ინდუსტრიული მთავრობიდან აგრარულ მთავრობამდე

ინდუსტრიული მთავრობიდან აგრარულ მთავრობამდე

[ეკა ბაქრაძე]

ინდუსტრიული ზონებისა და ტურისტული ქვეყნის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს აგრარულ ქვეყნად გადაქცევის პირობას დებს და აცხადებს, რომ “მთავრობა აგრარულ მთავრობად უნდა გადაიქცეს. ეს უნდა იყოს საქართველოს აგრარული მთავრობა, რომელიც დღენიადაგ იმუშავებს იმაზე, რომ კარგად გამოკვებოს საკუთარი მოქალაქეები”.

 

არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ რამდენად გამოუვა სააკაშვილს აგრარული მთავრობის შექმნა და საქართველოს აგრარულ ქვეყნად გადაქცევა, მეორე საკითხია. მთავარია, რომ სურვილი არსებობს და ის გაცხადდა. თუმცა იმის გამო, რომ “ვარდების ხელისუფლების” ყველა გაცხადებული სურვილი მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი სიტყვებად რჩება, დიდი ალბათობაა, რომ მსოფლიო სასურსათო კრიზისის ფონზე, აგრარულ მთავრობის შექმნის იდეის რეალიზებაც ვერ მოხერხდეს.

 

“საქართველოს მთავრობა აგრარულ მთავრობად უნდა გადაიქცეს”,-  ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან ბაკურ კვეზერელთან და სამინისტროს სტაჟიორებთან შეხვედრაზე გააკეთა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ბევრი დრო დაკარგა და გარკვეული პროგრამები დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო.

 

“როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფო აქტიური, მიზანმიმართული, პირდაპირი ჩარევის გარეშე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, კონკრეტული შედეგების მიღწევა ნაკლებად სავარაუდო და შესაძლებელია. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობა აგრარულ მთავრობად უნდა გადაიქცეს. ეს უნდა იყოს საქართველოს აგრარული მთავრობა, რომელიც დღენიადაგ იმუშავებს იმაზე, რომ კარგად გამოკვებოს საკუთარი მოქალაქეები”, - განაცხადა სააკაშვილმა.

 

მისივე თქმით, მთავრობამ ქვეყანას უნდა დაუბრუნოს მის სახელში ჩადებული ძირითადი მნიშვნელობა.

 

“როგორც იცით, ბერძნულად საქართველო მიწათმოქმედების ქვეყანას ნიშნავს. ეს უნდა იყოს მთავრობა, რომელიც ხელახლა აქცევს საქართველოს მიწას იმად, რაც გამოკვებავს ქვეყანას და ასევე მიწა იქნება საქართველოს სიმდიდრის წყარო. შესაძლოა,მცირედ უხეში შედარება იყოს, რომ ჩვენ ახლა გვჭირდება თქვენი სამინისტროს და მთელი მთავრობის ნამდვილ სამხედრო შტაბად ქცევა იმისათვის, რომ სასწრაფოდ მოხდეს სოფლის მეურნეობის, მოსავლიანობის, ნაყოფიერების ამაღლება”, - განაცხადა სააკაშვილმა.

 

მისივე თქმით, ქვეყნის აგრარული სექტორის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით სპეციალური შტაბი შეიქმნება.

“სოფლის მეურნეობის სამინისტრო “საომარ მდგომარეობაზე” გადადის და ამასთან, შუა საკუნეების სისტემიდან 21-ე საუკუნის სამინისტროდ გარდასაქმნელად ე.წ. სამხდრო შტაბი შეიქმნება. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა ჩვენ შევქმნით შტაბს, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს”, - განაცხადა პრეზიდენტმა და აქვე განმარტა, რომ შტაბმა 12-18 თვეში აგრარულ სექტორში სიტუაციის გაუმჯობესება და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება უნდა უზრუნველყოს.

 

არადა ასეთი დიდი ენთუზიაზმით საუბრობდა სააკაშვილი თავისუფალ ინდუსტრიულ (ეკონომიკურ) ზონებზე, შექმნა სპეციალური კანონმდებლობაც, სადაც თვალნათლივ გაიწერა, თუ რამდენი ზონა უნდა შექმნილიყო. აქამდე საქართველოს 4 ქალაქში 5 ეკონომიკური ზონა უნდა მოქმედებდეს, თუმცა რეალურად მხოლოდ ერთი (ქუთაისში) და ისიც ნაწილობრივ მუშაობს. სხვა ზონებში კი აქტიურობა საერთოდ არ შეინიშნება, ანდა მინიმალური დოზით.

 

ეკონომიკური ზონების შემდეგ სააკაშვილს საქართველოს ტურისტულ ქვეყნად გადაქცევის სურვილი გაუქჩნდა. მართალია, მიზანში ამოღებულ ქალაქებში ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად მოაწესრიგა, შექმნა ახალი სამთო საკურორტო ზონა მესტიაშიც, მაგრამ დღემდე ქვეყანამ უცხოელი ტურისტების მოზიდვა მაინც ვერ შეძლო.

 

ახლა კი იგივე სააკაშვილი საქართველოს აგრარულ ქვეყნად გადაქცევას აპირებს. არადა, იმისათვის, რომ სასურსათო კრიზისი  დაიძლიოს და სოფელი მართლაც სოფელს ჰგავდეს, ხელისუფლებამ ამ დარგში სისტემური ცვლილებები უნდა განახორციელოს. როგორც სოფლის მეურნეობის ექსპერტი პაატა კოღუაშვილი აცხადებს, მარტო ინვესტიციებით მთავრობა სოფლის მეურნეობას ვერ განავითარებს.

 

“დღეს, როდესაც მსოფლიოში მძიმე სასურსათო ვითარებაა და ხდება ფასების ზრდა, ის ჩვენზე განსაკუთრებით მძიმედ ჰპოვებს ასახვას. საქართველოს საკუთარი მოთხოვნის 20-25%-საც ვერ იკმაყოფილებს, დანარჩენი 75-80% საეჭვო წარმოების პროდუქციაა. ვიდრე ჩვენ გენმოდიფიცირებული სათესლე და სანერგე მასალის შემოტანას არ შევწყვეტთ, გენმოდიფიცირებული საკვების მოხმარების პრობლემა ყოველთვის იარსებებს.

 

იმის გამო, რომ სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება აქვს, ჩვენ კატასტროფამდე მივედით, აგრარული კრიზისი გრძელდება და მომავალში ის უფრო გამძაფრდება. იმისათვის, რომ უფრო მძიმე სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ, საჭიროა სისტემური ცვლილებები.

 

ინვესტიციები, რომელზეც ქობალია საუბრობს, მისთვის სულ სხვა რაღაცას ნიშნავს, ჩვენთვის კი - სხვას. მას ჰგონია, რომ ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში ისაა, როდესაც ვიღაც შემოდის და მიწას ყიდულობს, ან მიზნობრივად რაღაცის წარმოებას იწყებს. ეს კი არ არის ის გზა, რომელიც ქვეყანას მძიმე სიტუაციიდან გამოიყვანს. იმისათვის, რომ ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდეთ, სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს სტრატეგია, აგროსასურსათო პროგრამა და დაიწყოს მისი განხორციელება. უნდა განვითარდეს კოოპერაციული მოძრაობა და ამაში მაორგანიზებელი როლი სახელმწიფომ უნდა ითამაშოს.

 

დღეს სახლმწიფოს პოლიტიკა აგებულია იმაზე, რომ ვიღაცამ ინვესტიცია მოიტანოს, ამით კი არაფერი გამოვა, აგრარული კრიზისი უფრო გაღრმავდება. საქართველოში კიტრისა და პომიდვრის დასათესად არავინ შემოვა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, რომ თანხვედრაში იყოს საერთო ევროატლანტიკურ მოთხოვნებთან”, -განაცხადა პაატა კოღუაშვილმა.

 

მოჰყვება თუ არა სააკაშვილის ინიციატივას სოფლის მეურნეობის სფეროში სისტემური ცვლილებების განხორციელება, ეშველება თუ არა მართლაც სოფელს, თუ “აგრარულ მთავრობად” გადაქცევაც ინდუსტრიული ზონებისა და ტურისტული ქვეყნის ბედს გაიზიარებს, ეს მომავალში გაირკვევა. მანამდე კი რიგით მოქალაქეებს ისევ გენმოდიფიცირებული იმპორტირებული პროდუქტის შეძენა მოუწევს და თანაც გაძვირებულის.