ევროკავშირის ხელფასები – აღმოსავლეთ ევროპელების სამოთხე

ევროკავშირის ხელფასები – აღმოსავლეთ ევროპელების სამოთხე

ლატვიის პრემიერ–მინისტრი ვალდის დომბროვსკისი ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის ყველაზე ცუდ საქმეს აკეთებს - სამუშაო ადგილებს და ხელფასებს ამცირებს იმისთვის, რომ გამოფიტული ლატვიური ფინანსები განამტკიცოს.

ამასთან ერთად, მისი წლიური ხელფასი 45 000 დოლარია გადასახადების გარეშე, თავად ფარავს სამედიცინო დაზღვევის ხარჯებს და ცხოვრობს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აშენებულ სამოთახიან ბინაში.

მაგრამ, თუკი დომბროვსკისის ხელფასი დასავლეთევროპელი საპატრულო პოლიციელის ხელფასზე დაბალია, ზოგიერთი ლატვიელი ჩინოვნიკის საქმე გაცილებით უკეთ არის.

მაგალითად, ლატვიის წარმომადგენელს ევროკომისიაში ანდრის პიებალგსს, წელიწადში 345 000 დოლარის შემოსავალი აქვს – დომბროვსკის შემოსავალზე თითქმის რვაჯერ მეტი. ევროკავშირის სასამართლოს მოსამართლე ეგილ ლევიტასიც დაახლოებით იგივე თანხას იღებს, რაც 100 000 დოლარით მეტია ამერიკის უმალესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის ხელფასზე. მშვენიერია სოციალური პაკეტიც: ბინის გადასახადი, დამატებით დაახლოებით 6 000 დოლარის დახმარება წელიწადში თითო ბავშვზე, 10 000 დოლარი წელიწადში გართობაზე და გულუხვი პენსიები.

ამგვარად, პროფესიულ ინტერესებს და ტალანტებსაც რომ თავი დავანებოთ, მარტივად გასაგებია, თუ რატომ მიიტლვიან „თეთრსაყელოიანები“ პრობლემური აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებიდან ევროკავშირში მუშაობისკენ.

2004 წლის შუა პერიოდიდან, როდესაც ბლოკთან ახალი, დიდწილად პოსტკომუნისტური წევრი–ქვეყნების მიერთების ერთ–ერთმა ტალღამ გადაირა, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ აღმოსავლეთ ევროპიდან სამსახურში 4 700 ადამიანი დაიქირავა. ისეთი ქვეყნების წარმომადგენლები, როგორებიც არიან პოლონეთი, ლიტვა, ბულგარეთი და ესტონეთი დღეს კომისიის თანამშრომელთა ერთ მეექვსედს შეადგენენ, რაც საგრძნობლად აჭარბებს კვოტას, რომელიც კომისიამ საკუთარ თავს იმ მიზნით დაუდგინა, რომ ბლოკის ახალი წევრების ინტეგრაცია შეემსუბუქებინა.

მაგალითად, ევროკომისიაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობს 150 ლატვიელი, და თითოეულ მათგანს დომბროვსკისზე ყველაზე ცოტა 50%–ით მაღალი ანაზღაურება აქვს. ქვედა დონის ადმინისტრაციულ თანამდებობებზე დასაქმებულია 288 რუმინელი – ისინი ერთად აღებულ გერმანელებზე, ფრანგებზე და ბრიტანელებზე მეტნი არიან.

ვიდრე ბლოკში შემავალი 27–ვე ქვეყნის მთავრობა ხარჯების ეკონომიითაა დაკავებული, ხოლო ზოგიერთები საჯარო მოსამსახურეებსაც კი უმცირებენ ხელფასებს, ბრიუსელი ხელფასებს ძველ დონეზე ინარჩუნებს. ამიტომ ბევრი ევროკავშირს იმ ეკონომიკური პრობლემებისადმი გულგრილობაში ადანაშულებს, რომლებიც ევროპას 2008 წლის კრიზისის დროს დაატყდა თავს.

