"ღარიბაშვილის პირველი მტერი კახი კალაძეა"

"თუ საპარლამენტო არჩევნებზეც ასე გაგრძელდა და ყველამ ერთად და პირველ რიგში ხელისუფლებამ რამე არ შეცვალა, მერწმუნეთ, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი აღარ იქნება და ქვეყნის პირველ პირად ისევ სააკაშვილი მოგვევლინება," - უთხრა "რეზონანსს" "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" კოალიციის წევრმა, "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გიორგი ახვლედიანი: "ღარიბაშვილის პირველი მტერი კახი კალაძეა".

"თუ გავითვალისწინებთ იმას, რა რაოდენობის ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, მაშინ ჩვენ მიერ ნაჩვენები შედეგები სრულიად ბუნებრივია და უკმაყოფილების საბაბი არ გვაქვს. ხელისუფლებამ ელემენტარულად ისიც კი ვერ მოახერხა, რომ "ნაცმოძრაობა" პოლიტიკური ავანსცენიდან გაეჩოჩებინა მაინც, რათა ამ დანაშაულებრივმა გუნდმა საზოგადოებას მორალი მაინც არ უკითხოს და კიდევ უარესი - გამარჯვება არ იზეიმოს. ეს ყველაფერი ხალხმაც კარგად დაინახა და ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა ამის შედეგიცაა. "ოცნება" "ნაცმოძრაობას" ხელისუფლებაში დასაბრუნებლად წინაპირობას უქმნის. ხელისუფლება დღეს ცდილობს თავი გამარჯვებულად წარმოაჩინოს. "ოცნებაში" გამარჯვებას კი არ უნდა ზეიმობდნენ, კოალიციის თითოეულ ლიდერს, პირველ რიგში კი პრემიერ-მინისტრს ორი აგური უნდა ეჭიროს ხელში და თავში იცემდეს. ეს არის ხელისუფლების სრული უსუსურობის ბრალი. კოალიციაში წარმოჩინდა ის პოლიტიკური ფლანგი, რომელიც ხედავს, რომ "ოცნებას" არანაირი უნარი არ აქვს "ნაცმოძრაობა" პოლიტიკური გზით გააცილოს ავანსცენიდან, ამიტომ იგი სააკაშვილის გუნდთან აბსოლუტურ თანამშრომლობა-შერწყმა-კოაბიტაციაზე მიდის", - აცხადებს გიორგი ახვლედიანი.

"დღეს ასეთი რეალობაა, თბილისში ყოველი 100 ამომრჩეველიდან ხელისუფლებას მხარი 15-მა დაუჭირა, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველი 100 ამომრჩეველიდან მხოლოდ 20-მა. 1 ოქტომბრის მერე არჩევნებზე წამსვლელთა რაოდენობა განახევრდა. ეს ის მდგომარეობაა, რომ ხელისუფლების ლიდერები თავში აგურს უნდა ირტყამდნენ. თუ ასე გაგრძელდა, "ოცნებაც" ისე გაითხრის პოლიტკურ სამარეს, როგორც ეს ორი წლის წინ "ნაცმოძრაობამ" გააკეთა. უბრალოდ, ახლა განსხვავება ისაა, რო "ოცნება" "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს. საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში სხვა პოლიტიკური ძალებიც არიან და ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ეს ამ არჩევნებზეც გამოჩნდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ახვლედიანი.

"ამომრჩეველს პირველ რიგში უნდა დავანახოთ, რომ გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ აქტიურობაშია. ყველას უნდა დავანახოთ, რომ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების რეალური საშიშროება არსებობს. დიდ იმედი მაქვს, რომ ორ წელს არ დაველოდებით. ჩცენ დავწყებთ ბრძოლას, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ადრეც გითხარით და კიდევ გიმეორებთ, რომ სიტუაციიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ და თუ საჭირო გახდება, ქუჩის საპროტესტო აქციებსაც გავმართავთ", - განმარტავს რესპონდენტი.

"ის, რომ "ნაცმორაობის" თბილისის მერობის კანდიდატი სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელი იყო და ამაზე ერთი წამით არ გრძნობს პასუხისმგებლობას; ის, რომ სასამართლო ხელისუფლების კუთხთ ვერაფერი ვერ გააკეთა და განაჩენი ისევ "ნაცმოძრაობის" ერთგულ მოსამართლეებს გამოაქვთ, აშკარა ნიშანია იმისა, რომ "ნაცები" და "ქოცები" ერთად თავს კომფორტულად გრძნობენ. ამ ყველაფერს მარტივ სახელი ჰქვია: "ქართულმა ოცნებამ" "ნაცმოძრაობა" გადაარჩინა. გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას არა აქვს, ეს გარიგებით ხდება თუ ხელისუფლების უსუსურობით, პრემიერი მძიმე მდგომარეობაშა და სისულელეს სისულელით პასუხობს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ გარკვეული გარიგების ნიშნები ჩნდება. რაც გააკეთა კალაძემ ეს "ნაცმოძრაობასთან" აშკარა გარიგებაზე მიანიშნებს. კახი კალაძე დღეს ღარიბაშვლის პირველი მტერია. კალაძესნაირი ერთგული მხარდაჭერი "ნაცონალურ მოძრაობას" წლების განმავლობაში არ ჰყოლია. ფაქტია, რომ კალაძე ინაწილებს იმ წლებს, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" ენერგოსფეროში ჰქონდა", - დასძენს გიორგი ახვლედიანი.