ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს გაიმართება. კანონმდებლობით არჩევნების დღიდან, არაუგვიანეს 24 დღისა, უნდა შეჯამდეს თვითმმართველობის არჩევნები, თუმცა ზოგადად, შეჯამების ვადები განსხვავდება თბილისისა და სხვა ოლქების შემთხვევაში. საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 3 დღეში უნდა დაინიშნოს მეორე ტური, დანიშვნიდან ორი კვირის ვადაში კი უნდა გაიმართოს არჩევნები. ეს იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმი. თუ შემაჯამებელი ოქმი გასაჩივრდა, გასაჩივრების ვადები და წესები, რომელიც ასევე გაწერილია საარჩევნო კანონმდებლობით, აუცილებლად უნდა იყოს ამოწურული იქამდე, ვიდრე მეორე ტურის დანიშვნა მოხდება. შესაბამისად, ცესკო კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს, და აცხადებს, რომ ეს იქნება დაახლოებით ივლისის ბოლოს.
ვისთვის იქნება ხელსაყრელი და რომელი პოლიტიკური ძალისთვის ნაკლებად სასარგებლო აქტიური შვებულებების პერიოდი, მოხდება თუ ვერა ამომრჩევლის მობილიზება რა პროცესებია მოსალოდნელი, ამ თემებზე for.ge ექსპერტ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.
ბატონო ვაჟა, აქვს თუ არა მნიშვნელობა მეორე ტურის თარიღს?
- ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, სასურველი არ არის, როდესაც შუა ზაფხულში იმართება კენჭისყრა - შვებულებების პერიოდი იწყება, ხალხი ქალაქებიდან გადის და ეს ბუნებრივია, გარკვეული თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტად ამცირებს ელექტორატს, რომელიც მონაწილეობას გეგმავს არჩევნებში. მეორე ტურში, როგორც წესი, პირველ ჯერზე ნაკლებია გამოცხადება საარჩევნო ყუთებთან.
თუმცა ბუნებრივია, ვერაფერს შეცვლი, რადგან ამ პროცედურებს აქვს თავისი გაწერილი რიგი და წესი, როდის შეიძლება, დაინიშნოს არჩევნები, პლუს კიდევ თუ გასაჩივრდა არჩევნების შედეგები - ამას ვერ შეცვლის ვერავინ.
შეეცდებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები, იგივე ნაციონალები, ცესკო-ში რაც შეიძლება, მეტი სარჩელი შეიტანონ, თუნდაც იმიტომ, რომ მაქსიმალურად გაიწელოს არჩევნების დანიშვნის თარიღი?
- ვფიქრობ, არ არის გამორიცხული, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების შედეგები გაასაჩივროს ამ პროცედურის დროში გაწელვის მიზნით, რამდენადაც გაწელილი დრო მას მოტივირებულ ელექტორატს არ უმცირებს, ხოლო მოწინააღმდეგის მხარდამჭერების რაოდენობაზე უარყოფითად აისახება.
გარდა ამისა, არის რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა - დასაბუთებული იქნება თუ დაუსაბუთებელი ეს საჩივარი, პროტესტის დასაფიქსირებლად შედეგებს მაინც გაასაჩივრებს. ამდენად, მოსალოდნელია, რომ მართლაც ასე მოხდეს.
ეს არ აწყობს „ქართულ ოცნებას“, რადგან მეორე ტურში ძირითადად მისი კანდიდატები მონაწილეობენ, მათ მოწინააღმდეგეებს კი რომლებიც ასევე მეორე ტურში მონაწილეობენ, ეს ხელს აძლევთ.
თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ამ არჩევნებზე ამომრჩეველს დაბნეულობა შეეტყო და ხმები მნიშვნელოვნად იყო დაფანტული. მეორე ტურზე ეს როგორ აისახება, შესაძლებელია, „ოცნებამ“ მეტი მობილიზება მოახდინოს?
- ამ შემთხვევაში ამ გონიერ ქალბატონს, თინა ხიდაშელს ვგულისხმობ, ვერ დავეთანხმები - ამომრჩეველი დაბნეული არ არის. ამომრჩეველს აქვს აბსოლუტურად კონკრეტული მიდგომები, რომლის მიხედვითაც ის იღებს გადაწყვეტილებას, დარჩეს სახლში თუ წავიდეს არჩევნებზე, დაუჭიროს მხარი „ქართულ ოცნებას“ თუ რომელიმე ოპოზიციურ ძალას.
არანაირი დაბნეულობა აქ არ არის. შესაძლოა, იყოს მცდარი მოტივაცია - საზოგადოების ნაწილს ეგონა, რომ ახალი ხელისუფლება ერთ-ორ წლიწადში რეალურ ცვლილებებს განახორციელებდა, რაც ბუნებრივია, არარეალური იყო და ასეთი მოლოდინი არც უნდა ყოფილიყო, მაგრამ გაჭირვებულ ხალხს ყოველთვის სასწაულის სჯერა.
ის, რომ ჯანდაცვის რეფორმა განხორციელდა, პენსიას მოემატა და მთელი ჩვენი ბიუჯეტი ლამის მთლიანად სოციალურ ბიუჯეტად იქცა, ეს ელექტორატის იმ ნაწილისთვის, რომელიც თავის დროზე ნაციონალების წინააღმდეგ აქტიურობდა, საკმარისი არ აღმოჩნდა. ასეთი ხალხი ბურჯანაძისა და „პატრიოტთა ალიანსის“ რიგებში გადანაწილდა. მათ აინტერესებთ მხოლოდ ის, რომ სწრაფი შედეგი არ დადგა. არანაირ დაბნეულობას არ აქვს ადგილი, ადგილი აქვს აბსოლუტურად კონკრეტულ მიდგომებსა და კონკრეტულ იმედგაცრუებას, თუმცა რამდენად საფუძვლიანი იყო მათი იმედები, ეს სხვა საკითხია.
