„თუკი ასე გააგრძელა მთავრობამ, შემოდგომისთვის ველი, რომ პრეზიდენტიც დაუბრუნდება თავის როლს“

„თუკი ასე გააგრძელა მთავრობამ, შემოდგომისთვის ველი, რომ პრეზიდენტიც დაუბრუნდება თავის როლს“

პრეზიდენტს შესაძლოა, კიდევ ერთი უფლებამოსილება ჩამოართვან. საუბარია ხელოვნებისა და მეცნიერების დარგში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების გაცემაზე, რაც შეიძლება, პრემიერ-მინისტრის ხელში გადავიდეს. შესაბამისი ცვლილება გურამ ოდიშარიას ეკუთვნის. თუმცა ამ ცვლილების მიზეზების შესახებ იგი განმარტებას არ აკეთებს. მართალია, მთავრობის სხდომაზე ბოლო წუთს გადაიდო ამ საკითხის განხილვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საკითხი დაიხურა. უბრალოდ, მინისტრების თქმით, საკითხის განხილვა ბევრი შეკითხვის გამო გადაიდო.

მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი აცხადებს, რომ კულტურის სამინისტროს ინიციატივაა, ყველა პრემია ყოველწლიურად არ გაიცეს. მათი შეთავაზებაა, ერთ წელს იყოს რუსთაველის პრემია, მეორე წელს - ეროვნული. შესაძლებელია, ამ ჩამონათვალს დაემატოს მესამე სახელმწიფო პრემიაც - ვაჟა-ფშაველას სახელობის. თუ რატომ გახდა აუცილებელი პრემიის მინიჭების პრეროგატივა პრემიერის კომპეტენცია გამხდარიყო, ამაზე ბერიკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხს ვერ გასცემს, რადგან მისი კომპეტენცია არ არის.

ინაუგურაციიდან დღემდე ქვეყნის პირველ პირს რამდენიმე ფუნქცია ჩამოერთვა, მარგველაშვილისგან მთავრობამ გადაიბარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, გუბერნატორების დანიშვნისა და სამხედრო ძალების მობილიზაციის საკითხი. ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა ნაციონალებს ქილიკის საშუალება მისცა. გოკა გაბაშვილი არ მალავს, რომ ძალიან გაუხარდება, „თუკი პრეზიდენტს დარჩება უფლება, ისუნთქოს, იაროს“... იგი ფიქრობს, რომ თავის დროზე „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი ასე ფეხქვეშ გათელვას არ იმსახურებს.

სააკაშვილისგან განსხვავებით, ახალ პრეზიდენტს ლაურეატებისთვის ჯილდოების გადაცემის უფლებამოსილება არ გამოუყენებია. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში დაწესდა. მაშინ ლაურეატთა ვინაობას მინისტრთა საბჭოსთან არსებული სპეციალური კომიტეტი წყვეტდა და ცეკა ამტკიცდებდა. 2008 წელს სააკაშვილმა სპეციალური ბრძანებულებით ეს პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუქვემდებარა.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი - კონსტიტუციასთან შესაბამისობა თუ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცინვა?! ექსპერტ კახი კახიშვილისთვის ამ თემის სამართლებრივი არგუმენტი მისაღები იქნებოდა, რომ არა პოლიტიკური ფონი, რომელიც პრეზიდენტისა და პრემიერის ურთიერთობას ერთვის. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, საკონსტიტუციო კომისიაში უნდა დადგეს საკითხი, რომ ერთი სრულყოფილი ფუნქცია მაინც დაუდგინონ პრეზიდენტს, რომელიც სადაო არ გახდება.

კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე პარლამენტს კანონები კონსტიტუციასთან შესაბამისობაში რომ მოეყვანა, დღეს ამ თემას არ მიეცემოდა ინტერპრეტაცია, თითქოს პრემიერი კუთვნილ ძალაუფლებას ართმევს პრეზიდენტს. სინამდვილეში, მოქმედი კონსტიტუცია პრეზიდენტს არ ანიჭებს ჯილდოების გაცემის უფლებამოსილებას. უბრალოდ, სააკაშვილმა ძალაუფლება გაიფართოვა სხვა ინსტიტუტების ხარჯზე და თავის ინსტიტუტს დაუქვემდებარა ჯილდოების გადაცემა. ამის საშუალებას მაშინდელი კონსტიტუცია იძლეოდა, დღეს კი გაცილებით ხისტია კონსტიტუცია და გამიჯნულია კომპეტენციები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის.

