19 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა საზღვარზე ელექტროშოკური აპარატების და დიდი ოდენობით ფულადი თანხის საქართველოში გადმოტანის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. აზერბაიჯანში დაკავებული საქართველოს პარლამენტის წევრები უკვე საქართველოში არიან და ბევრი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებაც გააკეთეს. ხან აცხადებდნენ, რომ „ნახევარი საათი ჩხრეკდნენ და ყველაფერი თავზე დაიმხეს“, ხან ამბობდნენ, რომ არაფერი არ მომხდარა.
აზერბაიჯანიდან დაბრუნების შემდეგ ზურაბ ჯაფარიძემ მათი დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მათ რეისზე დააგვიანდათ, რისი მიზეზიც მათი პერსონალური ჩხრეკა გახდა. ხოლო როგორც ნადირაშვილმა განაცხადა, „თავიდან ბოლომდე გაგვჩხრიკეს, იმის მერე, რაც აეროპორტში საელჩო მიიჭრა და ჩვენს დისკრედიტაციას ცდილობდა“.
ფაქტები
როგორც ახერბაიჯანში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე აცხადებს, დეპუტატების დაკავების შესახებ ინფორმაცია მან საინფორმაციო სააგენტოებისგან შეიტყო, თუმცა ერთ-ერთ აზერბაიჯანელ მაღალჩინოსანთან გადაამოწმა, რომელმაც დაადასტურა, რომ დეპუტატები შემოწმების მიზნით, აეროპორტში შეაჩერეს, რის გამოც, მათ რეისზე დააგვიანდათ.
„ჩხრეკის დამადასტურებელი საბუთები და ოქმი მოვითხოვე, რათა გავეცნო რა მოხდა და რა თანხაზეა საუბარი. არაოფიციალური ინფორმაციით, საუბარია დიდი ოდენობით არადეკლარირებულ თანხაზე. ელექტროშოკების შესახებ ინფორმაციას არ მაქვს. ეს ჩემთვის არავის უთქვამს და ეს გუშინაც განვაცხადე“, - აცხადებს შარაშენიძე. ელჩის ინფორმაციით, დეპუტატების ჩხრეკისა და მოკვლევის პროცესი დაახლოებით, ოთხი საათი გაგრძელდა.
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე აზერბაიჯანში, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების დაყოვნების შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს. მისი განმარტებით, აზერბაიჯანში მომხდარ ინციდენტს საგარეო საქმეთა სამინისტრო იკვლევს.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის შესაბამის უწყებაში ნოტა გააგზავნა და მოითხოვა, ყველა საბუთი იმის დამადასტურებელი, თუ რა მოხდა გუშინ ბაქოს აეროპორტში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ აზერბაიჯანში ქართველ დეპუტატებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
„ფაქტია, რომ რაღაცას ჰქონდა ადგილი, რაღაც პრობლემა იყო იქ, ჩვენი საელჩო აზერბაიჯანში ამ საკითხის გარკვევაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ძალიან დიდი ინტერესი იყო მედიის მხრიდან. საკითხის გასარკვევად, როდესაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეს და მით უმეტეს, პარლამენტის წევრს, საქართველოს საელჩოს საკონსულო დეპარტამენტი ვალდებულია საქმის ვითარება გაიგოს“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, საგარეო უწყებაში მიწვეულია საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი და მისგან მოისმენენ თუ რა ინფორმაციას ფლობს.
ფანჯიკიძის განცხადებით, ამ ყველაფრის შემდეგ შესაძლებელი იქნება უფრო დეტალური კომეტარის გაკეთება. აზერბაიჯანის ელჩი მივიდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, დაახლოებით 40 წუთი მიმდინარეობდა საქმის გარკვევა, მაგრამ რა ინფორმაცია გადასცა აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულს, უცნობია, რადგან აზერბაიჯანის ელჩმა უკომენტაროდ დატოვა საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამ საკითხზე კომენტარი არც თავად საგარეო უწყებას გაუკეთებია. როგორც ჩანს, საქმე ბოლომდე ვერც ელჩის სტუმრობით გაირკვა.
ვერსიები
რაკი ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს, უმცირესობის დეპუტატების სკანდალურ ვოიაჟთან დაკავშირებით, შესაბამისად, ვერსიებიც უამრავი კეთდება. მაგალითად, გაზეთი ,,ალია“ წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე, რომლებიც ბაქოს აეროპორტში დააკავეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თხოვნით გაუშვა.
