„პირველად, ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბების ცდუნებას გაუძლო“

„პირველად, ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბების ცდუნებას გაუძლო“

საქართველოს უმეტეს ქალაქებსა და რაიონებში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არჩევნებმა ზუსტად ასახა ის გარემო, რაც ქვეყანაში არსებობდა. ჯერ კიდევ არჩევნების წინ კეთდებოდა პროგნოზები, რომ არჩევნებზე მისული ამომრჩევლის რაოდენობა განაპირობებდა არჩევნების შედეგებს და არ იყო გამორიცხული სიურპიზები.

შედარებისთვის - 2006 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 48,3% , თბილისში აქტივობა 34,5%ს შადგენდა. 2010 წელს ამომრჩეველთა 49%, თბილისში 46,7% მივიდა არჩევნებზე. 2014 წელს ამომრჩეველთა 43,3% დაფიქსირდა არჩევნებზე, თბილისში აქტივობამ - 37,3% შეადგინა.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასება for.ge-მ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს სთხოვა, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები იყო ხელისუფლების საჩუქარი საზოგადოებისთვის, რადგან ხელისუფლებამ, რომელსაც ყველანაირი ბერკეტი ჰქონდა, არჩევნები გაეყალბებინა, ეს ნაბიჯი არ გადადგა და ხალხს გაუჩინა რწმენა, რომ სწორედ მათი ნება არის განმსაზღვრელი.

ხათუნა ლაგაზიძე: აქტივობას რაც შეეხება, სრულიად ნორმალურია ადგილობრივი არჩევნებისთვის. არა მხოლოდ საქართველოში, უცხოეთშიც შეინიშნება ამომრჩევლის კლება, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ამომრჩევლის რა რაოდენობაც დაფიქსირდა საქართველოში, სრულიად რეალისტურია.

მეტიც, ხელისუფლებით კმაყოფილების შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, უფრო მეტი ამომრჩეველი არ მოსულიყო - აქ ის ფაქტორიც მუშაობს, რომ წარმატებული ხელისუფლების შემთხვევაში ხალხი დარწმუნებულია მის გამარჯვებაში. გარდა ამისა, რაც უფრო მაღალი რანგის პირს ირჩევენ, მით უფრო დიდია არჩევნებში აქტივობა. აქტივობა იყო სრულიად რეალისტური იმ კრიტერიუმებით, რითაც ხასიათდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

ბოლო ორ არჩევნებს ახასიათებდა ერთი რამ - ეს იყო არა არჩევნები პარტიებს, პლატფორმებს ან პროგრამებს შორის, არამედ სიკვდილ-სიცოცხლეს შორის - გასაგებია, რომ განსაკუთრებით 2012 წლის არჩევნებზე აქტივობა იყო მაღალი. ამ ტიპის არჩევნებში კი აქტივობა ყოველთვის დაბალია, რადგან არსებითად არაფერს ცვლის.

შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო განსხვავებული არჩევნები? ბოლოს და ბოლოს, პირველი შემთხვევაა, როდესაც მეორე ტური რეალობა გახდა...

- ზუსტად გამართლდა ის პროგნოზი, რასაც წინასაარჩევნოდ ვამბობდი - რომ, თუ ხელისუფლება არჩევნებს არ გააყალბებდა, ქალაქების უმეტესობაში მეორე ტური იყო მოსალოდნელი. ვამბობდი იმასაც, რომ ხელისუფლების გამარჯვება არ იქნებოდა იმის ნიშანი, რომ ხელისუფლებამ მოიგო, არამედ იქნებოდა იმის გამოხატულება, რომ ოპოზიციამ წააგო - ზუსტად ეს რეალობა გვაქვს.

ხელისუფლების უდიდესი გამარჯვება არის ის, რომ ქართული არჩევნების ისტორიაში ხელისუფლებამ პირველად გაუძლო (არ ვგულისხმობ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს) გაყალბების ცდუნებას.

ხელისუფლებამ არ შეცვალა გადაბერილი საარჩევნი სიები, საარჩევნო კომისიებში მარტო ხელისუფლება იყო წარმოდგენილი და სამშვენისად, ზრდილობისთვის, ერთი-ორი ნაციონალიც ჰყავდათ. ეს ყველაფერი წინასაარჩევნო პერიოდში მიტოვებდა განცდას, რომ ხელისუფლება გასაყალბებლად ემზადებოდა, მაგრამ მან მოახერხა და გაუძლო გაყალბების ცდუნებას.

