მიმდინარე წლის 6 ივნისს რუსეთისა და მსოფლიოს ლიტერატურის მოყვარულებმა თანამედროვე რუსული ლიტერატურის ფუძემდებლად მიჩნეული ავტორის, ალექსანდრ პუშკინის დაბადებიდან 215-ე წლისთავი აღნიშნეს. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით „პუშკინის დღემ“ 1997 წლიდან სახელმწიფო დღესასწაულის სტატუსი შეიძინა და ის რუსული ენის დღედაც ითვლება. 6 ივნისს იმართება საზეიმო ღონისძიებები, კონკურსები, საჯარო კითხვის ცერემონიები. მოსკოვში პუშკინის სახელმწიფო მუზეუმი და მისი ფილიალები ამ დღეს უფასოდ მასპინძლობდნენ მნახველებს.
პუშკინის იუბილეს, თავისთავად, რუსეთის კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს - 1880 წელს, მოსკოვში პუშკინის მემორიალის გახსნა საეტაპო მოვლენადაა მიჩნეული. მაშინდელი დღესასწაულის მთავარ მოვლენად იქცა დიდი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის მიერ წარმოთქმული სიტყვა, რომელსაც პუბლიკა მძაფრი ემოციებით და აღტაცებით შეხვდა. ამ გამოსვლაში დოსტოევსკიმ პუშკინი წარმოაჩინა ძმური სულისკვეთების გამარჯვების იმ დიადი მისიის სიმბოლოდ, რომელიც, დოსტოევსკის შეხედულებით, რუსეთს კაცობრიობის წინაშე ეკისრებოდა.
მესიანისტური ნაციონალიზმი დოსტოევსკის ნააზრევის ყველაზე პრობლემურ და წინააღმდეგობრივ ნაწილადაა მიჩნეული. მკვლევრები არაერთ შეუსაბამობაზე ამახვილებენ ყურადღებას - მისი მხატვრული ტექსტების კომპლექსურობასა და სიღრმეზე და, ამავე დროს, პოლიტიკური და ჟურნალისტური ნაშრომების ცალმხრივობასა და კონსერვატიზმზე; მისი ნაციონალიზმის ეთიკურ უნივერსალიზმზე და, პარალელურად, რუსეთის იმპერიის პოლიტიკური გაფართოების მხარდაჭერაზე. დოსტოევსკის მყარ რწმენაზე, რომ რუსეთმა სამყაროს ქრისტიანული სიკეთე, ძმობა, თანაგრძნობა და სამართალი უნდა მოუტანოს და, ამავე დროს, ორიენტალისტურ სიტყვებზე, რომლებიც მან შუა აზიის დაპყრობას მიუძღვნა - „ევროპაში სამადლოდ სარჩენები და მონები ვიყავით, აზიას კი ბატონებად გამოვეცხადებით. ევროპაში თათრები ვიყავით, აზიაში კი ევროპელები ვართ. მისია, აზიაში ჩვენი ცივილიზატორული მისია, აიტაცებს ჩვენს სულს და იქით წაგვიყვანს, ოღონდ კი მოძრაობა დაიწყებოდეს.“
დოსტოევსკის მკვლევრებს შორისაა ოჰაიოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის პროფესორი ემერიტუსი, ჯეიმს სკენლანი, რომლის 2002 წელს გამოსულ წიგნს „დოსტოევსკი - მოაზროვნე“ კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა. ჯეიმს სკენლანსსალომე ასათიანი ესაუბრა ტელეფონით.
რადიო თავისუფლება: თქვენს წიგნში, რომელსაც "დოსტოევსკი - მოაზროვნე" ეწოდება, ავტორს განიხილავთ არა როგორც მწერალს, რომელიც სიღრმისეულად ასახავდა ფილოსოფიურ თემებს, არამედ უწინარესად როგორც ფილოსოფოსს და პოლიტიკურ მოაზროვნეს. თუმცა წიგნის დასაწყისშივე შენიშნავთ, რომ ამგვარ მიდგომას ბევრი სკეპტიკურად მოეკიდება - მწერლები იტყვიან, რომ ამით მისი ლიტერატურის შემოქმედებითი მასშტაბი იკარგება, ფილოსოფოსები კი შენიშნავენ, რომ მას ამ სფეროში ფორმალური განათლება არ მიუღია და არც ფილოსოფიური ნაშრომები დაუწერია. როგორ პასუხობთ ასეთ სკეპტიკოსებს?