ვრცელდება ვერსია იმის შესახებაც, რომ დეპუტატები პარტიული დავალებით ე.წ. შავი ფულის შემოსატანად იყვნენ აზერბაიჯანში წასული და რომ ეს დავით კეზერაშვილის პარტიული ყულაბიდან იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამტკიცებენ, რომ ჯაფარიძესა და ნადირაშვილს ეს ყველაფერი ხელისუფლებამ „გაუჩალიჩა“და ეს ინფორმაციის გადასაფარად გააკეთა, რადგან ნაციონალები პრესკონფერენციის ჩატარებას გეგმავდნენ სადაც დავით ნარმანიას დედის მიერ საარჩევნო პროცესში ჩარევასთან დაკავშირებით უნდა გაეკეთებინათ განცხადება. ამ ვერსიას საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ხათუნა გოგორიშვილი გვთავაზობს.
ნაციონალები უფრო შორსაც წავიდნენ და ავრცელებენ ვერსიას იმის შესახებ, თუ როგორ დაიგეგმა მათთვის მოწყობილი „პროვოკაცია“ საქართველოს სახელმწიფო უწყებებში.
„საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ, ფანჯიკიძის დავალებით დარეკა ბაქოში საქართველოს საელჩოში და მიაწოდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ შსს-სგან მიიღეს უტყუარი შეტყობინება, რომელიც ეხებოდა ნაციონალების მიერ საქართველოში დიდძალი თანხის შემოტანას. ელჩს მისცეს დავალება, რომ სასწრაფოდ მიეღოთ ზომები, რათა ბაქოს აეროპორტში მომხადრიყო მათი ფაქტზე აყვანა“, - ამ ინფორმაციას საფრანგეთის ქალაქ ბერჟერაკის მერიის მრჩეველი კონსულტანტი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე ავრცელებს.
„აღიარება“
თავად „დაკავებულები“ ამბობენ, რომ თურმე მარნეულის საარჩევნო ამბებთან დაკავშირებით იყვნენ წასული აზერბაიჯანში. ზურაბ ჯაფარიძის მტკიცებით, ის და ირმა ნადირაშვილი აზერბაიჯანში შეხვდნენ საკუთარ კოლეგებს, სადაც საუბარი ეხებოდა პოსტსაარჩევნო სიტუაციას, მათ შორის მარნეულსა და გარდაბანში განვითარებულ მოვლენებს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრების პირველი კომენტარების მიხედვით, დეპუტატები გაუგებრობაში აღმოჩნდნენ.
ჯაფარიძის ვერსიით, საბაჟო კონტროლზე ერთ-ერთმა მებაჟემ გადაწყვიტა, რომ უნდა შეემოწმებინა. ჩაატარეს პირადი ჩხრეკა, პასპორტი გამოართვეს, ხოლო ირმა ნადირაშვილი მის გამო დარჩა და მასაც გამოართვეს პასპორტი. პასპორტები 20 წუთის შემდეგ დაუბრუნეს (საუბარია დიპლომატიურ პასპორტებზე), რის გამოც რეისზე დააგვიანდათ. ამიტომ დაბრუნდნენ ქალაქში. ყავას სვამდნენ, როდესაც საქართველოდან მიიღეს ინფორმაცია, რომ თურმე დაპატიმრებულები იყვნენ, რომ თურმე აღმოაჩნდათ ელექტროშკები და ფული.
ზურაბ ჯაფარიძე: „თავიდან ბევრი ვიცინეთ, შემდეგ კი გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ. მე და გოგა ხაჩიძემ ვიფიქრეთ, რომ ცოტა გავერთობოდით. თბილისში განვახორციელეთ რამდენიმე ზარი, კონკრეტულად არაფერზე გვილაპარაკია, თუმცა შევქმენით ისეთი განცდა, თითქოს მართლა რაღაც მოგვქონდა, რადგან ვფიქრობდით, რომ აქ მოგვიწყობდნენ ჩხრეკას და ამაზე გავერთობოდით, თან კიდევ ერთხელ დავამტკიცებდით, რომ გვისმენდნენ, მაგრამ მოხდა გაცილებით უარესი, როდესაც მივედით აეროპორტში, იქ წარმოდგენილი დაგვხვდა მთელი საქართველოს საელჩო“...
ირმა ნადირაშვილის განცხადებით კი ის პირადად ცდილობდა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩთან დაკავშირებას, თუმცა როგორც ამტკიცებს, ელჩმა მის სატელეფონი ზარებს არ უპასუხა. ნადირაშვილის განმარტებით, იმის მაგივრად, რომ მათ ვინმე დახმარებოდა, აეროპორტში გააგზავნეს სუსის თანამშრომლები, რომლებიც მათ ფოტოებს უღებდნენ.