“მაღალი ხელფასები, რომლებიც ამ ფისკალურ წელს კიდევ ოდნავ გაიზარდა, განსაკუთრებით საეჭვოდ გამოიყურება, მაშინ როდესაც ბრიუსელი ისეთ ქვეყნებს, როგორიც საბერძნეთია ხარჯების და სახელმწიფო სექტორში სამუშაო ადგილების შემცირებისკენ მოუწოდებს” - აცხადებს ხორხე ნუნიეს ფერერი, ბრიუსელის ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

„ეს იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად მოწყვეტილები არიან ისინი სხვა ადგილებში მიმდინარე მოვლენებს“, – ხაზგასმით აღნიშნავს იგი - როდესაც ისინი ამ ქვეყნებს აკვირდებიან და საბიუჯეტო დეფიციტთან ბრძოლის მიზნით მათ ხარჯების შემცირიებას, სახელმწიფო სექტორის შეზღუდვას და ხელფასები შემცირებას სთხოვენ, მე ვსვამ კითხვას: „თქვენ ხელფასებზე რას იტყვით?“

ევროკავშირისთვის ყოველთვის პრობლემური თემა იქნება ის, თუ რამდენი უნდა გადაუხადონ ევროპარლამენტის წევრებს, ჩინოვნიკებს, მოსამართლეებს და ასე შემდეგ. თუკი კონკრეტული თანამშრომლის ხელფასს მისი მშობლიური ქვეყნის ეკონომისკის დონეს ან შრომის ანაზღაურების სტრუქტურას შევადარებთ, ვნახავთ რომ ადამიანები ერთსა და იმავე სამუშაოში კარდინალურად განსხვავებულ თანხას იღებენ. თუკი მათ დასავლეთევროპულ დონეს დავუკავშირებთ, მივიღებთ ამ ე.წ. „დომბროვსკისის ეფექტს“.

ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილის მაროშ სეფკოვიჩის თქმით, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზაციულ და საკადრო საკითხებზე, კომისიაში ხელფასების დონე საერთაშორისო სტრუქტურებისთვის, რომელთა თანამშრომლებსაც ერთდროულად ორ ქვეყანაში უწევთ ცხოვრება, ნორმალურია.

„კომისია ნამდვილად არ უხდის თანამშრომლებს ზედმეტს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან შედარებით“, – ამტკიცებს ის და დასძენს, რომ მაღალი ანაზღაურება აუცილებელია კვალიფიციური კადრების მოსაზიდად.

ხელფასებში სხვაობა განსაკუთრებით თვალშისაცემია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად ლატვია, რომელიც ოდესღაც ფიქრობდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება იმას ნიშნავდა, რომ ხელფასები დასავლეთ ევროპულ დონემდე გაიზრდებოდა. ახლა ფინანსურმა კრიზისმა ბევრ ქვეყანას საპირისპირო მიმართულებისკენ უბიძგა. ლატვია იძულებული გახდა პრემიერ–მინისტრის ხელფასიც კი შეემცირებინა – 2009 წელს ის 20%–ით შემცირდა და ამ დონეზე გაიყინა.

39 წლის დომბროვსკისი, რომელმაც 2009 წელს უარი თქვა ევროპარლამენტში მუშაობაზე, სადაც მას დღეს სამჯერ მაღალი ხელფასი ექნებოდა, ვიდრე დღევანდელ პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე, საკითხს ფილოსოფიურად უდგება. „ყველაფერი შედარებითია“, – ამბობს ის საკუთარ ხელფასზე - ის იმაზე ნაკლებია ვიდრე აქვთ ევროპარლამენტში ან სხვა პრემიერ–მინისტრებს, მაგრამ ლატვიის ფონზე ის არცთუ ისეთი დაბალია“.

„ნომინალურად მე დღეს იმაზე ნაკლებს ვიღებ, ვიდრე 2003 წელს ვიღებდი, როდესაც ფინანსთა მინისტრი ვიყავი“, – ამბობს ის.

ლატვიის წარმომადგენელი ევროკავშირში ნორმუნდს პოპენსი დაახლოებით იგივეს ამბობს. „ფინანსურმა კრიზისმა ბევრს ხელფასების შემცირება აიძულა, თანაც საუბარია არამხოლოდ ისეთ ახალ ქვეყნებზე, როგორებიცაა ესტონეთი, რომელმაც ეს პირველმა დაიწყო, ან რუმინეთი“, – თქვა მან - ხელფასები შეამცირეს ირლანდიამ და საბერძნეთმაც“.

ახლახანს პოპენსი ევროკომისიაში რეგიონალური განვითარების გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. მას ხუთჯერ მეტს გადაუხდიან, ვიდრე დომბროვსკისს. მისი თქმით, მართალია ფული ერთ–ერთი ფაქტორი იყო, მაგრამ ევროპულ სტრუქტურაში ახალი სამუშაოსადმი ინტერესი მისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახლდათ.

თავის მხრივ დომბროვსკისი ამბობს, რომ მომავალ წლამდე მაინც, თუ უფრო დიდხანს არა, მისი ხელფასი არ გაიზრდება. და მიუხედავად ამისა, ჩემს კითხვაზე, უხდიან თუ არა მას საკმარისად, ის შეცბა.

„გმადლობთ, ხელფასს არ ვუჩივი“, – თქვა მან.
[foreignpress.ge]