For.ge იურისტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.

კონსტიტუციიდან გამომდინარე, პრეზიდენტის უფლებამოსილება პერმანენტულად მცირდება. ეს ტენდენცია სადამდე შეიძლება გაგრძელდეს და რა უფლებების ამარა შეიძლება დარჩეს პრეზიდენტი?

- გეთანხმებით, ეს მარტო ქილიკის თემა არ არის. ამის საფუძველი აქვთ. გულწრფელები ვიყოთ - მოქალაქეობის კანონი, უსაფრთხოების საბჭოს დადგენილება, კანონი უსაფრთხოების საბჭოში, თავდაცვის შესახებ კანონი, რომელიც პირდაპირ სახელმწიფოს მეთაურის კომპეტენციაა, შეეზღუდა პრეზიდენტს.

შემდეგ იყო ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის საკითხი, რაზეც პრემიერმა განაცხადა, რომ არავითარი კონტრასიგნაცია არ სჭირდებოდა და მას ჰქონდა შესაბამისი უფლებამოსილება ამ ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად.

- ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის საკითხს ახლა დაემატა სახელმწიფო პრემიების საკითხი. ძნელია, ეს სხვაგვარად ახსნა, გარდა ტენდენციად ჩამოყალიბებული მცდელობის, ან გაუაზრებელი ქმედების. მეორე უბედურებაა, თუკი ეს გაუაზრებლად და შეუგნებლად ხდება, ე.ი. ჩვენს სახელმწიფოში ბიუროკრატია ვერ მუშაობს კარგად. თუმცა მე ამის არ მჯერა.

პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეჩერება შეიძლება გავრცელდეს მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების ჩამორთმევაზეც?

- მსჯავრდებულთა შეწყალებაზე პრეტენზიები ჯერ არ გვსმენია.

რა ასოციაციები შეიძლება გამოიწვიოს პრეზიდენტის როლის დასუსტებამ უცხოეთში?

- არათუ გამოიწვია, მე ვფიქრობ, გადაწყვეტილებებშიც აისახება, რაც ძალიან მაშფოთებს. უცხოელები დიპლომატიურ ჩარჩოს არ ცდებიან, მაგრამ ნახევრად პრივატულ საუბრებშიც კი კითხულობენ: თქვენს ხელისუფლებაში ჩამოყალიბებულნი არ არიან? კი მაგრამ, პრეზიდენტი და მთავრობა ერთი გუნდის არ არიან? ისინი არ უჭერდნენ ერთი წლის წინ მას მხარს? ასეთ კითხვებს სვამენ.

ეს ტენდენცია როგორ შეიძლება შეჩერდეს, ან ვინ არის დაინტერესებული ამით?

- ეს არის ე.წ. უპირატესობის მოპოვების მცდელობა. კონსტიტუცია თუ მოქმედებს, მაშინ მესამე ვერასდროს პირველი ვერ გახდება. მესამე მესამეა, არითმეტიკაშიც ასეა. სახელმწიფო მეთაური, გვინდა, არ გვინდა, არის პრეზიდენტი, მეორე პირი არის პარლამენტის თავმჯდომარე, მესამე - პრემიერი. ეს არის მოცემულობა. უფლების წართმევა, პოლიტიკურ ენაზე ვიტყვი და სამართლებრივზე აღარაფერს ვამბობ, ძალაუფლების მოპოვების ან ზედმეტად საკუთარ მხარეს გადაქაჩვის მცდელობაა. უფრო უარესი შეფასებაც შეიძლება მოჰყვეს ამას შემდგომ.

ანუ სადამდე შეიძლება მივიდნენ პრეზიდენტისგან უფლებამოსილების შემოცლის მხრივ, ეს რიტორიკულ კითხვად რჩება?

- მე არ ვფიქრობ, რომ ეს დიდხანს გაგრძელდება. მესმის, პოლიტიკურად ამას ქილიკი მოსდევს და ამან შეიძლება მის რეიტინგზე იმოქმედოს. სახელმწიფოებრივად სწორია, რომ გადაჭარბებული მოთმინებით, თავშეკავებულად რეაგირებს პრეზიდენტი ამაზე, რადგან წინ ევროასოცირების ხელშეკრულებაა, შემდეგ-ნატოს სამიტია და არ შეიძლება მნიშვნელოვანი რყევები. მით უმეტეს, გარეთ არ უნდა გახდეს დასანახი. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ასე დიდხანს გაგრძელდება. რა მაფიქრებინებს ამას? თუნდაც მოქალაქეობის კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის, დაგვიანებული, მაგრამ პარლამენტში განხილვის დროს გამოხატული რეაქცია და ჩარევა. ჩემი ინფორმაციით, თავდაცვის კანონთან დაკავშირებითაც პრეზიდენტი ჩაერია.

ფიქრობთ, მარგველაშვილს მომავალში ამაზე უფრო სერიოზული რეაქცია ექნება?

- ექნება. მეც მაქვს ამაზე მოთხოვნა, როგორც მოქალაქეს. მთავრობასაც ვგულშემატკივრობ, სულელი უნდა იყოს ადამიანი, საკუთარი მთავრობისთვის ცუდი უნდოდეს, რადგან ეს დასასრულია. მინდა, უბრალოდ, რომ კანონის წინაშე თანასწორობა სახელმწიფოს პირველი პირების, ანუ პირველი იარუსიდან მოდიოდეს. როდესაც პრემიერი ამბობს, მე შენი უფლებამოსილება არ მჭირდება, მე ეს ისედაც მაქვს და ამ დროს კანონში უწერია პრემიერს, რომ უნდა წარადგინოს კონტრასიგნაციაზე, ამით კანონს არღვევს და მერე მორალურ ღირებულებათა სისტემა ინგრევა სახელმწიფოში. უკვე დეინსტიტუციონალიზაციაა. მოდით, დავარქვათ, რომ ეს ინფანტილიზმი იყო. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები ბევრ რამეს შეცვლის სახელისუფლო გუნდში. თუკი ასე გააგრძელა მთავრობამ, სადღაც შემოდგომისთვის ველი, რომ პრეზიდენტიც დაუბრუნდება თავის როლს. კონსტიტუციით, პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, სამხედრო ძალების მთავარსარდალი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გარანტი და იგი სახელმწიფო ორგანოთა გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

თქვენ ამბობთ, შემოდგომიდან პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას შეასრულებსო, მაგრამ ასეთ პირობებში, როცა გარშემოცლილი აქვს უფლებამოსილებები, რამდენად შეძლებს  პირვანდელ სახესთან დაბრუნება?

- იმდენად გადაჭარბებული უფლება ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მისი მოდელის პრეზიდენტი არსად იყო. ახლა შეზღუდულია ეს უფლებები, მაგრამ პრეზიდენტს მაინც აქვს უფლებები. მაგალითად, სასამართლოსთვის მიმართვის უფლება მარგელაშვილს არ აქვს? ყველაზე კონსტრუქციული ბერკეტი ამ სიტუაციაში რა შეიძლება იყოს? კონსტიტუციაში უწერია პრეზიდენტს, მას აქვს უფლება, ცალკეულ საკითხთა გადასაწყვეტად, მოითხოვოს მთავრობის სხდომის მოწვევა და დაესწროს განხილვას. ახლა იძახიან, უშიშროების საბჭო რატომ არ მოიწვიაო. უშიშროების საბჭო არის მთავრობასთან კომუნიკაციის მექანიზმი, რადგან პრეზიდენტი მთავრობისგან დისტანცირებულია. თუკი მან რაიმე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, დამატებითი ინფორმაცია სჭირდება, ამიტომ ეძახის მინისტრებს უშიშროების საბჭოში. სენსიტიური საკითხები რომ წარმოიშვა, მქონდა და მაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი მთავრობის სხდომას მოიწვევდა.

კონტრასიგნაციის თემაზე პრემიერის ასეთი საქციელის შემდგომ ისევ დავრჩებოდი სახელმწიფოებრივად მოაზროვნის რანგში და გამოვიდოდი ინიციატივით, მომეწვია მთავრობის სხდომა. თუ ამასაც არ იზამდნენ, წავიდოდი სასამართლოში - რატომაც არა?! უშუალოდ აღარ შეუძლია პრეზიდენტს გადაწყვეტილებების მიღება, თორემ მექანიზმები ჯერ ისევ არსებობს. დემოკრატია ხომ ინსტიტუცია და მექანიზმებია, მათი ამუშავებაა საჭირო და არა სუბიექტური გადაწყვეტილებები.

ხელოვნებისა და მეცნიერების დარგში პრემიების მინიჭების საკითხი კულტურის მინისტრ ოდიშარიას ინიციატივით გამოდიოდა მთავრობის სხდომაზე. საუბარია 8 და 10 ათას ლარიან პრემიებზე. მარგველაშვილს ეს უფლება არ გამოუყენებია, მაგრამ სააკაშვილის მიერ ამხელა თანხებისუპრაგუნოდგაცემა ზარალი იყო.

- კარგი რამ თქვით, სააკაშვილის დროს, ვინც კი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიარა, ყველას ჯილდო და ორდენები დაურიგა. 2008 წლის დებულება და 2010 წლის კანონი აძლევდა ამის საშუალებას. დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს უნდა მოაწესრიგოს, ამით უნდა განსხვავდებოდეს ახალი ხელისუფლება ძველისგან. სხვადასხვა ქვეყანაში პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ასეთი დამოკიდებულების ანალოგი ყოფილა, მაგრამ იქ დემოკრატიული ტრადიციები უფრო დიდია. გერმანიაში, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ელემენტარულ საკითხებზეა დავა. თანაც, არათუ პირველ პირებს, არამედ პირველ პირსა და ფედერალურ ხელმძღვანელობას შორის, ფედერაციის სუბიექტებს შორის. ინსტიტუციონალური დემოკრატია სწორედ ესაა, ინსტიტუციები მუშაობდეს და არა სუბიექტები.

ევროასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შესახებ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა პოზიცია გამოვხატეთ, ბევრნი ვიყავით. მეორე მხარესაც ჰყავს მომხრეები. თუ ვინ არის მართალი, ამისთვისაა სწორედ სასამართლო. მან უნდა აწონოს სიმართლე.

მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოში პრეზიდენტსა და პრემიერს შორის უფლებამოსილებების საქმეები, ალბათ, ნაკლებად გადაინაცვლებს სასამართლოში.

- ეგ მეორე საკითხია, ეს მოქალაქეებსაც შეგვეხება და ეს ჩვენი პოლიტიკური კულტურის საკითხია. თუკი რაიმე გეკუთვნის და შენ არ ახორციელებ ამ უფლების რეალიზაციას, სხვა შენს მაგივრად დემოკრატიაში შენს უფლებას არ დაიცავს. ამას ემყარება სახელმწიფოს არსი, რომ სახელმწიფოს ცენტრი მოქალაქეა.

ფიქრობთ, შეიძლება შეიქმნას საინიციატივო ჯგუფები და პრეზიდენტის უფლებები მათ დაიცვან სასამართლოში?

- არ ვიცი, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, სარჩელებიდან დაწყებული, კანონპროექტის ინიცირება-ლობირება-ადვოკატირებით დამთავრებული. ისინი თუ პასიურობენ, შეგვიძლია დავწეროთ რაღაც კანონი.

რაც შეეხება სახელმწიფო ჯილდოებს, მათი მინიჭება პრეზიდენტის პრეროგატივაა თუ პრემიერის?

- პოლიტიკური ინტერპრეტაციები ამას შეიძლება მოჰყვეს, ადამიანები შინაარსობრივი მომენტიდან გამოდიან და ამბობენ, ეს ხომ ჯილდოა და, თუ ჯილდოა, ლოგიკურია, ჯილდოების საკითხი პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება იყოს და პრემიერის თანხმობაც არ სჭირდებოდეს. კი, ბატონო ეს ასეა, დღევანდელ კონსტიტუციურ ჩანაწერშიც ასეთი ჩანაწერია-„პრეზიდენტის უფლებამოსილება“, თანხმობაც არ სჭირდება, მაგრამ კეთილი ინებოს ყველამ და ამ მოდელს მოარგოს 2008 წლის პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებული პრემიების საკითხიც და ჯილდოების კანონიც, რადგან მარტო ერთი ნაწილი არ არის. როგორ წარმოუდგენია ვინმეს, ძველი პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილება შევიდეს, ახალი კანონი იქნას მიღებული და გაიყოს პრემიები? სახელმწიფოში არსებობდეს ორი ტიპის სახელმწიფო ჯილდო?! ასე ვერ იქნება, ამიტომ, კონსტიტუციიდან გამომდინარე, ეს საკითხი შეუსაბამონ პრეზიდენტის უფლებამოსილებას. ეს იქნება სწორი გზა. მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელმაც გადადო ეს საკითხი, სპეკულაციების და კინკლაობის შთაბეჭდილება რომ არ დარჩენილიყო.