ირმა ნადირაშვილი: „როგორ ფიქრობთ ჩვენ რომ ელექტროშოკები გვქონოდა არ დაგვაპატიმრებდნენ აზერბაიჯანში, ჩვენ, რომ მილიონი დოლარი გქონოდა ჩვენს ვინმე გამოგვიშვებდა. თავიდან ბოლომდე გაგვჩხრიკეს, ოღონდ ეს მას შემდეგ, რაც საელჩო მიიჭრა და ცდილოდა ჩვენს დისკრედიტაციას. გავიგე, რომ ამითი ერთობა ღარიბაშვილი, მაგრამ მე ვერ დავუკავშირდი ჩემს საკუთარ დედას, რადგან არ მქონდა ჩვეულებრივი ტელეფონი, მქონდა მხოლოდ „ვაიბერი“ და რომ ჩამოვედი მითხრა, რომ ტიროდა და ორჯერ გამოიძახა სასწრაფო, არ შეიძლება ადამიანებთან ასე ხუმრობა“.
კითხვები და პასუხები
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს, ზურაბ ჯაფარიძესა და ირმა ნადირაშვილს 7 კითხვით მიმართავს.
„რატომ წავიდნენ ჯაფარიძე და ნადირაშვილი აზერბაიჯანში კოლეგებთან მარნეულსა და გარდაბანში განვითარებულ მოვლენებზე სასაუბროდ? ეს რამე ახალი გზაა გასაჩივრების? მე როგორც მახსოვს, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებს ვთხოვდით ხოლმე არჩევნებში გარკვევას...
რატომ წავიდნენ აზერბაიჯანში ჯაფარიძე და ნადირაშვილი (ანუ გაწიეს ხარჯი) მაშინ, როდესაც იმავე პერიოდში აზერბაიჯანში იყვნენ მიხეილ მაჭავარიანი და გიორგი ბარამიძე... მათი ეს ორი კოლეგა ნაკლებად შეძლებდა აზერბაიჯანელ კოლეგებთან საკითხებზე საუბარს?
ცოტა არ იყოს უჩვეულოა, აზერბაიჯანის მებაჟემ უმიზეზოდ გააჩეროს მოძმე ერის დეპუტატი დიპლომატიური პასპორტით მხოლოდ იმისთვის, რომ პირი სახეზე არ მოეწონა და იმდენი ელაპარაკოს „რაღაცაზე“, რომ რეისს ვეღარ მიუსწროს? ასეთი მებაჟე მე არ შემხვედრია აზერბაიჯანში, რომლის მიმართაც პრეტენზია, როგორც ჩანს, ჯაფარიძეს არ გააჩნია და მადლობას უხდის, რომ ზრდილობიანად გამოაცილეს...
ჯაფარიძეს როუმინგის ფული არ ჰქონია და მიუხედავად იმისა, რომ „უსაფუძვლოდ“ გააჩერა და დააყოვნა მებაჟემ, უპრობლემოდ ახალი ბილეთები შეუძენიათ ჩემს კოლეგებს. რა პრობლემაა?
როგორ წარმოგიდგენიათ სცენა, ვიღაც მებაჟის არასწორი ქმედების გამო დეპუტატი ვერ ბრუნდები სახლში, ახალ ბილეთს ყიდულობ და გამორბიხარ ისევ ქალაქში (გზას აეროპორტიდან ცენტრამდე დაახლოებით 40 წუთი სჭირდება) ყავის დასალევად ...
თუ არაფერი საეჭვო არ ყოფილა აეროპორტში, რატომ გამოიძახეს საქართველოს ელჩი აეროპორტში? ის უნდა ეთქვათ, რომ თქვენი დეპუტატები უსაფუძვლოდ დავაყოვნეთ და პრობლემები შევუქმენითო?
მე ვთხოვდი ჩემს კოლეგებს, დაასახელონ კონკრეტული დროები ამ ინციდენტის წარმოქმნის, ასევე ის პირები, რომელთაც ხვდებოდნენ და ადგილები, სადაც შეხვედრები იმართებოდა და განსაკუთრებით ის კაფე, სადაც ყავა მიირთვეს. იმედია, ვიდეოკამერები ბაქოშიც არსებობს. კოლეგებო, პროკურორი არ ვარ, უბრალოდ რასაც თქვენ ყვებით იმას, მოკლე ფეხი უჩანს“, - მიმართავს სესიაშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს.
ნადირაშვილმა ირაკლი სესიაშვილს ასევე ფეისბუკით უპასუხა - როგორც ნადირაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ის აზერბაიჯანში იმისთვის წავიდა, რომ აზერბაიჯანთან გაფუჭებული ურთიერთობა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების ხანგრძლივვადიან პრობლემად არ იქცეს.
