პრემიერ-მინისტრი თვითმმართველობის არჩევნებით და მისი დემოკრატიულობის ხარისხით კმაყოფილია. კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა 15 ივნისის არჩევნებზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩევლის ნება და ხმა სათანადოდ იყო დაცული.
„ჩვენი ხელისუფლება შევა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როგორც პირველი ხელისუფლება, რომელმაც ჩაატარა და დაამკვიდრა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ტრადიცია“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ასევე განმარტა, რომ 50 %-იანი ბარიერის დაწესება სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური ნება იყო, რომელიც მერების და გამგებლების ლეგიტიმაციის გაზრდას ისახავად მიზნად.
პირდაპირი წესით ასარჩევი მერებისა და გამგებლებისთვის მაღალი საარჩევნო ბარიერის დაწესებას ხელისუფლების გაბედულ გადაწყვეტილებას უწოდებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე ხელისუფლების ნებას წინ არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა უძღოდა.
„30%-იანი ბარიერის 50%-მდე გაზრდით ხელისუფლებამ სერიოზული ნაბიჯი გადადგა დემოკრატიული არჩევნების მიმართულებით და დაადასტურა რომ წინამორბედს არ ჰგავს. ბარიერის გაზრდით, რასაკვირველია, გაირთულა საკუთარი პერსპექტივა, მაგრამ, ამავე დროს, საზოგადოებისთვის, ისევე როგორც, ზოგადად, ქვეყნის მომავლისთვის, უაღრესად სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღო. ნათქვამია, რასაც დასთეს, იმას იმკიო, მაგრამ ეს ფრაზა მხოლოდ ნეგატიური კუთით არ უნდა გავიაზროთ, დიახ, მაღალი სტანდარტი დააწესა „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვებულთათვის, და ახლა თავად იბრძვის იმ ზღუდის გადასალახად, რომელიც წინა კანონის პირობებში გადალახული ექნებოდა“,- განუცხადა for.ge-ს სოსო ცისკარიშვილმა.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საქართველოს საარჩევნო ბიოგრაფიაში მსგავსი არჩევნების ჩატარების პრეცედენტი არ ყოფილა და თვითმმართველობის არჩევნების მაგალითზე საქართველო ევროპულა სტანდარტებს სულ უფრო მიუახლვდა. ცისკარიშვილის განმარტებით, 15 ივნისის არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლების ოდენობაც ევროპული სტანდარტის შესაბამისია, რადგან, ევროპაში არჩევნებზე, პრაქტიკულად, 40%-ზე მეტი ამომრჩეველი არც დადის.
„არ ვიცი, ამ კუთხით, მოსაწონია თუ არა ევროპული გამოცდილება, ყოველ შემთხვევაში, ქართველი ამომრჩევლის ჩასაქოლად ეს რიცხვი არ უნდა იქნას გამოყენებული. არ ვიტყვი, რომ ეს ერთადერთი მახასიათებელია დაბალი მოსწრების, უბრალოდ, ვამბობ რომ ეს არ არის საგანგაშო, თორემ ჩვენი არცთუ მაღალი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე ეს შეიძლებოდა არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების სურვილიც ყოფილიყო - ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვის მიზნით. ამ კომპონენტებს ნუ გამოვრიცხავთ და ნუ ჩავთვლით თავს ევროპელებად, ისე რომ თითოეული ჩვენგანი ჯერ თავად არ ვიყოთ დარწმუნებული საკუთარ ევროპულობაში“,- აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
პოლიტოლოგი განმარტავს, რომ 15 ივნისის არჩევნებზე ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი შესაძლოა პროტესტის, ან სულაც ყოფითი საკითხების გამო არ მივიდა, მაგრამ, როცა პროტესტი ბიულეტენების მასობრივად გადახაზვით ან რამე სხვა ფორმით არ არის გამოხატული, ამგვარი პროტესტი დაუთვლელი და შეუმჩნეველი რჩება.
„ეს არჩევნები წინგადადგმული ნაბიჯი იყო ქართული საარჩევნო სისტემისთვის, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, რომლებმაც ცივილიზებულ სამყაროში დემოკრატიულობის წოდება დაიმკვიდრა, სტანდარტი უფრო მარტივი იყო, საპარლამენტო არჩევნებზე უნდა აგვერჩია 150, საპრეზიდენტოზე კი ერთი კაცი. ახლა კი, როდესაც საუბარია 2500-მდე თანამდებობაზე, რასაკვირველია, ეს სერიოზული გამოცდაა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებისთვის“,- განმარტავს სოსო ცისკარიშვილი.
