეთის შინაურ საქმეებში ერევა, მაგრამ თურქეთს რუსეთთან ახლო ურთიერთობა აქვს და ვითარებას არ ამწვავებს.

- ამ ფონზე, ოფიციალური ანკარა ჩვენთან ურთიერთობის გამწვავებას არ ერიდება, არა?

- კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ თურქეთის ხელისუფლება მხარს რამე ანტიქართულს უჭერს, მაგრამ ფაქტია, რომ თურქეთის აფხაზური დიასპორა ანტიქართულ საქმიანობას ეწევა და ეს საქართველო-თურქეთის ურთიერთობას ჩრდილს აყენებს. აფხაზებს ტყუილად ჰგონიათ, რომ რუსეთი სირიასა და თურქეთიდან აფხაზთა მასიურ ჩამოსახლებას გააგრძელებს. რუსებმა რამდენიმე კურდღელი დაიჭირეს - სირიიდან ჩამოყვანილი ხუთასამდე ადამიანის თურქეთში ჩაყვანა სირიელებისთვის ჰუმანიტარულ აქციად ჩაეთვალათ, აქეთ კი, კოჭი აფხაზებს გაუგორეს.

- ხშირად ისმის შეკითხვა: რას სთავაზობს აფხაზებს ქართული სახელმწიფო?

- მართალია, ჟენევის ფორმატი დღემდე შედეგის მომტანი არაა, მაგრამ ეს არის ტრიბუნა, სადაც მთავრობა მსოფლიოს აფხაზეთთან მიმართებაში თავის ურყევ პოზიციას განუწყვეტლივ ახსენებს. საქართველოს მთავრობა მშვიდობიანი პოლიტიკური დარეგულირებისთვის მზადაა. დახმარებას სთავაზობს აფხაზს, რომ რუს ერში არ გაითქვიფოს და არ დაიკარგოს. სხვა ერს საკუთარ მიწაზე ფართო ავტონომიას არც ერთი სახელმწიფო არ შესთავაზებს. ჩვენ ვთავაზობთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ აფხაზი უნდა იყოს რესპუბლიკის სათავეში, ან მხოლოდ აფხაზს აქვს დაბრუნების უფლება და ქართველს - არა! საქართველო ყოველთვის ზრუნავდა აფხაზებზე, მათ კულტურაზე, სამაგიეროდ, ყოველ ათ წელიწადში, აფხაზები გამოდიოდნენ კრასნოდართან შეერთების ლოზუნგით. მათ ქართველები გამოყარეს საკუთარი მიწიდან და დამოუკიდებლობის მოთხოვნით, რეფერენდუმის ჩატარებას ფიქრობენ და ეს მაშინ, როცა აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის ჯარის მიერაა ოკუპირებული.

- ზაზა, მსოფლიო არაპროგნოზირებადია: ყირიმის პრობლემა რომ დადგა, თურქეთის რესპუბლიკა თითქოს ჩასაფრებულის პოზიციაში იყო, მაგრამ ყველაფერმა სხვანაირად ჩაიარა...

- თურქეთისთვის საპირწონედ, ამ შემთხვევაში, რუსეთთან ურთიერთობა  დაიდო. ერაყის მოვლენებმა დაადასტურა, რომ თურქეთი სწორად მოიქცა - ერაყში ისლამისტმა სეპარატისტებმა, რომლებიც ხალიფატის აღდგენისთვის იბრძვიან, თურქეთის საკონსულოს წარმომადგენლები მძევლად აიყვანეს. სირიის ხელისუფლებას ისლამისტები, სამი წელია, ებრძვიან. თურქეთი საერო სახელმწიფოა, მაგრამ დღეს ისლამიზმის საფრთხე იმდენად ძლიერია, რომ მისი და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ასეთ ვითარებაში მცირე ეთნოსების საკითხი სუპერ სახელმწიფოებს შორის დიალოგისა და ურთიერთშეთანხმების სფერო ხდება. ჩვენს მთავრობას ვუმადლი, რომ ეს სირთულეები სწორად გათვალა. საქართველოს ხელისუფლებას, ამ ურთულეს ვითარებაში, საგარეო პოლიტიკა მაქსიმალურად ფრთხილად მიჰყავს.

ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საოცარი ტაქტი და დიპლომატიური ჩვევები გამოამჟღავნა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან საუბრისას, რომელიც რუსეთის საკითხს ეხებოდა. მალე საქართველოს პრემიერი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს და ამის სანაცვლოდ, არც რუსეთი დაგვიპირისპირდება და უარის თქმა არც ნატო-ზე მოგვიწევს. ეს ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა. კატეგორიულად უარყოფითად  ვაფასებ ოპოზიციის ზოგიერთ გამონათქვამს, ნუ ვთხოვთ ხელისუფლებას შეუძლებელს, საომარი რიტორიკა უკვე გამოვიარეთ, იგივეს გაკეთება საზარალოა. ,,რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს”, ანუ რასაც რუსეთი ვერ აკეთებს უკრაინაში, გააკეთებს საქართველოში. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რუსეთთან ურთიერთობაში წინდაუხედავები ვიყოთ.