ჯეიმს სკენლანი: რეალურად, ორი დოსტოევსკი არსებობს. ერთია იმ არაჩვეულებრივი რომანების ავტორი, რომლებსაც მთელ მსოფლიოში დღესაც გატაცებით კითხულობენ და რომლებიც ისევ გვაოცებს სიღრმით და მასშტაბით. მაგრამ მხატვრული ლიტერატურის გარდა, დოსტოევსკი პოლიტიკური და ფილოსოფიური შინაარსის ტექსტებსაც წერდა - პუბლიცისტურ წერილებს, მის ცნობილ „მწერლის დღიურს“. მას ბევრი ტექსტი აქვს დაწერილი ჟანრში, რომელსაც დღეს ჟურნალისტურ სვეტს ვუწოდებდით. და ამ ტექსტებში, განსაკუთრებით ცხოვრების ბოლო წლებში, მან რუსეთის და რუსების რადიკალურად ნაციონალისტური განსაზღვრება შემოგვთავაზა. მის არაჩვეულებრივ რომანებში ეს გარემოება ასე პირდაპირ არ გვხვდება, თუმცა გარკვეული ნიშნები იქაც არის. მაგრამ პოლიტიკური ტიპის ნაწერებში საქმე ნამდვილად რადიკალურ ნაციონალიზმთან გვაქვს. მას სწამდა, რომ რუსი ხალხი ღმერთის რჩეულია, რომელმაც მსოფლიო უნდა გადაარჩინოს. რუსი ხალხი მიაჩნდა ყველა სხვა ხალხისგან განსხვავებულად - მისი აზრით, რუსები უდიდესი ძმური სულისკვეთებით გამორჩეოდნენ და სხვა ხალხებზე წინ იდგნენ როგორც ინტელექტუალური, ისე ადამიანური ურთიერთობების თვალსაზრისით.
რადიო თავისუფლება: "ორ დოსტოევსკის" - კომპლექსური რომანების ავტორს და ცალმხრივ, კონსერვატორ ჟურნალისტს - შორის შეუსაბამობაზე ბევრია დაწერილი, მათ შორის დოსტოევსკის შესახებ მნიშვნელოვანი გამოკვლევის ავტორის, მიხაილ ბახტინის მიერ, რომელმაც, როგორც ვიცით, აღწერა მისი რომანების პოლიფონიურობა, რადიკალური დიალოგიზმი. ბევრი კრიტიკოსი, მათ შორის დასავლელი მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მის რომანებში განსხვავებულ პოლიტიკურ თუ ფილოსოფიურ პოზიციებზე მდგომი პერსონაჟების ხმები იმდენად კომპლექსურად წარმოჩინდება, რომ შეუძლებელია განსაზღვრა, თუ სად დგას თავად ავტორი. თუმცა თქვენს წიგნში სხვა სურათი იკვეთება - რომ დოსტოევსკი მხატვრული ტექსტებითაც უწინარესად რუს მედასავლეთეებს პასუხობდა. თქვენი აზრით, ისეთ რომანებში, როგორებიცაა „ბარათები იატაკქვეშეთიდან“, „ეშმაკნი“ და „ძმები კარამაზოვები“ თემატიკა განაპირობა დოსტოევსკის ანტაგონიზმმა „ნიჰილისტებად“ მიჩნეული მოაზროვნეების რადიკალური ათეიზმის თუ რევოლუციური სოციალიზმის მიმართ. მაინც რა როლი აქვს მის პოლიტიკურ პოზიციას მის რომანებში?