ხელისუფლება დარწმუნებული იყო საკუთარ გამარჯვებაში, ამას მეტყველებდა ის ფაქტი, რომ ბევრს ქალაქსა და რაიონში ეგზიტპოლის გამოცხადებისთანავე (თუმცა ეგზიტპოლები განსხვავებული იყო) ფეიერვერკებით აღნიშნეს გამარჯვება. ანუ, მზაობა ჩანდა, რომ არჩევნები შეიძლებოდა გაყალბებულიყო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე მეორე ტური იქნება.

დარწმუნებული ვარ, მაინც ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა იმუშავა და გადაარჩინა ძალიან ახალგაზრდა და მყიფე ქართული დემოკრატია. თუ ამ ხელისუფლებას სამომავლოდ რაიმე პლუსში ჩაეწერება, ეს არ იქნება არც ეკონომიკური და სოციალური ზრდა, არც მასშტაბური საინვესტიციო პროექტები, არც მყარი პარტიული სტრუქტურების მშენებლობა, არამედ ის, რომ ამ ხელისუფლების პირობებში უკვე მეორედ, ღიად ტარდება დემოკრტიული და სამართლიანი არჩევნები, რაც შეუქცევადი პროცესი შეიძლება გახდეს ქართული სახელმწიფოსთვის.

ძალიან იოლია ხელისუფლების კრიტიკა და ბოლო თვეებია, ამ კრიტიკას არ ვაკლებ, მაგრამ როგორც მოქალაქეს მართლა ძალიან მიხარია, რომ ამ ხელისუფლებამ შეძლო ის, რაც ვერ შეძლო ვერც ერთმა წინა ხელისუფლებამ. ვფიქრობ, მაინც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა ნებამ განაპირობა, რომ საქართველოში არ გაყალბდა არჩევნები.

საზოგადოებისთვის ეს არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარი იყო, ამ ხელისუფლებამ ამითი ყველაზე მავნე ტრადიცია დაარღვია და საკუთარ საზოგადოებას სცა პატივი, იმით, რომ არჩევნები არ გააყალბა.

პირველადი მონაცემებით 46% აქვსოცნებისთბილისის მერობის კანდიდატს, 27% აიღო ნაციონალების კანდიდატმა. თუ ხალხი ხელისუფლებით უკმაყოფილოა (ვიცით, რომ ორი წლის წინ ნაციონალებსაც უარი უთხრა), წესით, ხელისუფლებით და ნაციონალებით უკმაყოფილო ხმები უნდა შეესრუტა მესამე პოლიტიკურ ძალას, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბურჯანაძის კანდიდატი მხოლოდ 12%-ით მოხვდა მესამე ადგილზე. თქვენი შეფასებით, რა მოხდა, რატომ არ მისცა ხალხმა ხმა მესამე პოლიტიკურ ძალას?

- ძალიან მარტივი პასუხია - ხალხი არ ენდობა. არ ენდობა მათ პროფესიონალიზმს, კვალიფიკაციას და ა.შ. არ არის ისეთი პოლიტიკური ძალა, რომლის ხილვასაც ხელისუფლებაში ისურვებდნენ.

თუმცა, ლოგიკურად, „ნაციონალური მოძრაობაც“ არ არის ის ძალა...

- აქ სხვა ფაქტორი მუშაობს - „ნაციონალური მოძრაობა“, მოსწონს ვინმეს თუ არა, ერთადერთი ორგანიზებული პარტიული სისტემის მქონე პოლიტიკური ძალაა საქართველოში და ამიტომაც დადო მან ეს შედეგი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამომრჩეველთა მთელ სპექტრში მას მხარს უჭერს 27%, ეს არჩევნებზე მისული ხალხის, ანუ 37,3 %-ის 27%-ა. რეალურად, ეს მთელი ამომრჩევლის დაახლოებით 15%-ია. იმის გამო, რომ ისინი იდეოლოგიურად შეკრულები არიან, მოტივირებულები, აქვთ გამართული პარტიული სტრუქტურა და დღესაც კი დასავლეთის მხარდაჭერა აქვთ, სარგებლობენ ბევრი მედიასაშუალების სიმპათიით. აქედან გამომდინარე, ახერხებს, რომ საკუთარი ამომრჩევლის სრული მობილიზება მოახერხოს. მაშინ, როდესაც სხვა არც ერთ პარტიას მყარი ელექტორატი არ ჰყავს და ესეც პრობლემაა.

სამომავლოდ ბუნებრივია, ასეთი შედეგები ხელისუფლებისთვის განგაშის ზარის შემოკვრის საფუძველი უნდა გახდეს.

