არჩევნები ურთიერთბრალდებების ფონზე

არჩევნები ურთიერთბრალდებების ფონზე

თვითმმართველობის არჩევნები ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. მმართველ კოალიციას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. თუმცა, კოალიციაში აცხადებენ, რომ ზოგიერთ ოპონენტს სიტუაციის დაძაბვის მცდელობა და სურვილი აქვს. კოალიციის წარმომადგენლების განცხადებით, დამკვირვებელთა მიერ სერიოზული ტიპის დარღვევები თბილისსა და რეგიონებში არ ფიქსირდება, თუმცა ზოგიერთ ოპონენტს აქვს სიტუაციის დაძაბვის მცდელობა და სურვილი. მათი ინფორმაციით, საარჩევნო უბნების გახსნის წუთიდან, არჩევნები ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

როგორც კოალიციაში აცხადებენ, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის სახელით, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს ერთგვარი მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიუვიდათ. ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ოპონენტები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციასაც, მათ შორის კოალიციის ლიდერებსა და მათ ახლობლებზე საარჩევნო ტემპერატურის აწევის, ასევე ამომრჩევლისა და დამკვირვებლების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე არჩევნებს 50-ზე მეტი ადგილობრივი და 30-ზე მეტი უცხოური სადამკვირვებლო ორგანიზაცია აკვირდება. ასევე არჩევნებს თვალს ადევნებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, შესაბამისად, როგორც კოალიციაში აცხადებენ, ოპონენტთა მცდელობა შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება, აზრს მოკლებულია.

გაყალბებულ არჩევნებსა და ე.წ. კარუსელების ფაქტებზე საუბრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. გიგა ბოკერიას განცხადებით, რომელიც სამეგრელოში იმყოფება, აცხადებს, რომ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს მიუთითეს იმისკენ, თუ რა უბნებზე უნდა მომხდარიყო თავდასხმა. ასე შეაფასა ბოკერიამ სამეგრელოს რეგიონში არჩევნების მიმდინარეობის პროცესი და დილით ანაკლიაში, 32-ე საარჩევნო უბანზე განვითარებული მოვლენები.

ბოკერიას თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში პრემიერ-მინისტრით დაწყებული, დამთავრებული ყველა სხვა მაღალი თანამდებობის პირით, პირდაპირ ძალადობის პროვოცირებას ახდენდნენ, მათ შორის ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდისის ოფისზე თავდასხმას.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი „ქართული ოცნებისთვის“ და დღეს ეს პროცესი გაგრძელდა. მე იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი არ გაღმავდება, მაგრამ რაც დილით ვიხილეთ ანაკლიაში, როდესაც გვაქვს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ გარკვეულ ჯგუფს ადამიანების, რომელთაც პირადი ტრაგედია აქვს, მიუთითეს იმისკენ, თუ რა უბნებზე უნდა მომხდარიყო თავდასხმა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ნაციონალების მსგავსად დარღვევებზე საუბრობს კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ წევრი გიორგი ახვლედიანი. მისივე თქმით, მათ საარჩევნო შტაბში საარჩევნო პროცესის დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე ინფორმაცია მიდის, რომელიც მოწმდება.
„ჩვენს საარჩევნო შტაბში პერმანენტულად მოდის ინფორმაცია საარჩევნო პროცესის დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე. რაც შეეხება ჩვენს კონკურენტებს, მე მოვუწოდებ მათ, ნუ არღვევენ კანონს და თავის პრესკონფერენციებს თავიანთი ნომრის ფონზე ნუ აწარმოებენ. ჩვენც გვაქვს საარჩევნო ნომერი, მაგრამ მის შესახებ მოსახლეობას საარჩევნო კამპანიის დროს ვესაუბრებოდით და არა არჩევნების დღეს“, - აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.

ადმინისტრაციული რესურსის გამაოყენებაზე საუბრობს „არასაპარლამენტო ოპოზიცია“. მანანა ნაჭყებიას განცხადებით, დიდი დიღმის, სოფელ დიღმისა და ვაშლიჯვრის მაჟორიტარი კანდიდატი მამუკა კაციტაძე, მომსწრე გახდა ფაქტის, თუ როგორ გადაადგილდებოდა ამავე საარჩევნო ოლქის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ ჯაში, წითელი ფერის „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით კორპუსების თავმჯდომარეებთან ერთად საარჩევნო ოლქის მიმდებარე ტერიტორიაზე.

