„არასდროს დამიმალავს, რომ მხარს არ ვუჭერდი საქართველოსთვის მაპ-ის მიცემას. საქართველოსთვის ევროპული ტენდენციები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მაპ-ი“,- განაცხადა კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსმა კავკასიის საკითხებში თომას დე ვაალმა „ეხო კავკაზთან“ ინტერვიუში.
ვაალი თვლის, რომ საქართველოსთვის ევროპული ტენდენციები უფრო მნიშვნელოვანია, რადგან გარკვეული დროის შემდეგ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას.
„ევროინტეგრაციის წყალობით საქართველო უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება ევროპის მოედანზე. ჩემი აზრით, უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ეს პროექტი წარმატებული გამოდგეს, ვიდრე მაპ-ზე ფიქრია“, - განაცხადა თომას დე ვაალმა.
ქართველი ექსპერტების და ანალიტიკოსების ერთი ნაწილი კატეგორიულად არ ეთანხმება თომას დე ვაალის ამ მოსაზრებას.
ექსპერტი თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ თომას დე ვაალის გამონათქვამები არასოდეს ემთხვეოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
„ვფიქრობ, ეს ადამიანი კონკრეტული მიზნებით და კონიუქტურუკლი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ჩვენი ცუდი მუშაობის შედეგია, რომ ის „დიდი“ ექსპერტი გახდა სამხრეთ კავკასიის და საქართველოს საკითხებში“,- აცხადებს თენგიზ ფხალაძე.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს წევრი, გიორგი მუჩაიძე თვლის, რომ ვაალი საქართველოსთან მიმართებაში ტენდენციურია.
„თომას დე ვაალის სტატიებს რომ გადავხედოთ, სინამდვილესთან დაშორებულია და მიკერძოებულობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთი წლის წინ ის წერდა, რომ აფხაზეთში იმყოფებოდა და არსად ჩანდა, რომ იქ რუსეთის კონტროლია, რომ რუსი ჯარისკაცებიც კი არ უნახავს“,- აცხადებს მუჩაიძე.
ერთია, რომ ვაალის ამ მოსაზრებას როგორც ჩანს, ევროპელ ლიდერთა ერთი ნაწილიც იზიარებს - გერმანიამ ცალსახად განაცხადა, რომ სექტემბერში საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი არ განიხილება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ ამ მიმართულებით არ უნდა იმუშავოს.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე, დავით სიხარულიძე აცხადებს, რომ ფუნდამენტურად არ ეთანხმება ვაალის მოსაზრებას, რადგან საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ნატოში გაწევრიანება.
„მაპ-ის მინიჭება კი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ გზაზე. წარმოუდგენელია საქართველოს ევროკავშირში წევრობა ნატოში წევრობის გარეშე - ეს იქნება აბსურდი, რომ ერთის ხარჯზე მეორე ავირჩიოთ. ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი საქართველოსთვის. ეს აისახება არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებაზე, არამედ მის ეკონომიკაზე, მის დემოკრატიულ განვითარებაზე“, - აცხადებს სიხარულიძე.
ნატოში გაწევრიანებაზე საუბრისას ხშირად ისმის-ხოლმე კითხვა, თუ საქართველო მიიღებს მაპ-ს, ნატოში გაწევრიანებამდე ექნება თუ არა თავდაცვის მექანიზმები რუსეთის აგრესიის შემთხვევაში. ვაალიც აცხადებს, რომ „ჩემი აზრით, რუსეთის მხრიდან ზეწოლა გაძლიერდება, თუ არ მოხდება საქართველოს სრული წევრობა და საქართველო მხოლოდ მაპ-ს მიიღებს“.