2016 წელს გვექნება საპარლამენტო არჩევნები, რომელზეც უკვე დამოკიდებული იქნება, რომელი ძალა მოვა ქვეყნის ხელისუფლებაში. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება გაითვალისწინებს იმ შეცდომებს, რომელიც დაუშვა?

- არ ვარ დარწმუნებული. თუ ხელისუფლებამ ასე გააგრძელა სახელმწიფო სტრუქტურების დეზორგანიზაცია, საზოგადოებისგან დაშორება, ყველა სახის კვალიფიციურ ჯგუფებთან კონფრონტაციულ და იგნორირების რეჟიმში ყოფნა, გარანტიას გაძლევთ, მომავალ, საპარლამენტო არჩევნებზე ეს ხელისუფლება უმცირესობაში აღმოჩნდება.

არ ვიცი, გაითვალისწინებენ თუ არა, მაგრამ უკვე სენად ექცათ, არავისი აზრი არ უნდათ შეისმინონ, აგრესიით უდგებიან ყველაზე რაციონალურ მოსაზრებასაც კი და ეს მათი პრობლემაა და არა - საზოგადოების.

რამდენადაც ვიცი, ეს შედეგი რომ დადგებოდა, ძალიან კარგად იცოდნენ, მაგრამ სირაქლემის პოზა არ მოიშორეს. მათ ხომ არავინ სჭირდებათ. არც ცნობილი სახეები, არც საზოგადოებისთვის ავტორიტეტული ადამიანები, არც ექსპერტული აზრი, არც კვალიფიციური და პროფესიული ჯგუფების კონსულტაცია. როგორი „უნივერსალებიც“ აღმოჩნდნენ, ეს კარგად აჩვენა შედეგებმა.

რა შედეგებიც დაიდო, კიდევ ბევრია იმ საქმიანობასთან შედარებით, რასაც ხელისუფლება ეწეოდა ამ წელიწადნახევრის განმავლობაში.

კიდევ ვიმეორებ, ამ არჩევნების სახით უდიდესია ამ ხელისუფლების წვლილი, დემოკრატიული პროცესის მშენებლობაში, ხალხი დარწმუნდა, რომ მის ნებას აქვს აზრი და მნიშვნელობა. მაგრამ არის მეორე მხარეც - ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, პლუს დეზორგანიზებული სახელმწიფო სტრუქტურები. გარდა ამისა, ძალიან ადრე დაშორდნენ საზოგადოებას. ეს უპირველესად მათ სიებსა და კანდიდატურებზე აისახა.

რატომ ეგონა ვინმეს, რომ საკრებულოს წევრთა კანდიდატების მათ მიერ წარმოდგენილ სიას ასე თვალდახუჭული „გადაყლაპავდა“ ამომრჩეველი? ვის თავში მომწიფდა იდეა, რომ ამდენი უცნობი, უავტორიტეტო და უცნობი თუ არა, უსახური ხალხი შეეთავაზებინათ ამომრჩევლისთვის? ხომ ნახეს, რომ ეს შუძლებელი ყოფილა. ჰყავდათ სიაში ღირსეული კანდიდატებიც, მაგრამ ეს ზღვაში წვეთი იყო და ის შედეგი, რაც მიიღეს, ამ მოცემულობისთვის გადაჭარბებულიც კი იყო.

ოპოზიცია როგორც აცხადებს, მთავარი როლი ხელისუფლების შეუსრულებელმა დაპირებებმა ითამაშა, იმაში, რომ მეორე ტურამდე მივიდა საქმე...

- სწორედ ამას ვამბობ, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად არაეფექტურია თითქმის ყველა სფეროში. საგარეო პოლიტიკაში კიდევ ინერციით მივდივართ, ევროკავშირისკენ სვლა წარმატებით მიმდინარეობს და იმედია, დარჩენილ 10 დღეში აღარაფერი შეიცვლება. ასევე გარკვეულწილად, პლუსად შეიძლება ჩაუთვალო ამ ხელისუფლებას, კონფრონტაციული ფონის მოხსნა რუსეთთან, მაგრამ მეორე მხრივ, არ აქვთ ჩამოყალიბებული ხედვები, იგივე საგარეო მიმართულებით. ყველგან აბსოლუტური ქაოსია და მენეჯმენტის გაურკვევლობა. არანაირ კრიტიკას არ უძლებს აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთობა პრეზიდენტთან.

