"27 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისათვის გამგზავრებულ ქართულ დელეგაციაში ქვეყნის პირველი პირი არ იქნება. პრეზიდენტთან საქართველოს ოფიციალურ დელეგაციაში ჩართვის შესახებ კონსულტაცია არც გამართულა. საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც დელეგაციას აკომპლექტებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის საერთოდ არც მიუმართავს. პოლიტოლოგები ამ იგნორს სახელმწიფო წარმომადგენლობის დისკრედიტაციას და ქვეყნისათვის სამარცხვინოს უწოდებენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურითპრეზიდენტი "მოტეხეს" / ერთ კვირაში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე ქართულ დელეგაციაში გიორგი მარგველაშვილი, სავარაუდოდ, არ იქნება.
"ბრიუსელში გამგზავრებამდე სულ რაღაც ერთ კვირაა დარჩენილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ჯერ კიდევ არ აკონკრეტებს, პრეზიდენტი მარგველაშვილი გაემგზავრება თუ არა. სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ამბობს, რომ ასოცირების ხელშეკრულებასთნ დაკავშირებით მინისტრი პრესკონფერენციას დღეს, პარასკევს გამართავს, სადაც ყველა კითხვას პასუხი საბოლოოდ გაეცემა. ფანჯიკიძემ გუშინ მხოლოდ ის განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს პრემიერ-მინისტრი მოაწერს, დელეგაციას პრემიერი უხელმძღვანელებს და მის შემადგენლობაში იქნებიან იმ უწყებების პირველი პირები, რომლებიც უშუალოდ დაკავებულები არიან ასოცირების ხელშეკრულებასთან და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ურთიერთობის ხელშეკრულებასთან. ის, რომ მარგველაშვილის ბრიუსელში გამგზავრება არ იგეგმება, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არანაირი პასუხი არ აქვთ - უფრო მეტიც, ირკვევა, რომ პრეზიდენტს ბრიუსელში გამგზავრების შეთავაზება მთავრობისაგან საერთოდ არ მიუღია", - აღნიშნავს გამოცემა.
"-პრეზიდენტის ადმინისტრაციიის პრესსამსახურის უფროსი თინათინ მჟავანაძე ამბობს, რომ მოლაპარაკება არ ყოფილა და ინფორმაციას არ ფლობს. მისივე თქმით, 27 ივნისისთვის პრეზიდენტს რაიმე მნიშვნელოვანი საქმე წინასწარ დაგეგმილი არ აქვს და დიდი ალბათობით ის საქართველოში იქნება - "უახლოეს 10 დღეში რაიმე ვიზიტი არ იგეგმება. დელეგაციაში პრეზიდენტის ყოფნის საკითხი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი. ეს საკითხი ღიაა. უახლოეს დღეებში ინფორმაცია ცნობილი გახდება", - აღნიშნავს მჟავანაძე. ხოლო საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანი მიროტაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად არ წაიყვანენ. მისი განმარტებით, განსაზღვრულია, რომ ხელშეკრულებას ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს, ხოლო პრეზიდენტი დელეგაციის რიგითი წევრი ვერ იქნება", - დასძენს გამოცემა
"ვეთანხმები, რომ მას შემდეგ, როცა გადაწყდა პრეზიდენტი ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს, დელეგაციაში მისი ყოფნა-არყოფნა მეორეხარისხოვანია - დელეგაციის რიგით წევრად ხომ არ წაიყვანენ?! უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ პრეზიდენტი ხელს არ აწერს. ჩემი აზრით, ხელი ორივეს უნდა მოეწერა - პრეზიდენტსაც და კონტრასიგნაციით - პრემიერ-მინისტრსაც. ბოლომდე ვერ გავიგე, რატომ არ ხდება ასე. თუკი იმას აცნობიერებენ, პრეზიდენტი იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომ დელეგაციის წევრობას ვერ აკადრებენ და არწაყვანას ამით ხსნიან, რაშიც ლოგიკა მართლაც არის, მაშინ ისიც უნდა გაეცნობიერებინათ, რომ ხელი სწორედ პრეზიდენტს უნდა მოეწერა. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტის აწერს ხელს დოკუმენტებს და ვერანაირი გამართლება ვერ დავინახე იმისა, რატომ არ აწერს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში თორნიკე შარაშენიძე.