ევროპელ ლიდერთა განცხადებებს თუ გადავხედავთ, არა მხოლოდ სრულ წევრობაზე, მაპ-ზეც კი არ არის საუბარი. თუმცა ეს ის პოლიტიკური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს, რაც შესაძლოა დასავლეთმა მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიიღოს - თუკი რუსეთის შემაკავებელ სხვა მექანიზმს ვერ გამონახავს. თეორიულად ეს დასაშვებია, მაგრამ პრაქტიკაში, სავარაუდოდ, ნაკლებად განხორციელებადი, რადგან ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება რუსეთის საპასუხო ნაბიჯი და ეს ნამდვილად არ იქნება თავშეკავებული ქმედებები. გარდა ამისა, ქართველ ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საკითხის ასე დაყენება დესტრუქციულია.
რაც შეეხება მაპ-იდან ნატოს წევრობამდე საქართველოს თავდაცვის მექანიზმს, დავით სიხარულიძე აცხადებს, რომ ეს საქართველოს არც მაპ-ის გარეშე გააჩნია.
დავით სიხარულიძე : „ასეთი მანიპულაციები მიუღებელია, მაპ-ის მნიშვნელობა კიდევ უფრო დიდია იმ კუთხით, რომ საქართველოს გასატარებელი აქვს რეფორმები, როგორც უსაფრთხოების, ასევევ სხვა მიმართულებებით. ამდენად, მაპ-ი არის კარგი მექანიზმი არა მხოლოდ გაწევრიანების პერსპექტივის კუთხით, არამედ სისტემური რეფორმების თვალსაზრისითაც“.
დავით სიხარულიძის განმარტებით, მაპ-ი ეს არის ის საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს ალიანსის წევრ ქვეყნებს, ჩაერთონ საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში. გარდა ამისა, ამ ტექნიკურ საკითხებთან ერთად ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი.
„ყველა სხვა მანიპულაცია, რომელიც ევროპაში ინტეგრაციით ნატო-ს ჩანაცვლებას გულისხმობს, არის არარეალისტური“,-აცხადებს სიხარულიძე.
გიორგი მუჩაიძე თვლის, რომ დღევანდელი რუსეთის მთავარი ინტერესია, რაც შეიძლება, მეტი გავლენა მოიპოვოს პოსტსაბჭითა ქვეყნებზე და რაც შეიძლება მეტად დააშოროს ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას.
„ამ მიმართულებით რომელიმე ქვეყნის სვლა, რომ რუსეთის გაღიზიანებას არ გამოიწვევს, ეს არის აბსოლუტურად მცდარი“,- მიიჩნევს მუჩაიძე .
ვაალი იმასაც აცხადებს, რომ საქართველოს მაპ-ი უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის, ვიდრე მოუგვარებს.
„საქართველოსთვის მაპ-ის მიცემა ფუნდამენტალურად ჩამოაშორებს საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რადგან ისინი არ დაუშვებენ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ჩემი აზრით, რუსეთის მხრიდან ზეწოლა გაძლიერდება, თუ არ მოხდება საქართველოს სრული წევრობა და საქართველო მხოლოდ მაპ-ს მიიღებს“.
თუმცა, ვაალისგან განსხვავებით, დავით სიხარულიძე მიიჩნევს, რომ ესეც აბსოლუტურად მცდარი მოსაზრებაა.
„საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს მთელი მსოფლიოს თანამეგობრობა. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტეროტორიული მთლიანობის განსაკუთრებული მხარდამჭერები არიან ალიანსის წევრი ქვეყნები. შესაბამისად, ყველა ასეთი მანიპულირება, რომ ნატოში გაწევრიანება ამ თემას (ტერიტორიულ მთლიანობას) ეხება, არის რუსული პროპაგანდის ნაწილი“,- აცხადებას სიხარულიძე.
პრინციპში, საქართველოშიც ბევრი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭება რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს. ცოტა ხნის წინ პუტინი უკრაინასთან მიმართებაშიც აცხადებდა, რომ რუსეთი არ შეეგუება მის მეზობლად ნატო-ს ჯარების განლაგებას. თუმცა მეორე მხრივ, როგორც უკვე ვნახეთ, არც ნეიტრალიტეტის გამოცხადებას აქვს რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა.
როგორც გიორგი მუჩაიძე განმარტავს, რომ გადავხედოთ რუსეთის გავლენის სფეროში მყოფ ქვეყნებს, რომლებიც არ მიისწრაფვიან ნატო-ში გაერთიანებისკენ და ნეიტრალიტეტის კი ჰქონდათ გამოცხადებული (ასეთია, მაგალითად, მოლდოვა, უკრაინის მთავრობასაც ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ ნატო-ში ინტეგრაციას არ განახორციელებს), ცხადად ჩანს, რომ რუსეთის რეჟიმის გადაწყვეტილებაა, ამ ქვეყნების ევროპაში ინტეგრაციას ხელი არ შეუწყოს არანაირად. მუჩაიძე თვლის, რომ ეს არის აბსოლიტურად ილუზიური მიდგომა.
„რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი და უაზრო საკითხებზე რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ, მაგრამ როდესაც შენი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკური პრიორიტეტი გაგაჩნია, როდესაც ეს შენს ფუნდამენტურ ინტერესს შეადგენს - ეს ინტერესი უნდა გაატარო. როდესაც დასავლური ინტეგრაციის გზაზე მყარი და სწრაფი ნაბიჯები გაქვს გადასადგმელი, გავაღიზიანებთ მას თუ არა, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება და ამ მიმართულებით ილუზიები არ უნდა გვქონდეს“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.
თენგიზ ფხალაძე თვლის, რომ რუსეთს საქართველოს არსებობაც აღიზიანებს და ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვიარსებოთ და წარმატებული ქვეყანა არ უნდა ავაშენოთ.
„პირიქით, საფრთხე უნდა გავითვალისწინოთ და მთელი ენერგია ჩვენი მიზნების განხორცილებას მოვახმაროთ“,- მიიჩნევს ფხალაძე.
განსაკუთრებით საყურადღებოა ვაალის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მაპ-ი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ეჭვქვეშ დააყენებს და ამ ტერიტორიებს საქართველოს საბოლოოდ ჩამოაცილებს - ქართველი ექსპერტები თვლიან, რომ ეს ძალიან ჰგავს იმ პროპაგანდას, რომელიც პროპუსული ძალებისგან ხშირად ისმის.
თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ მაპ-ი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან არანაირ კავშირში არ არის - შინაარსობრივად რაც დევს მაპ-ში, იმას საქართველო უკვე მეხუთე წელია აკეთებს.
„ეს არის ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომლის მეხუთე ციკლში ვართ უკვე. ამ ადამიანს ან არ ესმის, მაგრამ მე მგონია, რომ კარგად ესმის, მაგრამ მაინც ამბობს ამდენ სისულელეს“,- აცხადებს ფხალაძე.
თენგიზ ფხალაძე: „მაპ-ი არის საშუალება, რომ ქვეყანამ გაიაროს გზა მოდერნიზაციისაკენ, ეს გულისხმობს რეფორმებს ყველა სფეროში, გულისხმობს თავდაცვის სისტემის მოდერნიზაციას და ეს არის, სხვათა შორის, ერთადერთი სამხედრო კომპონენტი. მაპ-ი გულისხმობს გამჭვირვალობას, დასავლურ სტანდარტებთან მიახლოებას, დემოკრატიული ისტიტუტების გაძლერებას და გარდაქმნებს ყველა სფეროში. რა კავშირშია ეს ტერიტორიულ მთლიანობასთან? რანაირად შეიძლება იმოქმედოს ამ ყველაფერმა აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის საქართველოდან საბოლოო ჩამოშორებაზე“?!
როგორც ვაალი აცხადებს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. ხელისუფლების შეცვლა არ ნიშნავს, რომ მოსკოვისთვის მისაღებია ახალი ხელისუფლება. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ახალ მთავრობასაც ჰქონდეს რუსეთისადმი პრეტენზიები და უნდოდეს მისგან ეკონომკურად გამოყოფა.
„ვფიქრობ, რუსეთთან კონფლიქტი არ არის ამოწურული და სოხუმსა და მოსკოვს შორის ახალი პრობლემები იქნება“, - აღნიშნა თომას დე ვაალმა.
ამასთან, როგორც კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი აღნიშნავს, ვლადიმერ პუტინისთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანია ყირიმი, ვიდრე აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. მისივე თქმით, ყირიმის გამო აფაზეთის სტრატეგიული მნიშვნელობა შემცირდება.
„საჭირო გახდება რესურსებისა და ფინანსების აფხაზეთიდან ყირიმში გადატანა, რადგან პუტინისთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანია დაამტკიცოს ყირიმის ოპერაციის წარმატება, ვიდრე იმის დამტკიცება, რომ აფხაზეთი რუსეთისაა“, - აცხადებს ვაალი.
დავით სიხარულიძე თვლის, რომ რუსეთი ახორციელებს ამ აგრესიულ და ექსპანსიონისტურ პოლიტიკას ყველა მიმართულებით. სწორედ იმიტომ, რომ მან ჩათვალა, აფხაზეთში გაუვიდა და არ გადაიხადა ის პოლიტიკური ფასი, რაც უნდა გადაეხადა, ამან გაათამამა და გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც ჯერ ყირიმის ოკუპაციით შემდეგ ანექსიით დამთავრდა. ამ ეტაპზე რუსეთი იქამდე გააგრძელებს თავის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას, ვიდრე რეალური ფასის გადახდა არ მოუწევს თავისი აგრესიული ქმედებებისთვის.
გიორგი მუჩაიძე მიიჩნევს, რომ ეს აბსოლუტურად ინფანტილური მსჯელობაა - ყირიმს თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია რუსეთისთვის, ხოლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს - თავისი.
გიორგი მუჩაიძე: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთს საქართველოზე გავლენის მოსახდენად სჭირდება, რა შუაშია აქ ყირიმი, ჩემთვის გაუგებარია. ყირიმი უკრაინასთან მიმართებაში, გარდა ამისა, შიდა პოლიტიკაში პოპულარობის ასამაღლებლადაც გამოიყენა. რუსეთის ეკონომიკა კარგ დღში არ არის და ნაციონალისტური სენტიმენტებით ცდილობს იმ რეჟიმის ძალაუფლება, რომელიც ნელ-ნელა სუსტდება, გაამყაროს. არც იმისი პრობლემა აქვს, თავისი რესურსები ყირიმშიც გადაიტანოს და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც გააგრძელოს თავისი დესტრუქციული ქმედებები“.
როგორც თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, იმას რომ თომას დე ვაალმა საერთოდ არ იცის რა პროცესები ხდება რეგიონში.
„რუსეთს აქვს ის აგრესიული გეგმა რომელსაც არ მალავს და არასდროს არ განუცხადებია, რომ ამას იმის სანაცვლოდ იძლევა. ყირიმზე გადაერთო და აფხაზეთი დაავიწყდა?! სად არის ლოგიკა“?!
შესაბამისად, ქართველი ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია. დავით სიხარულიძე თვლის, რომ თავისი ყოველი ქმედების შემდეგ ის მაინც უყურებს საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციას.
„თუ ეს სანქციები რეალურად მკაცრი იქნება და ყოვლისმომცველი, ეს შეაჩერებს რუსეთს თუ გაუჩნდება შეგრძნება, რომ ეს სანქციები სათანადოდ მკაცრი არ არის. ამ შემთხვევაში ის განაგრძნობს თავის აგრეასიას და ფიქრი, რომ რუსეთს საქართველოსთვის არ სცალია, არის მცდარი“, - მიიჩნევს სიხარულიძე.