საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 07.00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემის პოცედურა 08.00 საათზე დაიწყო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქი და 3 617 საარჩევნო უბანია გახსნილი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 429 748-ს შეადგენს. ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საათზე სრულდება. ამ დროისთვის კენჭისყრის შენობები დაიკეტება, თუმცა რიგში მდგომ ამომრჩევლებს ხმის მიცემის შესაძლებლობა მიეცემათ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს სამეგრელოს რეგიონში. მარტვილის მე-16 საარჩევნო უბანზე, სოფელ დოშაყეში დილის 06.00 საათზე უბანს შეიარაღებული პრიები დაესხნენ თავს და საარჩევნო დოკუმენტაცია გაიტაცეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა.
უბნიდან გატაცებული საარჩევნო დოკუმენტაცია უბნიდან 200 მეტრში იპოვეს. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, ნაპოვნი ბიულეტენები დალუქული და ხელუხლებელი იყო და დაუბრუნდა საარჩევნო უბანს. შესაბამისად,მარტვილის მე-16 საარჩევნო უბანი მოგვიანებით გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
არჩევნები ჩაიშალა ზუგდიდის რაიონის 32-ე უბანში. საარჩევნო უბანზე უგზო-უკლოდ დაკარგული გოგიტა აბულაძის დედა მივიდა, საარჩევნო პროცესი ჩაშალა. დაამტვრია საარჩევნო ყუთი, დახია ბიულეტენები, დააზიანა საარჩევნო ინვენტარი. როგორც ცინარა აბულაძემ ჟურნალისტებს განაუცხადა მისი შვილის, გოგიტა აბულაძის საქმე გამოძიებულია, თუმცა ამის მიუხედავად არ ეუბნებიან, რა მოხდა რეალურად, სწორედ ამიტომ მიმართა პროტესტის მსგავს ფორმასაც. ცინარა აბულაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მომხდარის შესახებ.
უბნის თავმჯდომარე თემურ ექენია აცხადებს, რომ აბულაძეები ამ უბნის ამომრჩევლები იყვნენ და სწორედ ამიტომ შეუშვა კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად. მისივე თქმით, წინასწარ არ იცოდა, თუ რა განზრახვა ქონდათ მათ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ შემოუშვებდნენ და პოლიციასაც აცნობებდნენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება ანააკლიის 32-ე საარჩევნო უბანში არჩევნები. ანაკლიაში, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება163-ე მუხლით დაიწყო, რაც საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.
შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო თბილისში, ფონიჭალაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი მხარდამჭერის ცემის ფაქტზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს. ჭიკაიძის უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ყველა აუცილებელი და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო ღონისძიება დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა-დაკავების მიზნით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან.
სამეგრელოს რეგიონში გავითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-მა რიჩარდ ნორლანდმა. ელჩის განცხადებით,მოხდა რამდენიმე ინციდენტი რომლებიც კითხვებს ბადებს. რიჩარდ ნორლანდი ორხევში ბრიტანელ და ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად არჩევნების მიმდინარეობას დილიდან აკვირდება.
„გუშინ საღამოს მოხდა რამდენიმე ინციდენტი, რომელიც კითხვებს ბადებს. გვესმის, რომ ემოციური ატმოსფეროა, მაგრამ ასევე ვიმედოვნებთ, რომ კარგი შესაძლებლობაა მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებისთვის. ველოდებით ნორმალურ გარემოში არჩევნების ჩატარებას. საელჩოების მიერ ქვეყნის მასშტაბით გაგზავნილი სადამკვირვებლო ჯგუფებისგან მიღებული ინფორმაციით, არჩევნები ნორმალურად მიმდინარეობს.
ჩვენ ვაფასებთ ამ შესაძლებლობას, რომელიც ერთობლივი მისიის ფარგლებში გვაქვს ამერიკის, ჰოლანდიისა და ბრიტანეთის საელჩოებს ქვეყნის მასშტაბით. განაწილებული არიან ჩვენი სადამკვირვებლო ჯგუფები, რომლებიც მიმდინარე პროცესს თვალ-ყურს ადევნებენ. ამ ჯგუფებისგან ვიღებთ ინფორმაციას და ჯერჯერობით მიღებული ინფორმაციით, პროცესი ნორმალურად მიდის. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ორგანიზებამ, რომელიც ვიხილეთ უბნებზე, სადაც ვიმყოფებოდით. ისინი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც იძლევა საშუალებას, რომ არჩევნები ორგანიზებულად წარიმართოს“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
აქტურობისკენ მოუწოდა მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე იყოს პირველ რიგში დემოკრატიის გამარჯვება და შემდეგ პოლიტიკოსების გამარჯვება.
„იმისთვის, რომ პოლიტიკოსები გემსახურონ, ისინი უნდა აირჩიოთ. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ ყველას აქტიურობისკენ. ამავე დროს ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებ, რომ დღევანდელი დღე იყოს პირველ რიგში დემოკრატიის არჩევანი, დემოკრატიის გამარჯვება და შემდეგ მათი გამარჯვება. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ აქტივობისკენ და ამავე დროს მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ყველა პარტიას, აქტივისტსა თუ მხარდამჭერს მოუწოდებს პრემიერ-მინისტრი მაქსიმალურად შეიკავონ თავი ემოციებისგან და ნებისმერი პროვოკაციისგან. ირაკლი ღარიბაშვიმა ასევე მიმართა სამართალდამცავებს, მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად აღკვეთონ ნებისმიერი პროვოკაცია, ნებისმიერი მცდელობა რაიმე დარბევის ან ჩაშლის.