შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომლებს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა სერტიფიკატები გადასცა

შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომლებს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა სერტიფიკატები გადასცა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომლებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ტრენინგი ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჯანსაღი გარემოს შექმნისა და დაავადებათა პრევენციის შესახებ“, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კატერინა ბოლონიეზემ და შსს-ს წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს.

შსს-ს აკადემიის ბაზაზე ტრენინგები სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ექვს ეტაპად ჩატარდა. მასში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა სრულმა შემადგენლობამ მიიღო მონაწილეობა.

დროებითი მოთავსების იზოლატორების 230 თანამშრომელმა ცოდნა და კვალიფიკაცია აიმაღლა ჯანდაცვის ხელშეწყობის და თვითდაზიანების პრევენციის საკითხებში. სწავლების მონაწილეები გაეცნენ იმუნოდეფიციტური და სხვა სახის ვირუსების შესახებ ახალ მიდგომებს, ასევე შეისწავლეს პრაქტიკული ინსტრუმენტები, საერთაშორისო სტანდარტები და სამართლებრივი დოკუმენტები, რაც თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და მათთვის სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ტრენინგზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამოვლენის, სუიციდის თავიდან აცილების მექანიზმებს, კრიტიკული სიტუაციების მართვას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, რომლებიც ე.წ. „დახურული ტიპის დაწესებულებებისთვის“ არის დამახასიათებელი.

სწავლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ევროპის საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. იგი ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის: ,,ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნული პროგრამა 2013 წლის ივლისში დაიწყო და ის თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.