"ნაციონალების" ბაქოური თავგადასავალი ანუ მილიონი "კეზერასაგან"?!

"ნაციონალური მოძრაობის" ტაქტიკაა – როდესაც უხერხულ მდგომარეობაში არიან, ტერმინებზე იწყებენ ხოლმე დავას. მაგალითად, "ნაციონალები" ამტკიცებენ – დეპუტატები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ბაქოს აეროპორტში არ დაუკავებიათო. კი ბატონო, ნადირაშვილისთვისა და ჯაფარიძისთვის ხელები არ გადაუგრიხავთ და გალიაში არ შეუგდიათ. არ დაუკავებიათ, აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა უბრალოდ შეაჩერეს, რადგან ამ ქვეყანაში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის ინფორმაციით, მათ არადეკლალირებული მილიონი დოლარი ჰქონდათ.

ალბათ, ამ შეჩერებასაც უარყოფდნენ, ელჩს ოპერატიულად რომ არ ემოქმედა და აზერბაიჯანელი მებაჟეების გარემოცვაში მყოფ ნადირაშვილსა და ჯაფარიძეს თავზე არ დადგომოდა. 

ისე, სჯობდა, ნადირაშვილსა და ჯაფარიძეს ირაკლი შიხიაშვილისთვის მიებაძათ და ეთქვათ, რომ დიდი ფული საქველმოქმედო მიზნებისთვის სჭირდებოდათ. ასეა თუ ისეა, ფაქტია – აზერბაიჯანი ყოფილი მმართველი პარტიისთვის კარგად გატკეპნილი გზაა, ერთხელ მოჰყვა კიდეც მიხეილ სააკაშვილი, როგორ ეზიდებოდნენ ტომრებით "ნაციონალები" "ქეშს" ბაქოდან.

"ნაციონალური მოძრაობა" არ არის მხოლოდ ერთი, ცალკე აღებული პარტია. მას ჰყავს უამრავი სატელიტი ორგანიზაცია – დაწყებული არასამთავრობო ორგანიზაციებით, ახალგაზრდული მოძრაობებით თუ მედიასაშუალებებით დამთავრებული. პარალელურად, დღეს საქართველოში საარჩევნო პერიოდია. ამ ყველაფერმა რომ იმუშაოს, საჭიროა დიდი ფული, იმაზე მეტი, ვიდრე მილიონი დოლარია.

ძველი დრო რომ იყოს, იცოცხლე, ბიზნესმენებს მიატანინებდნენ მილიონობით "შემოწირულობებს", ვინც უარს იტყოდა, მათთან პროკურატურა-ფინანსური პოლიცია ჩაატარებდა ახსნა-განმარტებით სამუშაოებს. თუმცა დღეს "ნაცმოძრაობას" გაუჭირდა –მსხვილი შემომწირველები აღარ ჰყავს, მთავარი სპონსორი კეზერაშვილი კი ინტერპოლით იძებნება.

უფრო ზუსტად, ფული კი არ არის პრობლემა, არამედ ის, თუ როგორ უნდა მოხვდეს თანხა "ნაციონალების" სალაროში. თუ ნადირაშვილსა და ჯაფარიძეს "შავი მილიონი" მართლაც ჰქონდათ, მაშინ ყველაზე რეალურია ვერსია, რომ ეს დავით კეზერაშვილის ფულია. 

ამ ვერსიის თანახმად, არ არის გამორიცხული, რომ კეზერაშვილი ფარულ ბიზნესწილებს (ანუ მისი წილები გაფორმებულია ე.წ. ცრუ მეწილეებზე) ინარჩუნებს საქართველოში და აგრძელებს "ნაცმოძრაობის" დაფინანსებას. თუმცა იმ ბიზნესმა, რომელსაც კეზერაშვილი აკონტროლებს ან წილებს ფლობს, აშკარად რომ დაიწყოს სააკაშვილის პარტიის დაფინანსება, ეს ეჭვებს აღძრავს და შესაბამისი ორგანოების დაინტერესების შემთხვევაში "კეზერას" კვალსაც მიაგნებენ. 


ამ ვერსიის თანახმად, იკვრება წრე - ფული მიდის ოფშორებში და იქიდან ნაღდი, არადეკლარირებული სახით აზერბაიჯანიდან ბრუნდება საქართველოში.

ვთქვათ, ეს ფული არ არის "კეზერას" "ქართული ბიზნესიდან" და მან რომელიმე ძველი ანგარიშიდან მოხსნა თანხები "ნაცმოძრაობის" დასაფინანსებლად. სააკაშვილის პარტიის დაფინანსების ერთადერთი გზა მაინც "ქეშად" შემოტანაა, რადგან მსხვილი თანხების საზღვარგარეთიდან გადმორიცხვა და შემდეგ მისი "ნაციონალების" ჯიბეში მოხვედრა, ასევე აღძრავს ეჭვებს.

თუ ეს ვერსია დადასტურდა, მაშინ "ნაცმოძრაობას" კურიერები კარგად შეურჩევია ნადირაშვილისა და ჯაფარიძის სახით. ისე, თქვენს მონა-მორჩილს მართლა აინტერესებს, ბოლო თვეებში ოფიციალური თუ არაოფიციალური ვიზიტით "ნაციონალები" რამდენჯერ იმყოფებოდნენ აზერბაიჯანში.