ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს გაიმართება. პრემიერი იმედოვნებს, რომ ამომრჩეველს ამ დროისათვის უფრო მეტი მოტივაცია ექნება. რა შედეგით არის მოსალოდნელი მეორე ტურის დასრულება, რისი გათვალისწინება დასჭირდება ხელისუფლებას და რამ განაპირობა შედეგი, რაც დადგა, ამ თემებზე ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
ბატონო ვახტანგ, პრემიერი აცხადებს, რომ მეორე ტურში ამომრჩეველს მეტი მოტივაცია ექნება, ანუ 15 ივნისს ამომრჩეველს მოტივაცია არ ჰქონდა?
- ამ შემთხვევში ორი კანდიდატია დარჩენილი, „ოცნების“ და ნაციონალების, ისევ ლაპარაკია, იმის შიშით, რომ კვლავ ნაციონალების კანდიდატი არ გავიდეს, მოსახლეობა და ამომრჩეველი უფრო აქტიური იქნება. მთლად ასე არ მგონია, მაგრამ მაინც, ალბათ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გაიმარჯვებს ამ დაპირისპირებაში. ვფიქრობ, პრემიერი ამას გულისხმობდა.
აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 4 ქალაქში აირჩიეს მერი, დანარჩენ ქალაქებს მერი არ ჰყავს და გამარჯვებულს მხოლოდ მეორე ტური გამოავლენს. ერთი მხრივ, ეს არის იმის დასტური, რომ დემოკრატიული არჩევნები შედგა, მაგრამ მეორე მხრივ, ხელისუფლების პასიურობაზეც ხომ არ მიანიშნებს?
- რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მიმანიშნებელი, რომ ხელისუფლებამ არ გააყალბა არჩევნები, ან ვერ გააყალბა - ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს. ზეწოლა არ ყოფილა, ადმინისტრაციული რესურსებიც არ ყოფილა მაქსიმალურად გამოყენებული, თორემ წინააღმდეგ შემთხვევში სხვა შედეგი დადგებოდა.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში 5%-იან გაყალბებას გაყალბებად არც კი ვთვლიდით. ნარმანიას შემთხვევში 4%-იც კი საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ პირველივე ტურში გაემარჯვა. მაგრამ ამაზე არ წავიდა.
მეორე მომენტია, რომ საკმაოდ მაღალი კვორუმია საჭირო გასამარჯვებლად - 50+1, დიდი ხანია საქართველოში ასეთი მაღალი კვორუმი არ ყოფილა. ჩვეულებრივ, 30%-იანი ბარიერი რომ ყოფილიყო გადასალახი, ყოველგვარი გაყალბების გარეშე, ყველა ოლქს მოიგებდა „ქართული ოცნება“.
იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ყოველთვის პრობლემა იყო არჩევნების გაყალბება და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, 50+1 ბარიერის დაწესება ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო.
ასეთი რამ პირველად მოხდა 1995 წლის 5 ნოემბრის არჩევნებზე, როდესაც პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. მაჟორიტარებში მუშაობდა პრინციპი - 50+1 და მაშინაც საკმაოდ ბევრ ოლქში გახდა საჭირო მეორე ტურის ჩატარება. ამით ხაზგასმა მინდა, რომ ასეთი ბარიერი საკმაოდ მაღალია და სწორია მისი დაწესება. ასეთი ბარიერის პირობებში როდესაც რომელიმე ძალა აყალბებს, ეს იმდენად თვალსაჩინოა, რომ არა თუ დამკვირვებელი, საზოგადოებაც მიხვდება შორიდან. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ არ გააყალბა არჩევნები.
თუმცა ასე არ ფიქრობს არასაპარლამენტო ოპოზიცია. ბურჯანაძემ ისიც კი თქვა, რომ ქვეყანაში დიდი ოდენობით შავი ფული ტრიალებს და ეს გამოიყენეს არჩევნებისთვის. შალვა ნათელაშვილიც არ იშურებს ხელისუფლების კრიტიკას და შესაძლოა, მათ სხვებიც შეუერთდნენ. რამდენად არგუმენტირებულია არასაპარლამენტო ოპოზიციის პოზიცია?