რა შეიძლება მოჰკითხო ხელისუფლებას, რომელიც დავობს იმაზე, ვინ გადასცემს სახელმწიფო სტიპენდიას და ვინ დაჰკიდებს ორდენს? - თურმე პრობლემებში ჩაძირული ქვეყნის ხელისუფლების მთავარი პრობლემა ეს არის. გაცილებით სავალალო თემა - აფხაზეთსა და სამხრთ ოსეთზე უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ხელისუფლების სამი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის უსაფრთხოებაზე - პრემიერი, პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი სამ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას აკეთებს. გნებავთ, გარეშე მაყურებლის თვალით შევხედოთ ამას და გნებავთ, შიდა გულშემატკივრის. რას შეიძლება ელოდე ხელისუფლებისაგან, რომელიც ასეთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზეც კი ვერ ახერხებს ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას?! სწორედ ამ ყველაფრის შესაბამისი შეფასება მისცა საზოგადოებამ ამ არჩევნებზე.

შესაძლოა, ხელისუფლება იმიტომაც არის მოდუნებული, რომ დარწმუნებულია, ხალხი არ დაუშვებსნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნებას, ხოლო მესამე პოლიტიკური ძალა, რომელიც კონკურენციას გაუწევდა არ ჩანს?

- ნაციონალების რენიმაცია მათი დიდი დამსახურებაა. „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს მორალური უფლებაც არ აქვს იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა და საზოგადოება მას ასე ხედავს, თუმცა, ეს ხელისუფლება ყველანაირად შეეცადა, მთავარ ოპოზიციურ ძალად შეენარჩუნებინა, თუნდაც იმით, რომ დებატებში მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ უჯდებოდნენ და აღიარებდნენ ერთადერთ ოპონენტად. ეგონათ, რომ მარტივი იქნებოდა ნაციონალებთან გამკლავება. ნებისმიერ თემაზე, რომელიც არაკომფორტული იყო მათთვის, ამბობდნენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ააგორა. ვინც მათთვის არაკომფორტულ თემას ეხებოდა, აქეთ სდებდნენ ბრალს, რომ ნაციონალების აგორებულ თემას აპიარებდა და ა.შ. ნაციონალები ფარად ჰყავდათ აფარებული, კრიტიკული აზრის იგნორირებისთვის და რაც მიიღეს შედეგად, ნახეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ფენიქსივით არის და თუ ასე გააგრძელა ხელისუფლებამ, ნახავს რაც მოჰყვება ამას. არ ვარ მომხრე იმ აზრის, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალები მობრუნდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ თვალნათლივ ვხედავ, ამ ხელისუფლებასაც და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანად ჩარეცხავს ხალხი. „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება, კიდევ უფრო მყარად იყოს წარმოდგენილი ვიდრე ეს ხელისუფლება.

ამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ პოლიტიკური სივრცე ღიაა ახალი პოლიტიკური სახეებისთვის და ახალი პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც რეალური პოლიტიკური პროგრამით შემოვა. არა იმიტომ, რომ მიშა, შევარდნაძე, ან ზვიადი მოაშორონ, არამედ შემოვა რეალური აღმშენებლობისთვის. დღეს არც ერთი პოლიტიკური ძალა ქვეყნის განვითარებისთვის რეალურ საშიშროებას აღარ წარმოადგენს.

ლევან ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლა-არშემოსვლაზე დროდადრო დისკუსიები იმართება-ხოლმე, მის შემოსვლას გულისხმობთ?

- არ ვამბობ, რომ ეს ადგილი ვასაძეს უნდა დაეთმოს, თუმცა რადიკალური ძალები ამით, რა თქმა უნდა, ისარგებლებენ. არ ვამბობ, რომ ვასაძისთვის არის ასპარეზი თავისუფალი. ამ საზოგადოებამ ძალიან ბევრი ქარიზმატული ლიდერი იწვნია და არ მგონია, ვინც კი ოდესმე გვყოლია, ყველაზე მეტად ქარიზმატულზე შეაჩეროს არჩევანი - ვასაძე ათი თავით აჭარბებს გამსახურდია-სააკაშვილს, ერთად აღებულს თავისი ქარიზმითა და პოპულიზმით - იქნება, რადიკალურად განწყობილი ნაწილი, სადაც ის თავის ნიშას მონახავს, მაგრამ ვლაპარაკობ ჯანსაღ ძალებზე, ვინც რაციონალურად მიუდგება ქვეყნის განვითარებას.

რომელიც არ ჩანს...

- ეს არ ნიშნავს, რომ არ გამოჩნდება.