„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ არჩევნებში მეორედ დაამარცხეს წითლები და საქართველო ყველა მუნიციპალიტეტში „გალურჯდა“.
არჩევნების შემდეგ ნაციონალებიც იმედიანად არიან და, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ციხიდან იტყობინება, „მომდევნო არჩევნებზე „ოცნებას“ წაგება გარანტირებული აქვს“.
სამაგიეროდ, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილონი არიან არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. ისინი საამისოდ ობიექტიურ და სუბიექტურ მიზეზებზე საუბრობენ. საარჩევნო ბლოკ „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ თბილისის მერობის კანდიდატ დიმიტრი ლორთქიფანიძისთვის „არჩევნები ერთი დიდი ავანტიურა იყო, რომელზეც „ქართული ოცნება“ პასუხს აგებს“.
არასაპარლამენტო ოპოზიციის თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი კახა კუკავა კი, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ „თვითმმართველობის არჩევნები „ქართული ოცნების“ დასაფლავების დღედ უნდა ქცეულიყო“, დღეს აცხადებს, „ყველაფერი გაკეთდა, რომ რეალური ოპოზიცია ბარიერს მიღმა დარჩენილიყო“.
ჩვენ დავინტერესდით, ამ გადასახედიდან როგორ აფასებს არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომ თავის დროზე დიდი ოპოზიციური გაერთიანება ვერ მოახერხა და, ფაქტობრივად, ამით ნაციონალებს დაუთმო ასპარეზი?!
„დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ზაზა ვეკუამ For.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ პირადად იღებდა მონაწილეობას ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების პროცესში და ერთიანობისთვის ყველაფერი გააკეთა, თუმცა შედეგი არ დადგა.
„აღარც სიებზე გვქონდა საუბარი, აღარც ჩვენი პარტიიდანაც დაგვიყენია კანდიდატი, ოღონდ გაერთიანება მომხდარიყო. ყველაფერზე მივდიოდით. ერთადერთი, ჩვენი წყალგამყოფი იყო, რომ არ გვაწყობდა ის, რაც აწყობდათ ნაციონალებს და „ოცნებას“. თუ ოპოზიცია ხარ, მოდი, წავიდეთ იმაზე, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ვიფიქროთ, როგორ დავამარცხოთ ერთიც და მეორეც. რეალურად უნდა შეგვეფასებინა ოპონენტების შანსები. ვეუბნებოდით ოპოზიციონრებს, არ აქვს მნიშვნელობა, თუ გინდათ, კანდიდატურა თქვენი პარტიიდან იყოს. ის, რომ კუკავა და კაციტაძე არ წამოვიდოდნენ ჩვენთან, ეს თავიდანვე ჩანდა, მათ ბლოკის შექმნის შესახებ დაიწყეს საუბარი.
მართალია, თავის დროზე მე და კახა კუკავა თითქოს შევთანხმდით, რომ ჩვენი წინადადება ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ მათ უნდოდათ, 150-150 ათასი ლარი აეღოთ. ჩვენს მიზნებში კი ეს არ შედიოდა. კუკავამ მითხრა, ძალიან კარგი წინადადებაა, მეორე დღეს 12 საათზე ვხვდებით ერთმანეთსო და დეტალურად უნდა გაგვევლო საკითხები, მაგრამ მეორე დღეს ერთი საათით ადრე კუკავამ ბრიფინგი ჩაატარა და თქვა, მე და კაციტაძე არჩევნებზე ბლოკით გავდივართო. კახა კუკავას საიტზე რომ შეხვიდეთ, ნახავთ, რომ გამოკითხვებში ნაცებისა და მისი საიტი ერთმანეთსგან არ განსხვავდება. მის საიტზე ნიკა მელია ლიდერობდა, მესამეზე კუკავა იყო, ხოლო ჩვენ გვქონდა - 2,2 % და ჯავახაძე და სხვები გვისწრებდნენ“, - აღნიშნა ზაზა ვეკუამ.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხრა წლის მანძილზე ისეთი სქემა ააწყო, რომ სატელიტი პარტიები დატოვა, რომლებთანაც, ცხადია, ისინი ვერ გაერთიანდებოდნენ. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ისინი ისეთ რამეს გააკეთებდნენ, რაც საარჩევნო ბლოკ „ნინო ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას“ საერთოდ დააქცევდა - „ღირსეული პარტიები რომ ყოფილიყვნენ, მეორე ადგილზე მოვხვდებოდით, მაგრამ საეჭვო მიზნები ჰქონდათ პარტიებს“.
გარდა ამისა, ზაზა ვეკუას თქმით, საარჩევნო გარემო არ იყო მოწესრიგებული, არაფერი გააკეთა დღევანდელმა მმართველმა გუნდმა, ბიომეტრიული სიებისთვის, მათ გააგრძელეს ნაციონალების მიერ შემოტანილი კანონებით მანიპულირება.
„ჩვენ კომისიის წევრებიც არ გვყავდა, დანარჩენმა კომისიის წევრებმა ხელი აუწიეს და ჩვენი წარმომადგენლები გამოყარეს. არჩევნების მთელი ღამის განმავლობაში გახლდით ისანში 28-ე უბანზე. ორივე წარმომადგენელი გამოყრილი დამხვდა და რა დათვალეს და როგორ გადათვალეს, კაცმა არ იცის“.
ამიტომ „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“ თვლის, რომ მათ ხმები დაკარგეს, რის გამოც ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვენ.
არასაპარლამენტო ოპოზიციის თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი კახა კუკავა ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ერთობისთვის მან ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ყველასგან უარი მიიღო. ხოლო ვისგანაც უარი არ მიიღო, იმ ორ პარტიასთან ერთად გაერთიანდა კიდეც.
„ჩვენ საარჩევნო ბლოკს ვთავაზობდით, ნინო ბურჯანაძე კი გვთავაზობდა გაერთიანებას თავის პარტიაში. სხვათა შორის, არა თავის, არამედ_ქდმ-ს პარტიაში, ის „აირჩიეს“ კიდეც ქდმ-ს თავმჯდომარედ და არჩევნებში მესამე ადგილი ბურჯანაძემ კი არ მიიღო, არამედ - ქდმ-მ. შედეგები არის ის, რაც არის. ასე რომ, გამომწვევი მიზეზები იყო სუბიექტურიც და ობიექტურიც. პრაქტიკულად, ჩვენ ვიყავით ერთადერთი რეალური ოპოზიცია, რომელსაც არც ტელევიზია მისცეს, არც ბილბორდები. ალბათ, გახსოვთ, ერთ წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა ჩამოთვალა, ვის ისურვებდა ოპოზიციად და სწორედ იმ პარტიებმა გადალახეს ბარიერი. ჩვენზე ამბობდა, ეგენი არასერიოზული ხალხიაო და ყველაფერი გაკეთდა, რომ ბარიერს მიღმა დავრჩენილიყავით. ეს არის სუბიექტური მიზეზები.
იყო ობიექტური მიზეზებიც, - ქართველმა ხალხმა გამოგვიცხადა უნდობლობა, რაც სრულიად მკაფიო გზავნილია. ეს არჩევნები ნაციონალებისთვის ძალიან მომგებიანი იყო, ნებისმიერმა ევროპულმა პარტიამაც კი 27 % რომ მიიღოს, ამას წარმატებად შეაფასებდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ კოალიცია არის პირველ ადგილზე და შეიძლება, მათმა ერთობამ ვერ გაძლოს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ნაცმოძრაობამ პირველი ადგილი აიღო პარტიულად“, - აღნიშნა კახა კუკავამ For.ge-სთან საუბრისას.
საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ირმა ინაშვილი For.ge-სთან საუბარში მიიჩნევს, რომ ცხოვრებაში არის ეტაპები, როცა აუცილებელია ოპოზიციის გაერთიანება. გასული ათი წლის განმავლობაში რამდენიმე ასეთი მომენტი იყო, როცა ოპოზიცია გაერთიანდა, მაგრამ ზოგჯერ ასეთ გაერთიანება ხალხის დაკვეთა არ არის.
„ამ არჩევნებისას არ მოხერხდა ოპოზიციის გაერთიანება, ჩვენ მათ ვთავაზობდით, მერობის ჩვენი კანდიდატისთვის, ანუ ჩემთვის მხარი დაეჭირათ და ოპოზიცია გაერთიანებულიყო არა პოლიტიკოსის, არამედ ჟურნალისტის ირგვლივ, რომელიც ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნებოდა. თუმცა, რატომღაც არ მოხდა შეთანხმება. ჩვენ პოლიტიკური ინტერესებიდან არ გამოვდიოდით, თორემ ჩვენც გვყავს ლიდერი პოლიტიკოსები, რომლებიც არ დაგვიყენებია მერობის კანდიდატებად. ჩვენ შევჩერდით ნეიტრალურ კანდიდატურაზე. ყველამ თავისი პერსონა დააყენა მერობის კანდიდატად. ჩვენი აზრით, უკეთესი იქნებოდა, მომხდარიყო გაერთიანება ჩვენი კანდიდატის ირგვლივ.
მეორე პრობლემას ქმნიდა, რომ ოპოზიციურ გაერთიანებებში აღმოჩნდა ქდმ და „მემარჯვენეები“, ხალხის განწყობა ამან დაამძიმა და ოპოზიციისადმი პრობლემა შექმნა. ეს უნდა ვაღიაროთ და ეს ყველაფერი უნდა გაანალიზდეს. ყველა წავიდა თავისი გზით და ამ გზაზე ვინ რა უპირატესობა მოიპოვა, ყველა ვხედავთ“, - გვითხრა ირმა ინაშვილმა და განმარტა, რომ თუკი ოპოზიციის დიდი გაერთიანება მოხდებოდა, მეორე ადგილს აუცილებლად არასაპარლამენტო ოპოზიცია დაიკავებდა.