„იმიტომ წავედით ბატონო ირაკლი, რომ თქვენს მიერ აზერბაიჯანთან გაფუჭებული ურთიერთობა საქართველო–აზერბაიჯანის ურთიერთობების ხანგრძლივვადიან პრობლემად არ იქცეს. მათ შორის, თქვენთვის ჩირქის ჩამოსარეცხად და იმის ასახსნელად ჩვენი კოლეგებისთვის, რომ თქვენ ხელისუფლებას უბრალოდ მარნეულის ოლქის მოგება გინდათ და რა ეთნიკური ნიშნით დევნით ახმედ იმამკულიევს. მათ შორის იმის ასახსნელად, რომ ეს არა მთელი პოლიტიკური ელიტის სირცხვილია, არამედ კონკრეტული პირების – ღარიბაშვილის, უსუფაშვილი, ზედელაშვილი და სხვათა..
თქვენი უსუსური მცდელობის მიუხედავად, თქვენი კოლეგებისთვის საზღვარზე პრობლემები შეგექმნათ, აზერბაიჯანელმა ჩინოვნიკებმა მართლა კორექტულობა და ტაქტი გამოიჩინეს და თქვენი მთავრობის დადგმული სპექტაკლის ნიუანსებში მალე გაერკვნენ...
საქართველოს ელჩი თქვენ გამოიძახეთ თქვენდა სამარცხვინოდ, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეთა პრობლემების გასაჩენად და არა დასახმარებლად. თუმცა თქვენი დასახმარებელი არაფერი გვჭირდა.
ამ შეკითხვების წარმოთქმისას ბატონო ირაკლი, წარმომიდგენია როგორ გინდათ ტყავის „ტუჟურკა“ გეცვათ, გვერდზე მაუზერი გეკეთოთ და სახეში შუქს გვანათებდეთ. ახალგაზრდა „ენკაველეშნიკო“ ბაქოში კაფეს AU 79 ერქვა“- წერს ნადირაშვილი სოციალურ ქსელში.
ეჭვები
„ძალიან ბევრი კითხვაა, ძალიან ბევრი საეჭვო გარემოებაა, ისმის კითხვები იმ განმარტებებთან დაკავშირებით, რომლებიც თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გააკეთეს. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზირისით და ქვეყნის ეროვნულ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ამ ფაქტებს სჭირდება ყურადღებით შესწავლა“, - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია.
მისივე აზრით, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ გაიხსნა ძალიან სერიოზული საქმე „შავი ფულის“ შემოდინების უგულავას ქვისლის შემთხვევაში, ბუნებრივია, ამ ყველაფრის შემდეგ სეიროზული კითხვები ჩნდება.
ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ინფორმაციით კი საპარლამენტო უმცირესობის წევრები, ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც თანხა დააბრუნეს. კალაძე მიიჩნევს, რომ ამ ორ დეპუტატთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საეჭვო კითხვა არსებობს.
კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის პრესსპიკერი გიორგი გეგეჭკორი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძისგან მოითხოვს პასუხს კითხვაზე - მარნეულისა და გარდაბნის საკითხებს აზერბაიჯანში რატომ და ვისთან არკვევდნენ.
„ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება, მოვითხოვოთ პასუხი კითხვაზე - რატომ და ვისთან არკვევდნენ ჩვენი პარლამენტის დეპუტატები მარნეულისა და გარდაბნის საკითხებს აზერბაიჯანში, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი ჩვენი არა მხოლოდ მეზობელი, არამედ მთავარი სტრატეგიული პარტნიორიცაა“, - აცხადებს გიორგი გეგეჭკორი.
დამთხვევები
ცოტა ხნის წინ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ დაკავებული გიორგი ღონიაშვილის მეგობარმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლა, რათა ხალხისთვის დაენახებინა „ნაციონალური მოძრაობის“ ნამდვილი სახე. მისი „აღსარების“ მიხედვით, ნაცმოძრაობას საარჩევნოდ მილიონნახევრის „გაცოცხლება“ უნდოდა.
„უგულავა უკავშირდებოდა კეზერაშვილს, ერთერთი ევროპული კომპანიის მეშვეობით ევროპული ბანკიდან ჩემს ასევე ევროპული კომპანიის ანგარიშზე გადმორიცხავდნენ თანხას ფიქტიური ხელშეკრულებით და მე ეს თანხა ქეშად უნდა გადამეცა უშუალოდ ღონიაშვილისთვის. მან განმარტა რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დასაფინანსებელი თანხები არჩევნებისთვის. ეს იყო კეზერაშვილის ფული.
მოხდა ტრანზაქცია 760 ათასი დოლარის ოდენობით, დაიდო ფიქტიური ხელშეკრულება, ისინი რიცხავდნენ ჩემი კომპანიის ანგარიშზე, ვრიცხავდი ქართული კომპანიის ანგარიშზე, გამომქონდა თანხები ანგარიშიდან და გადავცემდი ღონიაშვილს, თუმცა, ეს არ გამოუვიდათ“, - განაცხადა კაპანაძემ.