„იმედის“ ეგზიტპოლებმა ხელისუფლება გაბითურებული დატოვა - ეგზიტპოლის სანდოობაში დარწმუნებულებმა „ქართულმა ოცნებამ“ უპირობო გამარჯვების აღსანიშნავი ისეთი ფერიერვერკი მოაწყო, ლამის ნაციონალებიც კი უკან მოიტოვა - რამდენიმე საათში აღმოჩნდა, რომ „იმედის“ ეგზიტპოლები დასაშვებზე მეტი პროცენტით ტყუოდა, ხოლო დედაქალაქსა და საქართველოს ქალაქების უმეტესობაში არჩევნების მეორე ტური იყო ჩასატარებელი.
ხელისუფლებას სპეციალურად მოუწყვეს ასეთი „სიურპრიზი“ თუ უნებლიედ მოხდა ასეთი გადაცდომა, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. როგორც ჩანს, სასწრაფოდ დაიწყო გარკვევა, რეალურად რა მოხდა და ზომებიც მიიღეს. მედიაში მაშინვე გაჟონა ინფორმაციამ ტელეკომპანია „იმედში“ საკადრო ცვლილებების შესახებ. ითქვა, რომ საუბარია ტელეკომპანიის დირექტორის რევაზ საყევარიშვილის, გენერალური პროდიუსერის გიორგი ბახტურიძის და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანლის ბაია ცანავას საკადრო გადაადგილებებზე.
For.ge-მ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება უშულაოდ დასახელებულ პირებთან სცადა, თუმცა, მათთან კონტაქტი ვერ მოხერხდა.
მეორე დღეს თავად ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა განცხადება საარჩევნო ეგზიტპოლებთან დაკავშირებით.
„საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებლები და მენეჯმენტი ვაცხადებთ, რომ ტელეკომპანია ეგზიტპოლების შემსრულებელ კომპანიასთან არკვევს ეგზიტპოლსა და არჩევნების ოფიციალურ წინასწარ შედეგებს შორის არსებული ცდომილების მიზეზებს და მოგვიანებით გააკეთებს შესაბამის განცხადებას. ამავდროულად, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტელეკომპანიის მენეჯმენტში არ განხორციელებულა არანაირი საკადრო ცვლილება“, - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.
ტელეკომპანიის კულუარებში უკვე ვრცელდება ინფორმაცია ახალი გენერალური დირექტორის ვინაობის შესახებ და ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად „რუსთავი 2-ის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ნიკა ტაბატაძეც სახელდება.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ უმჯობესია, მოვლენათა განვითარებას დაველოდოთ და წინასწარი დასკვნებისაგან თავი შევიკავოთ
„რამდენადაც ვიცი, თავად იმედის მენეჯმენტი იძიებს ამ საქმეს, დაველოდოთ. ეგზიტპოლების მიმართ დამოკიდებულება მუდმივად განსხვავებულია. მას შემდეგ რაც ეგზიტპოლების საფუძველზე, ხმების დათვლის დაწყებამდე, 2008 წლის იანვარში ამერიკის პრეზიდენტმა გამარჯვება მიულოცა სააკაშვილს, რომელიც იმ დროს გულგახეთქილი იყო მხოლოდ 47%-ის მიღებით, ამის შემდეგ ეგზიტპოლები ჩემთვის სანდო წყაროს არ წარმოადგენს“,- აცხადებს ცისკარიშვილი.
For.ge-ს წყაროს ინფორმაციით, ბაია ცანავას, რევაზ საყევარიშვილისა და გიორგი ბახტურიძის სამეთვალყურეო საბჭოში გადაყვანა არხის მფლობელებმა გადაწყვიტეს, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების (საუბარია სოლიდური თანხის გაფლანგვაზე) გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში, მათ საინფორმაციო პოლიტიკის უშუალოდ განსაზღვრა არ შეეძლებათ, ხელფასს კი სოლიდურს მიიღებენ. For.ge-ს წყაროს ინფორმაციით, „იმედში“ საკადრო გადაადგილებაზე საუბარი დაახლოებით ორი თვეა მიმდინარეობს და არ უკავშირდება ეგზიტპოლებს.
ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, რატომ გადაწყდა ეს საკითხი სწორედ არჩევნების დღეს და არა მაგალითად, სექტემბრისთვის, როდესაც ტელეკომპანიები ახალ სეზონს იწყებენ? გარდა ამისა, ფინანსური საკითხის მოგვარების მიზნით, მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე (თანაც პასუხისმგებლობის გარეშე) გადანაცვლება საკმაოდ უცნაურად გამოიყურება.
მას შემდეგ, რაც „იმედი“ პატარკაციშვილებს დაუბრუნდა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „მეცხრე არხის“ დახურვის შემდეგ ის ხელისუფლების დასაყრდენი ტელევიზია გახდებოდა, თუმცა, „იმედმა“ ეს იმედები არ გაამართლა და ზოგჯერ ლამის ჩასაფრებულის პოზიციაში ჩაუდგა ხელისუფლებას. ამიტომაც ხშირად ჩნდება კითხვა, რეალურად ვისი გავლენის ქვეშ მოექცა ტელეკომპანია?
ტელეკომპანია „იმედის“ მფობელია Georgian Media Production Group რომლის მფლობელიც „იმედის“ დამფუძლებლის, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძეა.
2012 წლის არჩევნებში დამარცხებულმა სააკაშვილის ხელისუფლებამ პატარკაციშვილებთან სასამართლო დავას გარიგებაზე წასვლა არჩია და ბიზნესმენის ოჯახს ბიზნესაქტივები დაუბრუნა. პატარკაციშვილების ოჯახმა სახელმწიფოსთან დავა შეწყვიტა და ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოდან სარჩელი გამოიტანა.
მოკლედ, პატარკაციშვილის ოჯახს 2007 წლის ბოლოს წართმეული ტელეკომპანია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში დაუბრუნეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად, ოჯახს მჭიდრო კავშირი ჰქონდა მაშინ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფ „ერთიან ნაციონალური მოძრაობასთან“.
„იმედთან“ ერთად კომპანიას ასევე რადიო „იმედი“, ფილმების მწარმოებელი კომპანია Imedi Films -ი, ტელეარხი - „აისი“ და ბადრი პატარკაციშვილის სახელობის მედია სკოლა ეკუთვნის.
პატარკაციშვილების ოჯახს ასევე დაუბრუნეს მთაწმინდის პარკი, „ბორჯომი“, რომლის აქციათა უდიდესი წილი რუსულ კომპანია Alfa Group-ს მიჰყიდეს 2013 წლის დასაწყისში. პატარკაციშვილის ოჯახის მფლობელობაშია „მაგთიკომი“ (46%). მათ ეკუთვნოდათ „რუსთავი ფოლადიც“ რომლის საკუთრების საკითხზე სასამართლომ ჯოზეფ ქეის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში.
2008 წელს, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ინა გუდავაძემ, ტელეიმედისა და მთაწმინდის პარკის წართმევის პასუხად, საქართველოს მთავრობას პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა და ზიანის ანაზღაურების სახით, 400 მილიონი დოლარი მოითხოვა.
თავის დროზე, როგორც ჯოზეფ ქეი ირწმუნებოდა, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ დაეხმარა გუდავაძეს მისთვის მეტალურგიულის წართმევაში. ამ პერიოდში პატარკაციშვილებმა „ქართული ფოლადის“ რეაბილიტაციას 86 მილიონი მოახმარეს - ქარხნის ასამუშავებლად მათ საამქროების აღორძინება და ქეის მიერ „აკიდებული“ ვალების დაფარვა მოუხდათ.
როგორც ქეის კომპანიონი ნათია ჯაყელი აცხადებდა, 2011 წლის 6 ივლისს მიხეილ სააკაშვილსა და ინა გუდავაძეს შორის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, „ქართული ფოლადის“ მენეჯმენტს იძულებით დაატოვებინეს ქარხანა, ხოლო თავად საწარმოს აქტივები ხელოვნური გაკოტრებისა და უკანონო გარიგებებით გადაეცა სახელდახელოდ შექმნილ შპს „რუსთავის ფოლადს“, რომლის მეპატრონე რეალურად ინა გუდავაძეა. ჯაყელის თქმით, ქარხანაში ჯარი შეიყვანეს და ქონება ისე გაიტანეს.
საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შემდეგ, „ქართულმა ფოლადმა“ უფლებების აღსადგენად სასამართლოს მიმართა, რომელმაც ბათილად და არაკანონიერად ცნო შპს „რუსთავის ფოლადისათვის“ მეტალურგიული ქარხნის აქტივების გადაცემა და ქონება „ქართულ ფოლადს“ დაუბრუნა.
თუმცა ეს იმ ისტორიის გაგრძელებაა, რომელიც პატარკაციშვილის ოჯახსა და ყოფილ ხელისუფლებას შორის გაფორმებულ ხელშკრულებას მოჰყვა.
როგორც ვიცით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 6 ივლისს გაფორმებული მორიგების შეთანხმება. დოკუმენტის მიხედვით, გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახმა უარი თქვა ტელეკომპანია „იმედსა“ და ხელისუფლების წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე, რის სანაცვლოდაც მთავრობამ პატარკაციშვილის ოჯახის კუთვნილ კომპანიებს ჩამოაწერა საგადასახადო დავალიანება.
შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულებაში 17 საწარმოსთან მიმართებაში საგადასახადო დავალიანებაზე უარის თქმის მიზნით დადებული იყო შეთანხმებები, ხოლო იქ, სადაც რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, გათვალისწინებული იყო ხელშეწყობა რეაბილიტაციის დასრულების პროცესში. სახელმწიფოს მხრიდან ხელშკრულებას ხელს აწერდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თინა ბურჯალიანი. ამ ისტორიის დეტალურად თხრობას არ შევუდგებით, თუმცა შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ პროცესებში სხვადასხვა ეტაპზე ჩართული იყვნენ გია ხუხაშვილი, ასევე სააკაშვილის მაღალჩინოსნები, მათ შორის, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და ა.შ.
მთელ ამ ისტორიას თუ გადავხედავთ, აშკარაა, რომ პატარკაციშვილის ოჯახს პოლიტიკური ინტერესები არ უნდა ამოძრავებდეს, თუმცა ყოფილ და ახალ ხელისუფლებას შორის, სავარაუდოდ, ვალდებულებათა წნეხში ჰყვება. თუმცა, ვის მიმართ რა ვალდებულება აქვს პატარკაციშვილის ოჯახს, იმედია მომავალში გამოჩნდება. მანამდე კი, კულუარებში კვლავ საუბრობენ ტელეკომპანიაში ნაციონალების შემორჩენილ გავლენაზე, რასაც ვერ დავადასტურებთ.
და მაინც, ვის ინტერესში შეიძლებოდა ყოფილიყო ეგზიტპოლის შედეგები მაღალი ცდომილებით, საინტერესოა. ერთი მხრივ, შეიძლება იკითხებოდეს ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბების სურვილი, ხოლო მეორე მხრივ, ნაციონალების მხრიდან - ხელისუფლების გაბითურების.
სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ თუ არხის ბადეს გადავხედავთ, ხელისუფლების გავლენა აქ არ იკითხება.
„თუ ხელისუფლებასთან დასაპირისპირებელი თემა ვინმეს საკუთარ ეთერში წარმოუჩენია, ყველაზე ხშირად და ყველაზე ხანგრძლივად ეს ხდება „იმედის“ ეთერში. დარჩენილია საკმაოდ დიდი რაოდენობა იმ გადაცემებისა, რომელიც 2012 წლამდე არსებობდა. ამდენად, პოლიტიკური ნიშნით ანგაჟირებულობას ნამდვილად ვერ ვამჩნევ. გამომდინარე იქიდან, რომ ვიცნობ მის მენჯმენტსა და ხელმძღვანელობას, ადვოკატის როლში უფრო გამოვდგები, ვიდრე პროკურორის“,- აცხადებს ცისკარიშვილი.