ტურისტულ კომპანიებს მთავრობის უაზრო დაპირებებმა თავი მოაბეზრა

ტურისტულ კომპანიებს მთავრობის უაზრო დაპირებებმა თავი მოაბეზრა

[ეკა ბაქრაძე]

ერთი შეხედვით, ხელისუფლება ქვეყნაში ტურიზმს ლობირებს და ყველანაირ პირობებს უქმნის, სინამდვილეში კი ამ დარგსაც ისე უცქერის როგორც მეწველ ძროხას. ყოველ წელს მთავრობა ტურისტულ სექტორში დაკავებულ ადამიანებს რაღაცას ჰირდება, მერე კი პირობის შესრულებაზე უარს ამბობს. ასე იყო საგადასახადო შეღავათების შემთხვევაში, ასეა კოდექსის გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით.

 

ამიტომაც ტურისტული კომპანიების ხემძღვანელები ბიზნესომბუდსმენს მიადგნენ და დახმარება სთხოვეს. გიორგი პერტაია ამერიკის სავაჭრო პალატის წევრების შემდეგ, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრებს შეხვდა და ტურიზმის სფეროში არსებული პრობლემები მოისმინა. როგორც გაირკვა, ტურიზმს პრობლემა ისევ საგადასახადო კოდექსთან მიმართებაში აქვს.

 

“საქართველის ტურიზმის ასოციაციისათვს ბიზნესომბუდსმენთან შესვედრა მნიშვნელოვანია, რადგანაც სექტორს პრობლემები აქვს და არსებობს საკითხები, რომლებზედაც პასუხის მიღება გვინდა. პრობლემები არსებობს, თუნდაც საგადასახადო კოდექსთან მიმართებაში”, - აცხადებს საქართველის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატა კვაჭანტირაძე.

 

კომპანია “თრეველ ტურის” დამფუძნებელი სიკო გეგიაძე აცხადებს, რომ ტურისტულ ბიზნესს საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით შენიშვნები ადრეც ჰქონდა და კოდექსის ცალკეული მუხლების გამჭირვალობას ითხოვდა.

 

“ტურიზმში პრობლემები არის, ისევე, როგორც ბიზნესის სხვა სფეროებში. საგადასახადო კოდექსთან მიმართებაში ბევრი შენიშვნა გავაგზავნეთ, რათა საგადასახადო კოდექსის სხვადასხვა პუნქტები უფრო გამჭვირვალე გამხდარიყო”, - განაცხადა გეგიაძემ.

 

ბიზნესომბუდსმენმა პრობლემებს მოისმენა და ამის შემდეგ ამოქმედებებას აპირებს.

 

“მნიშვნელოვანია, რომ საშუალო და წვრილი ბიზნესის წარმომადგენლებს ვხვდები. მსხვილ ბიზნესთან ურთიერთობა უფრო მარტივია, თუმცა მცირე ბიზნესთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს. მინდა მოვუისმინო მათ პრობლემებს, თუმცა წინასწარ ვიცი, რომ ტურისტულ სექტორს შენიშვნები დღგ-სთან დაკავშირებით აქვთ”, - განაცხადა პერტაიამ.

 

მოკლედ, პრეტენზიები პრივალეგირებულმა ტურიზმმაც გამოთქვა.  ეს არცაა გასაკვირი, რადგან მთავრობა მათ მიმართ არცეთრი დაპირება არ შეუსრულებია. მაგალითად, ასე იყო 2009 წელს, როდესაც ტურისტულ სექტორს შეღავათებს დაპირდნენ და კომპანიებმა მთელი ის წელი, და სხვათა შორის მომდევნოც, შეღავათების მიღების მოლოდინში გაატარეს.

 

2010 წელს კი გაირკვა, რომ ტურისტული სექტორი შეღავათებს ვერასოდეს ეღირსებოდა. საუბარი იყო ტურისტულ სექტორში დასაქმებული კომპანიების დამატებითი ღირებულების 18-პროცენტიანი გადასახადისგან გათავისუფლებაზე.

საქართველოს მთავრობაში ტურიზმის სექტორისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების საკითხის განხილვა იმ მარტივი მიზეზით შეაჩერეს, რომ საკითხი საკმაოდ რთულია და საჭიროა პრობლემატიკის უფრო საფუძვლიანად შესწავლა.

 

“პროცესი, რომელიც დაიწყო, შეჩერებულია. სავარაუდოდ, გაისად გავაგრძელებთ ამ თემაზე მოლაპარაკებებს და გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, თუმცა ვერ დაგპირდებით, რომ ეს აუცილებლად მოხდება”, - აღნიშნავდნენ მაშინ ტურიზმის დეპარტამენტში.

 

ამ ფრაზიდან ერთი რამ ნამდვილად გაირკვა. მთავრობამ ტურისტულ სექტორს ერთი დაპირება მაინც შეუსრულა და საგადასახადო შეღავათების უვადოდ გადადება ზედმიწევნით აღასრულა.