სასურსათო ვაუჩერს ბევრი გაჭირვებულის ოჯახში არ მიიტანენ

სასურსათო ვაუჩერს ბევრი გაჭირვებულის ოჯახში არ მიიტანენ

[ლელა კობერიძე]

დღეიდან 30-ლარიანი სასურსათო ვაუჩერის დარიგება იწყება. თუმცა პრობლემაა ის, რომ ბევრი ოჯახი ვაუჩერის გარეშე დარჩება, ვინაიდან ვაუჩერს ვერ მიიღებენ ისინი, რომლებსაც გაჭირვებისა და გადასახადის გადაუხდელობი გამო დენი, თუნდაც 1 თვე, ან 1 კვირით ჰქონდა გათიშული. ასეთი ოჯახები აქტიურ აბონენტებად არ ჩათვალეს და სასაჩუქრე სიაში ვერ მოხვდნენ.

 

მეორე პრობლემაა ის, რომ ვაუჩერის განაღდება, საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ “ლიბერთი ბანკში” იქნება შესაძლებელი. გამომდინარე იქიდან, რომ პენსიონერების გამო “ლიბერთის” ფილიალებში მუდმივი, გრძელი რიგია, ამჯერად მათ კიდევ მილიონი ადამიანი დაემატება. შესაბამისად, მოსახლეობას გრძელ რიგებში კარგი დღე არ ელის.

 

კიდევ ერთი პრობლემა გაჭირვებული ოჯახებისთვის - ჩინოვნიკები ტელევიზიებისა და “ლაქიების” თანხლებით, “სიკეთის გამოსაჩენად” ყველაზე ხელმოკლე ოჯახებს შეუვარდებიან და ვაუჩერს საზეიმოდ თვალცრემლიანები გადასცემენ. სწორედ ამის გამო, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაში განაცხადეს, რომ ეს პროგრამა ხელისუფლების გასაპიარებლად გაკეთდა და არა სოციალური პრობლემების გადასაჭრელად.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით, ვაუჩერი საქართველოში მცხოვრებ მილიონამდე ოჯახს, აპრილის შუა რიცხვებამდე დაურიგდება. ვაუჩერის განაღდება შესაძლებელი იქნება მხოლოდ “ლიბერთი ბანკის” ფილიალებში 1-ელ ივლისამდე, ხოლო სოფლებში ჩავა მოძრავი სერვისცენტრი, რომელიც დღეიდან დაიწყებს მოქმედებას.

 

“ჩვენი მიზანია, დროულად დავარიგოთ ეს ვაუჩერები, რადგან მომატებული ფასების პირობებში ეს არის მნიშვნელოვანი დახმარება ჩვენი მოსახლეობისათვის”, - განაცხადა კვეზერელმა.

 

ჯანდაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის განცხადებით, ოჯახების სიები არის ელექტროენერგიის ვაუჩერის სიის იდენტური, ანუ ვაუჩერები სწორედ ელექტროენერგიის ვაუჩერის სიის მიხედვით დარიგდება. ვაუჩერების დარიგებას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს.

 

“ამ ვაუჩერების განაღდება პირველ ივლისამდეა შესაძლებელი. ეს არის ღონისძიება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში არ წყვეტს ამ პრობლემას. მთავრობას ამ გრძელვადიან პერსპექტივაში სხვა გეგმები აქვს. თუმცა, ეს იქნება მცირე შეღავათი ჩვენი მოსახლეობისათვის”, - განაცხადა ანდრია ურუშაძემ.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პოლიტიკოსების განცხადებით, ხელისუფლების ქმედებებმა, ვაუჩერების ტელევიზიების თანხლებით დარიგებასთან დაკავშირებით, ცხადყო, რომ ეს პროგრამა მხოლოდ პიარისთვის იყო გათვლილი, ვინაიდან 50 ლარი მოსახლეობისთვის არც სოციალურ პრობლემებს მოაგვარებს და არც ინფლაციას შეამცირებს.  სამაგიეროდ, თვალცრემლიანი მთავრობა საზოგადოებას დაარწმუნებს, რომ იგი მათზე ზრუნავს.

 

“ადამიანს, როცა 20-ლარიან დახმარებაზე თვალზე ცრემლი ადგება, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა სიღატაკეში ცხოვრობს. მინისტრებს უნდა სრცხვენოდეთ, როცა 20-ლარიან ენერგოვაუჩერს სოციალურად შეჭირვებულ და თვალზე ცრემლმომდგარ ადამიანს ტელეკამერების წინაშე აძლევენ, მის ადგილზე მისატანად კი მანქანაში 100 ლარის ბენზინს ასხამენ”, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა კი ენერგოვაუჩერების კამერების თანხლებით დარიგებას სოციალურ სოლიდარობა უწოდა.

 

“საუბარი იმაზე, რომ უმრავლესობა კამერებით დადის და ისე არიგებს ენერგოვაუჩერებს, გათვლილი არ არის პიარზე და ეს სხვებისთვის მაგალითის მიმცემია. ამას მოჰყვა ის, რომ 5000-მდე სახელმწიფო მოხელემ თავის ენერგოვაუჩერი გაჭირვებულ ადამიანებს გადასცა”, - განაცხადა მაჭავარიანმა.

 

მაჭავარიანს მხარი სხვა ნაციონალმა დეპუტატებმაც აუბეს, რომელთა განცხადებით, არ შეიძლება პიარად განიხილო, როდესაც საუბარია იმაზე თუ რას აკეთებს სახელმწიფო მოსახლეობის ყოფის შესამსუბუქებლად.

 

სინამდვილეში მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელმაც ენერგოვაუჩერი ვერ მიიღო, ვერც სასურსათო ვაუჩერს მიიღებს. მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებული ფენა შეიძლება სასურსათო ვაუჩერის გარეშე დარჩეს. მთავრობაში განაცხადეს, რომ გაკეთდებოდა ახალი სიები და ენერგოვაუჩერს ის აბონენტები მიიღებდნენ, რომლებსაც დენის 200 კილოვატზე ნაკლები მოხმარება ჰქონდათ. თუმცა, ჯერჯერობით, არც სიებია მზად და არც ფულია გამოყოფილი ამ მიმართულებით.