შსს-ს თანამშრომლებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა განსხვავებული წესით მიიღეს. განსხვავებულ მიდგომას მათთან მიმართებით საარჩევნო კანონმდებლობა აწესებს. კერძოდ, შსს-ს სამხედრო მოსამსახურე, რომელიც არჩევნების დღეს შესაბამის დისლოკაციის ადგილზე იმყოფება, საკრებულოს პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობს.
მერის, გამგებლის და მაჟორიტარობის კანდიდატს მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს ხმას, თუ მისი დისლოკაციის ადგილი იმ საარჩევნო ოლქის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია, რომელშიც რეგისტრირებულია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, ვინც კენჭისყრის დღეს განთავსებულია შესაბამის დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის მუდმივი წესით, ერთი ან 1 წელზე მეტი ვადით, მონაწილეობს საკრებულოს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებსა და მერის, გამგებლის არჩევნებში.
ისინი კი, ვინც მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის ერთ წელზე ნაკლები ვადით იმყოფებიან, მონაწილეობენ საკრებულოს პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში, ხოლო მერის, გამგებლის არჩევნებსა და საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ მათი დისლოკაციის ადგილი, იმ საარჩევნო ოლქის, ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია, რომელშიც რეგისტრირებული არიან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით 9 სპეციალური საარჩევნო უბანია გახსნილი. სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხმის მიცემის პროცესი სხვადასხვა ბაზებზე დილის რვა საათიდან, სარჩევნო უბნების გახსნისთანავე დაიწყო. სპეციალურ უბნებზე არჩევნებში ის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილობენ, რომელთაც სამსახურეობრივი აუცილებლობიდან გამომდინარე დღეს სამხედრო ნაწილში უწევთ ყოფნა.
თბილისში, საინჟინრო ბრიგადაში გახსნილ საარჩევნო უბანზე, არჩევნებში 580 სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. სპეციალური საარჩევნო უბნები მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილია - თბილისში, გორში (3), ხაშურში, ქუთაისში, ბაღდათში, სენაკსა და ბათუმში. ამ უბნებში ხმას 3 300-მდე სამხედრო მოსამსახურე მისცემს. 1 200-მდე სამხედრო მოსამსახურე კი არჩევნებში მონაწილეობას სამხედრო ნაწილის ახლოს მდებარე საარჩევნო უბნებში მიიღებს.
მშვიდ გარემოში მიმდინარეობს არჩევნები პენიტენციურ სისტემაში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლები გლდანის მე-8, ბათუმის მე-3 და ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას პირადად დაესწრნენ.
სასჯელაღსრულების სისტემაში სულ 8 საარჩევნო უბანია გახსნილი, ხმის მიცემის უფლება მიმდინარე არჩევნებისთვის 521 მსჯავრდებულს და ბრალდებულს აქვს. კანონის მიხედვით, საარჩევნო უფლებით სარგებლობს მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, 5 წლამდე ვადით იხდის.
„დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დამკვირვებელი გოჩა აჭარაძე აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში საარჩევნო პროცესის დაბალი აქტივობა შეინიშნება. როგორც მან აღნიშნა, რეგისტრირებული 392 პირიდან მხოლოდ 11 ბრალდებულს გააჩნია პირადობის მოწმობა, რის გამოც არსებობს დაბალი აქტივობა.
ჟურნალისტებთან საუბრისას გლდანის ციხეში გახსნილი 111-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგისტრირებული 392 ამომრჩევლიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მხოლოდ 25 პატიმარს გააჩნია პირადობის მოწმობა.
კომისიის თავმჯდომარე დღის მეორე ნახევარში აქტივობის გაზრდას ელოდება. კერძოდ, მისი განცხადებით, პატიმრებმა ოჯახის წევრებს დაავალეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პირადობის მოწმობების მიტანა და კომისიის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ აქტივობა დღის მეორე ნახევარში გაიზრდება. როგორც გლდანის ციხეში გახსნილ საარჩევნო უბანში განმარტავენ, ძირითადად ბრალდებულებს გააჩნიათ მხოლოდ პირადობის ასლები, რისი მეშვეობითაც ხმის მიცემის შესაძლებობა შეზღუდული აქვთ.