"მარგველაშვილის ასეთი იგნორირება ერთი ადამიანის ბოღმის შედეგია და სახელმწიფო წარმომადგენლობის დისკრედიტაცია ქვეყანას არანაირ სიკეთეს არ მოუტანს. პირადი ბოღმა მხოლოდ ამ ბოღმის მეპატრონეს ავნებს. ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს და პასუხისმგებლობა იმ ადამიანმა აიღოს, ვინც ეს დაპირისპირება შვა და რომელმაც ფაქტობრივად მთავრობას ფიქრიც კი აუკრძალა იმაზე, საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციაში ყოფილიყო. ეს ერთეული ფაქტი არ გახლავთ. ახლა გაშმაგებით მუშაობს საკონსტიტუციო კომისია, რომ პრეზიდენტი არა ხალხის, არამედ პარლამენტის მიერ იქნას არჩეული და ასევე იმაზე, რომ საერთოდ დავივიწყოთ პრეზიდენტის უშიშროების საბჭო და საერთოდ გააუქმონ კიდეც. იმდენი არ თხარონ, რომ საკუთარი თავისთვის საფრთხის შემცველი კატა გამოთხარონ", - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი
"როდესაც ასე უდიერად ექცევი კონსტიტუციას და ფანტაზიითაც და თავხედობითაც გადააჭარბებ დღევანდელი კონსტიტუციის შემქმნელ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც აზრადაც არ მოსვლია თავის თავისთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის შექმნილ კონსტიტუციაში ასეთი უუფლებო პრეზიდენტი ჰყოლოდა და ეს მხოლოდ იმის გამო, ერთ ადამიანს, რომელიც ხელის ბიჭებივით მართავს მთავრობას, ასე უნდა - უნდა თუ არა ეს საქართველოს, ამას თუ უფრო ადრე არა, საპარლამენტო არჩევნები აჩვენებს... ბრიუსელის მაღალი თანამდებობის პირებს შორის ღიმილის საგანი უკვე გახდა ის, თუ ვინ მოაწერს ხელს ხელშეკრულებას. ეს სირცხვილი ქვეყნისთვის მაშინ გაჩნდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ მარგველაშვილი თურმე ყოფილი პრემიერის სურვილს არ აკმაყოფილებს და ამიტომ მისთვის მიუღებელია. საერთაშორისო სივრცეში ეს ფაქტი ხითხითის თემა იქნება და ასეთი ხითხითი ბრიუსელიდან უკვე არაერთხელ მოგვესმა. მეტი რა უნდა ეთქვა საქართველოში ჩამოსულ ბაროზოს - თქვენი გადასაწყვეტია, ხელი ვინ უნდა მოაწეროსო. როდესაც ბაროზო ამ თემას ასე წარმოთქვამს, რა გასაკივრია, რომ მისი გუნდის წევრებმა ამ გამონათქვამს ცოტა უფრო მეტი იუმორი დააყოლონ. ამიტომ ასეთ ნაბიჯს სახელმწიფოს ინტერესთან საერთო არაფერი აქვს", - განაგრძობს ცისკარიშვილი.
"ის, რომ ამ ყველაფერს მარგველაშვილი ღიად არ აპროტესტებს, მის მაღალ კულტურაზე მეტყველებს. ქვეყანაში კინკლაობის ფუფუნების დრო არ არის, მაგრამ სასურველი იქნებოდა ეს მარგველაშვილის გარდა სხვებსაც გაეთვალისწინებინათ. სახელმწიფო წარმომადგენლობის დისკრედიტაცია ქვეყანას არანაირ სიკეთოს არ მოუტანს", - მიიჩნევს ექსპერტი.
"კონსტიტუციით პრეზიდენტი განსაზღვრულია, როგორც სახელმწიფოს პირველი პირი და საგარეო ურთიერთობაში მისი როლი განსაკუთრებით არის აღნიშნული. ბუნებრივია, ეს არანაირად არ შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს. უფრო მეტიც, როდესაც ქვეყანა, მთავრობა ასე იქცევა, ეს სამარცხვინოა. არ მგონია, ეს ვინმეს მოსწონდეს იმის მიუხედავად, პოლიტიკურად ვინ ვის მხარესაა... ბოლო და ბოლოს, მაშინ მოვიკითხოთ ის 10 მილიონი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფუნქციობისათვის არის გამოყოფილი - რისთვის ვყრით ამ ფულს, თუკი ეს ინსტიტუტი სრულიად უფუნქციოდ უნდა იყოს?! რომელი კუთხიდანაც უნდა შევხედოთ, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ეს კატასტროფული ქცევაა. მარგველაშვილს ამ ყველაფრით აჩვენებენ, თუ ვინ არის სახლში უფროსი. ფეოდალური, ძალიან ჩამორჩენილი, ძალიან სამარცხვინო ქცევაა, როგორც ივანიშვილის, ისე ყველა მისი ხელქვეითის მხრიდან. მარგველაშვილი დღეს არის ერთ-ერთი თოჯინა, დაჩაგრული თოჯინა", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსი, პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი.