"ოცნების" ლიდერთა და მხარდამჭერთა მიერ პარტიის მთავარ ოფისთან მოწყობილი ზეიმი ნაადრევი აღმოჩნდა - ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ღამის 2 საათზე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის ასარჩევად, სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტურის გამართვა იქნება საჭირო, სადაც ერთმანეთს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი დავით ნარმანია და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია დაუპირისპირდებიან. გუშინდელი არჩევნები ამომრჩეველთა დაბალი აქტივობითაც გამოირჩეოდა - ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებთან ხმის უფლების მქონეთა მხოლოდ 43,31% (1 485 372 ადამიანი) მივიდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი"სტატიაში სათაურით მცირე "ნაციონალური" რევანში / მმართველმა კოალიციამ პირველსავე ტურში გამარჯვება ყველგან ვერ მოახერხა.
ყველაზე დიდი ინტრიგა სწორედ თბილისში იყო, სადაც ასეთი შედეგები დაფიქსირდა: დავით ნარმანია ("ქართული ოცნება") - 46,48%; ნიკანორ მელია ("ნაციონალური მოძრაობა") - 27,11%; დიმიტრი ლორთქიფანიძე ("ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია") - 13,3%; ირმა ინაშვილი ("პატრიოტთა ალიანსი") - 5,24%; ასმათ ტყაბლაძე ("შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია") - 2,66%; კახა კუკავა ("არასაპარლამენტო ოპოზიცია") - 2,45%. გარდა ამისა, ცესკომ ცალკე თბილისისათვის და საერთოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით პროპორციული არჩევნების შედეგებიც გამოაქვეყნა. თბილისში ხმები ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" - 47,7%; "ნაციონალური მოძრაობა" - 25,22%; "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" - 10,49%; "დავით თარხან-მოურავი - პატრიოტთა ალიანსი" - 6,16%; "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 3,52%; "არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)" - 1,95%; "გიორგი გაჩეჩილაძე - მწვანეთი პარტია" - 1,43%; "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა" - 1,06% ხოლო დანარჩენმა პარტიებმა 1%-ზე ნაკლები აიღეს", - აღნიშნავს გამოცემა.
"საქართველოს მასშტაბით პროპორციული არჩევნების შედეგები ასეთია: "ქართული ოცნება" - 55,45%; "ნაციონალური მოძრაობა" - 20,19%; "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" - 9,8%; "დავით თარხან-მოურავი - პატრიოტთა ალიანსი" - 3,62%; "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 3,09%; "არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)" - 2,85, ხოლო დანარჩენმა პარტიებმა 1%-ზე ნაკლები აიღეს. მანამდე იყო ვნებათაღელვა და ზეიმი. "ოცნება" ACT-ის ეგზიტპოლებს ფეიერვერკითა და შამპანურით შეხვდა, "ნაცმოძრაობა" კი GFK-ს ეგზიტპოლებს უკრავდა ტაშს. "იმედის" დაკვეთით კომპანია ACT-მ ამომრჩეველთა გამოკითხვა მხოლოდ თბილისის მასშტაბით ჩაატარა და მისი შედეგები ასეთია: დავით ნარმანია - 52,6%; ნიკანორ მელია - 23,9%; დიმიტრი ლორთქიფანიძე - 10,8; ირმა ინაშვილი - 5,8%; ასმათ ტყაბლაძე - 2,6%; კახა კუკავა - 2,1% და გიორგი გაჩეჩილაძე - 1,1%", - განაგრძობს გამოცემა,
"რუსთავი 2"-ის დაკვეთით კომპანია GFK-მ ეგზიტპოლების ფარგლებში შვიდ თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, გორში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, თელავსა და ზუგდიდში 10 000-ზე მეტი ადამიანი გამოკითხა და მისი ცდომილება 2%-დან 3%-მდეა. თბილისისათვის მისი შედეგები ასეთია: დავით ნარმანია - 45,9%; ნიკანორ მელია - 27,6%; დიმიტრი ლორთქიფანიძე - 10,1%; ირმა ინაშვილი - 6,3%; კახა კუკავა - 2,2%. რეგიონებში GFK -ის მონაცემები ცესკოს წინასწარ შედეგებთან უფრო მიახლოებული აღმოჩნდა. ამასთან, ამავე კომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, რუსთავში, ბათუმში, თელავსა და გორში მერის გამოსავლენად მეორე ტურის დანიშვნა გახდება საჭირო, ქუთაისსა და ზუგდიდში კი "ქართული ოცნების" კანდიდატები იმარჯვებენ. ამასთან, 4 შემთხვევაში მე-2 ტურში ერთმანეთს "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან, ხოლო ერთგან კი - "ოცნებისა" და ირაკლი ოქრუაშვილის წარმომადგენელი", - დასძენს გამოცემა.
"ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ "ოცნება" გამარჯვებას ზეიმობდა. მმართველი კოალიციის წარმომადგენლები დავით ნარმანიას უკვე მერად არჩევას ულოცავდნენ და ასეთივე პოზიტიური იყო მათი მოლოდინი სხვა რეგიონებთან დაკავშირებითაც. "წინასწარი მონაცემებით ყველგან "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ, თუმცა, ცესკოს საბოლოო მონაცემებს ველოდებით. ყველანაირი ზეწოლა და გაყალბება გამორიცხულია. ვფიქრობ, "ქართული ოცნების" გამარჯვება დამაჯერებელია. ყოველ შემთხვევაში, წინასწარი მონაცემები ასეთია. ქალაქშიც და რეგიონშიც გამგებლები "ქართული ოცნების" კანდიდატებიდან იქნენ არჩეულნი. "რუსთავი 2"-ის მონაცემებში ვფიქრობ ცდომილებაა", - განაცხადა პარლამენტარმა გია ვოლსკიმ, რომლის თქმით, მას "ნაციონალური მოძრაობის" აღფრთოვანება და ტაშის კვრა არ ესმის". თავის მხრივ, "ნაცმოძრაობაც" ოპტიმისტურად იყო განწყობილი, - წერს სტატიის ავტორი.
"წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, დაველოდოთ და ვნახოთ რამდენ ქალაქში იქნება მეორე ტური. დღეს არსებული შედეგებით, მეორე ტური გარდაუვალია. საბოლოო შედეგების დადებამდე კი გამარჯვების შამპანურებით აღნიშვნა ცოტა სასაცილოდ გამოიყურება. თუმცა, აქტიურობასთან დაკავშირებით ცესკოს ბოლო მონაცემები ძალიან უჩვეულოდ მეჩვენა. მთელი დღის მანძილზე აქტივობა ძალიან დაბალი იყო, მერე კი ეს მაჩვენებელი უცებ გაიზარდა. თან ამას ერთვოდა პრემიერ-მინისტრის საუბარი გამარჯვებასთან დაკავშირებით. იმედს ვიტოვებ, ეს არ იქნება ცესკოსთვის პირდაპირი მითითება, რომ ის შედეგი დადონ რაც მთავრობას და პრემიერ-მინისტრს უნდა. თბილისის გარდა ჩვენ მეორე ტურის ჩატარებას სხვა თვითმმართველ ქალაქებშიც ველოდებით. ახლა ქუთაისში ვარ და არსებული მონაცემებით, მეორე ტურის ჩატარება ქუთაისშიც გარდაუვალია. ვფიქრობ, მეორე ტური გარდაუვალია ბათუმშიც, თელავშიც და რუსთავშიც. გარდა ამისა, არის რაიონები, სადაც ჩვენ არჩევნებს ვიგებთ, ძალიან ბევრი მაჟორიტარული უბანი გვაქვს მოგებული", - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე.
"პოლიტიკოსებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების დალოდებისკენ მოუწოდა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამაც. როგორც მან ტელეკომპანია "მაესტროსთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ეგზიტპოლებსა და საბოლოო შედეგებს შორის დაახლოებით 5-6%-იანი ცდომილება დასაშვებია. საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო-პროექტის" დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა რამდენიმე თვითმმართველ ქალაქში მეორე ტურის ჩატარებას არ გამორიცხავს, თუმცა, აქვე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაშიც "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შანსი სულ უფრო მცირდება - "ძირითადად არჩევნების ბედი გადაწყვეტილია, მეორე ტური რომც დავუშვათ, "ნაციონალურ მოძრაობას" გამარჯვების შანსი არ აქვს. ვინც მათ ხმას აძლევდა, 25%-ია ეს თუ 15%, მათ ხმა უკვე მისცეს, დანარჩენი გადანაწილდა ოპოზიციური პარტიების შედეგზე და მათზე, ვინც არჩევნებში მონაწილეობაზე საერთოდ უარი თქვა. რაც შეეხება აქტიურობას, ის საარჩევნო მოსახლეობის რაოდენობიდან ითვლება, მათი რიცხვი დაახლოებით 3 მილიონ 500 ათასია. საქართველოში ამ მოსახლეობის 2/3 ცხოვრობს, დანარჩენი კი ქვეყნიდან გასულია. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ მთელი მოსახლეობით მოსული 43% დაბალი მაჩვენებელია", - განმარტავს ზურაბ ბიგვავა, რომელიც მიიჩნევს, რომ "შესაძლოა წინა არჩევნებისგან განსხვავებით ცოტა იმედგაცრუება არის მაგრამ ეს დრამატულ ხასიათს არ ატარებს", - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"ეგზიტპოლების მონაცემებს სერიოზულად არასდროს ვიღებ, მიუხედავად იმისა, რომ ის რეალურ შედეგებთან ახლოს ხშირად დგას. საქმე ისაა, რომ ეგზიტპოლებს შორის ეს მცირე სხვაობა, რომელიც თუნდაც ახლა "რუსთავი 2"-სა და "იმედის" მიერ ჩატარებულ კვლევებშია, მთელ სურათს ცვლის. ეს კი საზოგადოებრივ აზრზე მოქმედებს და იმის წინაპირობებს ქმნის, რომ პარტიებმა იმიჯმეიკინგი აწარმოონ. მაგალითად, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებას გაყალბებაში დასდოს ბრალი. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს - ცდილობენ წინაპირობები შექმნან. ასე რომ, ეგზიტპოლები, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოების გასულელების ხერხია და ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სწორედ ამ მიზნით გამოიყენება. მასზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და მართვის პროცესია აგებული", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია.
"მისივე თქმით, შემთხვევითი არ არის ის, რომ "რუსთავი 2"-ის 20:00 საათიანსა და 22:00 საათიან შედეგებში განსხვავებული მონაცემებია წარმოდგენილი და რომ "ქართული ოცნების" კანდიდატთა შედეგები დაწეულია. იგი ამბობს, რომ ეს ეგზიტპოლებით თამაშია - როდესაც "რუსთავი 2"-ში 20 სააათზე ეგზიტპოლების წინასწარი მონაცემების გამოცხადების შემდეგ ნახეს, რომ "იმედის" ეგზიტპოლები განსხვავებული იყო, მათ "ქართული ოცნების" კანდიდატების მონაცემები იმდენად დაწიეს, რომ რეზერვი ცდომილებისა, ნამატშიც კი 50%-ის ქვემოთ იყოს", - დასძენს სტატიის ავტორი