ბიუჯეტის შევსების მთავრი წყარო ინფლაცია გახდა

ბიუჯეტის შევსების მთავრი წყარო ინფლაცია გახდა

[ლელა კობერიძე]

მთავრობას კრედიტები და გრანტები მინიმუმამდე შეუმცირდა. შესაბამისად, ბიუჯეტის გაზრდილი შემოსავლები მაღალმა ინფლაციამ უნდა შეავსოს. ამიტომაც, ექსპერტების განცხადებით, ხელისუფლებას მაღალი ინფლაცია აწყობს.

 

მაღალი ინფლაცია ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვან წყაროდ იქცა. ექსპერტების განცხადებით, ბიუჯეტი გაზრდილი ინფლაციის პირობებში დამატებით შემოსავლებს იღებს, თუმცა მთავრობაში აცხადებენ, რომ გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდა ეკონომიკის განვითარებაზე მიუთითებს. 2011 წელს განსაკუთრებით იზრდება დამატებული ღირებულებიდან მისაღები შემოსავლები, რომელიც მთავრობამ სწორედ მაღალი ინფლაციის ხარჯზე დაგეგმა.

 

ეკონომიკური ექსპერტის, ლადო პაპავას განცხადებით, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის მიზეზი ოლივერ-ტანცის ეფექტია. კერძოდ, მთავრობა გაზრდილი ინფლაციის პირობებში დამატებითი შემოსავლების მიღებას ახერხებს. ასე რომ, თუ ამ შემოსავლების არასწორი განაწილება მოხდება, ინფლაცია და შემოსავლები ისევ გაიზრდება, ასევე მოიმატებს საბიუჯეტო შემოსავლები, მერე ისევ ინფლაცია და საბოლოოდ ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი უფრო დამძიმდება.

 

ექსპერტის შოთა მურღულიას განცხადებით, ბუნებრივია, გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლების ზრდა ეკონომიკის განვითარებაზე მეტყველებს, თუმცა ჩვენს შემთხვევაში გადასახადების ზრდას გამკაცრებული საგადასახადო ადმინისტრირება და მაღალი ინფლაცია უზრუნველყოფს. ამიტომ, ბიუჯეტში გაზრდილი შემოსავლები ეკონომიკის ზრდაზე არ მიუთითებს.

 

“გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი ინფლაციის გამო გაიზარდა. დღგ-ს გადასახადის მობილიზება ხდება ვაჭრობიდან, შესაბამისად, ფასების ზრდა ამ გადასახადებიდან მიღებულ შემოსავლებსაც ზრდის. ასევე ინფლაციის გამო ზოგიერთი უწყება ზრდის ხელფასებს და იზრდება საშემოსავლო გადასახადიც. ანუ, საგადასახადო შემოსავლები, ეკონომიკის განვითარებაზე მეტად, გამკაცრებულმა ადმინისტრირებამ და ინფლაციამ გაზარდა”, - ამბობს მურღულია.

 

აღსანიშნავია, რომ 2007 წლის ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებიდან 3 მილიარდი ლარის შეგროვება დაიგეგმა, 2008 წელს - 4,522 მილიარდი ლარის, 2009 წელს - 4,162 მილიარდი ლარის, 2010 წელს - 4,552 მილიარდი ლარის, 2011 წელს - 5,3 მილიარდი ლარის. შარშანდელთან შედარებით, საგადასახადო შემოსავლები თითქმის 800 მილიონი ლარით გაიზარდა და მთავრობა ამ ფაქტს ეკონომიკის განვითარებით ხსნის. 

 

“ყველა კარგად ხედავს, რომ ეკონომიკა არ ვითარდება. მთლიან ეკონომიკაში რეალური სექტორის წილი მინიმუმია. სოფლის მეურნეობა შეიძლება ითქვას, რომ აღარ არსებობს. შესაბამისად, ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი ზედმეტია. მარტივად ასახსნელია ის, რომ მაღალი ინფლაცია ბიუჯეტში მაღალ შემოსავლებს უზრუნველყოფს”, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი ზვიად კანდელაკი.

