ავსტრიიდან ორი დღის წინ დაბრუნებულ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილს შევხვდით და ვესაუბრეთ იმაზე, თუ რა მოხდა ვენაში, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის, იგივე პიკოს სხდომაზე და რა გეგმები აქვთ ევროპელ ადვოკატებს, საქართველოს ადვოკატთა კორპუსთან მიმართებაში.
შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს ადვოკატი ვარლამ ბალხამიშვილი პოლიციამ დააკავა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ სასამართლომ 400 ლარით დააჯარიმა, რაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ შეაფასა, როგორც ადვოკატთა ინსტიტუტზე მორიგი თავდასხმის ფაქტი და მომხდარის შესახებ ევროპის ადვოკატთა ასოციაციას აცნობა.
3 მარტს, ვენაში, პიკოს წევრებმა ქართველ ადვოკატთან მიმართებაში მომხდარი ინცინდენტის დეტალები უშუალოდ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისგან მოისმინეს.
რა რეაქცია ჰქონდათ ევროპელ ადვოკატებს ბალხამიშვილის საქმეზე?
- ზაზა ხატიაშვილი: ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, რასაც ახლა გიამბობთ, რა რეაქცია შეიძლებოდა მოჰყოლოდა ევროპელ ადვოკატებში, თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ - როდესაც ადვოკატ ვარლამ ბალხამიშვილზე პოლიციელმა მინდია კახაძემ თავდასხმა განახორციელა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბატონმა ბალხამიშვილმა დახმარებისთვის ადვოკატთა ასოციაციას მოგვმართა და საქმეში ასე ჩავერთეთ.
15 თებერვალს სასამართლომ ბალხამიშვილს წვრილმან ხულიგნობაზე და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე 400-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. ესაა კიდევ ერთი თავდასხმა, ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნა. სასამართლო პროცესს ვესწრებოდი. ადამიანს, რომელიც თავის თავს მოსამართლეს ეძახის, ბალხამიშვილმა უთხრა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რომ იგი დამნაშავე არ არის და ამასთან, წარუდგინა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ მთავარ პროკურატურაში შეტანილი საჩივარი, მინდია კახაძის წინააღმდეგ.
იმ პოლიციელმა, ვინც ბალხამიშვილი დააკავა, სასამართლო დარბაზში, დაკითხვისას თქვა, რომ თურმე წინააღმდეგობის გაწევა გამოიხატა იმაში, რომ ბალხამიშვილი ”სიგარეტს ეწეოდა, ვთხოვე და არ ჩააქროო”. მოსამართლემ ეს მომენტი ოქმში არ შეიტანა, რადგან ცხადია, რომ ეს არ არის წინააღმდეგობა. აქ არის ტიპიური პოლიციური სახელმწიფო - ოქმი გააყალბეს და ადვოკატი დასაჯეს. აი, ეს არის ადვოკატთა კორპუსისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულება. დღევანდელი სასამართლო არის სააკაშვილის საფეოდალო დაწესებულება, სადაც რიგითი ფეოდალები იმას აკეთებენ, რასაც უზენაესი ფეოდალი, კუბლაშვილი ნერგავს.
ამ ჯალათების ქვეყანაში სამართლის პოვნის შანსი თითქმის ნულის ტოლია და ამიტომ, ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ წერილობით მივმართე ევროპის ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ კომიტეტს, პიკოს, რომელიც იმდენად არის დაინტერესებული საქართველოში ადვოკატების თავს დატრიალებული უბედურებით, რომ ბოლო ორ სხდომაზე აქ არსებული ვითარება ნომერ პირველ საკითხად გაიტანეს.
ვენაში გამართულ პიკოს სხდომაზე 5-წუთიანი გამოსვლა მქონდა, რის შემდეგაც საათი და 10 წუთი მისვამდნენ კითხვებს იმის შესახებ, თუ რა რეაგირება მოჰყვა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის მიერ, სააკაშვილისთვის გამოგზავნილ უმწვავეს წერილს; პიკოს წევრებს აინტერესებდათ რისი გაკეთება შეიძლება აქ არსებული ვითარების გამოსასწორებლად.
მათ წარვუდგინე ევროკავშირის პრეზიდენტის სახელზე დაწერილი მიმართვა, მერაბიშვილის, ადეიშვილის, კუბლაშვილის, კალმახელიძის და სააკაშვილის არშეშვებაზე და სანქციების დაწესებაზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე. ვუთხარი რომ ამ მოთხოვნას საქართველოში მოქმედმა 22-მა არასამთავრობო და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა. ევროპელი ადვოკატები შემპირდნენ, ამ მოთხოვნას ისინიც შეუერთდებიან.
ანუ ევროპელი ადვოკატებიც აწერენ ხელს სააკაშვილის პერსონა ნონგრატად გამოცხადებას?
- ისინი მხარს უჭერენ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივას და ევროკავშირში წერილს დამოუკიდებლად გააგზავნიან.
კონკრეტულად რომელი ქვეყნების ადვოკატები გააკეთებენ ამას?
- მართებული არ იქნება, თუ მათ ვინაობას მიმართვის გაგზავნამდე დავაკონკრეტებ. მათ მითხრეს - ”ვინაიდან ამ კაცზე (სააკაშვილზე) არ ჭრის სამართლებრივი მიმართვები, უფრო მკაცრი ზომების მიღება იქნება საჭირო და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ საკითხის განხილვა ჯერ კომისიაზე, შემდეგ კი ევროპარლამენტის სხდომაზე მოხდესო”.
