რვა თვითმმართველ ქალაქში, სავარაუდოდ, მეორე ტური დაინიშნება

რვა თვითმმართველ ქალაქში, სავარაუდოდ, მეორე ტური დაინიშნება

ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, დავით ნარმანია თბილისის მერი გახდება. უბრალოდ, ეს დროის ამბავია. ეგზიტპოლებით და ისედაც ამ მომენტისთვის ნარმანია ლიდერობს, ხოლო მეორე ტურში ამომრჩეველს მოტივაცია გაეზრდება.  

ღარიბაშვილმა აქვე განმარტა, რატომ არ „გაქრა რადარებიდან „ნაციონალური მოძრაობა“. ამის მიზეზი კი ისაა, რომ “ხალხმა კანდიდატებს მისცა ხმა და არა პარტიებს“. ეს კი ძალზე მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე ოლქში გამოიკვეთა საინტერესო კანდიდატები, რომლებსაც ხალხმა დაუჭირა მხარი და ეს ხალხმა გადაწყვიტა.

„ჩვენი განცხადებები გასაგებია არჩევნებამდე, ჩვენი ზოგიერთი წევრი ამბობდა, რომ მეორე ტური არ იქნებოდა და ასეც იყო მოსალოდნელი, თუმცა ასევე არსებობდა ალბათობა იმისა, რომ არჩევნების მეორე ტური დაინიშნებოდა. დღეს განვაცხადე, რომ არავითარი ტრაგედია ამაში არ არის. პირიქით, ეს არის კარგი ჩვენი დემოკრატიისა და ჩვენი ქვეყნისთვის, რაც მთავარია. ეს არის უნიკალური საშუალება, განვამტკიცოთ ქართული დემოკრატია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ 50%-იანი ბარიერი მეორე ტურის ალბათობას ისედაც შექმნიდა. 

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ტური დაახლოებით, ერთ თვეში გაიმართება. საუბარია ივლისის ბოლო პერიოდზე.

ცესკო-ს პირველადი მონაცემების თანახმად, საქართველოს რვა თვითმმართველ ქალაქში, სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, ხოლო ახალციხეში, ამბროლაურში, ზუგდიდსა და ქუთაისში მეორე ტურის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას.

საქართველოს რვა თვითმმართველ ქალაქში ვერც ერთმა პარტიამ კანონით დადგენილი ბარიერი - 50%, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ვერ გადალახა, ხოლო ოთხ ქალაქში კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები ლიდერობენ.

საინტერესოა, რომ მარნეულში რეგისტრაციიდან მოხსნილმა "ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა. მერაბ თოფჩიშვილს გამგებლის არჩევნებში მხარი ამომრჩეველთა 52,48 %-მა დაუჭირა. მეორე ადგილზე _31,75 % არის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი, თუმცა იმის გამო, რომ თოფჩიშვილმა კანდიდატურა მოხსნა, იყო საშიშროება, რომ წარმოდგენილ კანდიდატებს შორის ლიდერად სწორედ ის ჩათვლილიყო. ამის მიუხედავად, კოალიცია „ქართული ოცნება“ მარნეულში გამგებლის პოსტზე უარის თქმას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე კანდიდატის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

„საინტერესო მაგალითი მოხდა მარნეულში: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რჩევა მივეცით ჩვენს კანდიდატს, მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა, კარგად იცით, რომ ვადები გასული იყო, ვეღარ იქნა შესაძლებელი ამ კანდიდატის ოფიციალურად მოხსნა. მოხდა ის, რომ ხალხმა გადაწყვიტა და ხმა მისცა „ქართული ოცნების“ კანდიდატს, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ დავემორჩილოთ ქართველი ხალხის არჩევანს და პატივი არ ვცეთ მათ არჩევანს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მართლაც, მერაბ თოფიშვილის სახელი და გვარი საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული დარჩა. ამიტომ ეს მას შანსებს არ უკარგავდა.

არჩევნების შედეგების გაანალიზებისას, ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ  თუ "ოცნება" ილაპარაკებს, რომ შეცდომები არ დაუშვიათ, საპარლამენტო არჩევნებში უფრო მძიმე შედეგს მიიღებენ. ამიტომ ეს არჩევნები უნდა იყოს გაკვეთილი „ოცნებისთვის“. 

„ლაპარაკი, რომ შეცდომები არსად დაუშვიათ და ისე მიიღეს ეს სურათი, ალბათ თავის მოტყუება იქნება. რამდენჯერმე ითქვა, რომ ეს მოსამზადებელი ეტაპია საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამ მოსამზადებელი ეტაპიდან რა დასკვნებს გააკეთებენ, რამდენად იქნებიან თვითკრიტიკულები, ამაზე იქნება დამოკიდებული, როგორ აწარმოებენ ბრძოლას იმ უფრო მთავარ არჩევნებზე", - აღნიშნა საყვარელიძემ, რომელმაც „ოცნებას“ არც წინასწარი ზეიმი არ მოუწონა. 

ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძის შეფასებით, „ნაციონალების“ მიმართ ადამიანთა პროტესტი იმდენად დიდია, რომ წაქეზება არც იყო საჭირო. ამ საარჩევნო პროცესის ყველაზე დიდ პრობლემად ექსპერტი „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მიერ არჩეულ სტრატეგიას მივიჩნევს. ადამიანები, რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში სუნთქვის საშუალებასაც არ აძლევდნენ საკუთარ ხალხს, უცებ დაჩაგრულის პოზიციიდან ალაპარაკდნენ.

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე მთელ საქართველოში საარჩევნო სუბიექტების პროპორციული შედეგებით, "ქართული ოცნება" 51.5%-ით პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა" 21.87%-ით, ხოლო მესამეზე – "ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია" 10.27%-ით. 3637 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 1769 უბანი.

ამ მონაცემების მიხედვით, ”ქართული ოცნების” კანდიდატს, დავით ნარმანიას 46,27% აქვს, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, ნიკა მელიას – 27,69%, დიმიტრი ლორთქიფანიძეს – 12,86%, ირმა ინაშვილს – 5,32%, ასმათ ტყაბლაძეს – 2,44%, კახა კუკავას – 2,38%, გიორგი გაჩეჩილაძეს – 1,17%.

წინასწარი ინფორმაციით, მეორე ტური საჭირო იქნება შემდეგ ქალაქებში -  თბილისი, რუსთავი, მცხეთა, გორი, თელავი, ოზურგეთი, ბათუმი, ფოთი.