ჯეიმს სკენლანი: მკაცრი გაგებით, დოსტოევსკი პოლიტიკური რომანების წერას არ ესწრაფვოდა. გარდა რომანისა "ეშმაკნი", რომელსაც თავადაც პოლიტიკურ ტექსტად მიიჩნევდა და რომელშიც ის ეწინააღმდეგება რევოლუციურ მოძრაობებს და მათ დასავლურ ფესვებს. მაგრამ სხვა რომანებში ნამდვილად შეუძლებელია ერთი კონკრეტული პოლიტიკური მესიჯის პოვნა. ამაზე დღევანდელი სურათიც მეტყველებს - დოსტოევსკი როგორც ვლადიმირ პუტინის, ისე, მაგალითად, რომის პაპის, ფრანცისკეს საყვარელი მწერალია. ფრანცისკე აღმატებულ ხარისხში საუბრობს დოსტოევსკიზე და ნათქვამი აქვს, რომ ის მისი საყვარელი ავტორია. ასეთი განსხვავებული მიმდევრების ყოლა იმის შედეგია, რომ მხატვრულ ლიტერატურაში დოსტოევსკი მიზანმიმართულად და წარმატებულად არიდებდა თავს კონკრეტულ პოლიტიკურ პოზიციაზე დგომას. აი არამხატვრულ ლიტერატურაში კი სულ სხვა სურათი იკვეთება.
რადიო თავისუფლება: დოსტოევსკის ინტელექტუალურ მემკვიდრეობაში ყველაზე მწვავე კრიტიკის საგანი ალბათ სწორედ მისი ნაციონალიზმი და მესიანიზმია. თუ შეიძლება, მოკლედ რომ აღვწეროთ კონტექსტი, რომელშიც ის წერდა? რუსეთის მოაზროვნეები დოსტოევსკიმდე დიდი ხნით ადრე ფიქრობდნენ მათი ქვეყნის როლსა თუ ადგილზე მსოფლიოს ისტორიაში. მესიანიზმის ისტორიაც მე-16 საუკუნიდან თუ კიდევ უფრო ადრე იღებს სათავეს - იქნება ეს რუსეთის, როგორც მესამე და უკანასკნელი რომის მეტაფორა, თუ "წმინდა რუსეთის" ცნება. ამ ტრადიციაში სად თავსდება დოსტოევსკი?
ჯეიმს სკენლანი: დოსტოევსკი რელიგიურ, არასეკულარულ ორიენტაციას ატარებს და ეწინააღმდეგება მათ, ვისაც სურს რუსეთში სამეფო ტახტის დამხობა და რუსეთის ფუნდამენტურად შეცვლა. ის მხარს უჭერდა ცარისტულ სისტემას, რუსულ მართლმადიდებლობას. სწამდა, რომ სწორედ რუსული მართლმადიდებლობა იყო ის, რამაც ჭეშმარიტი ქრისტიანობა შემოინახა. და სჯეროდა, რომ რუსეთი ღვთისგან იყო რჩეული, რათა მას მთელი კაცობრიობისთვის შემოენახა ჭეშმარიტი სულიერება და ძმური სულისკვეთება.
რადიო თავისუფლება: თავისი შეხედულებების კრისტალიზაცია დოსტოევსკიმ მოახდინა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1880 წლის 8 ივნისს მოსკოვში, პუშკინის მემორიალის გახსნაზე წარმოთქმულ სიტყვაში. როგორც ცნობილია, მაშინ მან გამარჯვება მოიპოვა კიდევ ერთ გამომსვლელზე, თავის დიდი ხნის მეტოქეზე, ივან ტურგენევზე და მის ლიბერალიზმზე. ტურგენევმა თავის გამოსვლაში პუშკინზე უწინარესად ევროპული ლიტერატურის კონტექსტში ისაუბრა, დოსტოევსკიმ კი პუშკინი რუსეთის მისიის სიმბოლოდ აქცია და განაცხადა, რომ პუშკინის გენია უტოლდებოდა და შესაძლოა უსწრებდა კიდეც ევროპული კულტურის მიღწევებს. თქვენი აზრით, მაინც რამ განაპირობა დოსტოევსკის ამ გამოსვლის ასეთი წარმატება?
ჯეიმს სკენლანი: დოსტოევსკიმ ეს გამოსვლა რომ დაასრულა, ერთ-ერთი პირი, რომელიც ღრმა შთაბეჭდილების ქვეშ იყო, თავად ტურგენევი იყო. მასზე ამ სიტყვას ისე უმოქმედია, რომ აცრემლებული მივიდა დოსტოევსკისთან. ამ ამბიდან ალბათ მარტივი დასკვნები არ უნდა გამოვიტანოთ, თუმცა ფაქტია - იმ სიტყვაში დოსტოევსკი რუსული ნაციონალიზმის ისეთ ღრმა ნერვს შეეხო და ხოტბა ისე შეასხა პუშკინს, რომ მისი სიტყვის ძალას ვერავინ გაუძლო. მისმა განცხადებებმა მთელი აუდიტორია დაიპყრო. არადა, თუკი ამ განცხადებებს ცალ-ცალკე გავაანალიზებთ, საქმე გვექნება რუსული მესიანისტური ნაციონალიზმის რადიკალურ გამოვლინებასთან.