- არ ჩანდა ეს ფული. თუ ასეთი დიდი რაოდენობით შავი ფული ტრიალებდა, მაშინ ასეთი პრობლემები არ შეიქმნებოდა და ყველაფერი გადაწყდებოდა პირველ ტურში. თუ საუბარია რეკლამებზე, ის დათვლადია. თუ ლაპარაკია უშუალოდ ამომრჩევლის მოსყიდვაზე, განა რამდენი კაცი უნდა მოისყოდო, რომ ამ ინფორმაციამ არ გაჟონოს? - წარმოუდგენელია ეს არ მოხდეს.
გარდა ამისა, ამომრჩევლის რაოდენობა იქნებოდა გაცილებით მეტი. საქართველოს მასშტაბით - 43, თბილისში კი - 37% მივიდა არჩევნებზე - ეს ფული სადღაც ხომ უნდა გამოჩენილიყო? ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, რომ გააყალბოს, გააყალბებდა დედაქალაქს, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე და მაშინ, ეს ფული თბილისში უნდა გამოჩენილიყო, შავი ფულის ასათვისებლად თბილისი ბევრად ხელსაყრელია. თბილისშიც კი 37% მივიდა არჩევნებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ არა თუ ფული არ დაიხარჯა, ამომრჩევლის მობილიზაციაც კი არ გაკეთდა.
მეტსაც ვიტყვი - „ქართულმა ოცნებამ“ ჯეროვანი საარჩევნო კამპანიაც ვერ ჩაატარა, რომ ჩაეტარებინა, პირველ რიგში, თბილისს მოიგებდა.
უფრო მგონია, ეს არის არასაპარლამენტო ოპოზიციის მცდელობა, თავიანთი წარუმატებლობა რაღაცით გაამართლონ. არ ჩანდა საზოგადოებაში ისეთი განწყობა, რომ ფულის აუცილებლობა ყოფილიყო.
არჩევნებამდეც ყველა ექსპერტი ამბობდა, რომ არსებობდა ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუება და ამომრჩეველი არ მივიდოდა არჩევნებზე - ვნახეთ, რომ ეს პროგნოზი გამართლდა -რა, ექსპერტებიც ჩართული იყვნენ ამ ფულის მოძრაობაში, ასეთ პროგნოზს რომ აკეთებდნენ? - რა თქმა უნდა - არა.
არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ყველას ჰქონდა ერთი რეკომენდაცია - თუ ის არ გაერთიანდებოდა, ასეთ შემთხვევაში, გავიდოდა მესამე ადგილზე და ვერ ჩაანაცვლებდა „ნაციონალურ მოძრაობას“. თუ უნდათ რომ ილაპარაკონ, კი ბატონო, მაგრამ ასეთ ლაპარაკს მაშინ აქვს აზრი, როდესაც ამას მსმენელი ღებულობს. როდესაც ამომრჩეველი არ ღებულობს ასეთ განცხადებებს, ეს რჩება მხოლოდ განცხადებად.
საზოგადოებაში მაინც იყო იმედი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მიიღებდა მეორე ადგილს. დღეს ნაციონალები ძლიან აქტიურები არიან და ფაქტობრივად, მეორე ტურს ზეიმობენ, რა მოხდა, რა იყო მიზეზი?