ჩატარებული არჩევნების დემოკრატიულად შეფასების საკითხში პრემიერ-მინისტრს ეთანხმება ექსპერტი გია ხუხაშვილი, თუმცა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში, იმავდროულად, სისტემური პრობლემები გაჩნდა და მის გამოსასწორებლად, პირველ რიგში პრობლემაზე ღიად საუბარია საჭირო.
„ობიექტურობა თუ გვინდა, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების დამკვიდრება ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა და ის შევა კიდეც ამ ნიშნით ისტორიაში. როგორც ჩანს, თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ბევრ რაიონში გაიმართება არჩევნების მეორე ტური, რაც პოზიტივია და დემოკრატიისთვის დამახსიათებელი ფაქტია. ამას ახლავს ნეგატივიც. მაინცდამაინც სასიხარულოდ არ აქვს საქმე „ქართულ ოცნებას“. მოსახლეობის აქტივობის დაბალი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ამომრჩეველმა, პრაქტიკულად, გადახაზა ყველა პარტია. არ შეიძლება, ამას კრიტიკულად არ შეხედო და მხოლოდ პოზიტივზე ისაუბრო“,- განუცხადა for.ge -ს გია ხუხაშვილმა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით არსებული წინა წლების პრაქტიკა დღეს მაგალითად ვერ გამოდგება, რადგან, საქართველოში წლების განმავლობაში არჩევნები, რეალურად, არ ტარდებოდა და რასაც არჩევნებს უწოდებდნენ დემოკრატიასთან კავშირი არ ჰქონდა.
ხუხაშვილი კოალიცია „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ადგილზე გასვლის გამო საყვედურობს და ყოფილი სახელისუფლებო პარტიის „რეანიმაციაზე“ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
„ქართულმა ოცნებამ“ მოკლე პერიოდში ყველაფერი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაციისთვის. საკუთარი ხელით პოლიტიკურ რუკაზე დააბრუნა მომაკვდავი კრიმინალი პარტია და მას მისცა მეორე სიცოცხლის საშუალება. წინა არჩევნებთან შედარებით უარყოფითის ნაცვლად მივიღეთ ამ პარტიის დადებითი დინამიკა, რაც ძალიან ძნელია ადამიანებისთვის, რომლებიც მოითხოვენ სამართლიანობის აღდგენას. არაპროფესიონალური ტაქტიკით „ქართულმა ოცნებამ“ ჩაძირული პარტია თმებით ამოქაჩა“,- აცხადებს გია ხუხაშვილი.
ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხთა ანალისტიკოსი ვაჟა ბერიძე არჩევნების შედეგების საკითხზე ხელისუფლების მიმართ ნაკლებად კრიტიკულია და საკითხის შეფასებისას ყურადღებას თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხზე ამახვილებს.
„არჩევნების ირაკლი ღარიბაშვილისეულ შეფასებას ვეთანხმები და ვიზიარებ სრულად. მიმაჩნია, ჩვენ თანდათან ვეგუებით სამართლიან და ობიექტურ არჩევნებს, როგორც ყოველდღიურობის ფენომენს და მახასიათებელს. 22 წლის განმავლობაში ასეთი არჩევნები არ გვქონია, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების გარდა - უზენაესი საბჭოს არჩევნებს ვგულისხმობ. შემდეგ წლების განმავლობაში სხვადასხვა ფაქტორის მომიზეზებით - ეს იყო საომარი მდგომარეობა, ეთნოკონფლიქტები, ტერიტორიების დაკარგვა, რუსეთთნ ვითარების დაძაბვა, თუ მძიმე სოციალური ფონი - ვეგუებოდით ხელისუფლებების პოზიციას, რომ სამართლიანი არჩევნების იდეა მოიცდიდა, მთავარი საარსებო საკითხების გადაწყვეტა იყო“,- განუცხადა for.ge-ს ვაჟა ბერიძემ.
ანალიტიკოსი განმარტავს, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში ჩატარებული პირველი სამართლიანი არჩევნები საპრეზიდენტო იყო, ახლა კი მას თვითმმართველობის არჩევნებიც დაემატა.
„არჩევნების თამაშის წესები დამკვიდრდა. ამის შემდეგ უკვე სხვა ეტაპი იწყება - რამდენად შეესატყვისება ამომრჩევლის განწყობა სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, ამაზე უნდა იფიქრონ პოლიტიკოსებმა და ვიმსჯელოთ ანალიტიკოსებმა, მედიამ და არასამთავრობო სექტორმა კი მწვავე და კრიტიკული შეფასებები გააკეთონ“,- აცხადებს ვაჟა ბერიძე.