„თბილისის საკრებულოში პერსონალური ავტომობილი არავის არ უნდა ჰყავდეს“, - საკრებულოში მოხვედრის შემდეგ ეს ალეკო ელისაშვილის პირველი ინიციატივა იქნება. თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ შავ ჯიპებში ჩასხდომის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტიდან ფუნიკულიორის რესტორნამდე აღარ ჩანს ხალხის პრობლემები...
„მეორე ტური რაზე მეტყველებს? „ოცნებაში“ ბევრს დაავიწყდა მთავარი - ხალხი და ხალხის პრობლემები. იმდენად გაერთნენ პოლიტიკური კინკლაობით და იწილო-ბიწილოთი, რომ მთავარი დარდი ჰქონდათ, ვინ ჩააქრობდა ან აანთებდა ანძას. ისე კინკლაობდნენ „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ და ორივე იმდენად დაკავებული იყო საკუთარი კომფორტის მოწყობით, რომ რუსთაველზე გაჩნდა ორმოები“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
დღეს ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ დედაქალაქის 785-მილიონიანი ბიუჯეტი ხალხის პრობლემების მოგვარებას უნდა მოხმარდეს და არა ცალკეულ პირთა ინტერესებს. სამომავლო პრიორიტეტების შესახებ For.ge ალეკო ელისაშვილს ესაუბრა.
- პირველ რიგში, შესამუშავებელია ქალაქის გენგეგმა, რომელიც ძალიან ბევრ პრობლემას ერთბაშად მოაგვარებს, ოღონდ კვალიფიციური და წესიერად დაწერილი გენგეგმა გვჭირდება. გარდა ამისა, ქალაქის ბიუჯეტი წესიერად, პატიოსნად და ხალხის პრობლემის მოსაგვარებლად უნდა დაიგეგმოს და არა ჩინოვნიკების პრემიების, ჯიპებისა და კომფორტის მოწყობისთვის. ეს ორი გლობალური საკითხი მოსაგვარებელია. არის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც, რომლის მოგვარებასაც ჩემს ამომრჩევლებს დავპირდი და, რომლებსაც დღითი-დღე გულმოდგინედ შევასრულებ. მათ შორის, ახლა ამბავია ატეხილი „სითი პარკთან“ დაკავშირებით, რომელიც რეალური პრობლემაა ქალაქისთვის.
2007 წლის 5 დეკემბრიდან ქალაქს კონტრაქტი აქვს გაფორმებული „სითი პარკთან“, როგორც თქვენ უწოდებთ ბანდიტურ ორგანიზაციასთან, მძარცველებთან, რომლებიც შვიდი წელია ძარცვავენ მძღოლებს.
- წესით, „სითი პარკს“ პრობლემა უნდა მოეგვარებინა. არადა, იქით შექმნა პრობლემები. ამ კომპანიასთან უნდა გაწყდეს კონტრაქტი და დაიწყოს გამოძიება, წლების განმავლობაში ამ კომპანიის მიერ სად მიდიოდა ათეული მილიონობით ჩვენი ჯიბეებიდან ამოღებული თანხები. 400 000 მანქანაა თბილისში, 50 ლარს მარტო მოსაკრებელს იხდის ყოველ წელს ყველა მძღოლი, 20 მილიონი მარტო მოსაკრებლიდან არის, პლუს 15 მილიონი ჯარიმებიდან. შვიდი წელია, მხოლოდ 1 200 000 შეაქვთ თბილისის ბიუჯეტში. დანარჩენი, 34 მილიონი სადღაც, ვიღაცეების ჯიბეში მიდის. აი, ის ჯიბეებია შესამოწმებელი. ასევე, უნდა გამოცხადდეს ახალი ტენდერი და ყველამ ერთად შევარჩიოთ წესიერი და პატიოსანი კომპანია, რომელიც რეალურად მოაგვარებს პარკინგის პრობლემას, ააშენებს ავტოსადგომებს და ა.შ. გარდა ამისა, ჩემთვის, როგორც საბურთალოელისთვის, გამოწვევაა, რომ იპოდრომი არ იყოს მიგდებული, უპატრონო ტერიტორია და გაშენდეს პარკი, იყოს ხელმისაწვდომი სპორტული მოედნები. წესით, ეს პრობლემა გენგეგმამ უნდა მოაგვაროს, მაგრამ კომუნიკაციები მთელ საბურთალოზე პრობლემაა, ქაოტური მშენებლობები უნდა შეჩერდეს და გეგმაზომიერად, გენგეგმის შესაბამისად, ზონების მიხედვით უნდა დაიწყოს მშენებლობები. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, პროგნოზირებად გარემოში იცხოვრონ და არ ეშინოდეთ, რომ სახლი, რომელშიც ცხოვრობენ, ხედი, რომელსაც მიეჩვივნენ ბავშვობიდან, უცბად დაიფარება და ცხვირწინ კორპუსი „ამოუვათ“. გენგეგმით, ქალაქგეგმარებითი დოკუმენტით ადამიანებს უნდა შეექმნათ განცდა, რომ წინასწარ იცოდნენ, ათი და ოცი წლის განმავლობაში, როგორ გარემოსა და სივრცეში იცხოვრებენ. ამ ყველაფერს დავპირდი ამომრჩეველს, მათგან მივიღე კონკრეტული დავალება.
ჯიპების თემა ალბათ, ერთ-ერთი მტკივნეული იქნება ახალ საკრებულოში და კომფორტს შეჩვეულ ადამიანებში გაუგებრობასაც გამოიწვევს. ფიქრობთ, რომ შეძლებთ კონსენსუსის მიღწევას ამ თემაზე საკრებულოს ახალ წევრებს შორის?