- „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალაუფლება დაკარგა 2012 წელს, მაგრამ პარტიული სტრუქტურა შეინარჩუნა. ეს არ არის უბრალო მექანიზმი. აქ საუბარია კოორდინატორთა მთელ არმიაზე. 3600 უბანია საქართველოში და თითო უბანზე რამდენიმე კოორდინატორი ჰყავდათ. 5-6, ზოგან -10. ყველაზე ცოტა, ეს 15 ათასი ადამიანია, ამას დაამატეთ კომისიის წევრები, რომელიც მათ ჰყავდათ, მათი გავლენის ქვეშ მყოფი არასამთავრობოები, პლუს ფინანსები, რომელსაც ფლობს „ნაციონალური მოძრაობა“ - მე ვერ ვიტყვი, მაგრამ ხელისუფლების გასარკვევია, თუ „შავი ფული“ ტრიალებს მათ პარტიულ სტრუქტურაში. ფაქტია, რომ საკმაოდ ძლიერი, ორგანიზებული, გამოცდილი პარტიული სტრუქტურა შეინაჩუნეს და ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ მუშაობდა.
არ მოხერხდა, ვერ მოხერხდა თუ არავის მოუნდა, ანალიზი არ გაკეთებულა, რა მოხდა იმ 9 წლის განმავლობაში. იქ მარტო ცოცხები არ იყო - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არა მარტო სახელმწიფო, არამედ პარტიული ვერტიკალიც გააკეთა. შექმნა საკუთარი ბიზნესი. მთელი ბიზნესელიტა, რომელიც დღესაც მუშაობს, „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნილია და ამ ყველაფრის დაშლა ასე მარტივი არ არის.
ამას დაუპირისპირდა არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელმაც ვერ მოახერხა გაერთიანება. ეს თავიდანვე ნათელი უნდა ყოფილიყო, ბურჯანაძისთვისაც, ნათელაშვილისთვისაც და სხვებისთვისაც. გაერთიანება რატომ ვერ მოახერხეს, სხვა საკითხია, მაგრამ საკუთარ თავს დააბრალონ, რომ ხელი შეუწყვეს ნაციონალების მეორე ადგილზე გასვლას.
აღარაფერს ვამბობ, მათ საარჩევნო სტრატეგიაზე - არასწორი სტრატეგია აირჩიეს და იმის ნაცვლად, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაპირისპირებოდნენ, ხელისუფლებასთან შეჭიდება გადაწყვიტეს. რეალური მიზნის ნაცვლად არარეალური გეგმა დაისახეს, რომ ნაციონალებს კი არა ხელისუფლებას მოუგებდნენ და შედეგიც სახეზეა.
ამას კი ვამბობ, მაგრამ მომხრე ვიქნებოდი, ნაციონალები არასაპარლამენტო ოპოზიციას ჩაენაცვლებინა. გული მწყდება, რომ ვერ მოხერხდა, რადგან ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა. საპრეზიდენტო არჩევნებიდან დასკვნები ვერ გააკეთეს, ჩვენ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, ანალიზი და შეფასებები დავდეთ და თუ არ აქვთ დასკვნების გაკეთების უნარი, ძალით ვერავის ვერაფერს გააკეთებინებ.
როგორ ფიქრობთ, რა მოხდება მეორე ტურში?
- ალბათ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს ყველგან, მაგრამ კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი - ეს არის თარიღი, როდის დაინიშნება მეორე ტური. თუ ეს იქნება იმ დროს, როდესაც აქტიური საშვებულებო პერიოდია, ხელისუფლებას დასჭირდება მაქსიმალური მობილიზება, თორემ ნაციონალების მხარდასაჭერად ამომრჩევლის თითქმის ის რაოდენობა მივა ისევ, რაც 15 ივნისს.
თუ ვერ მოახერხებს ხელისუფლება ხალხის მობილიზებას, ეს ნიშნავს, რომ წააგებს არჩევნებს. ღარიბაშვილის ვარაუდი, რომ ხალხი უფრო მოტივირებული იქნება, მთლად ასეც არ არის. თბილისი თუ დაცლილი იქნება, ძნელი სათქმელია, რა შედეგით დამთავრდება მეორე ტური, ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებას ეს ფაქტორი საფიქრალი და გასათვალისწინებელი აქვს და თუ ივლისის შუა რიცხვებისთვის მაინც არ მოხერხდა არჩევნების ჩატარება, შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდეს, რომ არჩევნები წააგო.