„ნაციონალური მოძრაობა“ გაზაფხულისთვის მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს. პარტიის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური ვარაუდობს, რომ, სწორედ, გაზაფხულისთვის იქნება ქვეყანაში მომწიფებული საპროტესტო მუხტი და საზოგადოება ხელისუფლებას შეუსრულებელი დაპირებების გამო ქუჩის აქციებით დაუპირისპირდება.
რა საფუძველი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ პროგნოზს და რატომ იწუნებენ თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხს წლების განმავლობაში სხვადასხვა ტიპის საარჩევნო დარღვევებში „ეჭვმიტანილი“ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები?
For.ge ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა.
ბატონო ნუგზარ, რატომ ფიქრობთ, რომ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გახდება საჭირო და რა იქნება ამგვარი აქციები მთავარი მოთხოვნა?
- სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთი გამოსვლები იყოს გაზაფხულზე. ამის ორი მიზეზი არსებობს - ერთი, რომ არჩევნები წარიმართა გაყალბების გზით და ბევრ ადგილას გაყალბდა. მეორე მიზეზი კი არის ის, რომ ხელისუფლებამ ვერ გამოიტანა დასკვნა და ვერ გახდა მისთვის გაკვეთილი ეს არჩევნები. მათი განცხადებები კვლავ იქითკენ არის მიმართული, რომ არ არსებობენ სხვა პოლიტიკური ძალები. ხელისუფლების განცხადებები ცხადყოფს, რომ არ აპირებენ იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც გასცეს.
როდესაც ხალხი ხელისუფლების დანაპირებს ვერ იღებს საპარლამენტო და სხვა გზებით, მას აქვს დემოკრატიული ბრძოლის სრულიად ლეგიტიმური ინსტრუმენტი - საკუთარი ნება გამოხატოს საპროტესტო აქციების მეშვეობით.
ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სრული უნიათობისა და უქნარობის პირობებში, რამდენიმე თვეში იქნება ვითარება, როდესაც ადამიანები გამოვლენ ქუჩაში და ასე გამოხატავენ თავიანთ პროტესტს.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პროპორციულ დონეზე „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დაახლოებით 2-ჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს. თქვენ ფიქრობთ, რომ რამდენიმე თვეში საზოგადოებრივი განწყობა იმდენად შეიცვლება, რომ ხალხი ხელისუფლების საწინააღმდეგო მასშტაბურ აქციებში ჩაერთოს?
- ამ არჩევნებზე გამოვლენილმა დაბალმა აქტივობამ აჩვენა იმედგაცრუება - „ქართული ოცნების“ მმართველობით, შეუსრულებელი დაპირებებით, იმ უნიათობით, რომელიც ქვეყანაში არის. ხელისუფლების დეკლარირებული, ღია განცხადებები ადასტურებს, რომ მიიჩნევენ, ყველა დაპირება გადაჭარბებით შეასრულეს. არც აპირებენ იმის გამოსწორებას, რა პრობლემებიც დაუგროვდათ. კლასიკური ვითარებაა პროტესტის გამოსახატად - ხელისუფლება არ ასრულებს დაპირებას, არად მიაჩნია ხალხის პრობლემები, ქვეყანაში კი სოციალური ფონი უარესდება. პირველი წელია, როდესაც არ იზრდება ეკონომიკა, ყველანი ვხედავთ, რომ არის სტაგნაცია და, შესაბამისად, ეკონომიკა ვერ იზრდება ძველი ტემპებით. ეს ყველაფერი არის წინაპირობა იმისთვის, რათა ხალხმა ხელისუფლებას გააგებინოს, რომ უკმაყოფილოა მისი ორწლიანი მმართველობით.
აცხადებთ, რომ არჩევნები ბევრ ადგილას გაყალბდა. თუმცა ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თითქმის ყველა საზოგადოებრივმა ჯგუფმა აღიარა, რომ თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. რადგან გაყალბების სიმრავლეზე მიანიშნებთ, არჩევნების შედეგის ლეგიტიმაციაც საეჭვოდ ხომ არ მიგაჩნიათ?
- არჩევნების ლეგიტიმაციას კითხვის ქვეშ არ ვაყენებთ. ამგვარ პოზიციამდე თუ მივალთ, საგანგებო განცხადებასაც გავაკეთებთ. ეს ასე არ არის, მაგრამ, ამასთანავე, ჩვენ ვნახეთ, მაგალითად, მარნეულის შემთხვევა, სადაც საარჩევნო ყუთში ასზე მეტ ბიულეტენს ყრის ერთი ადამიანი, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირი. ჩვენ ვნახეთ ყველა ნიშანი სამეგრელოში, მაგალითად, სენაკში, ზუგდიდში, რომ ტარდებოდა ე.წ. კარუსელები. დაზუსტებით ვიცით, რომ ბოლო დღეების განმავლობაში უშიშროების სამსახურები ძალიან აქტიურად დადიოდნენ და მოსახლეობას, ვინც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, ეუბნებოდნენ, არ მისულიყვნენ არჩევნებზე. აგრეთვე ჩვენ ვნახეთ, რომ დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული „ქართული ოცნების“ ე.წ. ზონდერბრიგადები თავს ესხმოდნენ მოქალაქეებს, პოლიციელებს, მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ჯგუფებს. ეს ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში, თავად არჩევნების დღეს კი მასობრივად ჩაყარეს ბიულეტენები, რაც კონკრეტულ აზრს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები იყო ფალსიფიცირებული. „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ამოცანა, რომ ბევრ ქალაქში გადაელახა 50%-იანი ბარიერი და ყველაფერი გააკეთეს კიდეც ამისთვის. თუმცა, ზოგიერთ ადგილას, სადაც მათი რეიტინგი დრამატულად არის დაცემული, ეს ვერ მოახერხეს.
ამომრჩეველზე ზეწოლის, კარუსელების და საარჩევნო დარღვევის სხვა ფაქტები საზოგადოებას ხელისუფლებაში თქვენი ყოფნის დროიდანაც ახსოვს, ამის შესახებ მაშინ საზოგადოების თითქმის ყველა ჯგუფი საუბრობდა. დღეს არჩევნების გაყალბების საკითხზე „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრები საკმაოდ კატეგორიულად საუბრობთ და კონკრეტულ ვიდეომასალებსაც, პრაქტიკულად, მხოლოდ თქვენ ავრცელებთ. რატომ არ აქვთ მსგავსი ფაქტები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლებს? ფიქრობთ, რომ ისინი არასათანადოდ აკვირდებოდნენ არჩევნებს, ან თვალს ხუჭავდნენ?
- არჩევნები ჯერ ახალი დასრულებულია და უკვე გამოვაქვეყნეთ გაყალბების შესახებ ვიდეომასალები მარნეულის და დედოფლისწყაროს საარჩევნო უბნებიდან, კიდევ ბევრს გამოვაქვეყნებთ. ნამდვილად არ ვიცი, რატომ ვერ მოიპოვეს მსგავსი ფაქტები არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სხვა დამკვირვებლებმა. ფაქტია, საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა მიმდინარეობდა და ეს გადაღებულია ვიდეოკამერით.
საქართველოში მხოლოდ 90-იან წლებში იყო არჩევნების მეორე ტური - საპარალამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის. ამჯერად კი რამდენიმე თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გაიმართება - მერებისა და გამგებლების ასარჩევად. ბევრი ექსპერტი თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულობას ამის გამოც უსვამს ხაზს.
- ასეთი ტიპის ხაზგასმა სრულიად უმართებულოდ მიმაჩნია. საქართველოში, მოგეხსენებათ, იყო პრაქტიკა, როცა მოდიოდა ერთი ხელისუფლება, მეორე პოლიტიკური ძალა ნადგურდებოდა. ასე მოხდა „მრგვალი მაგიდის“, შემდეგ „მოქალაქეთა კავშირის“ შემთხვევაში. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ გასანადგურებლად და ეს იყო მათი დეკლარირებული ამოცანა. ამაზე საუბრობდა ივანიშვილი, ღარიბაშვილი, სხვა პოლიტიკური ლიდერები, მაგრამ ვერ მოახერხეს. ამიტომ, ნამდვილად ვერ მივაწერთ ხელისუფლების დემოკრატიულობას არჩევნების იმ შედეგს, რომელიც დადგა. არნახული ტერორის, ზეწოლის და გაყალბების პირობებშიც კი, რომლის მსგავსი 10 წლის განმავლობაში არ გვინახავს, ჩვენ გვყავს სტაბილური ამომრჩეველი. როგორიც უნდა იყოს პროკურატურის თავდასხმები და უკანონო ხერხების გამოყენება, ვერც ერთ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ბირთვის დაშლა ვერ მოხერხდება. რაც იმის წინაპირობაა, რომ მომავალ არჩევნებში უფრო მაღალი შედეგი გვექნება.
არჩევნების მეორე ტურში რამდენიმე თვითმმართველ ქალაქში „ნაციონალური მოძრაობაც“ მიიღებს მონაწილეობას, როგორ აფასებთ თქვენი კანდიდატების შანსებს?
- პროგნოზი არის ახლა უმადური საქმე. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს კონკრეტული პროგრამა, საკუთარი სათქმელი ადამიანებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ ხმა უნდა მისცენ „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენი რესურსები გამოთავისუფლებულია, რადგან მთელს საქართველოში აღარ ტარდება არჩევნები. დაკვირვების და გაყალბების აღკვეთის მეტი შესაძლებლობები გვექნება იმ რაიონებში, სადაც არჩევნები ჩატარდება. მანამდე კი ამ არჩევნების პოლიტიკური შეფასება არის შემდეგი: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, მინიმუმ, შეინარჩუნა სტაბილური მხარდაჭერა.
წინა არჩევნებთან შედარებით ჩვენი შედეგი მცირედით, მაგრამ მაინც გაუმჯობესებულია. ამ არჩევნების თვალშისაცემი შედეგი არის ის, რომ დრამატულად დაეცა „ქართული ოცნებისადმი“ ნდობა და ადამიანთა ძალიან დიდმა რაოდენობამ იმედგაცრუების გამო საერთოდ არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ვფიქრობ, ყველა ეს სიმპტომი ხელისუფლებისთვის უნდა იყოს საკმარისი, რათა დაფიქრდეს, რა უნდა შეცვალოს. ხელისუფლება კი ხალხზე ზრუნვის ნაცვლად დაკავებულია ფსევდოპოლიტიკური ეკვილიბრისტიკით. თუ ხალხმა ვერ დაინახა ხელისუფლების მხრიდან სათანადო ზრუნვა, გააგებინებს მას, რომ არის უკმაყოფილო.