გერმანული კომპანია GFK-ის ეგზიტპოლების მიხედვით, თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური უნდა გაიამართოს. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თბილისის საკრებულოს არჩევნებში პროპორციული სიით ლიდერი ძალა კოალიცია „ქართული ოცნებაა“.
ეგზიტპოლის შედეგებით, მმართველ კოალიციას ხმა ამომრჩეველთა 50,6 %-მა მისცა. მეორე ადგილზე – 24,0 %-ით „ნაციონალური მოძრაობაა“.
შემდეგი პოზიციები კი ასე ნაწილდება: „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“ – 9,0 %, „პატრიოტთა ალიანსი“ – 6,6 %, „ლეიბორისტული პარტია“ – 3,0 %, არასაპარლამენტო ოპოზიცია – 1,9 %, „მწვანეთა პარტია“ – 1,3 %. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით თბილისის მასშტაბით ეგზიტპოლი კომპანია „ეისითიმ“ ჩაატარა.
გერმანული GFK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, თბილისის საკრებულოს არჩევნებში პროპორციული სიით „ქართული ოცნება“ ლიდერობს.
მას გამოკითხულთა 47,8% უჭერს მხარს. მეორე ადგილს „ნაციონალური მოძრაობა“ იკავებს, 26,1%-ით. მესამე ადგილზე 8,3%-ით „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციაა“. მეოთხე ადგილზეა საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 5.8%-ით. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სხვა პარტიები 4%-იანი ბარიერს ვერ გადალახავენ.
GFK-ს ეგზიტპოლების ფარგლებში 7 თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, გორში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, თელავსა და ზუგდიდში 10 000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა. GFK-მ ეგზიტპოლები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა.
რამდენად ზუსტია ეგზიტპოლების შედეგები, მოგვიანებით, სულ რამდენიმე საათში გახდება ნათელი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლის შედეგებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ოვაციებით შეხვდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა განცხადებით, ეგზიტპოლის წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, რომ არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის სხვა ქალაქებში.
„ადგილობრივ არჩევნებზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა, რაც არის პირველი გზავნილი იმისა, რომ ამომრჩეველი ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოა. ამას ადასტურებს ისიც, რომ საჭირო ხდება მეორე ტურების ჩატარება“,- აცხადებენ ნაციონალები
როგორც ექსპერტი კახა კახიშვილი აცხადებს, ეგზიტპოლების მიხედვით მსჯელობა ჯერჯერობით ნაადრევია. „ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დარწმუნებული ვარ, დაახლოებით ორ-სამ საათში საუბნო-საარჩევნო კომისიების პირველადი მონაცემები შეჯამდება და დაახლოებითი სურათი გამოიკვეთება.
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ ვართ სტაბილური დემოკრატიის პირობებში, როდესაც ეგზიტპოლი ასახავს რეალურ სურათს. ჩემი აზრით, ზოგჯერ ეგზიტპოლები და გამოკითხვები ემსახურება კონკრეტულ პოლიტიკურ მიზანს, ამიტომ საბოლოო შეფასება შეიძლება გავაკეთოთ მას შემდეგ, რაც საარჩევნო ადმინისტრაციიდან პირველადი მონაცემები გვექნება“, - აცხადებს კახიშვილი.