„პატივს ვცემთ ერთმანეთის გადაწყვეტილებას და ერთმანეთის პრიორიტეტებს“

„პატივს ვცემთ ერთმანეთის გადაწყვეტილებას და ერთმანეთის პრიორიტეტებს“

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება და სომხეთის საბაჟო კავშირთან ურთიერთობა საქართველო-სომხეთის წარმატებულ ეკონომიკურ თანამშრომლობას ხელს არ შეუშლის და, პირიქით, წაადგება კიდეც.

სერჟ სარგსიანი თბილისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს ეწვია. სომეხ კოლეგას უკვე უმასპინძლა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილი და სერჟ სარგსიანი პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში ერთმანეთს ჯერ გაფართოებულ შემადგენლობებთან ერთად, შემდეგ კი პირისპირ შეხვდნენ. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა შეხვედრაზე განხილული თემები მოგვიანებით ჟურნალისტებთან შეაჯამეს.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პირველი პირის სტუმრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სარგსიანის ოფიციალური ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ახლო თანამშრომლობის დადასტურებაა.

„ჩვენ მუდმივად გვაქვს ინტენსიური ურთიერთობები, დღეს, ახალი ნაბიჯების გადადგმის წინ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა. საქართველო 27 ივნისს ხელს აწერს ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას, ხოლო ჩვენი მეზობლები სულ მალე გაწევრიანდებიან საბაჟო კავშირში. ამ პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ უაღრესად ახლო თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორ სომხეთის სახელმწიფოსთან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ ნაბიჯებს ექნება მხოლოდ პოზიტიური შედეგი ორივე ქვეყნის მომავალისთვის. საქართველოს სომხეთთან აქტიური სავაჭრო ურთიერთობები აქვს და ამ მიმართულებით დინამიკა სულ უფრო მზარდია, მომავალში კი კიდევ უფრო მეტი იმპულსი მიეცემა ამ ურთიერთობებს“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, ეკონომიკურ საკითხებზე საქართველოსა და სომხეთს ერთნაირი ხედვა აქვთ. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია კულტურული, სამეცნიერო და განათლების საკითხები.

ჟურნალისტებთან შეხვედრის შეჯამებისას საქართველო-სომხეთს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა.

„გვქონდა პრაქტიკული საუბრები პრაქტიკულ თემებზე, განვიხილეთ ორი მხარისთვის საინტერესო საკითხები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს და სომხეთის დღის წესრიგში. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ხორცი შევასხათ იმ პერსპეტივებს, რომელიც გააჩნია ჩვენს ქვეყნებს თანამშრომლობის თვალსაზრისით, რათა მოხდეს ქართულ-სომხური პარტნიორობის შემდგომი კონსოლიდაცია“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

სერჟ სარგსიანმა საქართველოსთან ურთიერთობა სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად დაასახელა და აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა, გარკვეულწილად, სწორედ, ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგია.

„ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის გადაწყვეტილებას და ერთმანეთის პრიორიტეტს. მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს სტაბილურობა ჩვენს რეგიონში. როდესაც საქართველო და სომხეთი ძლიერები არიან ცალ-ცაკლე და ერთად, ეს არის სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტი“, - განმარტა სომხეთის პრეზიდენტმა.

მან საკუთარ გამოსვლაში ეკონომიკური ურთიერთობების დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სულ უფრო მზარდი სავაჭრო ურთიერთობების გარდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით აქტიურია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა.

„მჯერა და მწამს, რომ საქართველო, რომელიც 27 ივნისს ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და გახდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის განუყოფელი ნაწილი, ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, მათ შორის ჩვენი მეწარმეებისთვის, გაიზრდება ინვესტიციები ჩვენს ქვეყნებს შორის. სომხეთის წევრობა საბაჟო კავშირში კი იქნება პერსპექტივა იმ ქართველი მეწარმეებისთვის, რომლებსაც სურთ ინვესტიციები განახორციელონ სომხეთში და მათთვის, ვისაც სურს ახალი ბაზარი მოიპოვოს, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში და მთლიანად ამ რეგიონში“,- განაცხადა სერჟ სარგსიანმა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოებისა და კონფლიქტების თემაზეც ისაუბრეს. პრეზიდენტების პოზიციით ნებისმიერი კონფლიქტის გადაჭრა შესაძლებელია, ექსკლუზიურად, მშვიდობიანი გზებით, საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით.

ეკონომიკის გარდა ქართველი და სომეხი კოლეგების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კულტურის სფეროში თანამშრომლობაც იყო. ამის დასტურად კი მათ საიათნოვას იუბილესადმი მიძღვნილი საღამო დაასახელეს, რომელიც თბილისში დღეს იმართება.

„ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე ჰუმანიტარულ სფეროში. ამ სფეროში ჩვენი თანამშრომლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თანამშრომლობა ეკონომიკურ სფეროში. დიდი ხანია ამ რეგიონში ვცხოვრობთ ერთად და არაერთი მაგალითია, როდესაც ერთმანეთს ვაძლიერებდით, მხარს ვუჭერდით და ვამდიდრებდით ერთმანეთს კულტურის სფეროში, თქვენ გაამდიდრეთ სომხური კულტურა და ჩვენ გავამდიდრეთ, გარკვეულწილად, ქართული კულტურა“, - განაცხადა სერჟ სარგსიანმა.

გიორგი მარგველაშვილის შემდეგ სერჟ სარგსიანი საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს - უმრავლესობისა და უმცირესობის წევრ დეპუტატებს შეხვდა. დღის ბოლოს კი სომხეთის დელეგაცია საიათნოვას იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი საქართველოში შეხვედრებს ხვალ, 19 ივნისსაც გამართავს, კერძოდ კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს შეხვდება.