პრეზიდენტის აპარატი დაკომპლექტდა

პრეზიდენტის აპარატი დაკომპლექტდა

საქართველოს პრეზიდენტის აპარატი უკვე დაკომპლექტდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ყოფილი საპარლამენტო მდივანი, დავით პატარაია დაინიშნა, მისმა მოადგილემ გიორგი კვერენჩხილაძემ კი საპარლამენტო მდივნის თანამდებობა მიიღო. პატარაიამ აღნიშნულ თანამდებობაზე ლაშა აბაშიძე შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე დავით პატარაია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იყო. სხვადასხვა წლებში იგი მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. წლების განმავლობაში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას და კითხულობდა ლექციებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ხოლო შემდგომ - იურიდიულ ფაკულტეტზე. არის სამართლის დოქტორი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტია და წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. იგი კითხულობდა ლექციებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. არის სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის პროფესორი და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი. გიორგი კვერენჩხილაძემ ამ თანამდებობაძე დავით პატარაია შეცვალა.

პრეზიდენტის გარემოცვაში ახალი სახეც გამოჩნდა - საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე დაინიშნა. საქართველოს პრეზიდენტმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ახალი მრჩევლის დანიშვნის შესახებ განკარგულება დღეს გამოსცა.

თენგიზ ფხალაძე არის აშშ-ს ატლანტიკური საბჭოსა და ბრიტანეთის საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტის (Chatham House) წევრი. სხვადასხვა წლებში იგი იყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის დიპლომატიური პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი. კითხულობს ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე ფხალაძემ ვანო მაჭავარიანი შეცვალა.

თენგიზ ფხალაძის განმარტებით, მას შესთავაზეს პრეზიდენტის მრჩევლობა და ისიც დასთანხმდა.

„ჯერჯერობით სამომავლო გეგმების შესახებ ვერაფერს გეტყვით, მე ვარ პრეზიდენტის მრჩველი და ვიმოქმედებ იმ ინსტრუქციების შესაბამისად, რა დავალებებიც მექნება. საქმეს ხვალიდან შვუდგები და გამოჩნდება, რაც იქნება გასაკეთებელი“, - აცხადებს ფხალაძე.