თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში

თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრა. ირაკლი ალასანია კემბრიჯის უნივერსიტეტის ქლიარის კოლეჯში ბრიტანულ-ქართული საზოგადოების მე-2 ყოველწლიურ სემინარში  მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი სიტყვით გამოვა პანელში „შავი ზღვის რეგიონი - საქართველოს, უკრაინისა და აღმოსავლეთ პარტნიორების პერსპექტივები“. მოხსენებისას თავდაცვის მინისტრი საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრებს. სემინარზე მოწვეულ სტუმრებს ირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს გააცნობს და საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. სიტყვით გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივები და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობა იქნება. ირაკლი ალასანია რეგიონალური უსაფრთხოების საკითხსაც შეეხება.

პანელში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამომსვლელები იქნებიან გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, ელჩი დიტერ ბოდენი, დიდი ბრიტანეთის არმიის მე-11 ჯავშანსატანკო ბრიგადის მეთაური, გენერალი გარი ჯონსონი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ბრიტანელი დიპლომატი ბრაიან ფოლი და პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალისტი აღმოსავლეთ ევროპაში, ენდრიუ ვილსონი.