"მიზეზებზე, თუ რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებაში ახლად მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ თვითმმართველობის არჩევნებში სასურველი შედეგის მიღება და სად იყო შეცდომები დაშვებული, "რეზონანსი" ექსპერტს, ექსპრემიერ ივანიშვილის ყოფილ მრჩეველს, გია ხუხაშვილს ესაუბრა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურითხუხაშვილი: ხალხის 40-50% ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია.
"დემოკრატიული თვალსაზრისით მეორე ტური კარგია იმიტომ, რომ ეს აჩვენებს ხელისუფლების ნებას, რომ ის არ აყენებს სპეციფიკურ მეთოდებს იმისათვის, რათა სხვადასხვა მანიპულაციის გზით პირველსავე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს. პოლიტიკურად კი ეს ცუდია, იმ მარტივი მიზეზით, რომ ჯერ ერთი კატასტროფულად დაბალი აქტივობა იყო, რაც პრინციპში მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოებაში არის ნიჰილიზმი და უნდობლობა პოლიტიკოსების მიმართ, სამწუხაროდ ხელისუფლების მიმართ. თბილისელების დიდმა უმრავლესობამ გადახაზა ყველა კანდიდატი, რაც ძალიან ცუდია და ეს აფერხებს მულტიპარტიული დემოკრატიის განვითარების პერსპექტივას. ამ თვალსაზრისით ჩვენ სერიოზული უკუსვლა გვაქვს. ასევე გამოჩნდა, რომ ქვეყანაში ვერ შეიქმნა ჯანსაღი ოპოზიციური ძალა, რომელიც ხელისუფლებას რეალურად დააბალანსებდა და მისცემდა ადამიანებს ჯანსაღი ალტერნატიული არჩევანის საშუალებას", - აცხადებს გია ხუხაშვილი.
"ეს განპირობებული იყო ძირითადად ხელისუფლების სერიოზული შეცდომებით. გარდა ამისა, არ მომხდარა პოლიტიკური სივრცის სისტემური გახსნა იმისთვის, რომ ქვეყანას ახალი სისხლი და ახალი შესაძლებლობები გასჩენოდა. ერთ-ერთი დანაშაული, თუ მას დანაშაული შეიძლება ეწოდოს, არის ის, რომ თბილისსა და სხვა თვითმმართველ ქალაქებში საინიციატივო ჯგუფების მიერ კანდიდატების წარდგენა არ დაუშვეს. დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკური პროცესის თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენას კი სჭირდება ახალი სახეების გამოსვლა, რომლებიც რაღაც ეტაპზე ჯგუფებად შეიკრიბებიან და მათ ბაზაზე ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირება გახდება შესაძლებელი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
"ამ შეზღუდვამ უკან დახია საარჩევნო პროცესი და, ჩემი აზრით, ეს იყო ერთ-ერთი შეცდომა, მე ვიტყოდი ანტისახელმწიფოებრივი შეცდომა, რომელიც ხელისუფლებამ დაუშვა. ამ მხრივ ერთადერთი პრეცედენტი იყო თქვენი კოლეგის, ალეკო ელისაშვილის მაგალითი, როდესაც მიეცა საშუალება საზოგადოებას არაპარტიული, ჯანსაღი პიროვნება აერჩია. ანუ, ეს მაგალითია იმისა, თუ როგორ პოზიტიურად შეიძლებოდა წასულიყო პროცესი და რა დადებითი შედეგები შეიძლება მიგვეღო თუ ხელისუფლება დაუშვებდა იმას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო არაპარტიულ საზოგადოებრივ ელიტას. ეს გახსნიდა პოლიტიკურ სივრცეს, რადგან დიდი ალბათობით ქალაქების მერები და გამგებლები გახდებოდნენ საზოგადოების არაპარტიული წარმომადგენლები და მათ ბაზაზე მოხდებოდა ახალი ჯანსაღი პოლიტიკური ორგანიზაციების ფორმირება", - განმარტავს რესპონდენტი.
"მეორე ტურის პროგნოზირებას მე არ დავიწყებდი იმიტომ, რომ მეორე ტურზე ხალხი მიდის მაინც ჯოხის ქვეშ - ორგანიზაციული რესურსის ბაზაზე ხდება ყველაფერი ეს. ვის აქვს დღეს მეტი ორგანიზაციული რესურსი? იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას მეტი აქვს. მაგრამ რომც ვერ მოახერხონ და "ნაციონალებმა" მეტი ორგანიზებულობა აჩვენონ, არც ეს გამიკვირდება. რაც შეეხება ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას, როდესაც მოსახლეობის მხოლოდ 30% მიდის არჩევნებზე, ეს ნიშა კი არ არის, არამედ დიდი ხვრელია. დღეს ხალხის 40-50% პარტიული მიუკერძოებლობის გარეშეა, ანუ ისინი ეძებენ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეიძლება ენდონ. არის უზარმაზარი შესაძლებლობა, ვიხილოთ ახალი ძალები, მთავარია სადმე გამოჩნდნენ", - დაასკვნის გია ხუხაშვილი.