მეორე ტური ივნისის ბოლოს გაიმართება. კანონმდებლობით, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 24 დღისა უნდა შეჯამდეს თვითმმართველობის არჩევნები, თუმცა, ზოგადად, შეჯამების ვადები განსხვავდება თბილისისა და სხვა ოლქების შემთხვევაში. საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 3 დღეში უნდა დაინიშნოს მეორე ტური, ორი კვირის ვადაში კი - უნდა გაიმართოს.
ეს იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმი. თუ შემაჯამებელი ოქმი გასაჩივრდა, გასაჩივრების ვადები და წესები, რომელიც ასევე გაწერილია საარჩევნო კანონმდებლობით, აუცილებლად უნდა იყოს ამოწურული მანამ, სანამ მეორე ტურის დანიშვნა მოხდება.
ცესკოს მონაცემებით, თბილისში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 46,15% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 26%, „ბურჯანაძე-ერთიანმა ოპოზიციამ“ 10%, დავით თარხან-მოურავის პარტიამ - 6%, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ 3%-ზე ოდნავ მეტი, არასაპარლამენტო ოპოზიცია - 2%-ზე მეტი.
ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტში პროპორციული შედეგებით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს. რამდენიმე მუნიციპალიტეტის გარდა , მეორე ადგილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იკავებს. 10-მდე თემში მეორე ადგილს „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია“ იკავებს.
ასევე მთელ საქართველოში საარჩევნო სუბიექტების პროპორციული შედეგებით, „ქართული ოცნება“ 51.5%-ით პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ 21.87%-ით, ხოლო მესამეზე „ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია“ 10.27%-ით.
3637 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 1769 უბანი.
მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის წევრებმა ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ დავით ნარმანიას გამარჯვება მიულოცეს, დღეს მეორე ტურზე უკვე საუბრობს მმართველი კოალიცია და დარწმუნებული არიან, რომ მეორე ტურში დავით ნარმანია დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.
კოალიციის შტაბში პრესკონფერენცია გამართა პრემიერ-მინისტმა. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში ხალხს მოტივაცია გაეზრდება და კიდევც ერთხელ დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს. მან გუშინდელი არჩევნები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ის იყო ისტორიული დღე საქართველოსთვის.
„ჩვენ ვლიდერობთ ყველა ოლქში, ყველა ქალაქსა და სოფელში, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი უალტერნატივო ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის მართვა. ჩვენ შევიმუშავეთ პირველად თვითმმართველობის ახალი კოდექსი და შემოვიღეთ 50%-იანი ბარიერი, გაცნობიერებული გვქონდა, რომ აღნიშნული ბარიერის შემოღებით იქნებოდა ალბათობა, რომ მეორე ტური გამართულიყო. ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ექსპერიმენტზე. ჩვენი ამოცანა იყო, რომ ხალხი შეეჩვიოს დემოკრატიულ არჩევნებს და მათ რეალურად აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, შესაძლებელია, რომ რამდენიმე ოლქში გაიმართოს არჩევნების მეორე ტური.
„მესმის, რომ რამდენიმე ოლქში შეიძლება გაიმართოს მეორე ტური, ეს დაკავშირებულია ხარჯებთან, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტი სარგებლის მიღება შეგვიძლია ამ პრეცედენტის დაშვებით. ეს იქნება სიკეთის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ხარჯი არის გამართლებული. საამაყოა, რომ ეს პრეცედენტი ვერ დაუშვა ვერც ერთმა ხელისუფლებამ. ეს დავამკვიდრეთ ჩვენ.
თბილისში იყო 30% -იანი ბარიერი, ჩვენ რევოლუციური თვითმმართველობის არჩევნები ჩავატარეთ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ხალხს უნდა გადაეწყვიტა ვის აირჩევდა ის, მისთვის სასურველ ქალაქში და სოფელში და რაც მთავარაი, ჩვენი მხრიდან გამორიცხული იყო ძალდატანება და იძულება. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში ამომრჩეველს გაეზრდება მოტივაცია და კიდევ ერთხელ დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, არჩევნებით გამოჩნდა, რომ ხალხი ენდობა ღირსეულ კანდიდატებს.
პრემირეი დარწმუნებულია, რომ დავით ნარმანია გახდება თბილისის მერი. მისი თქმით, დროის საკითხია როდის გაფორმდება მისი მერად არჩევა, ეს უბრალოდ დროის ამბავია.
„გუშინ მოვისმენთ ეგზიტპოლები 20:00 საათზე და თითოეულ ჩვენს განცხადებაში ხასგასმით აღვნიშნეთ, რომ იმ მომენტისთვის დავით ნარმანია ლიდერობდა და ახლაც ლიდერობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ დავით ნარმანია გახდება თბილისის მერი. როდის გაფორმდება მისი მერად არჩევა ეს უბრალოდ დროის ამბავია. ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ საჭირო იყო დავლოდებოთ ცესკოს საბოლოო მონაცემებს და ამის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი, რომ გაგვეკეთებინა საბოლოო კომენტარი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ თუ „ქართული ოცნება“ ილაპარაკებს, რომ შეცდომები არ დაუშვიათ, საპარლამენტო არჩევნებში კიდევ უფრო მძიმე შედეგს მიიღებს. პოლიტოლოგი თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ უნდა გაიაზროს ის გაკვეთილი, რომელიც მიიღო.
„თუნდაც პირველ ტურში მოიგოს ნარმანიამ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს სერიოზული გაკვეთილი. „ქართული ოცნება“ უნდა დაფიქრდეს, თუ რამ გამოიწვია საკმაოდ მკვეთრი ცვლილება საზოგადოებრივ აზრში, რა იყო ამის მიზეზები, სად დაუშვეს შეცდომები. ლაპარაკი, რომ შეცდომები არსად დაუშვიათ და ისე მიიღეს ეს სურათი, ალბათ თავის მოტყუება იქნება და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კიდევ უფრო მძიმე შედეგს მიიღებენ.
რამდენჯერმე ითქვა, რომ ეს მოსამზადებელი ეტაპია საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამ მოსამზადებელი ეტაპიდან რა დასკვნებს გააკეთებენ, რამდენად იქნებიან თვითკრიტიკულები, ამაზე იქნება დამოკიდებული, როგორ აწარმოებენ ბრძოლას იმ უფრო მთავარ არჩევნებზე“, - აღნიშნა საყვარელიძემ.
რაც შეეხება მეორე ტურს, როგორც საყვარელიძე ვარაუდობს, არ გამართლდება ჩვეული ვარიანტი, რომ მეორე ტურში ოპოზიციის შანსი იზრდება.
„ყველა პოლიტიკური სუბიექტი, მითუმეტეს ბურჯანაძის გუნდი, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ არიან განწყობილი. შესაბამისად, მათი ელექტორატი მეორე ტურში უფრო მეტად ისევ ნარმანიას მისცემს ხმას, ვიდრე მელიას. ჩვეული ვარიანტი, რომ მეორე ტურში ოპოზიციის შანსი იზრდება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციის სპეციფიურობის გამო ალბათ არ გამართლდება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.