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ეს არჩევნები კარგი მაგალითია და მმართველ გუნდს შემდეგი არჩევნების უკეთ მომზადებაში დაეხმარება. ამ არჩევნებზე რამემ შეუშალა ხელისუფლებას ხელი?
- მმართველი გუნდის მიერ საარჩევნო კამპანიის დაგეგმვა- განხორციელება ჩემი აზრით, უკეთესის სურვილს იწვევს. არ იყო ერთიანი გუნდი, შეკრული მექანიზმი. ამისთვის არც დრო ჰქონდათ და არც საშუალება, არც ადამიანური რესურსი და აბსოლუტურად მართალია პრემიერი ღარიბაშვილი, როდესაც ამბობს, უკეთესად უნდა მოვემზადოთო.
რა თქმა უნდა, მოემზადებიან, თუ სწორი დასკვნები გამოიტანეს იმ გაფრთხილებიდან, რაც მათ ხალხმა მისცა ამ არჩევნებზე. სიმართლე გითხრათ, ამისი მე ნაკლებად მჯერა, იმდენად ამორფული პოლიტიკური კოალიციაა „ქართული ოცნება“ - შიდა მობილიზაციის მექანიზმები არ არსებობს. ეს ყველაფერი დასულია რაღაც ჯგუფისთვის ინიციატივების გადაცემაზე, პარტიაში მაღალ ხელფასებზე, იმ ლიდერებისთვის, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ, მაგრამ არ აფიქსირებენ, რადგან ასეთ შემთხვევში ბევრ რამეს დაკარგავენ - შიდა პარტიული დემოკრატია ვფიქრობ, კოალიციაში არ არსებობს. მეტ-ნაკლებად ეს დარეგულირებულია „რესპუბლიკელებთან“.
ამიტომაც, მექანიზმები არ არსებობს ახალი მიდგომებისა და გადაწყვეტილებებისათვის და ვფიქრობ, მაინც მათთვის ავტორიტეტების მოსაზრებებს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ხალხის პულსზე ხელის დადებას.
ვისაც ეს არ მოსწონს, ბურჯანაძესა და „პარტიოტთა ალიანსს“ შეუერთდა, ან საერთოდ არ წავიდა არჩევნებზე. ამის შესაცვლელად კი ხელისუფლება არაფერს აკეთებს და ამბობს, რომ შესაბამისი იურიდიული მექანიზმები არ გააჩნია, მაგალითად, წართმეული ბიზნესებისა და ქონების დასაბრუნებლად.
მათთვის გაცილებით რეალურია ბიძინა ივანიშვილის ხედვები, მაგალითად, მაღალი პრემიები რომ არ მოსწონს, ვიდრე ხალხის განწყობა, რომელიც სამართლიანობის აღდგენის ბოლომდე მიყვანას მოითხოვს - ესეც არის უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი.
ანუ, რაკი ივანიშვილს არ მოსწონს, პრემიებს აღარ აიღებენ?
- რაკი ივანიშვილმა თქვა, ვფიქრობ, უნდა დაემშვიდობონ დიდ პრემიებს. სხვათა შორის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა ხელისუფლებაში, სწორედ ივანიშვილი იყო მინისტრებისთვის მაღალი ხელფასის გადახდის ინიციატორი და თუ არ ვცდები, დაახლოებით ერთი წელი თვითონ უხდიდა ხელფასებს, რომ კორუფციისკენ ხელი არ წასცდენოდათ.
ახლა რატომ შეეცვალა ხედვა, არ ვიცი, რაკი ხალხს აწუხებს იმიტომ? - პოპულისტური მიდგომები შედეგს არ მოგვცემს - მიდგომა სწორია, რომ ჩინოვნიკებს ნორმალური ხელფასი უნდა ჰქონდეთ, თუმცა განსასაზღვრია, დღევანდელი სიღარიბის პირობებში რა შეიძლება ითვლებოდეს ნორმალურ ხელფასად საქართველოსთვის.
არჩევნების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობაში წარმოდგენილი იქნება ოთხი პოლიტიკური ძალა. რამდენად ეფექტური იქნება მათი მუშაობა?
- კარგია, როდესაც რამდენიმე პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი, რამდენადაც „ქართულ ოცნებას“ მეტი მობილიზება დასჭირდება თავისი პოლიტიკის გასატარებლად, ფხიზლად იქნება და უფრო სწორ ნაბიჯებს გადადგამს. როდესაც მისი ოპონენტი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელსაც 10 წლის განმავლობაში უამრავი შეცდომა და კრიმინალიც კი აქვს დაშვებული (და რასაც არ ემიჯნება), მისი მძაფრი კრიტიკაც კი საზოგადოებაში სერიოზულად არ აღიქმება.
როდესაც ამას დაემატება სხვა პოლიტიკური ძალებიც, ვფიქრობ, ბევრად უფრო წაადგება პოლიტიკურ პროცესს და ხალხის ინტერესების მსახურებას თვითმმართველობის სხვადასხვა დონეებზე.