თბილისის საკრებულოში ადგილებს ოთხი პოლიტიკური ძალა და ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი - ალექსანდრე ელისაშვილი მიიღებენ. საკრებულოში სულ 50 ადგილია, სავარაუდო ძალთა ბალანსი კი ასეთი იქნება - უმრავლესობით, ანუ 38-39 ადგილით წარდგებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები და, შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღებისას კოლიაციას არანაირი დაბრკოლება არ ექნება.
7-8 წევრს შეიყვანს „ნაცმოძრაობა“, „ნინო ბურჯანაძე-ერთიან ოპოზიციას“ ერგება 3 ადგილი, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ერთ პოზიციას დაიკავებს.
რაც შეეხება კონკრეტულ დეპუტატებს, წინასწარი ინფორმაციით, „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოში მოხვდებიან დავით ზურაბიშვილი, ზაზა კოლელიშვილი, გიორგი ტყემალაძე, კობა კობალაძე... ჩვენი ინფორმაციით, საკრებულოში, ასევე, უნდა მოხვედრილიყო რატი იონათამიშვილი, თუმცა, როცა მას დავუკავშირდით, ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. ასევე, საკრებულოში მოხვდა იურისტი, სამეცნიერო შრომების ავტორი თამარ ტალიაშვილი, რომელიც 2012 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა და საკრებულოს შეემატა კოალიცია „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი - მედიკოსი ირაკლი ფავლენიშვილი.
სხვათა შორის, როგორც კულუარებში ამბობენ, სწორედ ირაკლი ფავლენიშვილმა შეიძლება დაიკავოს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ის კოალიციის სიის პირველი ნომერია და მისი შანსები საკმაოდ მაღალია. ჩვენ ვცადეთ ფავლენიშვილთან დაკავშირება, თუმცა ის ზარებს არ პასუხობდა.
ნაცმოძრაობიდან საკრებულოში, სავარაუდოდ, მოხვდებიან სევდია უგრეხელიძე, ირაკლი აბესაძე, მამუკა ახვლედიანი, თამაზ შოშიაშვილი და თემურ გრიგალაშვილი.
„ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ მანდატით საკრებულოში მოხვდა ზაზა ვეკუა, შალვა ოგბაიძე და თამარ ცინცაბაძე. ხოლო - „პატრიოტთა ალიანსიდან“ თბილისის საკრებულოს შეემატა ირმა ინაშვილი.
მართალია, საკრებულოს პირველი სხდომა არჩევნების შეჯამებიდან ორი კვირის ვადაში უნდა დაინიშნოს, მაგრამ საინტერესოა, რას შეცვლის ძალთა ასეთი გადანაწილება დედაქალაქის თვითმმართველი ორგანოსთვის და რა იქნება ძირითადი პრიორიტეტები, რომლის რეალიზებასაც საკრებულოს ახალი შემადგენლობა შეეცდება?!
„ქართული ოცნების“ წევრი, რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საკრებულო ისეთი წარმომადგენლობითი ორგანოა, სადაც პარლამენტის მსგავსი საკითხები არ წყდება. აქ ცოტა უფრი სპეციფიკური პრობლემებია და მას, როგორც მაჟორიტარ დეპუტატს, სურს, არ გაწყვიტოს კონტაქტი ამომრჩეველთან და მუდმივად ჰქონდეს თბილისის პულსზე ხელი.
„მერიის შესაბამისი სამსახურები და ქალაქის მუნიციპალიტეტები მუდმივი მონიტორინგის რეჟიმში უნდა გვყავდეს და მივუთითოთ, რა არ კეთდება ქალაქში. ძალიან ბევრი მიმართულებაა - გამწვანება, ქალაქმშენებლობა, კულტურული, კონცეფტუალური ხედვა, როგორი იყოს თბილისი. რაც გაკეთდა ნაციონალების დროს - თბილისის ისტორიულ ძეგლებზე უკანონო ჩარევები, მიშენებები და სხვა, სრული ბარბაროსობა, დამახინჯებაა ქალაქის იერსახის, კულტურული მემკვიდრეობის, რისი გასწორებაც შესაძლებელია, უნდა გამოსწორდეს, თორემ მე რომ მიმიშვა და ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ დავანგრევდი და თავიდან ავაშენებდი ნახევარ ქალაქს. სამწუხაროდ, ასე ვერ გამოვა. ძალიან ცუდადაა ამ მხრივ საქმე. ისეთ რაიონში, როგორიც საბურთალოა, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შედარებით ნაკლებია, მანდაც კი ბარბაროსულად არის განაშენიანება გაკეთებული“, - აცხადებს დავით ზურაბიშვილი და ფიქრობს, რომ საკრებულოში უმრავლესობით მოსვლის მიუხედავად, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები გამორიცხულია, რადგან „ქართული ოცნება“ კოალიციაა. ამდენად, სავარაუდოდ, თავისი ფრაქცია ექნებათ „რესპუბლიკელებს“, „კონსერვატორებს“, „ეროვნულ ფორუმს“, „თავისუფალ დემოკრატებს“, თვითონ „ქართულ ოცნებას“.
გარდა ამისა, საკრებულოში იქნებიან „ნაციონალები“, ფრაქციის შექმნის საშუალება აქვს ბურჯანაძეს. ამასთან, „არის დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, საკმაოდ ყოჩაღი და ცოცხალი. ასე რომ, არ იქნება მოსაწყენი“.
„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს წევრი თამარ ტალიაშვილი For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა და ბიუჯეტის კონტროლი აუცილებელია. როგორც დედას, მას სერიოზულად აღელვებს ქუჩის ბავშვების თემატიკა, რაზეც პირადად უმუშავია. ახსენდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობისას დიდი ყურადღება მიაქციეს ქუჩის ბავშვების თემატიკას, რომ პოლიციის კუთხით მაინც დარეგულირებულიყო ვითარება, მაგრამ სოციალური თავშესაფრები თუ საგანმანათლებლო მიმართულებები მაინც საკრებულოს და მერიის პრეროგატივაა.
„თუ ჩემს ცხოვრებაში ეს მაინც გავაკეთე, ჩავთვლი, რომ დედამიწაზე ჩემი როლი ამოწურულია. გარდა ამისა, ძველი თბილისის ეკლექტიკიდან გამომდინარე, თითოეულ სახლს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. დეტალური კვლევა უნდა ჩატარდეს, თითოეული ჩუქურთმა როგორია. პატარაა თბილისი, უფრო პატარაა ძველი თბილისი, რაც მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის. ამიტომ აუცილებელია ნორმალური გენერალური გეგმის შედგენა. იქ, სადაც ისტორიულ ძეგლებზე განხორციელდა უკანონო დაშენებები, რაც სახლებს აზიანებს, აბსოლუტურად მიუღებელია. კონსერვაცია არ ნიშნავს, რომ ძეგლზე დააშენო რაღაცები. რაც შეეხება ჯიპებს, გამონაბოლქვი ბმაშია ეკოლოგიურ თემასთან. ანალიზის გარეშე არ შეიძლება ამ საკითხის მოგვარება. კომპლექსში უნდა განვიხილოთ მთელი პარკის გადახალისება და ქალაქი ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს“, - გვითხრა თამარ ტალიაშვილმა.
For.ge-სთან საუბარში „დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი ზაზა ვეკუა აცხადებს, რომ სამწუხაროა, რომ მეტი ხმები ვერ მიიღეს, მაგრამ სამი ადამიანის კვალობაზე, მაინც იბრძოლებენ დედაქალაქელთა პრობლემის მოსაგვარებლად.
„ვანახებთ თბილისს, რეალურად რას წარმოადგენს „ნაციონალებისა“ და „ოცნების“ „საბავშვო ბაღი“. ჩვენთვის მთავარი იქნება სწორად განაწილებული ბიუჯეტი. მარტო მილიონი ლარი ჯდება მერიის ვებგვერდის მომსახურება, პირველ კვარტალში ასი ათასი ლარი გადარიცხეს. ერთი რამ არის საინტერესო, მე არ ვიცი, როგორ დაიწყებს „ქართული ოცნება“, რატომღაც მიმაჩნია, რომ გაიზიარებენ 2006 წელს მიშა მაჭავარიანის ნათქვამს, გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერიო. დარწმუნებული ვარ, დაიწყებენ ხელების გადაგრეხვით, მათ ორი მესამედი აქვთ. საკითხების გატანისას შეიძლება გაიმარჯვოს მათმა უმრავლესობამ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მოსვენებას არ მივცემთ. უნდა შეიქმნას თბილისის კონსტიტუცია, სადაც ჩართულები იქნებიან არქიტექტორები, ურბანისტები, ძეგლების დაცვა ჩვენი პრიორიტეტი იქნება და ამ საკითხს აუცილებლად წამოვჭრით“, - აღნიშნა ზაზა ვეკუამ.
საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი ფიქრობს, რომ თბილისის საკრებულოში ძალთა ბალანსი უთანასწოროა, მაგრამ თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ მათი პარტიის ერთ წარმომადგენელს მაინც აქვს მანდატი.
„ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს თბილისში შეიქმნას მრჩეველთა საბჭო, სადაც გაწევრიანდებიან ძველი და ახალი თაობის არქიტექტორები - მერაბ ბერძენიშვილი, გიგა ბათიაშვილი, ასევე, ახალგაზრდა არქიტექტორები. უნდა შეიქმნას თბილისის განვითარების და ძველი თბილისის რეაბილიტაციის სრულიად ახალი გეგმა, რომელიც განაახლებს ძველ თბილისს, მაგრამ არ დაუკარგავს იერ-სახეს და არ დაამახინჯებს. ჩვენს საარჩევნო პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია მოსახლეობის საცხოვრისით უზრუნველყოფაზე, ჯანდაცვაზე, მინი და მიკრო ბიზნესისთვის ხელშეწყობაზე, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ადამიანების მომზადებასა და ადამიანების სოციალურ ხელშეწყობაზე“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა For.ge-სთან საუბარში.
საკრებულოში მოხვედრილი ნაცმოძრაობის წევრის ირაკლი აბესაძის თქმით, მათთვის პრიორიტეტი დედაქალაქში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება, შემოვლითი რკინიგზა, ახალი ხიდების მშენებლობაა. მათი პროგნოზით, ნაცმოძრაობა ძალზე აქტიური იქნება და არ დაუშვებს იმას, რაც ხდება ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. მათი აზრით, არ უნდა შეჩერდეს ყველა პროექტი დედაქალაქში.