„ბევრ უბანზე შეინიშნება „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, ე.წ. ზონდერ ქალები, რომლებთაც აქვთ სიები და აკონტროლებენ ხმის მიმცემთა აქტიურობას. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს ნუ გაიმეორებენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანერგილ მანკიერ პრაქტიკასა და ამომრჩეველს მისცენ საშუალება თავისუფალ ვითარებაში მოახდინონ საკუთარი არჩევანის დაფიქსირება“, - აცხადებს მანანა კობახიძე.

დღის ბოლოს ოპოზიციის ბრალდებას უპასუხა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა კახა კალაძემ და განაცხადა, რომ თუ კოალიციის აქტივისტები აწარმოებენ კენჭისყრის შენობის გარეთ უბანზე გამოცხადებული ამომრჩევლების დამატებით აღრიცხვიანობას, არ წარმოადგენს კანონდარღვევას და სრულად შეესაბამება საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს. მისი თქმით, მსგავსი ქმედება არჩევნებში მონაწილე ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს შეუძლია განახორციელოს, ვისაც ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში მიღება სურს.
„ზოგიერთი ოპოზიციური ძალა ცდილობს დაძაბოს სიტუაცია. ისინი ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კანონდარღვებით აწარმოებენ აგიტაციას და ზეგავლენას ახდენენ ამომრჩევლის ნებაზე. გვინდა განვმარტოთ, რომ არჩევნების დღეს წინასაარჩევნო აგიტაცია და საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო ატრიბუტიკის გამოყენება აკრძალულია მხოლოდ კენჭისყრის შენობაში“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს, რასაც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლებიც ადასტურებენ. კალაძე მოუწოდებს ამომრჩევლებს და პოლიტიკურ სუბიექტებს, რომ თავი შეიკავონ კანონით აკრძალული ქმედებების განხორციელებისგან და არ შევიდნენ კენჭისყრის შენობაში სააგიტაციო მასალით. მისივე თქმით, კანონდარღვევა არ არის ბრიფინგების გამართვა საარჩევნო ნომრის 41-ის ფონზე და ბურჯანაძეს საარჩევნო კანონმდებლობისკენ მიუთითებს.

კალაძეს საგანგებო ბრიფინგით უპასუხა ბურჯანაძემ.

„მინდა ფეხბურთელ კალაძეს ვუთხრა, რომ ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი ყოფილა იტალიის ნაკრებში, მასზე ბევრად უკეთესებიც, მაგრამ არავის გადაუწყვეტია ნორმალურ ქვეყანაში არც მინისტრობა, არც ვიცე-პრემიერობა და არც პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკის სწავლება და მით უფრო იურისტებისათვის იურისტობის სწავლება. მსურს „ქართულ ოცნებას“ ვუთხრა, რომ ისინი ნამდვილად არღვევენ კანონს“, - აცხადებს ბურჯანაძე.

გამაფრთხილებელი აქცია გამართა ცესკო-სთან „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა. ნათელაშვილის თქმით, არჩევნებს ლეიბორისტული პარტია იგებს და გაყალბების შემთხვევაში ცესკოს აფრთიხლებას, რომ მათ ფეხქვეშ მიწა დაიწვება.

„ამ არჩევნებში იმარჯვებს ლეიბორისტული პარტია, სხვა არანაირ შედეგს არ მივიღებთ და არ ვაღიარებთ. მე ვაფრთხილებ ყველა დონის საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს ცენტრიდან უბნებამდე - გაყალბების შემთხვევაში, თქვენს ფეხქვეშ მიწა დაიწვება. გადაითვლება ბიულეტენები აუცილებლად, შემოწმდება გამოცხადებულ ამომრჩეველთა ვინაობა და რაოდენობა. საბოლოო ჯამში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ ჩაფიქრებული გაყალბება. მოვუწოდებ მოსახლეობას, რვა საათზე გამყალბებლები კომისიებში არ დატოვოთ მარტო, დაბრუნდით უბნებზე, მშვიდობიანად დადექით და დაელოდეთ შედეგებს“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ უბნების იხურება, თითქმის ყველა კანდიდატი და პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ მათი კანდიდატი ლიდერობს. ამასთან აღსანიშნავია, რომ სცენის დამონტაჟების პროცესი მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ შტაბის წინ. კოალიციის წევრები ამომრჩეველს სპეციალურად გაკეთებული სცენიდან გააცნობს არჩევნების შედეგებს. მიმდინარე პროცესების შეფასებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ ექსპეტრები.