მერობის კანდიდატებმა არჩევანი გააკეთეს. გაიმართება თუ არა თბილისში მეორე ტური ეს ამომრჩევლის აქტივობაზეა დამოკიდებული. კოალიციაში მეორე ტურს გამორციხავენ, თუმცა მეორე ტურის მოლოდინშია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელია. მაშ ასე, თბილისის მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის. კახა კუკავა, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ნიკა მელია, გიორგი გაჩეჩილაძე, მიხეილ სალუაშვილი, ირმა ინაშვილი, სერგო ჯავახიძე, ირაკლი ღლონტი, გიორგი ლაღიძე, თეიმურაზ მურვანიძე, ასმათ ტყაბლაძე, გიორგი ლილუაშვილი და დავით ნარმანია.
გარდა მერისა, თბილისი დღეს საკრებულოსაც აირჩევს, 50 წევრიდან 25-ს პროპორციული სიით, 25-ს კი მაჟორიტარული წესით. თბილისის 10 საარჩევნო ოლქში 918 667 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან ყველაზე მეტი ამომრჩეველი - 132 697 სამგორის საარჩევნო ოლქშია, ყველაზე ცოტა, 41 118 კრწანისში. მერის პოსტს ის კანდიდატი დაიკავებს, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50 პროცენტზე მეტს მიიღებს.
რეგიონებისგან განსხვავებით, თბილისში საარჩევნო პროცესი დილიდან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. კანდიდატებმა საკუთარი არჩევნი უკვე გააკეთეს. მთაწმინდის ოლქში მე-6 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლი იყო საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო უბანზე დილის 08:00 საათზე მივიდა.
„მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივულოცო დღევანდელი დღე, უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული არჩევანის ჩამოყალიბებაში. იმისთვის, რომ პოლიტიკოსები გემსახურონ, ისინი უნდა აირჩიოთ. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ ყველას აქტიურობისკენ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
დილის საათებში გააკეთა არჩევანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ მეორემ კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე. პატრიარქის განცხადებით, მან ხმა მისცა საქართველოს მთლიანობას. „ხმა მივეცი, მშვიდობას, სიხარულს და საქართველოს მთლიანობას, ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - აღნიშნა პატრიარქმა.
ვაკის მე-11 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა პრემიერ-მინისტრმა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან ხმა მისცა საქართველოს მომავალს, წინსვლას, განვითარებას, სტაბილურობას. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველა პარტიას, აქტივისტსა თუ მხარდამჭერს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ემოციებისგან და ნებისმერი პროვოკაციისგან. დღესვე ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა მეორე ტურის ალბათობაზე და აღნიშნა, რომ თუ რომელიმე რაიონში მეორე ტური დაინიშნება, ტრაგედია არ იქნება.
„მე ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკური ძალა ყველა ქალაქში, ყველა რაიონსა და სოფელში ლიდერობს. მიმაჩნია, რომ არ უნდა გახდეს საჭირო მეორე ტური, თუმცა, თუ მეორე ტური იქნება, არ იქნება ტრაგედია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ მაქსიმალურად გამჭვირვალე დემოკრატიული სახელმწიფო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნატანებში 61-ე უბანზე გააკეთა საკუთარი არჩევანი ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეს არჩევნები პრინციპულად გარდამტეხი ვერ იქნება, ეს არჩევნები არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელიც ჩემი მოსვლის შემდეგ დაიწყო საქართველოში.
„საქართველოში არის ჭეშმარიტი და არა მოჩვენებითი დემოკრატია, ეს პროცესი გრძელდება და ეს არჩევნებიც ამის სამტკიცი იქნება, ისევე როგორც წინა არჩევნები. გვახსოვს როგორი იყო საპარლამენტო არჩევნები, ვფიქრობ, საპრეზიდენტო არჩევნები ახლოს იყო ევროპულთან, ასევე ხდება დღესაც, რომელიც უფრო რთულია და მრავალრიცხოვანი, ძალიან ბევრი კანდიდატია ასარჩევი. სოციოლოგებს შევხვდი მეგობრულად და არაფორმალურად. ძირითადი პრობლემა დღევანდელი მთავრობის, რაც გამოიკვეთა - არის უმუშევრობა.
ამას ყველაზე დიდ შეცდომად უთვლიან ხელისუფლებას, რასაც არ ვეთანხმები. ხელისუფლებამ უნდა შექმნას პირობები, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები. სამუშაო ადგილები კი უნდა შექმნას ბიზნესმა, რისთვისაც ხელისუფლებამ უნდა შექმნას სათანადო პირობები. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და კონკურენტული გარემო შევქმნათ, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი გარემო, რომ გააკეთოს არჩევნები“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
საბურთალოს 1-ელ საარჩევნო უბანზე თავისი არჩევანი დააფიქსირა კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატიმა დავით ნარმანიამ, რომელიც საარჩვენო უბანზე მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა. როგორც ნარმანიამ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, დღეს გამარჯვების დღეა.
გავაკეთე არჩევანი იმ ძალის სასარგებლოდ, რომელმაც უნდა განავითაროს ჩვენი დედაქალაქი. რომელმაც უკეთესი მომავალი უნდა შეუქმნას ჩვენს პატარებს, თითოეული კატეგორიის ადამიანს. ხმა მივეცი იმ ძალას, რომელმაც უნდა გააკეთოს დედაქალაქში ძალიან ბევრი საქმე, განაშენიანების, ეკოლოგიის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის თვალსაზრისით. ხმა მიცვეცი იმ ძალას, რომელიც ერთობლივი ზრუნვით, საზოგადოების აქტიური ჩართულობით მოახერხებს იმას, რომ უკეთეს დედაქალაქში აცხოვრებს ჩვენს მომავალ თაობას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
24-3 საარჩევნო ოლქში გააკეთა არჩევანი კოალიცია „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ მერობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომლის გაცხადებით, ხმა ქვეყნის მოწესრიგებას მისცა. „ხმა მივეცი სწორ არჩევანს, ქვეყნის მოწესრიგებას, ქალაქის მოწესრიგებას, ჩვენი შვილების ნათელ მომავალს. უნდა დამთავრდეს ერთსისტემური მმართველობა და უნდა გადაიდგას ნაბიჯები ქვეყნის ერთიანობისთვის“,- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
თბილისის და თბილისელების დაბოღმილი პოლიტიკისგან გათავისუფლებას მისცა ხმამთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ.
„ხმა მივეცი არა დაუმთავრებელ ურთიერთდაპირისპირებას და კინკლაობას, არამედ, პირიქით, ხმა მივეცი დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის თანხმობის ჩამოყალიბებას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მგზავრობის გაიაფებას, კომუნალური ხარჯების შემცირებას. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის ამომრჩეველი სრულიად სხვა არჩევანს გააკეთებს, ვიდრე გააკეთა წინა ორ არჩევნებში. სწორედ ამის საფუძველზე არ გამოვრიცხავ არჩევნების მეორე ტურს თბილისში“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
დღესვე არჩევანი გააკეთასაქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მეუღლემ, სანდრა რულოვსმა. როგორც მან ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახის ყველა წევრს არ აქვს საშუალება, რომ მისცეს ხმა, თუმცა იცის ვისაც მისცემდა ხმას მისი მეუღლე, მიხეილ სააკაშვილი.
„ამიტომ, დღეს მთელი ოჯახის სახელით შემოვხაზე ღირსეული კანდიდატის სახელი და გვარი. ჩვენ დემოკრატიის გვჯერა და მე მგონი ამ დემოკრატიის აშენებაში ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
გურამიშვილის გამზირზე მდებარე 42-ე საარჩევნო უბანზე მისულ შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა, რის გამოც, მან საკუთარი არჩევანი ერთი საათით გვიან დააფიქსირა. ეს ინფორმაცია საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ დავით მაისურაძემ დაადასტურა. თავად ჭიკაიძემ კი აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ღიმილით უპასუხა.