რადიო თავისუფლება: ანალიტიკოსები შეუსაბამობებს საკუთრივ დოსტოევსკის ნაციონალიზმშიც ხედავენ. ერთი მხრივ, მას "ეთიკურ-უნივერსალისტური" განზომილება აქვს - ემყარება მოსაზრებას, რომ რუსეთის მისიაა ქრისტიანული სიკეთე გაავრცელოს და სხვა ერებს ძმურად ემსახუროს. მეორე მხრივ კი გამოირჩევა იმპერიალისტური ელფერით და რუსეთის იმპერიის პოლიტიკური ძალაუფლების გაფართოების მხარდაჭერით. თუმცა თქვენ წერთ, რომ თავად დოსტოევსკი ამაში წინააღმდეგობას ვერ ხედავდა.
ჯეიმს სკენლანი: არა. ჩემი აზრით, ის ამაში ნამდვილად არ ხედავდა წინააღმდეგობას. მას სწამდა, რომ "უნივერსალურობის" ეს არაჩვეულებრივი მახასიათებელი, რომელსაც რუსებს მიაწერდა, რუსებს საშუალებას მისცემდა სხვა ხალხებს ისე მოქცეოდნენ, რომ ხალხებს შორის კარგი ურთიერთობა დამყარებულიყო. შეიძლება ითქვას, სჯეროდა, რომ რუსები ყველაზე დიპლომატიურები იყვნენ. მათ ესმოდათ, რა უნდოდათ სხვა ერებს, ესმოდათ არა მხოლოდ თავიანთი, არამედ სხვა ხალხების საჭიროებები და სურვილები. რუსეთის ლიდერობის პირობებში მსოფლიო შეძლებდა ერთიანობის და ჰარმონიის მიღწევას.
რადიო თავისუფლება: მის რომანებში და არამხატვრულ ტექსტებში საკუთრივ რუსეთის სახეც განსხვავებულია. არამხატვრულ ტექსტებში ის წერს, რომ რუსეთმა, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანობის შემომნახველმა სივრცემ, დედამიწაზე ქრისტიანული სიკეთე და სამართალი უნდა დაამყაროს. მაგრამ მის რომანებში რუსეთი ამ მორალური იდეალისგან ძალიან შორსაა. რუსეთის საზოგადოება ისეა დაშორებული ღმერთს და სიკეთეს, რომ, მაგალითად, ლევ მიშკინი, ქრისტიანული თანაგრძნობის განსხეულება, „იდიოტად“ იქცა. როგორ აიხსნება ეს შეუსაბამობა?
ჯეიმს სკენლანი: დოსტოევსკის კომპლექსურობა სწორედ ამაშია. მხატვრულ ტექსტებში ის ამბების მთხრობელია - და ამას ბრწყინვალედ, ოსტატურად აკეთებს. ჰყავს განსხვავებული პერსონაჟები, როგორც შეხედულებების, ისე შესაძლებლობების თვალსაზრისით. გარდა "ეშმაკნისა", თავის რომანებში ის მიზანმიმართულად გვაჩვენებს საკითხების სხვადასხვა მხარეს. მაგალითად, "ძმებ კარამაზოვებში" ვიცით, რომ თავად ის ალიოშას და ბერ ზოსიმეს მხარეს იხრებოდა, მაგრამ ივან კარამაზოვის პერსონაჟი ისეთი სიღრმით და დამაჯერებლობით შექმნა, რომ ამ რომანს ბევრი ათეისტურ ნაშრომად აღიქვამს. ის საკითხს მთელი სიღრმით, ყველა კუთხით წარმოაჩენდა. რომანებში სწორედ ამიტომაა შეუძლებელი მისი პოზიციის ამოცნობა.
რადიო თავისუფლება: კიდევ ერთი რთული საკითხია დოსტოევსკის მიმართება სლავოფილობასთან - იმ ინტელექტუალურ ტრადიციასთან, რომელიც სლავურ კულტურას უნიკალურად და უზენაესად მიიჩნევდა და თვლიდა, რომ დასავლური ინსტიტუტები და ღირებულებები ამ კულტურისთვის არ იყო მისაღები. დოსტოევსკი უფრო მეტად "პოჩვენიჩესტვოს" სახელით ცნობილ ტრადიციასთანაა დაკავშირებული, რომელსაც მიიჩნევენ სლავოფილობის ერთ-ერთ სპეციფიკურ ვერსიად და მედასავლეთეებსა და სლავოფილებს შორის ერთიანი პლატფორმის გამონახვის მცდელობად. შეგიძლიათ გვითხრათ, მაინც რა იყო მთავარი განსხვავება?
ჯეიმს სკენლანი: დროთა განმავლობაში, სიცოცხლის ბოლოსკენ, დოსტოევსკი სულ უფრო მეტად დაუახლოვდა სლავოფილებს. მნიშვნელოვანი განსხვავება ალბათ ის იყო, რომ დოსტოევსკი, ჩემი აზრით, საკუთარ თავს პროვინციული აზროვნების სლავოფილებზე უფრო კოსმოპოლიტად და გახსნილი შეხედულებების მქონედ მიიჩნევდა. ერთ დროს ის თავად იყო მედასავლეთე - [გადასახლებამდე], ახალგაზრდობაში, შთაგონების წყაროდ მასაც დასავლეთი ესახებოდა და სლავოფილებზე ქილიკობდა კიდეც. მაგრამ მერე და მერე მისი შეხედულებების სლავოფილების პოზიციებისგან განსხვავება ძალიან რთულია.
რადიო თავისუფლება: მკვლევრები პეტრე პირველის პროევროპული რეფორმებისადმი დამოკიდებულებაშიც ხედავენ სხვაობას. ბევრი სლავოფილისგან განსხვავებით, დოსტოევსკი თვლიდა, რომ იმ რეფორმებმა, "ანტიეროვნული" სულისკვეთების და განხორციელების დესპოტური ფორმების მიუხედავად, გარკვეული სიკეთე მოიტანა და თან აჩვენა, რომ რუსეთს შეუძლია სხვა კულტურებისგან გადმოიღოს ის, რაც უნივერსალურადაა ღირებული.
ჯეიმს სკენლანი: დიახ, ნამდვილად ასეა. ეს კიდევ ერთი მკაფიო განმასხვავებელი იყო.
რადიო თავისუფლება: დოსტოევსკის ნაციონალიზმის ყველაზე პრობლემურ და მტკივნეულ ასპექტად მის მზარდ ანტისემიტიზმს მიიჩნევენ, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ მისი ცხოვრების ბოლო წლებში გამოვლინდა. თუმცა, თავად მწერალი ამ ბრალდებას უარყოფდა და ამბობდა, რომ ებრაელთა სამოქალაქო უფლებების გაფართოებას უჭერდა მხარს. ბევრს, მათ შორის დოსტოევსკის შემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტიან მკვლევარს, აწ გარდაცვლილი ჯოზეფ ფრანკს უსაუბრია თვალშისაცემ შეუსაბამობაზე - ერთი მხრივ, დოსტოევსკის ინტენსიურ ჰუმანიზმზე, თანაგრძნობაზე და ემპათიაზე დამცირებული და ჩაგრული ხალხის მიმართ და, მეორე მხრივ, ამ თანაგრძნობის არგანვრცობაზე ებრაელთა მიმართ - ხალხის, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში იყო ჩაგვრის მსხვერპლი. თქვენ როგორ ხსნით ამას?
ჯეიმს სკენლანი: ჩემი აზრით, ის ბევრს ფიქრობდა დიდ მომავალზე, რომელსაც რუს ხალხს და რუსეთის იმპერიას უწინასწარმეტყველებდა. ამასთან, ის ერებს შორის განსხვავებების გამოკვეთით იყო დაინტერესებული. მის კლასიფიკაციაში ებრაელები იქცნენ რუსებისგან კარდინალურად განსხვავებულ ხალხად. დოსტოევსკი თვლიდა, რომ ებრაელებს ჰქონდათ თავიანთი ეროვნული მახასიათებლები, რომლებიც მათ ქცევაში ვლინდებოდა. და მას ეს მახასიათებლები არ მოსწონდა.
რადიო თავისუფლება: ბევრი მის ზოგად ქსენოფობიაზე საუბრობს - რომ მას, მაგალითად, არ მოსწონდა პოლონელები, გერმანელები. მაგრამ, როგორც თქვენც შენიშნავთ წიგნში, ებრაელთა მიმართ ის განსაკუთრებით კრიტიკული და თან სტერეოტიპული იყო - მათ მატერიალიზმსა და ეგოიზმში სდებდა ბრალს.
ჯეიმს სკენლანი: დიახ, ასეა.
რადიო თავისუფლება: დოსტოევსკის ნაციონალიზმში რა დატვირთვა აქვს ბიოლოგიას და კულტურას თუ გარემოს?
ჯეიმს სკენლანი: იგი თავად ამბობს, რომ არ საუბრობს ბიოლოგიაზე დაფუძნებულ მახასიათებლებზე. აცხადებს, რომ აღწერს თვისებებს, რომლებიც რუსმა ხალხმა ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში შეიძინა. არ ამბობს, რომ არსებობს "რუსული რასა", როგორც ჰიტლერი ლაპარაკობდა "არიულ რასაზე", რომელიც მისთვის უზენაესი იყო.
რადიო თავისუფლება: თუმცა „არიული რასის“ ცნება დოსტოევსკიმაც გამოიყენა - ერთადერთხელ, პუშკინის ძეგლის გახსნისას წარმოთქმულ სიტყვაში. ხალხებს შორის უნივერსალური ძმობის დამყარების რუსულ მისიაზე საუბრისას ერთგან ამბობს, რომ ეს გაერთიანება არიული რასის ხალხებში მოხდება.
ჯეიმს სკენლანი: დიახ, ასეა. არ ვიცი სად ამოიკითხა ეს ცნება, ან მაშინდელ კონტექსტში რას გულისხმობდა ამაში. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება - ძმური სულისკვეთება, რომელსაც ის რუსებს მიაწერს, მასთან ბიოლოგიური ფაქტორებით კი არ არის განპირობებული, არამედ იმ გზით, რომელიც რუსეთის საზოგადოებამ საუკუნეების განმავლობაში გამოიარა. ძმობა, სხვა ხალხების გაგების და მათთან კარგი ურთიერთობის დამყარების უნარი რუსებისთვის "ბუნებრივია", მაგრამ ეს მეორადი ბუნებაა და არა ბიოლოგიით განპირობებული. მაგრამ როცა რუსების "უნივერსალურობაზე" ლაპარაკობს, აქ ის ძალიან უახლოვდება ბიოლოგიას. მაგალითად, აცხადებს, რომ რუსებს აქვთ არაჩვეულებრივი ლინგვისტური უნარები - შეუძლიათ ისე ისწავლონ, გაიგონ, იკითხონ და ილაპარაკონ მსოფლიოს ნებისმიერ ენაზე, თითქოს ეს მათი ენა იყოს. ეს სცდება წლების განმავლობაში, გარემოსგან თუ კულტურისგან შესწავლილ უნარს. ამდენად, "უნივერსალურობა" - მახასიათებელი, რომელიც დოსტოევსკისთან რუსული მესიანური მისიის საფუძველია - მნიშვნელოვნად უახლოვდება ბიოლოგიას. მაგრამ დოსტოევსკი ღიად არასოდეს აცხადებს, რომ ბიოლოგიურ, ან რასობრივ განსხვავებებზე ლაპარაკობს.
რადიო თავისუფლება: დოსტოევსკიზე, როგორც მოაზროვნეზე, საუბრისას, წერთ, რომ ის უფრო მეტად იყო რაციონალისტი, ვიდრე ეს ზოგადადაა მიჩნეული. არადა მართლაც არსებობს კლიშე - რომელიც დიდწილად საზრდოობს მისი რომანით "ბარათები იატაკქვეშეთიდან" – რომ დოსტოევსკიმ რაციონალობის საზღვრები გვაჩვენა. დაგვანახა, რომ გვეშლება, როცა ვთვლით, რომ ადამიანი საკუთარი თავისთვის ყოველთვის საუკეთესო არჩევანს აკეთებს. ამაზე თომას მანიც წერდა, თავის ცნობილ წინასიტყვაობაში - რომ დოსტოევსკი "ზომიერად" უნდა ვიკითხოთ, რადგან ის ტანჯვისკენ ადამიანის ლტოლვის დამანგრეველ ძალას გვაჩვენებს. თქვენ კი დოსტოევსკის მაინც ლოგიკურ და დიდწილად რაციონალურ მოაზროვნედ წარმოაჩენთ - მაშინაც კი, როცა ის რაციონალობას აკრიტიკებს. რატომ თვლით ასე?
ჯეიმს სკენლანი: დიახ, მე ასე ვფიქრობ. ჩემი აზრით, ბევრი სათანადოდ არ ითვალისწინებს დოსტოევსკის არგუმენტაციის სტილს, იმას, თუ როგორ ამყარებს ის საკუთარ პოზიციებს არგუმენტებით. მაგალითად, როცა ამბობს, რომ რუსები სხვა ერებზე წინ დგანან, ამას ასე ხელაღებით არ აცხადებს. პირიქით, მას ბევრი არგუმენტი მოაქვს ამ თვალსაზრისის დასამტკიცებლად. ამბობს, რომ რუსებს სხვა ერებისგან მათი უნივერსალურობა და ძმური სულისკვეთება გამოარჩევს და კაცობრიობის გადარჩენაზე განაცხადის გაკეთების საფუძველსაც სწორედ ეს ქმნის. დოსტოევსკის პოზიცია ლოგიკურად გამომდინარეობს მოტანილი არგუმენტებიდან. სხვა საკითხია, რომ შესაძლოა საკუთრივ არგუმენტები იყოს არასწორი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის მართლაც მითიურ არგუმენტებს იყენებს და, შესაბამისად, მისი დასკვნაც ასეთივეა. ცხადია, თუ არგუმენტებს არ იზიარებ, დასკვნაც მიუღებელი იქნება. წიგნში უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა, რომ მსჯელობისას დოსტოევსკი ლოგიკას მისდევს და ცდილობს ნებისმიერი პოზიცია არგუმენტებით გაამყაროს.
რადიო თავისუფლება: დასავლურ ტრადიციასთან მიმართებაზე მინდა ზოგადად გკითხოთ. როგორც ცნობილია, სლავოფილები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ განვითარების მოდელად დასავლეთის დასახვას, განიცდიდნენ გერმანელი რომანტიკოსების გავლენას. თქვენს წიგნში არაერთ პარალელს ავლებთ დოსტოევსკის მისტიკურ ნაციონალიზმს, განსაკუთრებით მის "პოჩვენიჩესტვოს" და გერმანელი მოაზროვნის, იოჰან ჰერდერის მემკვიდრეობას შორის - ეროვნული ხასიათების ფორმირებაში გეოგრაფიის და ნიადაგის როლზე ჰერდერიც წერდა. შეიძლება ვთქვათ, რომ რუსულ ინტელექტუალურ ისტორიაში ისინიც კი, ვინც დასავლეთის გამოცდილებას, განმანათლებლობის მემკვიდრეობას უარყოფდნენ ან აკრიტიკებდნენ, ამას მაინც დასავლეთის ინტელექტუალური ტრადიციების გავლენით აკეთებდნენ?
ჯეიმს სკენლანი: დიახ, ეს ნამდვილად ასეა. რუსული ინტელექტუალური ტრადიციები ორიგინალური იყო იმ თვალსაზრისით, რომ სპეციფიკურად რუსეთის გამოცდილებას იყო მორგებული. მაგრამ დასავლური ინტელექტუალური ტრადიციების თუ მიმდინარეობების გავლენა ყოველთვის იგრძნობოდა.
რადიო თავისუფლება: რუსული მესიანიზმის და განსაკუთრებულობის ფორმულამ ბევრი ცვლილება განიცადა და გარკვეული ფორმით დღესაც გვხვდება. დღეს რუსეთში "ევრაზიულობის" აღორძინებაზე ლაპარაკობენ - იდეაზე, რომელიც დოსტოევსკის პირდაპირ არ უკავშირდება და ფესვები აქვს 1920-იანი წლების ინტელექტუალურ ტრადიციაში. დღევანდელი რუსეთის პოლიტიკურ თუ ინტელექტუალურ კლიმატში სად მოათავსებდით დოსტოევსკის მემკვიდრეობას?
ჯეიმს სკენლანი: დღევანდელ რუსეთს ისე აქტიურად ვერ ვადევნებ თვალს, როგორც ვისურვებდი. თუმცა ვლადიმირ პუტინის განცხადებებსა თუ ქცევაში ზოგჯერ მართლაც გამოსჭვივის დოსტოევსკისეული კონფიგურაციების ექო. ახლახან პუტინმა რუსეთის რეგიონულ გუბერნატორებს ურჩია არა მხოლოდ დოსტოევსკის წაკითხვა, არამედ სხვა რუსი ავტორებისაც, რომლებიც ბევრი თვალსაზრისით ეხმიანებიან დოსტოევსკის მესიანიზმს, რელიგიურობას, კონსერვატიზმს თუ რუსეთის განსაკუთრებულობის რწმენას - მათ შორის ივან ილინის, [ვლადიმირ სოლოვიოვის და ნიკოლაი ბერდიაევის] ტექსტების. ამდენად, დოსტოევსკის ნააზრევის გავლენა დღევანდელ კლიმატშიც იგრძნობა.
რადიო თავისუფლება: ირონიული კითხვის დასმა თუ შეიძლება, თქვენი აზრით, დოსტოევსკი როგორ შეაფასებდა პუტინს, როგორც ლიდერს?
ჯეიმს სკენლანი: საინტერესო საკითხია. პუტინი ძლიერი ლიდერია, დოსტოევსკის მოსწონდა ძლიერი ლიდერები, მტკიცე ნების მეფეები. მაგრამ მაინც არ ვარ დარწმუნებული, რომ მას პუტინი მოეწონებოდა. თუმცა პუტინს რომ დოსტოევსკი მოსწონს, ეს ცნობილია.
რადიო თავისუფლება: მოსწონს, თუ მისი ნააზრევის ინსტრუმენტალიზაციას ახდენს და თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს?
ჯეიმს სკენლანი: ასეც და ისეც. ვფიქრობ, მოსწონს და იყენებს კიდეც. პუტინის შეხედულებები კი, როგორც ჩანს, რუსეთის ხალხს მოსწონს სულ უფრო და უფრო მეტად. ბოლო კვლევებით, პუტინის მმართველობას გამოკითხული მოქალაქეების დაახლოებით 85 პროცენტი უჭერს მხარს, ხომ ასეა?
რადიო თავისუფლება: საუბრის ბოლოს მოაზროვნეთა „ბრალეულობის“ ზოგად და რთულ თემაზე მინდა გკითხოთ. თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება იმავე დოსტოევსკის დადანაშაულება რუსეთში შოვინიზმის და იმპერიალიზმის გაძლიერებაში და პოლიტიკურ დოქტრინად ქცევაში, დღევანდელი პერსპექტივიდან თუ ვილაპარაკებთ? ეს საკითხი ბევრი კონტექსტისთვისაა მწვავე - ზემოთ ჰერდერი და ისტორიციზმი ვახსენეთ, რომელსაც დღეს ევროპული ფაშიზმის ფილოსოფიურ წინაპრად განიხილავენ. რამდენადაა ამგვარი პარალელები სწორხაზოვანი და ზედაპირული?
ჯეიმს სკენლანი: არა, მე ნამდვილად არ ვფიქრობ რომ დოსტოევსკი უნდა დავადანაშაულოთ იმაში, რაც ხდება. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არა მგონია დოსტოევსკის პოლიტიკურ, იდეოლოგიურ ნაშრომებს ბევრი იცნობდეს, თუნდაც საკუთრივ რუსეთში. იქ დღესაც უწინარესად მის რომანებს კითხულობენ - და, როგორც უკვე ვთქვით, რომანები ნამდვილად არ გამოხატავს იმ მესიჯებს, რუსეთის განსაკუთრებულობის იმ რადიკალურ კონცეფციებს, რომლებიც მას გამოთქმული აქვს, მაგალითად, „პუშკინზე სიტყვაში“, „მწერლის დღიურში“ ან იმ გამოცემებში, რომელთა რედაქტორიც იყო. სხვა საკითხია, რომ შეიძლება პუტინი ცდილობდეს ამ და მსგავსი კონცეფციების გამოყენებას. მაგრამ რუსეთში დღეს დოსტოევსკი უწინარესად მისი რომანებით რჩება დაფასებული, რომლებიც გაცილებით უფრო კომპლექსური და ლიბერალურია, ვიდრე მისი პოლიტიკური ტექსტები.