საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა:
,,მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ის ბინძული პიარ–კამპანია, რომელიც გუშინ საკრებულოს წინააღმდეგ დაიწყო პრემიებთან დაკავშირებით, აბსურდია და სრული უზნეობა. საკრებულო და მისი აპარატი სრული დატვირთვით მუშაობს და ის ხელფასები და პრემიები, რომლებსაც უწყების თანამშრომლები დაუღალავი შრომის შედეგად იღებდნენ, არის აბსოლუტურად დამსახურებული და მათ შრომას ადეკვატურად შეესაბამება. აქვე განვმარტავთ, რომ თბილისის საკრებულოში არ არსებობს სახელფასო დანამატის პრაქტიკა. ამიტომ თანამშრომელთა წახალისება მხოლოდ პერიოდული პრემირებით ხდება. ამასთან, საკრებულო მთელი მისი ხელმძღვანელობით და აპარატით ბიუჯეტის მიღების დღიდან გადასულია არანორმირებულ სამუშაო რეჟიმზე, რათა ქალაქში განსახორციელებელი თითოეული პროექტი შეითანხმოს, რის გამოც ხშირ შემთხვევაში საკრებულოს ბიუროს სხდომები 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.
გარდა ამისა, არ ვაპირებდით ამ საკითხის განსაჯაროებას, თუმცა გუშინდელი დღიდან გამომდინარე, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საკრებულოს დეპუტატების ხელფასებიდან თანხები ინტენსიურად ირიცხებოდა სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დახმარების ფონდში (ბერი ანდრიას ფონდში), სადაც 25 ბავშვია გაერთიანებული.
ბიუროს ბოლო სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით და მრავალპარტიული ბიუროს ერთობლივი გადაწყვეტილებით 300%–იანი პრემიის 100% (რომელიც 50 000 ლარამდე შეადგენს) ბერი ანდრიას ფონდში გადაირიცხება და სიმსივნით დაავადებული ბავშვების გარდა ფონდის საცხოვრებელი სახლის ერთწლიანი იჯარის თანხას დაფარავს. თანხის მეორე ნაწილი მკერდის კიბოთი დაავადებულ ქალებს მოხმარდებათ (საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპა დონა ჯორჯია“–ს წარმომადგენლობა)’’,–ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ბერი ანდრიას ფონდის წარმომადგენელმა თამთა დემურიშვილმაც გააკეთა და განაცხადა, რომ საკრებულოს ინიციატივა ბერი ანდრიას ფონდსა და მკერდის კიბოთი დაავადებული ქალების დასახმარებლად თანხის გადარიცხვა თავისთავად მისასალმებელი გადაწყვეტილებაა, რომელი ძალიან დროული და მნიშვნელოვანია.
შიხიაშვილის განცხადებას ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა–ჩვენი ქალაქი’’ თავმჯდომარე გამოეხმაურა.
ლაშა იმედაშვილის თქმით, ყველა თანამდებობის პირმა და ასევე აპარატის თანამშრომლბმა პრემია თანაბარი ოდენობით აიღეს, მათ შორის როგორც უმცირესობამ, ასევე უმრავლესობამ.
მისივე განმარტებით, ეს იყო საერთო შეთანხმება, რომელიც ზეგანაკვეთური მუშაობით იქნა ახსნილი.