მინისტრმა საპატრულო პოლიციის ახალი შენობა გახსნა

მინისტრმა საპატრულო პოლიციის ახალი შენობა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სახაზო განყოფილების ახალი შენობა საჩხერის რაიონში, სოფელ გორისასთან გახსნა.

საპატრულო პოლიციის მომსახურება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო მაგისტრალის 120 კილომეტრიან მონაკვეთზე, ასევე ქალაქ საჩხერესა და ქალაქ ჭიათურაში დღემდე არ ვრცელდებოდა. ახალ სახაზო განყოფილებას 7 საპატრულო მანქანა გადაეცა, რომლებიც აღნიშნულ მონაკვეთზე დაიწყებენ პატრულირებას.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს ახლადშექმნილი მე-4 განყოფილებისთვის საჩხერეში, სოფელ გორისასთან აშენდა ახალი სამსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომელიც ავეჯით, საპატრულო პოლიციის მუშაობისთვის საჭირო ყველანაირი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. შენობა ადაპტირებულია უნარშეზღუდულ პირებზე, შესასვლელში მოწყობილია პანდუსი.

ასევე გაიხსნა ახალი საგუშაგო სოფელ ჯოყოეთთან, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში იმორიგევებს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2013 წელს განხორციელებული რებრენდინგის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ აქტიურად დაიწყო რეფორმის მეორე ეტაპი, რაც საპატრულო პოლიციის სტრატეგიულ განვითარებას გულისხმობს.

დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ, შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელ ნუგზარ სუჯაშვილთან ერთად, საჩხერეში ნარკოლოგიური შემოწმების სამსახური დაათვალიერა. აღნიშნული სამსახური აქამდე ჭიათურაში ფუნქციონირებდა. განახლებული ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტი საჩხერეში 1 თვის წინ გაიხსნა და ქალაქის ცენტრში მდებარე პოლიციის შენობის პირველ სართულზე განთავსდა.

ნარკოლოგიური შემოწმების სამსახური ადამიანის ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის ე.წ. ბიონარკოტიკების და ფსიქოტროპული ნივთიერებების დადგენას უახლესი ნარკოტესტებით ახორციელებს. ექიმი-ნარკოლოგები ასევე აწარმოებენ კლინიკურ შემოწმებას პირის ნარკოტიკული თრობის მდგომარეობის დასადგენად.

გარდა ამისა, ადგილზე მუშაობს კრიმინალისტიკური ჯგუფი, რომელიც ახორციელებს დაქტილოსკოპიურ და ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზას. კრიმინალისტიკური სამსახური აღჭურვილია სისტემით, რომელიც დაკავშირებულია ერთიან ბაზასთან, რისი საშუალებითაც პიროვნების თითის ანაბეჭდებისა და ფოტოსურათის მონაცემთა ბაზასთან შედარება და პირის ვინაობის დადგენა ოპერატიულად ხორციელდება.