დღეს ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია თბილისის საკრებულოში პრემიების გაცემასთან დაკავშირებით. პირველ რიგში გვინდა აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია პრემიის რაოდენობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან თანამდებობის პირებისთვის ხელფასის არა 350, არამედ 300% გაიცემა, ხოლო აპარატის თანამშრომლებისთვის არა 150, არამედ 200%–იანი პრემიის გაცემა იგეგმება.
აქვე განვმარტავთ, რომ თბილისის საკრებულოში არ არსებობს სახელფასო დანამატის პრაქტიკა. ამიტომ თანამშრომელთა წახალისება მხოლოდ პერიოდული პრემირებით ხდება. ამასთან, საკრებულო მთელი მისი ხელმძღვანელობით და აპარატით ბიუჯეტის მიღების დღიდან გადასულია არანორმირებულ სამუშაო რეჟიმზე, რათა ქალაქში განსახორციელებელი თითოეული პროექტი შეითანხმოს, რის გამოც ხშირ შემთხვევაში საკრებულოს ბიუროს სხდომები 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. საკრებულოს ამჟამინდელი შემადგენლობა მისი უფლებამოსილების ამოწურვის ბოლო დღემდე სწორედ ასე აპირებს საქმიანობის გაგრძელებას. ამიტომ, სრულიად სამართლიანად მიგვაჩნია, რომ საკრებულოს დეპუტატებმა გაწეული შრომისთვის დამსახურებული პრემია მიიღონ.
აქვე ცალსახად აღვნიშნავთ, რომ შემაჯამებელი პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება არ ყოფილა ვინმეს მიერ ერთპიროვნულად მიღებული. ეს არის საკრებულოს მრავალპარტიული ბიუროს გადაწყვეტილება, რამდენადაც ბიუროს შემადგენლობაში შედიან როგორც უმრავლესობის, ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.