ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამმა - “ნაციონალები სამუდამოდ უნდა მოვაშოროთ ხელისუფლებას” - „ქართული ოცნების“ რადიკალურად განწყობილ მომხრეებს იმედის ნაპერწკალი გაუჩინა. ზოგიერთები მოუთმენლად ელიან, რომ არჩევნების შემდეგ კოაბიტირებულ და მორატორიუმგამოცხადებულ ნაციონალებზე სერიოზული შეტევა დაიწყება. უმრავლესობის წევრის, დავით ლორთქიფანიძისთვის ბათუმში ევროპის მოედანზე პრემიერის მიერ გაკეთებული ეს განცხადება მეტად საყურადღებო აღმოჩნდა. მისთვის ეს იძლევა სტიმულს, რომ ნაციონალების მიმართ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ რადიკალურად შეიცვლება მიდგომები.
ასევე მკვეთრად აღიქვეს ნაციონალებმა ირაკლი ღარიბაშვილის უფრო ადრეული განცხადებებიც- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური რადარიდან ქრება“; „ის არ უნდა დარჩეს არცერთ მუნიციპალიტეტში“; „ეს არის შედეგი იმისა, რაც დათესეს წლების განმავლობაში, ეს არის მათი საქმიანობის შედეგი და ეს ყველაფერი კანონზომიერია“; „[ნაციონალების] არც ერთი ნარჩენი არ უნდა დავტოვოთ“.
პიარის თვალსაზრისით, შიდა მოხმარებისთვის ღარიბაშვილის სწორად გათვლილი ეს მესიჯები ხომ არ იქნება წამგებიანი „ოცნებისთვის“ საგარეო ასპარეზზე, რომლის ტრიბუნასაც ნაციონალები გამუდმებით იყენებენ და ახალ ხელისუფლებას ძირითადი ოპოზიციური პარტიის განადგურების მცდელობაში ადანაშაულებენ?! როგორი რეალობა იქნება 16 ივნისის შემდეგ? დაიწყება თუ არა ნაციონალების სერიოზული დევნა და არიან თუ არა ნაციონალები პოლიტიკური „განადგურების“ მოლოდინში?
ნაცმოძრაობის წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი არჩევნებამდე დევნის შესახებ საუბრობს და თეთრიწყაროში, საგარეჯოსა და თელავში მომხდარ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას. კონკრეტულად, იგი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მესტიის თემის გამგებლობის კანდიდატად წარდგენილი პირის - კაპიტონ ჟორჟოლიანის ძმა, მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემში მცხოვრებ ლამზირა ხარძიანის მიმართ ახორციელებდა მუქარას სოციალური დახმარების მოხსნით, თუ ის არ გამოხატავდა კანდიდატის - კაპიტონ ჟორჟოლიანის მხარდაჭერას.
ხოლო N7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის N36 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ზურაბ მელაძე ტელეკომპანია - „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში საჯაროდ ახოციელებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო კამპანიას. ასეთი ფაქტები კი, ჭიაბერაშვილის აზრით, არაერთია.
„საქართველოს მთავრობა აბსოლუტურად არის მოწყვეტილი რეალობას და მისი გამოფხიზლების ერთადერთი შანსი 15 ივნისია“, – მიიჩნევს ნაციონალი გოკა გაბაშვილი.
თუმცა, რა მოხდება 15 ივნისის შემდეგ, ამის შესახებ ექსპერტებსა და ნაცმოძრაობის წევრებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ.
ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში არ მალავს, რომ მისი სურვილია, ხელისუფლებამ ასეთი ტიპის განცხადებები არ გააკეთოს და ოპონენტებს სპეკულაციის აგებისა და პოლიტიკურ დევნაზე საუბრის საშუალება არ მისცეს. თუმცა, საარჩევნო კამპანიას ახასიათებს გარკვეული ექსპრესიულობა და ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამიც სწორედ ექსპრესიულობის გამოვლენა უნდა იყოს და არა - პოლიტიკური პროგრამა, რასაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა პრემიერი დაღვინების შემდეგ მომდევნო არჩევნებზე აღარ იტყვის.
„არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ დევნას არ ველი. საზოგადოებისგან მსჯავრდებული ფიგურანტები გვყავს, მაგრამ ისინიც კი, ზოგიერთები პოლიტიკური თავშესაფრის ქვეშ არიან, ზოგი უბრალოდ გაქცეულია, ზოგი თბილისში აღარ არის და ვერ ხდება მისთვის სასჯელის მისჯა. ვფიქრობ, პირიქითაა საქმე -სამართალი ჯერ არ დამდგარა ქვეყანაში. ამ ფონზე საუბარი პოლიტიკურ დევნაზე და არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ რეპრესიებზე, ღრმად არასერიოზულია. ვინც დამნაშავეა, აგებს პასუხს, მაგრამ უდანაშაულოს დაჭერა ღარიბაშვილის პოლიტიკური ამოცანა არ არის. ვინმეს რომ ჰქონდეს ასეთი პროგრამა, მიუხედავად ჩემი „თბილი დამოკიდებულებისა“ ნაციონალური მოძრაობის მიმართ, მეც მათი ერთ-ერთი დამცველი გავხდები. საერთოდ, ვისაც ცუდის გაკეთება უნდა, ან რეპრესიებს გეგმავს, ის ამაზე არც ლაპარაკობს და ცუდ საქმეს ისე აკეთებს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ახასიათებს ე.წ. სიტყვა-დეკორაციები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს და მხოლოდ დეკორატიული მნიშვნელობისაა, ანუ სიტყვის გასაფორმებლად გამოდგება.
„ეს უფრო შიდა მოხმარებისთვისაა გათვლილი, რამდენადაც აქ იგულისხმება საზოგადოების დიდი ნაწილის ნეგატიური დამოკიდებულება ნაცმოძრაობასთან მიმართებით. ნინო ბურჯანაძის პარტია ძირითად შანსებს მოითვლის სწორედ „ოცნების“ პასიური ქმედების გამო ნაციონალებთან მიმართებით. ამიტომ პრემიერის მძიმე ფრაზები გულისხმობს, რომ „ოცნებამ“ ეს აუდიტორიაც არ გაუშვას ხელიდან. ეს არ არის შემთხვევითი წამოცდენები, ეს გააზრებულად გამოთქმული ფრაზებია. 2 ოქტომბრიდან მოყოლებული, ნაცმოძრაობა აცხადებს, რომ მათ „ქართული ოცნება“ განადგურებას უპირებს. მაგრამ ფაქტია, ისინი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პარტიად რჩებიან, საპარლამენტო წარმომადგენლობად, ანგარიშგასაწევ ძალად. ნაცმოძრაობა არათუ ნადგურდება, მშვენივრადაც გრძნობს თავს. ამიტომ უცხოელებიც ნახავენ, რომ ნაცმოძრაობის შეფასებები არაადეკვატურია. თუკი ნაცმოძრაობას ამგვარი განცხადებები ხშირი ექმნება, საკუთარი თავის დისკრედიტაციას უფრო მოახდენენ, ვიდრე -პრემიერის დისკრედიტაციას, - აცხადებს არჩილ გამზარდია და 16 ივნისის შემდეგ რაიმე განსაკუთრებულს არ ელის ნაცმოძრაობასთან მიმართებით. მით უფრო, რომ მთელი ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ არ შევხვედრივართ ტოტალურ პოლიტიკურ რეპრესიებს მოწინააღმდეგეებთან მიმართებით.
ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ ნაცმოძრაობა არჩევნების შემდეგ რეპრესიებს ელის, რადგან „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი გზა დარჩენია, ნაცმოძრაობის მიმართ სრულ თავდასხმაზე გადავიდეს.
„ხედავთ, რაც ხდება ჩვენს კანდიდატებთან მიმართებით წინასაარჩევნოდ. დარწმუნებული ვარ, ამას გააგრძელებენ, რადგან საქმის კეთება არ იციან. ეს ეტყობა რაიონებს, მთელი დასავლეთ საქართველო შემოვიარე და ბოლო ორი წლის განმავლობაში არსად არაფერი გაკეთებულა. ამ ყველაფრის გადასაფარად სჭირდებათ პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალება დაჭერით, დაბარებებით, მაგრამ არ დავანგრევინებთ საქართველოს, არ დავუშვებთ ჩამოშლას. იმ რაიონებში, სადაც გავიმარჯვებთ, ვაჩვენებთ, რა არის საქმის კეთება. ხელზე დაიხვიეს, თქვენ ხოცავდითო, მე ნაცმოძრაობაში 2012 წელს შევედი არჩევნებამდე, ნაცმოძრაობაში ვინც იყო დამნაშავე, ყველა მათთან არის გადაბარგებული. სწორედ მათზე დაყრდნობით აპირებენ არჩევნების მოგებას. კუდს უბრალოდ სახელი შეეცვალა, სუსი დაარქვეს, თორემ შინაარსი გაუარესდა. არჩევნების შემდეგ რამდენს დაიჭერენ?! ერთს დაიჭერენ, მეორე იქნება, იმდენი ვართ, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მაგდენი ადგილი არ აქვთ. ყველა ჩვენს მხარდამჭერს ვერ დაატევენ თავიანთ ციხეებში“, - გვითხრა გიორგი ვაშაძემ.