- პერსონალური ავტომანქანები არ უნდა ჰყავდეს საკრებულში არავის, არც საკრებულოს და არც ფრაქციების თავმჯდომარეებს. ჯიპები საერთოდ არ უნდა იყოს. როგორც ტელევიზიაში მომუშავენი სამსახურში თავისი ფეხით მიდიან, იქ არის ავტოპარკი, რომელიც საქმისა და საჭიროების მიხედვით ემსახურება ჟურნალისტებს, რომლებიც გადაღებაზე მიიჩქარიან. სახლში კი ყველა თავისი ფეხით ბრუნდება.
მოსალოდნელია, თბილისი ველოსიპედების ქალაქად იქცეს?
- ეს ცოტა გრძელვადიან პერსპექტივად მეჩვენება. ჯერ პარკინგის პრობლემა უნდა მოგვარდეს და ორმოები უნდა ამოვავსოთ, რომ რუსთაველზე ორმოები არ იყოს. პირველი ეტაპის ამოცანაა, ხელმისაწვდომი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი დადიოდეს თბილისში და არა სამარშრუტო ტაქსები. მით უმეტეს, ზაფხულში სამარშრუტო ტაქსებში ასვლა, უბრალოდ, შეუძლებელია. თანდათანობით, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტმა უნდა ჩაანაცვლოს სამარშრუტო ტაქსები. ესეც გენგეგმის ნაწილი უნდა იყოს. გენგეგმა არ არის ფილოსოფიური ტრაქტატი, ეს არის კონკრეტული ჩვენი გარემოს მომაწესრიგებელი დოკუმენტი.
საკრებულოში ოთხი პოლიტიკური ძალა მიიღებს მანდატებს. მათთან თანამშრომლობის პერსპექტივა როგორ გესახებათ? როგორც დამოუკიდებელ დეპუტატს არ გაგიჭირდებათ ცალკეულ საკითხებზე მათი დათანხმება?
- ვინ გაბედავს და იტყვის, რომ ჩვენ პერსონალური მანქანები გვინდა საკუთარი კომფორტის მოსაწყობად?! ვინ გაბედავს და იტყვის, „სითი პარკი“ უნდა დარჩეს! მაინტერესებს ის დეპუტატი, რომელიც იტყვის, რომ „სითი პარკი“ კარგი კომპანიაა, რომელმაც ვალდებულებები შეასრულა და უნდა დარჩესო. ვინ გაბედავს და იტყვის, იპოდრომი უნდა იყოს უპატრონო ტერიტორია, ვინ იტყვის, რომ გენგეგმა არ უნდა ჰქონდეს ქალაქს და 40-წლიანი ქაოტურობა უნდა გრძელდებოდეს ქალაქში? ვინც ქალაქისთვის ხეირს დააპირებს, იმის მხარეს ვიდგები და პირველი მხარდამჭერი ვიქნები. ვინც არ უნდა იყოს, არ მაინტერესებს პარტიები. მე იქ პარტიებთან საკინკლაოდ არ მივდივარ, პოლიტიკური დებატები და პარტიული რაღაცები არ მაინტერესებს. იმიტომ ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი, მე მაინტერესებს თბილისი, თბილისის მოსახლეობა და ამ მოსახლეობის პრობლემები. ეს არის ჩემი დარდი. დანარჩენი, არ მაინტერესებს, რომელი პარტიიდანაც წამოვა ქალაქის სასარგებლო ინიციატივა, იმას დავუჭერ მხარს. რომლიდანაც წამოვა მავნებლური ინიციატივა, იმას შევეწინააღმდეგები.
ფეისბუკზე გაჩნდა გვერდები- „საკრებულოს თავმჯდომარედ ალეკო ელისაშვილი“; „ქალაქის მერად ელისაშვილი“. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?
- მე უკვე ვარ საკრებულოს დეპუტატი, საბურთალოს დამოუკიდებელი მაჟორიტარი, ათასობით საბურთალოელის მიერ მხარდაჭერილი და ამ არჩევნებში გამარჯვებული. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პატივი, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს საბურთალოელებმა მხარდაჭერა გამომიცხადეს. დანარჩენი, არ არის მნიშვნელოვანი. რა პოზიციაც არ უნდა მქონდეს, ყოველდღიურად შევასრულებ დაპირებებს.
ძველ თბილისში ძეგლების დაცვის კუთხით აქტიურობდით - „იმელის“ შენობა, „ზარია ვოსტოკა“, გუდიაშვილის მოედანი, ვაკის პარკის გადარჩენა და სხვა. ნაციონალების დროს ქალაქის ისტორიულ ნაწილში არაერთი ხელოვნური ჩარევა და დამახინჯება მოხდა, რაც საფრთხეს უქმნის ისტორიულ ძეგლებს და იქ მაცხოვრებლებს. ამ მხრივ პრინციპულობას კვლავაც შეინარჩუნებთ?
- გენგეგმა ძალზე კონკრეტული დოკუმენტია, რომელიც 10-20 დღის განმავლობაში დადებს ქალაქის განვითარების ხედვას და კონცეფციას. იქ არის ისტორიული ნაწილი, იქ არის გარეუბნები, არეალები, ინფრასტრუქტურა, მიწისქვეშა კომუნიკაციები, მწვანე ზოლები- ეს ყველაფერი უნდა მოაწესრიგოს გენგეგმამ. მათ შორის, ჩემთვის განსაკუთრებული დარდი და ტკივილი ისტორიული ქალაქია და აუცილებლად მთელი ძალ-ღონით ჩავერთობი ამ პროცესში.