„მარნეულის ვიდეო“ - გაყალბების ფაქტი, თუ პროვოკაცია?

„მარნეულის ვიდეო“ - გაყალბების ფაქტი, თუ პროვოკაცია?

მარნეულის მკვიდრის ნაზიმ ალიევის სანათესაო „პოლიტიკურ კომპრომატად“ იქცა. „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ალიევი „ოცნების“ წევრი დეპუტატის ახლობელია და მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ყუთში ბიულეტენებს ხელისუფლების დავალებით ყრიდა. საწინააღმდეგოს ამტკიცებს „ქართული ოცნება“. კოალიციის პრესსპიკერის გიორგი გეგეჭკორის განცხადებით, ნაზიმ ალიევი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი საკრებულოს დეპუტატის ჯაფრაილ იუსუპოვის ცოლისძმაა და ოპონენტებმა პროვოკაცია, სწორედ, მისი მეშვეობით დაგეგმეს.

იმის გარკვევამდე, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას უფრო ენათესავება ნაზიმ ალიევი, უკვე ცნობილია ვიდეომასალა, რომელიც საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის პროცესს და ამ პროცესში სხვებთან ერთად ალიევის აქტიურ „ჩართულობას“ ასახავს.

ვიდეომასალა დაახლოებით 10-წუთიანია და იგი მედიას და საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის უფროსმა გიგი უგულავამ წარუდგინა. უგულავას განმარტებით, ვიდეომასალა „თავისუფალი ზონის“ დამკვირვებელმა ანა გურგენიძემ, უბანზე დატოვებული ჩართული კამერის მეშვეობით გადაიღო.

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ვიდეომასალის საფუძველზე სამ მთავარ მოთხოვნას უყენებს: ან უნდა მოიხსნას „ქართული ოცნების“ კანდიდატურა, ან უნდა მოხდეს ხმების ხელახალი გადათვლა, ან კიდევ არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს მარნეულში და ამომრჩევლებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცეთ.

„ქართული ოცნება“ ნაციონალების წარმოდგენილი ვიდეოკადრების შესწავლას შესაბამის ორგანოებს სთხოვს და, იმავდროულად, დაგეგმილ პროვოკაციაზე მიანიშნებს.

„კადრებში, რომელშიც ასახულია მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ყალბი ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი, ფიგურირებს „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატის ჯაფრაილ იუსუპოვის ცოლის ძმა ნაზიმ ალიევი. ეს ადასტურებს ჩვენს ეჭვებს, რომ მარნეულში მომხდარი ფაქტი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი პროვოკაცია და მომხდარს არავითარი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“, - განმარტავენ სახელისუფლებო კოალიციაში.

ე.წ. მარნეულის ვიდეოს საკითხზე for.ge „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, პარლამენტარ გიორგი ვაშაძეს დაუკავშირდა. კითხვაზე, არის თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ნათესავი ნიზამ ალიევი, ვაშაძემ განაცხადა, რომ არ იცის, „ვინ ვისი ცოლისძმა, ბიძაშვილი ან მამიდაშვილია“, მაგრამ კარგად იცის, რომ დაახლოებით 10-წუთიანი ვიდეო, როგორც ფაქტი თავად გაავრცელეს და მასში მონაწილე ყველა პირის პასუხსიმგებლობას მოითხოვენ.

„ფაქტია, რომ ეს კადრები ჩვენ გამოვაქვეყნეთ და მოვითხოვთ ყველას დასჯას, ვინც მონაწილეობდა ამ პროცესში, პლუს, მოვითხოვთ ამ უბნის და კიდევ 16 უბნის შედეგების გაუქმებას, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა არ ემთხვევა ყუთებში ჩაყრილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას. შესაბამისად, აბსურდულია ის, რასაც „ქართული ოცნება“ აცხადებს. მათ ჯერ ის გაარკვიონ, გამგებლობის კანდიდატი მოხსნეს თუ არ მოუხსნიათ ამ არჩევნებში“, - განუცხადა For.ge-ს გიორგი ვაშაძემ და აღნიშნა, რომ მსგავსი რამ თავად რომ გაეკეთებინათ, ბიულეტენების ჩაყრაში მონაწილე პირების დასჯას არ მოითხოვდნენ და შესაბამის უბანზეც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გაიმარჯვებდა, რაც არ მომხდარა.

ვაშაძის ლოგიკას თუ დავუჯერებთ, მაინც ჩნდება კითხვები: სად იყვნენ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების მასობრივად ჩაყრის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელები, სხვა ქართული თუ უცხოური ორგანიზაციების დამკვირვებლები, ან თავად პარტიის წარმომადგენელი კომისიის წევრი, რომელსაც უბანზე კანონის გარდა, უშუალოდ, ნაციონალების პარტიული ინტერესიც უნდა დაეცვა? როგორ მოხდა, რომ „გამყალბებლები“ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, სრულიად არხეინად და თავისუფლად მოქმედებდნენ.

გიორგი ვაძაშე ჩვენს კითხვებს ასე პასუხობს: „ჩვენი დამკვირვებელი ამ პროცესის დროს გასული იყო გარეთ, სხვა დამკვირვებლები რას აკეთებდნენ, ნამდვილად არ ვიცი. ჩვენმა დამკვირვებელმა ეს ყველაფერი მოგვიანებით, ვიდეომასალის ნახვის დროს, აღმოაჩინა. კომისიის წევრებიც იყვნენ უბანზე, სხვებიც იყვნენ, მაგრამ, ფაქტი ფაქტია, ვიდეომასალა გადაღებულია, ეს დავაფიქსირეთ ჩვენი ვიდეოკამერებით და მოვითხოვთ რეაგირებას“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ მას და მის მხარდამჭერებს არჩევნების გაყალბების თემაზე კიდევ ბევრი ფაქტი და დოკუმენტი აქვთ, რომლებსაც უახლოეს დღეებში წარმოადგენენ.

„ყველა უბანზე ჩაწერილ ვიდეომასალებს ვეცნობით და, შესაბამისად, გავავრცელებთ ინფორმაციას დარღვევებზე. ქუთაისში პრობლემაა, მაგალითად, ბათილი ბიულეტენების თემა. ასევე ბევრი ბათილი ბიულეტენია ყვარელში, გურჯაანში. ბიულეტენების ბათილად ცნობა, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ახალი მიდგომაა. განსაკუთრებით ჩვენი მხარდამჭერების ბიულეტენებია ბათილად ცნობილი კომისიების მიერ. შესაბამისად, დაიკლო ამომრჩეველთა რაოდენობამ და „ქართულ ოცნებას“ მიეცა საშუალება, გადაელახა 50%-იანი ბარიერი“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ე.წ. მარნეულის ვიდეოსთან დაკავშირებით for.ge ცენტარლური საარჩევნო კომისიის სპიკერსაც ესაუბრა. ეკა აზარაშვილის განცხადებით, გამოქვეყნებული ვიდეომასალის შესწავლა საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო და მასზე კონკრეტული რეაგირების საკითხი მოკლე დროში გაირკვევა.