საპენსიო რეფორმის დაწყებას რეფორმირება სჭირდება

საპენსიო რეფორმის დაწყებას რეფორმირება სჭირდება

[გიორგი ბექაური]

სააკაშვილმა თავის ერთგულ მთავრობას არა მარტო პენსიის 100 ლარამდე გაზრდა დაავალა, არამედ საპენსიო რეფორმის მომზადებაც. ამაზე მთავრობაში აცხადებენ, რომ რეფორმის მონახაზს რამდენიმე თვის შემდეგ წარმოადგენენ. ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობის ამბავი საყოველთაოდ ცნობილია, ამიტომაც სავარაუდოა, რომ საპენსიო რეფორმას ან წარმოადგენენ და ან არა, ან კიდეც რას წარმოადგენენ კაცმა არ იცის. მით უმეტეს, რომ საპენსიო რეფორმა საქართველოში უკვე მრავალი წელია ვერა და ვერ დაიწყო. აქედან გამომდინარე, რეფორმირება თავად საპენსიო რეფორმის დაწყებას სჭირდება.

 

საქართველოს მთავრობა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით წინადადებებს უახლოეს თვეებში წარმოადგენს. როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, პრეზიდენტმა საპენსიო რეფორმის მომზადების თაობაზე შესაბამისი დავალება მთავრობას უკვე მისცა. 

 

მანჯგალაძე 100 ლარამდე პენსიის გაზრდას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უწოდებს და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მსოფლიოში პროდუქტებზე ფასების მატებასთან დაკავშირებით მიიღეს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, დედაქალაქში პენსია 10 ლარით გაიზრდება, ხოლო რეგიონებში 20 ლარით, რადგან თბილისში მინიმალური პენსია 90 ლარია, ხოლო დედაქალაქის მიღმა 80 ლარი.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას დავალება მისცა, რომ შეიქმნას მთავრობის გაფართოებული შტაბი, რომლიც მოსახლეობის დასაქმებაზე და აგროკომპლექსების გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული.

 

“ყველაზე მეტად მოსახლეობას საქართველოს რეგიონებში უჭირს. ის, რომ ჩვენ 30-ლარიან და 20-ლარიან სურსათის ვაუჩერს ვარიგებთ არის რაღაც. მით უმეტეს, სოფლებში არის ოჯახები, რომლებიც ელექტროენერგიაში 7-8 ლარს ხარჯავენ და ეს მათთვის სამი თვის ფულია. ასევე, პენსია იზრდება 100 ლარამდე, სტაჟისა და დამსახურების მიხედვით ის უფრო მეტი იქნება და სოციალურად დაუცველებისთვის კი ამას 30 ლარი და ჯანმრთელობის  დაზღვევაც ემატება. ეს ყველაფერი კი რაღაც დონეზე მიიყვანს ჩვენს სოციალურ დაცვას, მაგრამ მთავარი სოციალური დაცვა ეს არის ჩვენი აგრარული მთავრობად ქცეული მთავრობის მუშაობა”, - აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

 

მისივე შეფასებით, მთავრობის მიერ განხორციელებულმა ბევრი პროგრამა უკვე შედეგი გამოიღო, თუმცა არის პროგრამები, რომლის დაწყებაც დაგვიანდა. ყველაზე მეტად კი ხელისულფებას სწორედ პენიონერების მიმართ აგვიანდება. არა თუ დაგვიანდა, არამედ საერთოდ დავიწყებას მიეცა 100-დოლარიანი პენსია. როგორც ჩანს, იგი 100-ლარიან პენსიაში “გაიცვალა”.

 

თუმცა, თავისი მსყიდველუნარიანობით ამჟამინდელი პენსიას სოციალური დახმარების სტატუსი უფრო შეეფერება. დღესდღეობით მინიმალური პენსია 90 ლარს კი შეადგენს, მაგრამ ექსპერტების გათვლებით, მაღალი ინფლაციის ფონზე, პენსიის მსყიდველთუნარიანობა 25%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 90 ლარის მსყიდველობითი დონე 67 ლარზე დავიდა. თუკი ფასების ზრდის ტენდენცია გრძელდება და, ფაქტობრივად, პენსიონერების პენსია რამდენიმე წლის წინანდელ დონეს დაუბრუნდება.

 

ექსპერტის ნოდარ ხადურის განცხადებით კი, საქართველოში ფასების ზრდის შესაბამისად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პენსია 1/4-ით შემცირდა.

 

“ახლა 90 ლარით პენსიონერი იმდენ პროდუქტს ყიდულობს, რასაც ერთი წლის წინათ 65 ლარად ყიდულობდა”, - აღნიშნა ხადურმა და დასძინა, რომ 20-ლარიანი ენერგოვაუჩერის დარიგების ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა მთავრობას ეს თანხა მეპურეებისთვის მიეცა, რათა ხორბალი მანამ ეყიდათ, სანამ გაძვირდებოდა.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამინდელი პენსიები ჩამორჩება ჩვენი მეზობლების ანალოგიურ მაჩვენებლებსაც. დღეისათვის საქართველოს, მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალი საპენსიო ასაკობრივი თამასა და ყველაზე დაბალი საშუალო პენსია აქვს. თუ საქართველოში იგი 52 დოლარია, სომხეთში დაახლოებით - 65 დოლარი, აზერბაიჯანში - 106,7 დოლარი, ხოლო რუსეთში - 220 დოლარი.