მათ ამგვარი უპრეცენდენტო ნაბიჯის გადადგმა ქართველი კოლეგების მდგომარეობის გამო გადაწყვიტეს; აქ არსებული ვითარებით ჩვენი ევროპელი კოლეგები შეშფოთებულები არიან. მათ ასევე სხვადასხვა ღონისძიებები დასახეს. თვითონ თქვეს - ”შევიკრიბოთ და შევთანხმდეთ იმაზე, რომ დავეხმაროთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასო”.
კიდევ რის გაკეთება შეუძლიათ ევროპარლამენტისთვის მიმართვის გარდა?
- შესაძლებელია პიკოს სხდომა გაიმართოს საქართველოში. ეს საკითხი მაისში გადაწყდება. ამასთან, მათ რაღაც ვთხოვე, რის შესახებაც ამ ეტაპზე ღიად საუბარი არ მინდა. პიკომ დახმარება აღმითქვა - ეს იქნება ძალიან დიდი სიუპრიზი სააკაშვილის ხელისუფლებისთვის; ევროპის ადვოკატთა ასოციაცია გააკეთებს იმას, რისიც სააკაშვილს ყველაზე მეტად ეშინია - ევროპაში სააკაშვილის ნეობოლშევიკური სულის ლუსტრირება მოხდება.
მიიღო რაიმე პასუხი სააკაშვილის ხელისუფლებისგან, ევროპის ადვოკატთა ასოციაციამ?
- პასუხი ჯერ არ მიუღიათ. მე ველოდები პიკოს სხდომის ოქმს, რომელსაც მოგვიანებით გამომიგზავნიან - მასში ასახული იქნება ის ყველაფერი, რაზეც საათზე მეტხანს ვსაუბრობდით. ეს იქნება იმის კიდევ ერთი აღიარება, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრობლემა იქცა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთ ყველაზე ძირითად პრობლემად.
გაგზავნეთ ევროკავშირში წერილობითი თხოვნა, რომელსაც ხელს 22 ორგანიზაცია აწერს?
- საქართველოდან გაგზავნას მოვერიდე და მიმართვა გასულ პარასკევს ავსტრიიდან ბრიუსელში დაზღვეული ფოსტით გავგზავნე. როგორც ვიცი, ევროკავშირში ჩვენი წერილი სამშაბათს მიიღეს. კარგი იქნება თუ ამგვარ მიმართვას ადვოკატების გარდა ისინიც შეადგენენ და გაგზავნიან, ვისი უფლებებიც ირღვევა.
ის ფაქტი რომ სააკაშვილს ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა მოწერა წერილი სათაურით - ”შეშფოთება ქართველი ადვოკატების მდგომარეობის გამო”, რომელშიც ეუბნება 1 მილიონი ადვოკატის სახელით გწერო და ეს სააკაშვილმა ერთი ყურიდან მეორეში გაატარა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანი მნიშვნელოვან მოვლენებს არაადეკვატურად აფასებს, მაგრამ როცა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი სააკაშვილს ეუბნება, რომ ის არღვევს ვიღაცის (ამ შემთხვევაში ადვოკატების) უფლებებს, მას ახლა ამერიკუილ ორგანიზაციიის დასკვნები აღარ უშველის.
ამით რისი თქმა გინდათ?
- იმის რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უნდა გავათავისუფლოთ მარწუხებისგან, უკანონობისგან და ამ ვაი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებისგან, რომ თითქოს პარლამენტმა ძალიან დემოკრატიული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მიიღო. რეალურად უნდა მოხდეს ადვოკატთა პრობლემების გაზიარება და ინსტიტუციონალური დევნის შეწყვეტა.
ვენაში ყოფნისას ევროპული ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციაციების ხელმძღვანელებს შევხვდი. ყველაზე ხანგრძლივი შეხვედრა გერმანიის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტთან მქონდა. მას ვთხოვე, დაგვეხმაროს იმაში, რომ დიდი რვიანის სამიტზე, რომელსაც ასევე მიმართა ადვოკატთა ასოციაციამ, ანგელა მერკელმა ლობირება გაუწიოს ჩვენს საკითხს.
ფრანგი ადვოკატები შემპირდნენ, რომ ამის შესახებ სარკოზის სთხოვენ, რომელიც ამ საკითხს დიდი რვიანის შეხვედრაზე დააყენებს, მიუხედავად იმისა, რომ სამიტზე ეკონომიკურ პრობლემებს იხილავენ. ფრანგი კოლეგებისგან იმის დაპირებაც მივიღე, რომ ისინი პრეზიდენტ სარკოზისთან ჩემი შეხვედრის ორგანიზებაში დამეხმარებიან.
ევროპელი ადვოკატების პოზიცია ასეთია - ”ჩვენი კოლეგების დევნას არავის ვაპატიებთ, ეს საკითხი ყველა დონეზე ძალიან მკაცრად დადგება; ევროპის ადვოკატთა ასოციაცია და მასში შემავალი სუბიექტები ერთხმად აღიარებენ, რომ საქართველოში მიდის ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნა”.
პიკოს სხდომაზე ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელმა, მარკ ჯობერტმა ასეთი რამ მითხრა - ”საბჭოთა იმპერიის დროს, 70 წლის მანძილზე კომუნისტებს, რაც არ გაუკეთებიათ, ის მოხდა ამ 7 წლის მანძილზე - 111 ადვოკატი გაასამართლეს. ამით ყველაფერი ნათელია, მეტი საბუთის წარმოდგენა აღარ გჭირდებათ. თუ შეიძლება შემატყობინეთ დაპატიმრებული ადვოკატის, მარიამ იველაშვილის ციხის მისამართი, მას წერილი უნდა მივწეროო”. ბატონი ჯობერტი ძალიან გავლენიანი ფიგურაა. იგი უშუალოდაა ჩართული ქართველო ადვოკატების პრობლემების მოგვარებაში; ამ კუთხით მან პიკოსგან მაქსიმალურად მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა.