საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიცია დაარსებიდან 9 წლისთავს აღნიშნავს. სამხედრო პოლიციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დღეს, თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
ღონისძიება სამხედრო ორკესტრის შესრულებით საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. სამხედრო პოლიციის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ირაკლი გეგეჭკორმა, ვარლამ ავალიანმა და ალექსანდრე ბატიაშვილმა მიულოცეს.
ღონისძიებას ასევე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი კახაბერ ჩიხრაძე დაესწრნენ.
დღესვე, საზეიმო ცერემონიალზე დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა. 13 სამხედრო პოლიციელს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებებისთვის მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ გადაეცა. მედალი „გენერალი კვინიტაძე“ 5-მა პოლიციელმა საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შე¬ნარჩუნებისათვის მიიღო. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 13 წარმომადგენელი კი ავღანეთში ISAF-ის ოპერაციებში ღირსეულად მონაწილეობისთვის მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“, ხოლო 5 სამხედრო თავდაცვის სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის დაჯილდოვდა. თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით მადლობა გამოეცხადა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 41 სამოქალაქო, ასევე, სპეციალური წოდების მქონე პირს და 28 სამხედრო მოსამსახურეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი 2005 წელს სამხედრო კომენდატურის ბაზაზე შეიქმნა. ამჟამად, სამხედრო პოლიციაში რეფორმირების პროცესი მიმდინარეობს. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში ახალი სტრუქტურა იქმნება, რაც სამხედრო კომპონენტის გაძლიერებას გულისხობს. პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სამხედრო პოლიციელები გადამზადების ოთხთვიან კურსებს პირველად გადიან. სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობა ერაყსა და ავღანეთში ISAF-ის მისიაშიც იღებს მონაწილეობას. ქვედანაყოფის წარმომადგენლები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიაშიც იმყოფებიან.