ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეგზიტპოლები კომპანია Gesellschaft für Konsumforschung (GFK)-მა ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ 12 თვითმართველი ქალაქიდან 7- ში გამოკითხა ამომრჩევლები.
აღსანიშნავია, რომ „რუსთავი 2“-მა გასულ წელსაც GFK-ს დაუკვეთა ეგზიტპოლები, რაც ეჭვებს ბადებს, რატომ არის მიჯაჭვული ნაციონალების ერთგული ტელეარხი მაინცდამაინც აღნიშნულ კომპანიაზე?!
GFK-ს კვლევის „უტყუარობის“ დასადგენად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გახსენებაც საკმარისია. მაშინდელი ეგზიტპოლის მონაცემებით, რომელიც საზმაუწყებლისთვის გააკეთეს, 33% დაუფიქსირდა „ქართულ ოცნებას“, 33% - „ნაციონალური მოძრაობას“. არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით კი, „ქართულმა ოცნებამ“ 54,9% მიიღო, ნაცმოძრაობამ - 40,4%.
საყურადღებოა, რომ იმავე პერიოდში გაცილებით ზუსტი შედეგები აჩვენეს სხვა კომპანიებმა. კერძოდ, Edison Reaserch-მა „ოცნებას“ დაუფიქსირა 50%, ნაცმოძრაობას- 41%, ხოლო Penn Schoen Berland -მა „ოცნებას“ - 63%, ნაციონალებს - 27%, რაც რეალობასთან გაცილებით ახლოს იყო.
წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, რატომ დებს ნაციონალთა მაამებლურ მონაცემებს GFK და ვინ დგას მის უკან?
მედიაში იმთავითვე აქტიურად მსჯელობდნენ, რომ „რუსთავი 2“-მა ეგზიტპოლების ჩატარება არა უცხო, არამედ ქართულ კომპანიას დაუკვეთა, რომლის ხელმძღვანელიც ლევან თარხნიშვილის, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის მეუღლე იყო. თარხნიშვილი კი ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაცმოძრაობის სიით იყრიდა კენჭს.
ასე რომ, მათ მიერ ნაციონალებისთვის განსაზღვრული მაღალი რეიტინგები არც არის გასაკვირი.
პიარ საკონსულტაციო ჯგუფის დირექტორი გივი ხაჭაპურიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ვერ დაადასტურებს ლევან თარხნიშვილთან GFK-ს კავშირს, მაგრამ ახსენდება, რომ ეს ორგანიზაცია უკვე წლებია ატარებს ეგზიტპოლებს არჩევნების დროს, მათ შორის 2012, 2013 წელს და წინა პერიოდშიც, თუმცა რატომღაც მათი კვლევები დიდი ცთომილებით გამოირჩევა. რიგ შემთხვევაში, პროცენტული მაჩვენებელი 30% და უფრო მეტიცაა. როგორც წესი, ეგზიტპოლის შედეგები არ შეიძლება სცდებოდეს 2%-ს, თუ ამას წესიერი კომპანია ატარებს. ამიტომ მათ რაღაც ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ ნაცმოძრაობასთან.
ვინ დგას ამ კომპანიის უკან, გივი ხაჭაპურიძე არ ფლობს ინფორმაციას. ფიქრობს, რომ ნაცმოძრაობას ჰყავდა ბევრი ლობისტური კომპანია, რომლებიც პარტიულ ინტერესებს ემსახურებოდნენ. მათ შორის, შეიმჩნეოდა საეჭვო კავშირი ლევან თარხნიშვილის ორგანიზაციასა და NDI-ს წარმომადგენლობას შორის. იგი არ გამორიცხავს, GFK-ს უკან იდგნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც კარგი ურთიერთობა აქვთ ამ ორგანიზაციის მთავარ ოფისთან.
„თუკი ნაცმოძრაობის პერიოდს არ ემთხვევა, მათი კვლევები ალოგიკურია, ნაცმოძრაობის პერიოდში კი მათი კვლევები მეტ-ნაკლებად ემთხვეოდა რეალობას, მაგრამ მაღალი ცთომილება მაინც შენარჩუნებული იყო“.
GFK-ს ეგზიტპოლების საბოლოო შედეგებით, მერის არჩევნებში დავით ნარმანია 45,9%-ით ლიდერობს, რაც მეორე ტურის აუცილებლობაზე მიუთითებს.
მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელია 27,6%-ით. დანარჩენი კანდიდატების მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა: დიმიტრი ლორთქიფანიძე – 10,1%, ირმა ინაშვილი – 6,3% და კახა კუკავა 2,2%. ეგზიტპოლის შედეგების ცდომილება დაახლოებით 3%-ია.
რაც შეეხება აქტივობას, GFK-ს მონაცემებით, აქტივობამ დედაქალაქში 35% შეადგინა.
თბილისის საკრებულოს პროპორციული სიით არჩევნებში ლიდერობს „ქართული ოცნება“ 47,5%-ით. მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც გამოკითხულთა 26,1% უჭერს მხარს. 8.1% აქვს „ნინო ბურჯანაძე – ერთიან ოპოზიციას“, 6,1% - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“. სხვა პარტიები, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად 4%-იან ბარიერს ვერ ლახავენ.
ამავე ეგზიტპოლების თანახმად, 6 თვითმმართველ ქალაქში კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლიდერობს, თუმცა უმეტეს ქალაქებში მეორე ტურია მოსალოდნელი.
ეგზიტპოლის მიხედვით, გორში ბლოკი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზურაბ ჯირკველიშვილი 40,8%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი „ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის“ კანდიდატი კახაბერ ერგემლიძეა - 32,3%-ით.
ბათუმში ასევე კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ერმაკოვი 46,2%-ით ლიდერობს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი დიასამიძე - 14,7%-ით.
ზუგდიდშიც „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი გოგოხია ლიდერობს 59,9%-ით, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა თეიმურაზ ბასილაიამ ხმების 29,7% დააგროვა.
ქუთაისში პირველ ადგილზეა ბლოკი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი შოთა მურღულია 52,5%-ით, ხოლო 26,9%-ით მეორე ადგილზეა ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი თევდორაძე.
რუსთავში ბლოკი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი დავითი ჯიქია ლიდერობს 37,4%-ით, ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მამუკა ჩიქოვანმა კი 26,3% დააგროვა, მესამე ადგილზე ეროსი კიწმარიშვილია.
თელავში ბლოკი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პლატონ კალმახელიძე ლიდერობს, რომელმაც ხმების 46,7% დააგროვა, ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ალექსი ძულიაშვილმა კი - 19,7%.
ცხადია, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ოვაციებით შეხვდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა განცხადებით, ეგზიტპოლის წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, რომ არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, როგორც თბილისში, ასევე, ქვეყნის სხვა ქალაქებში.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შეფასებით, არჩევნებმა და ეგზიტპოლის წინასწარმა შედეგებმა დაადასტურეს, რომ მოსახლეობა ხელისუფლებით უკმაყოფილოა.
GFK-ს ეგზიტპოლებით ფრთაშესხმული ნიკა მელიაც მზად არის დედაქალაქის მერობისათვის საბრძოლველად. ეს მაშინ, როცა ნაციონალებს ავიწყდებათ, რომ არსებობს სხვა ეგზიტპოლებიც, რომელიც მეორე ტურს გამორიცხავს. მაგალითად, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლებში დავით ნარმანიას 52, 6 პროცენტი აქვს, მელიას - 23, 9; ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიხედვით კი - ნარმანიას 46,3 პროცენტი, მელიას- 27, 2 პროცენტი.