ცესკოს პირველადი (შუაღამის) მონაცემებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს მასშტაბით 468 უბნის შედეგები წარადგინა.
მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 20,19%-ით. „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციას“ 9,8% აქვს, ხოლო არასაპარლამენტო ოპოზიციას - 2,85%. რაც შეეხება თბილისს, ცესკოს პირველი ოფიციალური მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში დავით ნარმანია 46,48%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელია 27,11%-ით, მესამე ადგილს კი დიმიტრი ლორთქიფანიძე იკავებს 13,3%-ით. ამომრჩეველთა 5, 24% მხარს უჭერს ირმა ინაშვილს „პატრიოტთა ალიანსიდან“.
არჩევნების პირველადი შედეგების წარდგენისას ცესკოს თავმჯდომარემ თბილისში მერის არჩევნების მეორე ტურის ჩატარდება არ გამორიცხა.
„ახლა არის დათვლილი 101 უბანი, რაც არის დაახლოებით 13% თბილისში. რა თქმა უნდა, ეს არის წინასწარი შედეგი, თუმცა, ამ მონაცემებიდან როგორც ირკვევა, შესაძლებელია თბილისში მეორე ტური გაიმართოს. ჯერჯერობით, წინასწარი შედეგების მიხედვით, ამის ალბათობა ამ მონაცემებით ნამდვილად არსებობს“, - აღნიშნა ჟვანიამ.
„საქართველოს სწრაფი განვითარების დაბრუნება მალე ისევ თბილისიდან დაიწყება“, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ მეორე ტური გარდაუვალია და „ქართული ოცნების“ ზეიმი ნაადრევია.
წინასწარი ინფორმაციით, საბურთალოს საარჩევნო ოლქის ერთ-ერთ მაჟორიტარულ რაიონში ალეკო ელისაშვილმა გაიმარჯვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავად ელისაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში 30-ვე საარჩევნო უბნის შედეგები უკვე დათვლილია და, არსებული მონაცემებით, ელისაშვილს ამომრჩეველთა 37,11%-მა მისცა ხმა. მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე 31%-ით, ხოლო ხმათა 27,13% მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ჯარჯი დოლიძემ.