[ნიკა ასლანიძე]
შემოვლითი რკინიგზისთვის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით კვლავ დიდი დაძაბულობაა. რკინიგზაში აცხადებენ, რომ მესაკუთრეების 3-4-თან პრობლემა გადაჭრეს. დარჩენილი 1-4 კი დაბალ ტარიფზე ჩივის. მათ სრულ მხარდაჭერას უცხადებს საკრებულოს ოპოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ კომპენსაცია მიწის რეალურ ღირებულებასთან შედარებით ძალიან მცირეა. ეს უფრო სოციალური დახმარებაა, ვიდრე კომპენსაცია.
“საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების გამოსყიდვისთვის ანაზღაურებულია 14 000 000 ლარი. 860 ნაკვეთიდან გამოსყიდულია 630 მათგანი; 78 საცხოვრებელი სახლიდან გამოსყიდულია - 54; 22 ბიზნესიდან კომპენსირებულია - 14.
როგორც ცნობილია, საქართველოს რკინიგზა ახორციელებს თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს, რომლის ამოცანაა თბილისის ცენტრალური ნაწილის გათავისუფლება სარკინიგზო ინფრასტრუქტურისაგან. გამოთავისუფლებულ 100 ჰექტარ მიწაზე კი, იგეგმება ბიზნეს ცენტრების, გასართობი ცენტრების, მწვანე ზოლისა და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.
პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა 130 ჰექტარი მიწის რეგისტრაცია, რომელიც მოიცავს 860 მიწის ნაკვეთს, მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებსა და მცირე ბიზნეს ერთეულებს. მესაკუთრეების ინტერესების დაცვის მიზნით, შემუშავებული იქნა გამოსყიდვის კომპლექსური სამოქმედო გეგმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სოციალური პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
გამოსყიდვის სამოქმედო გეგმის თანახმად, მიწის ობიექტურად შეფასების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს რკინიგზამ მოიწვია.
“ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, რომლის ექსპერტებმაც საერთაშორისო სტანდარტებისა და ევრობანკის მოთხოვნების შესაბამისად, თითოეული მესაკუთრისთვის შექმნეს ინდივიდუალური საკომპენსაციო პაკეტი”, - განმარტავენ რკინიგზაში.
საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ გამოსასყიდად დარჩენილი 230 ნაკვეთის მფლობელს საკუთრებაში არსებული ფართის ორმაგი ოდენობის ალტერნატიული მიწის ნაკვეთით დააკმაყოფილებს.
თბილისის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი თინა ხიდაშელი კი მიიჩნევს, რომ რკინიგზის მიერ შემუშავებულ პაკეტში ახალი და სანუგეშო არაფერია. პრობლემა, რომელიც მოსახლეობამ დასვა, ამ შეთავაზებით არ გვარდება.
როგორც ხიდაშელი განმარტავს, პრობლემა ის არის, რომ აღნიშნული მიწის ფართები შემოსავლიანობის თვალსაზრისით სათანადოდ არ არის შეფასებული და კომპენსაცია მის რეალურ ღირებულებასთან შედარებით ძალიან მცირეა.
“საქმე ისაა, რომ “საქართველოს რკინიგზა” ამ ნაკვეთების მთლიანად შესყიდვას კი არ ახორციელებს, არამედ მხოლოდ იმ ნაწილის, რომელიც მათ სჭირდებათ. არადა, რკინიგზის გაყვანის შემდეგ, იმ ნაკვეთის დანარჩენი ნაწილი გამოუსადეგარი ხდება და მისი მესაკუთრე ვეღარ დაამუშავებს, ანუ კარგავს მუდმივი შემოსავლის წყაროს.
არის ასევე კაკლიანი მიწები, რომელიც მფლობელებს ძალიან კარგ შემოსავალს აძლევს. რკინიგზა კი, მათ მხოლოდ მიწის და ხეების ღირებულებას უხდის და ამ კაკლების მოჭრით დაკარგულ შემოსავალის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს.
რაც შეეხება ალტერნატიულ მიწის ფართებს, ეს უნდა იყოს ჩამორთმეული მიწის ღირებულების ადეკვატური. უნდა შესთავაზონ იმავე გეოგრაფიულ არეალში და არა, სადღაც, გადაკრგულ ადგილას ხრიოკი მიწა. რკინიგზის მიერ გავარცელებულ ინფორმაციაში კი მე ვერ ვიპოვე პასუხი ვერც ერთ კითხვაზე და პრობლემაზე, რომელიც აღნიშნული მიწის მფლობელებს აქვთ”, - განაცხადა ხიდაშელმა.