 

2007 წელს სოციალური გადასახადიდან - 583,7 მილიონი ლარი შემოვიდა, 2008 წელს საშემოსავლო გადასახადიდან - 1,218 მილიარდი ლარი, 2009 წელს - 1,05 მილიარდი ლარი, 2010 წელს - 1,141 მილიარდი ლარი, 2011 წელს - 1,377 მილიარდი ლარი.

რაც შეეხება მოგების გადასახადს, 2007 წელს ამ გადასახადიდან ბიუჯეტმა - 424,957 მილიონი ლარი მიიღო, 2008 წელს - 583,6 მილიონი ლარი, 2009 წელს - 517,652 მილიონი ლარი, 2010 წელს - 515,5 მილიონი ლარი, 2011 წელს ამ გადასახადიდან მისაღები შემოსავლები - 605 მილიონი ლარამდე იზრდება.

 

დამატებული ღირებულების გადასახადიდან კი 2007 წელს ბიუჯეტში მხოლოდ 1,552 მილიარდი ლარის მობილიზება მოხდა, ამ გადასახადიდან მიღებულმა თანხამ 2008 წელს უკვე 2,06 მილიარდ ლარს მიაღწია, 2009 წელს - 2,05 მილიარდი ლარი, 2010 წელს - 2,196 მილიარდი ლარი, 2011 წელს - 2,529 მილიარდი ლარს.

 

ასევე გაიზარდა აქციზიდან მისაღები შემოსავლები. 2007 წელს ამ გადასახადიდან სახელმწიფო ბიუჯეტში - 374,3 მილიონი ლარი შევიდა, 2008 წელს - 519,1 მილიარდი ლარი, 2009 წელს - 443,236 მილიონი ლარი,  2010 წელს - 574 მილიონი ლარი, 2011 წელს - ეს მაჩვენებელი 671 მილიონ ლარამდე გაიზრდება,

 

სხვათა შორის, კრიზისულ პერიოდში 2009-10 წლებში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების შემცირება აღინიშნება.  თუმცა მისგან განსხვავებით იზრდება ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული თანხის მოცულობა. მაგალითად 2007 წელს ჯარიმებიდან - 39 მილიონი ლარის მიღება დაიგეგმა, 2008 წელს - 67,8 მილიონი ლარი, 2009 წელს 80,307 მილიონი ლარი, ხოლო 2010 წელს - 95 მილიონი ლარი, 2011 წელს კი ბიუჯეტი ჯარიმებიდან 90 მილიონ ლარს მიიღებს.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2011 წელს ბიუჯეტის შემოსავლები ინფლაციის ხარჯზე გაიზარდა, წინა წლებისგან განსხვავებით მთავრობას გრანტებიდან და კრედიტებიდან მისაღები თანხები შეუმცირდა. საგარეო ვალდებულებების კატასტროფული ზრდა 2008 წლიდან იწყება, 20011 წლის ბიუჯეტში ეს მაჩვენებელი უკვე შემცირებას იწყებს. იგივე ტენდენციაა გრანტებთან მიმართებაში.  2011 წელს კი 754,294 მილიონი ლარის ვალის “წამოკიდება” დაიგეგმა. 2010 წელს ვალის აღების მაჩვენებელმა ყველაზე მასშტაბური სახე მიღო - 1,312 მილიარდი ლარი.

 

რაც შეეხება გრანტებს, 2010 წელს - 464,5 მილიონი ლარი მივიღეთ, ხოლო 2011 წელს მხოლოდ 355,814 მილიონი ლარს გვაჩუქებენ. ასე რომ, 2010 წელს გრანტებისა და კრედიტების მოცულობა მნიშვნელოვნად მცირდება, შესაბამისად, მთავრობამ ბიუჯეტის შევსების იმედებს ინფლაციასა და შესაბამისად, მაღალ საგადასახადო შემოსავლებზე ამყარებს.